საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეების გაერთიანებული სხდომაა დანიშნული.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა დღეს 15:00 საათზეა დანიშნული.
აღნიშნული საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2 აგვისტოს უნდა განეხილა. სხდომა კვორუმის არარსების გამო გადაიდო. ცხრა მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ ოთხი მივიდა. მოსამართლეების ნაწილმა სხდომაზე არმისვლის მიზეზად, დიპლომატებთან შეხვედრა დაასახელა. ამასთან, მათი მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი კი აცხადებდა, რომ მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილეობას ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე არ მიიღებდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ყველა მოსამართლე უარყოფს მათზე ზეწოლის ფაქტს.