რამდენიმე დღის წინ, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ გამოაქვეყნა საინტერესო ინტერვიუ დენიელ ფრიდთან. ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთი ვეტერანი შემთხვევით არ მივიდოდა სწორედ ქართულ რედაქციაში. მით უმეტეს, რომ უამრავი საქმე აქვს ახალ ამპლუაში: დღეს ფრიდი სახელმწიფო დეპარტამენტის „სანქციების კოორდინატორია“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოში სანქციები „ცივი ომის“ ერთ-ერთი ტექნოლოგიაა და გამოიყენება გლობალური კრიზისის მაპროვოცირებელი სახელმწიფოების (ირანი, რუსეთი, ჩრდ. კორეა) „გონს მოსაყვანად“.
დენ ფრიდი პროფესიონალი დიპლომატია; ამიტომაც დარჩა „დიპლომატიურ ნომენკლატურაში“ მიუხედავად პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ცვლისა: ბუშის ადმინისტრაციაში, ესე იგი კონდი რაისის მდივნობისას, ფრიდი ევრაზიას კურირებდა (მოადგილის რანგში) და მის საკურაციო სფეროში შედიოდა ამ სივრცეზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტების შემუშავება - განხორციელება. ბევრი ამერიკელი ანალიტიკოსი თვლის, რომ სწორედ მას ეკუთვნის როგორც „დიდი ახლო აღმოსავლეთის“, ასევე პოსტსაბჭოური სივრცის დემოკრატიული მოდერნიზების იდეა და მანვე ურჩია ბუშის ადმინისტრაციას, განეხილა საქართველოს უსისხლო „ვარდების რევოლუცია“, როგორც ამ ტრანსფორმაციის მისაბაძი მოდელი. თანაც არა მხოლოდ და არა იმდენად პოსტსაბჭოური სამყაროსთვის, რამდენადაც ხსენებული „დიდი ახლო აღმოსავლეთისთვის“. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია გავეცნოთ სფიჩს, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა წარმოთქვა 2005 წლის 10 მაისს „თავისუფლების მოედანზე“: რუსეთი და რუსეთ-საქართველოს პრობლემები, ისევე, როგორც პოსტსაბჭოური სივრცის გამოწვევები, თითქმის არ უხსენებია; სამაგიეროდ, ძალიან ბევრი ისაუბრა ახლო აღმოსავლეთზე როგორც პირდაპირ, ასევე მინიშნებებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დენიელ ფრიდის შენარჩუნება სახელმწიფო დეპარტამენტში და მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პოსტის ჩაბარება იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა, რომელსაც გასულ ათწლეულში ვაშინგტონი ატარებდა ამ რეგიონში, სწორედაც ორპარტიულია, ანუ გულისხმობს ამერიკის გრძელვადიან ინტერესებს „მსოფლიოს ჩვენს ნაწილში“ (როგორც ამერიკელები ამბობენ ხოლმე), მაშასადამე, მთლიანობაში მაინც წარმატებულად აღიქმება, მიუხედავად 2008 წლის უსიამოვნო „ბრწკენისა“.
თუმცა, ეს მათთვის იყო არასასიამოვნო „ბრწკენა“, თორემ ჩვენთვის - კატასტროფა.
მაგრამ საბოლოოდ, სტრატეგიამ ის შედეგი გამოიღო, რომ მართლაც მოხდა „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ რეგიონის ტრანსფორმაცია: შეიცვალა რეპრესიული და ანტიდემოკრატიული მმართველი რეჟიმები ეგვიპტეში, ლიბიაში, ტუნისში, მნიშვნელოვანდ შემცირდა ბაშარ ალ ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია სირიაში. . . . .მართალია, ამ ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფო“ გაჩნდა, მაგრამ ეს უდღეური, ბნელი წარმონაქმნი ბევრად იოლი გასანადგურებელია, ვიდრე ასადის ალავიტური რეჟიმი.
ამით გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ტალღა მიუახლოვდა მთავარ სამიზნეს: ირანს, რომელიც, ადრე თუ გვიან, თანდათან აუცილებლად აჰყვება „ტალღებს“, რაც რეგიონში სულ უფრო მძლავრად ირწევა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მიზანი თუ გათვლა ჰქონდათ სტარტეგოსებს, ვინც „დიდი ახლო აღმოსავლეთის პროექტი“ შეიმუშავა ნეოკონთა ადმინისტრაციაში; და თუ ამ სტრატეგიის განსახორციელებლად თბილისის „თავისუფლების მოედანზე“ მცირე სფიჩის წაკითხვა რაიმე მცირე სარგებელს მოიტანდა, რაზეა ლაპარაკი?
სხვა საქმეა, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება ამერიკის რეალური დაინტერესების ზღვარს როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებდა. ანუ ვერ ხვდებოდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მხარდაჭერა არ გულისხმობდა ვაშინგტონის პირდაპირ წაქეზებას უკრაინაში, ბელორუსში, ყირგიზეთში, მით უმეტეს თვით რუსეთში ანალოგიური „ხავერდოვანი რევოლუციების“ განსახორციელებლად! ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ, რამდენად სახიფათოა ეს მოსკოვის გარდაუვალი „გაავების“ თვალსაზრისით და მეორეც, დიდწილად შეუძლებელიც იყო იმავე რუსეთის რესურსთა გათვალისწინებით.
მაგრამ „პრეზიდენტმა მიშამ“, - როდესაც უკრაინაში, ბელორუსში და ყირგიზეთში თავის „დესანტებს“ აგზავნიდა, - იმოქმედა, როგორც „უუნაგირო ცხენმა“ (ზუსტად ასე უწოდა საკუთარ თავს ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში) და ეს არა შეცდომა, არამედ ავანტიურა იყო!
აქვე: „შეცდომა“ და „ავანტიურა“, როგორც სემანტიკურად, ასევე ფენომენალურად სხვადასხვა ცნებებია. დენიელ ფრიდი კი, თავის ინტერვიუში, ჯიუტად ცდილობს მათ გაიგივებას, რადგან ერთის მხრივ, საკუთარი „პროექტი“ არ ეთმობა (მით უმეტეს, ვიმეორებ, მან შედეგი მოიტანა და ჩახავსებული რეჟიმები შეცვალა), მაგრამ იმაზე კი არ სურს პასუხისმგებლობის აღება, რამაც საქართველოს კატასტროფული მარცხი და ამერიკულ თავმოყვარეობაზე თუნდაც მცირე „ბრწკენა“ გამოიწვია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ომი გარდაუვალი არ ყოფილა, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო. ალბათობა კი იმიტომ იყო მაღალი, რომ რუსეთს უნდოდა, ის მომხდარიყო. რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა“ - აცხადებს ფრიდი.
კი მაგრამ, თუკი „რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა“, მაშინ როგორღა აღარ იყო იგი გარდაუვალი? დიპლომატიის ენას „სოფისტურად“ კი მიიჩნევენ, მაგრამ ნამდვილად არ უნდა გეგონოს, შენი მკითხველები თუ მსმენელები მთლად „ახლადშობილი ბოჩოლები“ არიან და ლოგიკური აზროვნების უნარი არ გააჩნიათ.
„სააკაშვილი დაუდევრად არ მოიქცა. ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა“.
„დაუდევრობა“ აქ „შეცდომის“ პრეტექსტი არ არის?
„ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა“ - აგრძელებს ფრიდი იმავე აზრობრივ ტონალობაში. არადა რაღაც ოქსიომორონული კონსტრუქცია კი გამოუვიდა: ქართველები ცდილობდნენ რუსეთისთვის პრობლემების შექმნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? ამას რომ სერგეი ივანოვი ამბობდეს (გამომდინარე ინგლისურენოვანი გამოთქმიდან Point of View), კომენტარი იოლი იქნებოდა, ამ შემთხვევაში კი ცოტა არ იყოს რთულია. მით უმეტეს, როდესაც „. . . . მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა. . . . “.
კი ბატონო, ჩავთვალოთ არტიკულაციის პრობლემად, თუმცა ასეთი დონის დიპლომატები სწორედაც ხარისხიანი არტიკულირებით გამოირჩევიან და შემთხვევით არაფერს ამბობენ. „კარგი დიპლომატი ცუდი არტიკულაციით“ - ისეთივე ოქსიუმორონია, როგორც „ხის რკინა“. მაშინ ის საერთოდ არ არის დიპლომატი.
და მაინც, ეჭვს ის აძლიერებს, რომ ფრიდი იქვე ახსენებს რაღაც „ეუთოს ანგარიშს“. ეს უკვე ბევრად უარესია, რადგან ფაქტობრივი შეცდომაა: არანაირი „ეუთოს ანგარიში“ არ არსებობს - არსებობს ევროკავშირის ე.წ. „ტალიავინის დასკვნა“. თუმცა, ჩავთვალოთ, ეს ფრიდს კი არ შეეშალა, არამედ კოლეგებმა აურიეს რაღაც „ამერიკის ხმაში“ ან არასწორად თარგმნეს.
„კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, რომ სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს.’ მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭიროდ ჩათვალეს ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს“. - იხსენებს ამერიკული დიპლომატიის ვეტერანი.
როგორც ჩანს, გულისხმობს სახელმწიფო მდივნის ნახევარდღიან ვიზიტს ომამდე რამდენიმე კვირით ადრე. კონდისა და მიშას მაშინდელი საუბრის რეკონსტრუქცია არც ისე ძნელია. მით უმეტეს, რომ ერთი-ერთზე არ უსაუბრიათ და ზოგიერთმა ქართველმა მონაწილემ (მაგალითად თემურ იაკობაშვილმა) მნიშვნელოვანი დეტალები გამოამზეურა. მაგალითად ერთ-ერთ ინტერვიუში იაკობაშვილმა ასეთი რამ თქვა: „რაისი ნამდვილად გვეუბნებოდა, იმას, თუ რა არ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ არაფერი უთქვამს რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც შენს ქვეყანას ბომბავენ“.
სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რეინტეგრაციის დარგში ექს-სახელმწიფო მინისტრს აქ არ უგულისხმია რუსული ავიაციის მიერ საქართველოს დაბომბვა. იგი სხვას გულისხმობდა.
აი ამას (რეკონსტრუქციის სახით):
კონდოლიზა რაისი: „არ აჰყვეთ პროვოკაციას, არ გასცეთ ბრძანება საომარი მოქმედებების შესახებ, თორემ ჩვენ ვერ დაგიცავთ“
მიშა სააკაშვილი: „მაშ როგორ მოვიქცეთ, თუკი ოსური ფორმირებები (არა რუსული, არამედ ოსური!-ავტ), რომელთაც რუსებმა ყველანაირი იარაღი მიაწოდეს, ქართულ სოფლებს შეუტევენ? როგორ დავიცვათ თამარაშენი, როგორ დავიცვათ ლიახვის ხეობა? მივატოვოთ და დავანებოთ სეპარატისტებს ეთნიკური წმენდისთვის, ოღონდ კი რუსებს საბაბი არ მივცეთ და მათ „პროვოკაციას“ არ ავყვეთ?!
კონდოლიზა რაისი: „არ ვიცი, მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პროვოკაციას, არ გასცეთ ბრძანება საომარი მოქმედებების შესახებ, თორემ ჩვენ ვერ დაგიცავთ“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არც მე ვიცი, აქვს თუ არა წაკითხული დენიელ ფრიდს შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსის, ვიქტორ სუვოროვის (რეზუნის) წიგნები. ალბათ არა, თორემ სუვოროვი არაერთგზის იმეორებს თითქოსდა პარადოქსულ დებულებას (თანაც კონკრეტულ ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით), რომ ომს ყოველთვის არ იწყებენ გამარჯვების იმედით, არამედ ხშირად იწყებენ იმიტომ, რომ სხვა გზა არა აქვთ.
ის, ვინც ამ ჭეშმარიტებას არ ითვალისწინებს, ან სრულიად არაკომპეტენტურია, ან ელემენტარულად დემაგოგობს. დენ ფრიდი რომ არაკომპეტენტური არ არის, ეჭვს არ იწვევს. მას უბრალოდ არ სურს იმის აღიარება, რომ პრობლემა ტაქტიკაში კი არა სტრატეგიაში იყო და რომ სწორედ ეს სტრატეგია განაპირობებდა იმ სიტუაციის წარმოშობას, როდესაც კონდი რაისის ფორმალური, აბეზარი, უსაგნო მოწოდებები „არ აჰყვეთ პროვოკაციას . . .“ და ა.შ, უკვე სრულიად უადგილო და „ცარიელი“ აღმოჩნდა.
განა ტალეირანისეული „შეცდომაზე უარესი“ არ იყო იმის იმედად ყოფნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი, მისი ბობოქარი ამბიციის გათვალისწინებით, მხოლოდ მსოფლიო სატელევიზიო „სტენდზე“ მიწებებული მუყაოს მოდელის ფუნქციას დასჯერდებოდა და ბევრად მეტს არ მოინდომებდა?!
იმავე დისკურსში უნდა განვიხილოთ ამერიკელებისთვის უკვე ტრადიციულად ქცეული ნარატივი „ნატო“-ს შესახებ, რომლის ბებერ ევროპელ წევრებს თურმე არ სურთ საქართველოს მიღება ალიანსში. არადა, ქართველი კორესპონდენტები რატომღაც არასდროს ეკითხებიან ამერიკელ რესპონდენტებს: რა უშლის ხელს ამერიკას, ყოველგვარი „ნატო“ -ს გარეშეც, ანუ ორმხრივ საფუძველზე, გააფორმოს საქართველოსთან ნამდვილი (არა ფეიკური) ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში?
საერთოდ ვის დაკარგვია ეს „ნატო“, თუკი (როდესაც) ამერიკა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად მოქმედებას აუცილებლად მიიჩნევს (ხოლმე)?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ამ ყოველივედან?
ალბათ შემდეგი: ამერიკა დიდი ქვეყანაა. მას თავისი დიადი, სტრატეგიული, გლობალური გეოპოლიტიკური ამოცანები და მიზნები აქვს. ქართული პოლიტიკის ურთულესი ამოცანაა, ამ მეგობარ (!) სახელმწიფოსთან, რომელსაც ჩვენს დამოუკიდებლობაზე ფასდაუდებელი ამაგი აქვს, ისე ააგოს ურთიერთობა, ინტერესთა თანხვედრის ისეთი „მოდუს ვივენდი“ მოძებნოს და „ეკვილიბრიუმის“ იმგვარ წერტილს მიაგნოს, რომ თავად მეტისმეტად არ დაზარალდეს, თორემ ის, რაც ამერიკისთვის მთლიანობაში, მცირე „ბრწკენის“ თანხლებით მიღწეული სტრატეგიული წარმატებაა, პატარა საქართველოსთვის პერმანენტულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.
გიორგი ლეჟავა