ENG / RUS       12+

პოლისიანები და უპოლისოები

 

(რეპორტაჟი ქალაქის პირველი საავადმყოფოდან)

ქალაქ თბილისის ნომერ პირველი (იგივე არამიანცის) საავადმყოფოს ცენტრალურ მიმღებ განყოფილებას ნაშუადღევს, 2 საათისთვის ვეწვიე. კი მინდოდა, დილიდან იქ ვყოფილიყავი, მაგრამ ხელი შემეშალა, თუმცა მედპერსონალმა მანუგეშა, არაფერი დაგიკარგავს, დღეს ბევრი მიღება არ გვქონიაო.
ექიმებს ჩემი მისვლა არ გაკვირვებიათ, პირიქით, გაუხარდათ კიდეც, ოღონდ, როგორც წესი და რიგია, თავდაპირველად კლინიკის მთავარი ექიმთან მიმასწავლეს. მისი კაბინეტი გრძელი დერეფნის ბოლოს აღმოჩნდა, რომლის კარებთანაც მცირე ხნით ლოდინი მომიხდა. ქალაქის პირველი საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, გიორგი რობიტაშვილი რამდენიმე თანამშრომელთან თათბირობდა.
რიგ საკითხებზე საუბარი ოთახში ჩემი შესვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა. წინა დღეს მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო რეანიმაციაში სამი სუნთქვის აპარატი, მაცივრები და სხვა ტექნიკა გადამწვარა. დირექტორი სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად იძლეოდა მითითებებს.
ჩემი სტუმრობის მიზანი მოკლედ მოვახსენე, ერთი დღე მინდა მიმღებში გავატარო და აღვწერო, თუ რა ხდება აქ, ერთი ჩვეულებრივი დღის განმავლობაში-მეთქი.
ნება იოლად დამრთეს და ბატონი გიას კაბინეტიდან მალევე თერაპევტის კაბინეტში, მედიკო ექიმთან გადავინაცვლე.
მედიკო ექიმი და მისი ექთანი კარინა 033-ის ექიმების მიერ მოყვანილ პაციენტზე ჟურნალში მორიგ ჩანაწერს აკეთებდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი ინსულტით იყო შემოყვანილი და ნევროლოგიურ განყოფილებაში გაეწერათ.
_ ამ ბოლო დროს, ბევრი შემოდის ინსულტით. თან, უბედურება ისაა, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა ეს დაავადება, თუ ადრე 50-60 წელს გადაბიჯებულ ხალხს ემართებოდა, ახლა უკვე 40 წელს გადაცილებულთაც აღარ ინდობს. _ წუხს მედიკო ექიმი.
ამასობაში კიდევ ერთი პაციენტი, ფერდაკარგული 40-45 წლის, სანდომიანი ქალბატონი შვილის თანხლებით შემოდის.
_ როგორი ჩივილები გაქვთ? _ ეკითხება ექიმი.
_ ცუდად ვარ, ყველაფერი მტკივა. _ მოკლედ პასუხობს ავადმყოფი.
_ დამიკონკრეტეთ, რა და როგორ გტკივათ.
_ თავბრუ მეხვევა, გულიც მერევა, თვალები მიბნელდება, ღონე მეცლება და საერთო სისუსტე მაქვს.
ექიმი კიდევ რამდენიმე კითხვას უსვამს, რომელზეც ის ზოგს პირდაპირ პასუხობს, ზოგზე კი იბნევა. უფრო სწორად, ჩანს, რომ მეხსიერება ებინდება და პასუხის გაცემა უჭირს.
ირკვევა, რომ ცოტა ხნის წინ მას ფილტვების ანთება ქონია და ერთი კვირაა, დაუმთავრებია მკურნალობა. უფრო ადრე, დაახლოებით წელიწადნახვერის წინ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაც (ფუნქციის დაქვეითება) დაუდგენიათ და შესაბამის პრეპარატსაც იღებდა, რომლის დალევაც ერთი თვის წინ თვითნებურად შეუწყვეტია.
მედეა ექიმი ნევროპათოლოგსა და ენდოკრინოლოგს იძახებს სასწრაფოდ.
_ რა მჭირს, ექიმო? _ უღონოდ კითხულობს ავადმყოფი.
_ მოვითმინოთ ცოტა, ჯერ სხვა ექიმებმაც გამოთქვან თავიანთი აზრი და მერე ვნახოთ. ინტოქსიკაციის სიმპტომებია, შეიძლება ვირუსული ინფექციაც იყოს, ამიტომ უნდა დაგაწვინოთ და გამოვიკვლიოთ ყველაფერი, ასე ზეპირად თქმა ძნელია.
_ უნდა დამაწვინოთ? _ სასწრაფოდ წამოჯდა ის და ნევროპათოლოგიც მოვიდა. სიმპტომები გამოკითხა, გასინჯა და დასკვნის წერას შეუდგა.
_ ჩემი ავადმყოფი არ არის, ორგანული ნევროლოგიური დარღვევები არ აღენიშნება. ნახოს ენდოკრინოლოგმაც აუცილებლად. _ იბარებს გასვლისას.
ენდოკრინილოგიც მალე მოდის. და იწყება ხელახლა ყველაფრის გამოკითხვა.
_ პრეპარატის თვითნებურ მოხსნას არ შეიძლებოდა ასეთი შედეგი გამოეწვია, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის და ჰორმონების ხელახალი გამოკვლევა აუცილებელია. უნდა დაგაწვინოთ! _ პაციენტის გასინჯვის შემდეგ მოსამართლესავით ასკვნის ისიც.
მედეა ექიმი კარინას ავადმყოფის ისტორიის შევსებას ავალებს.
_ პოლისი ხომ არ გაქვთ?
_ არა, პოლისი არ მაქვს, მაგიტომაც არ მინდოდა საავადმყოფოში დაწოლა. სამაჩაბლოდან დევნილი ვარ, პრობლემები ისედაც თავზესაყრელად მაქვს _ წუხს პაციენტი.
მედიკო ექიმი თავჩახრილი მისჩერებია სარეგისტრაციო ჟურნალს, მე თვალებს უხერხულად ვაცეცებ აქეთ-იქით.
ორივესი მესმის.
_ ძალიან ცუდ დღეში ვართ, ხოლმე _ მეუბნება მედეა ექიმი, პაციენტის გასტუმრების მერე _ მატერიალურად დალხენილი არავინ არის და პოლისის გარეშე ვინც შემოდის, დაწოლა არ უნდა. ვისაც მხოლოდ ამბულატორიული დახმარება სჭირდება, კი ვუშვებთ სახლში, მაგრამ ვინც გამოსაკვლევია და სამკურნალო, იმას აუცილებლად სტაციონარში ვუშვებთ, სხვანაირად არ შეიძლება. საშუალება კი ყველას არა აქვს.
ეს ის საკითხია, რომელიც აქ მედიკოსებსაც და მათ პაციენტებსაც თანაბრად აწუხებთ, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი ისევ ბოლოს შემოსულ ავადმყოფს მივუბრუნდეთ.
_ სავარაუდოდ რა დიაგნოზი შეიძლება დაისვას ექიმო? _ ვეკითხები ჩემს მასპინძელს.
_ ან წამლის ინტოქსიკაციაა ან ვირუსული ინფექცია. ინტოქსიკაცია შეიძლებოდა გამოეწვია ფილტვების ანთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ანტიბიოტიკს ან არადა, შეიძლება საქმე გვქონდეს ღორის გრიპთან. სიმპტომები ემთხვევა, ამიტომაც არ გავუშვი სახლში და მისი სრული გამოკვლევა მოვითხოვე, რაც 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
_ ღორის გრიპი? _ გაკვირვებას ვერ ვმალავ.
_ ჰო, არ არის გამორიცხული. რამდენიმე შემთხვევა ასე აღმოვაჩინე და მერე პაციენტები ინფექციურ საავამყოფოში გავგზავნე. ზუსტად ეგეთი საერთო სისუსტე, გულისრევის და თავბრუსხვევის მძაფრი შეგრძნება, ფილტვების ანთება და მსგავსი ჩივილები ახასიათებს ამ ინფექციას. _ მიხსნის ექიმი _ ოღონდ, თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ღორის გრიპთან გვაქვს საქმე, ნუ გეშინია, უკვე ისეთ სტადიაში იქნება გადასული, რომ გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წამოადგენს.
_ საერთოდ, რა შემთხვევები ჭარბობს, ხოლმე, თქვენთან, რას უჩივიან შემოსული პაციენტები? როგორც ვხედავ, საკუთარი ფეხითაც მოდიან.
_ ყველანაირი შემთხვევა გვაქვს, გამოყოფა ძნელია, მაგრამ როგორც გითხარით, მოგვიმრავლდა ინსულტები, რაც ასევე მოძალებული სტრესის და ნერვიულობის ბრალია. ასევე მრავლად არის გასტრიტის შემთხვევები, როგორც მწვავეს, ასევე ქრონიკულის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი და უკენჭო ქოლეცისტიტი, თირკმლის კენჭოვანი და უკენჭო პიელონეფრიტი, კოლიტი, ცისტიტი, ფილტვების ანთება თანდართული პლევრიტით, სიმსივნე, ბრონქიალური ასთმა, ჰიპერტონული კრიზი, სტენოკარდია, ინფარქტი, ეპილეფსიური გულყრა, ალერგიული რეაქცია და მრავალი სხვა. ჩვენთან ხდება დიფერენცირება და შემდეგ ყველა იგზავნება შესაბამის განყოფილებაში. _ მიხსნის ექიმი.
კაბინეტში ნევროლოგიურ განყოფილებაში გადაყვანილი პაციენტის ცოლი შემოდის და ისტორიას აფორმებინებს. მისი 42 წლის ქმარი დილით შემოუყვანიათ ინსულტისა და ინფარქტის დიაგნოზით (ასეც ხდება, თურმე) და საოპერაციოდ ამზადებენ.
ქალი ავადმყოფის პირადობის მოწმობას და დაზღვევის ბარათს დებს მაგიდაზე.
_ სრული ანაზღაურებაა, ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ერთი გამონაკლისის გარდა, სტომატოლოგიური მომსახურება არ შედის. _ ეუბნება თანმხლებს და კმაყოფილი ბარათზე ანიშნებს.
რამხელა განსხვავებაა პოლისიანებსა და უპოლისოებს შორის, ვფიქრობ ჩემთვის. ეს რა ზურგგამართული დგას ექიმების წინ, სხვებს კი უღონობა და უსახსრობა საშუალებას არ აძლევს, მათ თამამად შეხედონ თვალებში.
მედიკო ექიმი ცოტა ხნით კაბინეტიდან გადის. ტელევიზორი დილიდან ჩართულია. ,,იმედზე" რაღაც სერიალი იწყება და მის მუსიკაზე ოთახში თანამშრომლები შემოდიან.
_ ეს რომელი სერიალია? _ კითხულობს რეგისტრატორი ნელი.
_ ,,ყველაფერი ელენასთვის" _ პასუხობს ტახტზე მოკალათებული შუახნის სანიტარი.
_ ვაა, ელენა გამოვიდა ციხიდან?
_ უფ, რა ხანია, კაცო, გამოვიდა კიდეცა, დაქორწინდა კიდეცა და ,,ფუკასავით" ააცალეს კიდეცა ის თავისი ქმარი... _ გამოტოვებული სერიების შინაარსს გულმოდგინედ ყვება სერგო სანიტარი.
მე ჩუმად მეცინება.
_ რა ვქნათ, ინფორმაციებისა და სერიალების გარდა სხვას არაფერს გვთავაზობენ ტელევიზიები, ჩვენც ამით გაგვყავს დრო. _ მორიდებით აღნიშნავს კარინა.
