საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეიდან ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს.
საქართველოს მთავრობის მოწვევით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი (ძირითადი ჯგუფი - 8, 26 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი). მისისას ალექსანდრე კელტჩევსკი უხელმძღვანელებს.
როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს OSCE/ODIHR-თან, რომელიც 1999 წლიდან სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში გამართულ არჩევნებს. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს მისიას ეფექტიან ფუნქციონირებაში.
„დიდად ვაფასებთ ODIHR-ის რეკომენდაციებს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწასა და ზოგადად, ქართული დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებაში" - აღნიშნა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისა და არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით საქართველოს მთავრობამ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა.