გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის ტრანზიტული გზიდან გადავარდნილი ტრაილერის მძღოლის ცხედარი ქალაქის პროზექტურაში გადასვენეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, გარდაცვლილი სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელი კომპანიის კუთვნილებაა ტრაილერი.
მძღოლის ამოყვანას მაშველები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. დაზარალებულს დახმარება ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს, თუმცა მას მუცლის ღრუს ტრავმა და შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, გიორგაძის განცხადებით, მაშველებმა ტრაილერიდან კიდევ ორი დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.