ხსენებული სერიალის შემდეგ კიდევ მორიგი საპნის ოპერა იწყება, მაგრამ ჯერ სანიტარი გამოიძახა ვიღაცამ, მერე ნელისაც უხმეს და ნელ-ნელა დაიცალა ოთახი. მედიკო ექიმიც მაგიდაზე თავმიდებული თვლემს. დილის ათ საათამდე აქ უნდა იყოს, ყოველ მეოთხე დღეს უწევს 24-საათიანი მორიგეობა.
_ ხანდახან წახემსებასაც ვეღარ ვახერხებთ, იმდენი ავადმყოფი შემოდის, დღეს ცოტა ხალვათობააო, _ მითხრა ცოტა ხნით ადრე.
_ უკაცრავად, გინეკოლოგის კაბინეტი დაკეტილია და წასულია, თუ იცით? _ ვიღაც ახალგაზრდა გოგომ შემოჰყო თავი ჩვენთან.
_ თუ კარი დაკეტილია, ე. ი. წასულია უკვე. _ პასუხობს კარინა.
_ ვაიმე, რაღაცის გარკვევა მინდოდა და ვის მივმართო, ადმინისტრატორი ან პასუხისმგებელი არაა აქ ვინმე? _ ბრაზობს მოსული.
_ რვის ათი წუთია, ამ დროს ადმინისტრაციაში ვინ უნდა იყოს? აქ მხოლოდ მორიგე ექიმები არიან. _ ეუბნება რეგისტრატორი.
გოგო გაბრაზებული გადის დერეფნიდან.
ჩვენ გაკვირვებულები შევყურებთ ერთმანეთს.
ეზოდან სასწრაფო დახმარების მანქანის სირენის ხმა ისმის. მივხვდით, ვიღაცა მოიყვანეს.
033-ის ექიმებს წელში მოკეცილი ტანდაბალი ქალი შემოჰყავთ, რომელიც მუცელზე იდებს ხელს და საცოდავად კვნესის.
_ აბა, რაშია საქმე? _ მის წინ დოინჯშემოყრილი მედეა ექიმი დგას.
_ მძიმე აწია ექიმო და ტკივა. _ გვიხსნის მისი ქალიშვილი.
_ არა, მძიმე არ იყო, სარეცხის ,,ტაზიკი" ავწიე. _ აპროტესტებს ავადმყოფი.
_ ამას გონია, ,,ტაზიკი" მძიმე არაა. _ კომენტარს მისი ვაჟიშვილი აკეთებს.
ექიმი ვინაობას ეკითხება, ქურთები არიან, პაციენტს გოზალა ქვია და მწვავე ტკივილი აქვს წელის არეში. განსაკუთრებულ ტკივილს და წვას მუცლის ქვედა ნაწილში განიცდის.
აქამდე არასდროს მტკენია, დღეს დამეწყო აუტანელი ტკივილიო, ამბობს.
მედიკო ექიმი ნევროპათოლოგს იძახებს, რათა ნევროლოგიური პრობლემები გამოირიცხოს ან დადასტურდეს, მანამდე კი ტკივილგამაყუჩებელს აკეთებს. ნევროპათალოგი, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ამბობს, რომ ეს მისი ავადმყოფი არ არის.
_ უროლოგიის განყოფილებაში ხომ არ გადავიყვანოთ? _ თათბირობენ ექიმები.
_ ვნახოთ, ექო რას გვეტყვის და მერე გადავიყვანოთ, მაგრამ წინასწარ ხომ უნდა ვუთხრათ, განყოფილებაში ასვლა და გამოკვლევები რა დაუჯდებათ? _ ჩუმად საუბრობენ ერთმანეთში.
_ მითხარით რამდენი დაგვჭირდება, ფულის გულისთვის ხომ არ მოვკლავთ? _ ყური მოკრა მათ ლაპარაკს დედის მოსულიერებაში გართულმა გოგომ.
_ არა, სასიკვდილო არაფერია, მაგრამ 200-300 ლარი შეიძლება დაგჭირდეთ.
გოგო არაფერს ამბობს, ამასობაში მედიკო ექიმი გოზალას ექოსკოპიურ გამოკვლევას უკეთებს.
_ კენჭის გავლაა შარდსადინარში და თან ძალიან დაბლაა, უნდა დაბადო. _ ეუბნება ტკივილისაგან ღონემიხდილ გოზალას.
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ორ საათზე მეტხანს დაჰყო გოზალამ კაბინეტში, ხან წყალი ვაძალეთ, ხან აქეთ-იქით ვატარეთ, სხვა ათასი პროცედურაც ჩავუტარეთ, მაგრამ სამი შვილის დედამ ერთი კენჭი ვერ ,,იმშობიარა" და ექიმი იძულებული გახდა, დანიშნულების მიცემის შემდეგ პაციენტი სახლში გაეშვა.
წასვლამდე, როცა მომსახურების საფასურად პაციენტის დას 65 ლარი დაუსახელა, მან უკმაყოფილება არ დამალა. ექიმმა აუხსნა, რომ ის პროცედურები, რაც თითქმის სამი საათის განმავლობაში ჩაუტარდა მის ავადმყოფს, სულ 15 ლარად იყო შეფასებული, ხოლო ორჯერ ექოსკოპიის გადაღება იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე დასახელებული თანხა.
გასამრჯელო კი გადაიხადეს, მაგრამ ახსნა-განმარტების მიუხედავად, გოზალას გულშემატკივრებმა მაინც შუბლშეკრულებმა დატოვეს იქაურობა.
_ აფსუს, როგორ მინდოდა შედეგი აქვე მიმეღო? _ მედიკო ექიმს თავისი გულისტკივილი აწუხებს.
_ ეს ტკივილები დიდხანს შეიძლება გაუგრძელდეს? _ ვეკითხები.
_ ზოგადად, არის შემთხვევები, როცა რამდენიმე დღესაც გრძელდება პროცესი და მერე გამოდის კენჭი სადინარიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში მალე გათავისუფლდება. ექოს აპარატი აჩვენებს, რომ ძალიან დაბლაა. ამ ქალს ღონე არ ჰქონდა, თორემ ცოტა რომ გაძალიანებოდა ტკივილს, შეეძლო აქვე დაებადა. ეს რა არის, შენ უნდა ნახო, კაცები რა დღეში არიან, ხოლმე. სულ თავს ურტყამენ კედელს, მაგრამ ინდომებენ და შედეგსაც ვიღებთ. ბევრ სითხეს ვაძლევ, როგორც წესი, ლუდზე უარს არ ამბობენ 2-4 საათის განმავლობაში კენჭიც გამოდის, თუმცა ძალიან მტკივნეულია.
_ დღეს თერაპიაში რამდენი პაციენტი იყო სულ შემოსული? _ ჟურნალს ვათვალიერებ.
_ სულ ექვსი გვყავდა. აქედან ოთხი სტაციონარში გავაგზავნეთ, სამი ნევროლოგიაში, ინსულტის დიაგნოზით და ერთიც თერაპიაში, აი, ის, ღორის გრიპზე ეჭვი რომ მაქვს. ორს კი ამბულატორიული მკურნალობა ჩავუტარეთ. ესენია გოზალა და ის პატარა გოგო. _ ჩანაწერებს მაჩვენებს მედიკო ექიმი.
ჰო, ის პატარა, 17 წლის გოგო მაშინ მოიყვანეს მშობლებმა, როცა გოზალას თერაპიით ვიყავით გართული. მასაც ინტოქსიკაციის მსგავსი სიმპტომები აწუხებდა, ჩემი შეტყობით, თუმცა ექოსკოპიურმა გასინჯვამ ცხადყო, რომ თირკმლის კენჭოვანი პიელონეფრიტი ჰქონდა.
ჩვენი ჟურნალის დათვალიერების შემდეგ რეგისტრატორთან შევდივარ და ვეკითხები, მთლიანად მიმღებში იმ დღეს რამდენი პაციენტი დაფიქსირდა. ნელიც ჟურნალს მაჩვენებს, სულ თხუთმეტი პაციენტი შემოსულა, აქედან შვიდი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, ექვსი _ თერაპიულში, დანარჩენი გინეკოლოგიურში.
ტრამვატოლოგიაში შედარებით მძიმე, ერთი პაციენტი აღმოჩნდა, 70 წლის ქალი, რომელიც ქუჩაში წაიქცა, ბარძაყის ძვალი მოიტეხა და ოპერაციას საჭიროებს. დანარჩენი უფრო მსუბუქი შემთხვევები აღმოჩნდა.
მათგან პოლისიანი სულ ორიოდე იყო, ორი თუ სამი 60 წელს გადაცილებული, რომლებზეც სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება, დანარჩენი უპოლისო ანუ, ვინც ხელზე უნდა გადაიხადოს ანაზღაურება.
ისევ თერაპიის კაბინეტში ვბრუნდები, სადაც კიდევ ერთი თეთრხალათიანი შემოდის და ჩემი ვინაობით ინტერესდება.
_ იმ საქმისთვის არაა მოსული, რაც ყველაზე მთავარი და აუცილებელია. _ ხელს იქნევს ის უიმედოდ, მას შემდეგ, რაც მედიკო ექიმი ჩემი ვიზიტის მიზანს უხსნის.
_ მასე ნუ იტყვი, შენ არ იცი, როგორ ერკვევა ჩვენს პრობლემებში. _ მედიკო ექიმი ცდილობს, ჩემს კეთილგანზრახვაში დაარწმუნოს.
_ მითხარით, რა გაწუხებთ, იქნებ სწორედ მაგის გასაგებად მოვედი აქ? _ კარებთან ვაწევ სიტყვას სერგო ექიმს.
_ რა მაწუხებს და ექიმი რომ გამომუშავებაზე დადის და ხელფასი არა აქვს დანიშნული, ეს მაწუხებს. _ მომიბრუნდა ის _ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ ხდებოდეს? მე ქირურგი ვარ და დღეს აქ ოცდაოთხი საათი უნდა ვიმორიგეო. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ თუ ამ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ავადმყოფი არ შემომივიდა და არ გავაფორმე, არაფერი მექნება. ჯერ ხომ ისედაც მიზერულია ის ანაზღაურება, რასაც თითო პაციენტში მიხდიან....
_ ჰოდა, მაგაზე მინდა საუბარი, თქვენ გგონიათ, მე არ მტკივა გული, რომ თქვენი შრომა შესაბამისად არ ფასდება? _ თანაგრძნობით ვუცხადებ.
სერგო ექიმი ხელს უნუგეშოდ იქნევს და უკანმოუხედავად გადის.
ეს ის საკითხია, რომელზეც კლინიკის დირექტორთან, გიორგი რობიტაშვილთანაც ვისაუბრე, მედიკო ექიმთანაც და ექთან კარინასთანაც.
ყოფილა შემთხვევა, რომ კარინას 20 ლარი აუღია, ხელფასის სახით. იმ თვეში მეტი გამომუშავება არ ქონდა და რა ექნა?
მე სხვა გამოსავალი მოვძებნეო, მითხრა მედიკო ექიმმა. ექოსკოპისტის კვალიფიკაცია და სერთიფიკატი აუღია, აპარატურა შეუძენია და როცა მორიგეობა არ უწევს, მაშინ ექოსკოპისტად მუშაობს.
_ ძირითადი შემოსავალიც იქიდან მაქვს, თორემ აქ მიზერული ანაზღაურება გვაქვს. ყველგან ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, ზედმეტს ვერავის ვერაფერს გამოართმევ. ანდა, ვინ მოგცემს ზედმეტს? ხომ ხედავდი, ნაკლები გადავახდევინე და ეგეც მისაყვედურეს. ექოსკოპიის აპარატი ჩემი რომ არ იყოს, ხომ უფრო მეტი უნდა გადამეხდევინებინა მათთვის? ასეა, მაგრამ ვიტანთ ყველაფერს. ზოგი მადლობასაც არ იბარებს, ისე მიდის აქედან, არადა იხარჯება მედიკამენტი, შპრიცი, ბინტი, ბამბა. თუ არ გადაიხდიან, ეს ყოველივე ხომ კლინიკის ხარჯზე ხდება? კლინიკას კი უფასოდ არავინ ამარაგებს _ გვიზიარებს თავის გულისტკივილს მედიკო ექიმი.
იგივე მითხრა მანამდე გიორგი რობიტაშვილმაც, როცა კლინიკის პრობლემებით დავინტერესდი.
_ ჩვენი უმთავრესი პრობლემა დაფინანსებაა. ფაქტიურად უხელფასოდ ვმუშაობთ, სულ ვალებში ვართო.
_ ვალებში რას გულისხმობთ? _ ვკითხე.
_ ბევრ რამეს ვგულისხმობ. მედიკამენტებს და კლინიკისთვის აუცილებელ სხვა საშუალებებს ხომ სჭირდება ფინანსები, გადასახადებიც ხომ უნდა ვიხადოთ? შემოსავალი კი ამდენი არ არის, საკუთარ თავს ვერ ვინახავთ. ეს ისეთი განყოფილებაა, სადაც გეგმიური ოპერაციებისთვის იშვიათად მოგვმართავენ, ძირითადად სასწრაფო შემთხვევებით შემოდიან პაციენტები და ხშირად მათ ფული არა აქვთ. რა უნდა ვქნათ, დაჭრილ ან დამსხვრეულ ადამიანს უფულობის გამო უკან ხომ არ გავაბრუნებთ? თუ საოპერაციოა, ვუკეთებთ ოპერაციას, თუ სამკურნალოა, გადაგვყავს სტაციონარში, თუ ამბულატორიულ მკურნალობას მოითხოვს, ვემსახურებით და ვუშვებთ სახლში. როცა ეს ყოველივე ხდება უსასყიდლოდ, ვინ უნდა აგვინაზღაუროს?
_ სპეციალური სახელმწიფო პროგრამები არ მოქმედებს?
_ მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანების მომსახურება გვინაზღაურდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც აგვიანდება დაფინანსებას თვეობით და ვიდრე თანხას დაგვირიცხავენ, გულზე ხელდაკრეფილი ხომ ვერ ვიჯდებით? ამიტომაც ვართ ვალებში _ განმარტებას მაძლევს ქალაქის პირველი კლინიკის გენერალური დირექტორი.
მე არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა და მხოლოდ იმას ვპირდები, რომ ამ ყველაფერს დავწერ.
მედიკო ექიმსაც ვპირდები და სერგო ექიმსაც, ოღონდ შეისმენს ვინმე, თუ არა, მაგას ვერ გეტყვით-მეთქი.
ჰოდა, მაგაშია საქმეო, მანამუსებს სერგო გინგაშვილი.
უკვე ღამის თერთმეტი საათი სრულდება და წასვლაზე ვფიქრობ, როცა სასწრაფო დახმარების ექიმებს მორიგი ავადმყოფი შემოჰყავთ. 45 წლის მამაკაცია განმეორებითი ინსულტით, მარჯვენა მხარე დადამბლავებული აქვს, ლაპარაკი უჭირს.
ისევ ნევროპათოლოგს იძახებენ, რომელიც გულდასმით კითხულობს ავადმყოფის მდგომარეობას და მერე ის თავის განყოფილებაში გადაჰყავს.
მიმღებში სიწყნარეა, სანიტრები თავიანთ ოთახში შეყუჟულან, რეგისტრატორი ნელი ტახტზე წამოწოლილა, თვალს ატყუებს. მე წასავლელად ვემზადები, თორმეტის თხუთმეტი წუთია. ისინი დილის ათ საათამდე აქ უნდა იყვნენ, ,,ჩემი სამუშაო დრო" კი დამთავრდა.
მედიკო ექიმი და კარინა გულთბილად მემშვიდობებიან, მეც მადლობას ვეუბნები მასპინძლობისთვის, წარმატებას, ნაკლებ პაციენტს და მეტ ანაზღაურებას ვუსურვებ, კლინიკის შენობას ვტოვებ და ამ გრილი ღამით მათი სითბო მომყვება ქუჩაში.

"მთავარი. ინფო ", ირმა ბერიშვილი

ავტორი: . .