ამერიკულ-გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK უკვე მეორედ ატარებს მასშტაბურ კვლევას საქართველოში. ამ გამოკითხვის შედეგად „დადებული“ არა იმდენად კონკრეტული ციფრები, რამდენადაც ტენდენციები, სავსებით შეიძლება ჩაითვალოს სენსაციურად: ირკვევა, რომ „უახლოეს კვირას“ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 25.8% დაუჭერდა მხარს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 25.5%. სხვაობა იმდენად „არაფერია“, შეიძლება ითქვას, არც არსებობს.
5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს აგრეთვე პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 6.9%. იგი დიდად ჩამორჩება ლიდერებს. თუმცა, მომავალ პარლამენტში სამი პარტიის გასვლის შემთხვევაში, ყოველ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება პრემიერ-მინისტრის (მთავრობის) დამტკიცებისას, ესე იგი იგი იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ ვის ერგება, საბოლოოდ, ხელისუფლება: „დაბრუნდება მიშა“ (პოლიტიკურად ან ფიზიკურად), თუ შეინარჩუნებს ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“.
კვლავინდებურად მაღალია „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ ოდენობა, მაგრამ GFK-მ გამოიყენა ისეთი საყოველთაოდ აპრობირებული სოციოლოგიური „ინსტრუმენტი“, როგორიცაა „ზიზღის რეიტინგი“, ანუ ე.წ. „ალოკაცია“, როდესაც რესპონდენტი პასუხობს კითხვას, თუ ვის არ მისცემდა ხმას არავითარ შემთხვევაში. ამ და ამგვარი კითხვების მეშვეობით, სოციოლოგებმა დაადგინეს (ბუნებრივია, 2-3%-იანი ცდომილებით, რაც ნორმალურია), რომ მმართველი პარტიის რეიტინგია 35,9%; მთავარი ოპოზიციური ძალისა - 34.2%; ბურჭულაძის პარტიისა („ლიბერტარიანელებთან“ გაერთიანებამდე) - 9,8% და შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტებისა“ - 5,4%.
სწორედ ამ „ინსტრუმენტის“ გამოყენებით ირკვევა, რომ მომავალ პარლამენტში შესაძლოა 4 პარტია აღმოჩნდეს.
ნიშანდობლივია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ თანდათან კარგავენ შანსს. მთავარი მიზეზია საარჩევნო სიის გამსვლელ ნაწილში შეყვანილი სკანდალური ფიგურის მიმართ ამომრჩეველთა განწყობის ჯიუტი გაუთვალისწინებლობა. ასეთი სიჯიუტე და ნაკლები პრაგმატიზმი ირაკლი ალსანიას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.
მომავალი არევნების „რუხი ფიგურაა“ ნინო ბურჯაანძე, ვინაიდან იმ რესპონდენტთა დიდი ნაწილი, ვინც მალავს არჩევანს (მალავს, თუმცა ამბობს „ჯერ არ გადამიწყვეტიაო“), რელურად, შესაძლოა, სწორედ მისი ამომრჩეველი აღმოჩნდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სანამ ამ ციფრებისა და ტენდენციების რეალურ მნიშვნელობაზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას თვით ამერიკულ-გერმანულ კომპანიაზე.
რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ საწინააღმდეგო მმართველი პარტიის ლიდერებმა, GFK, სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და სანდო სოციოლოგიური კომპანიაა მსოფლიოში. გლობალური რეიტინგით (რომლის სათავეშია „ნილსენი“), GFK მეოთხე ადგილს იკავებს და ბევრად უსწრებს ამ მხრივ სახელგანთქმულ ამერიკულ „გელაპს“.
რაც შეეხება ყბადაღებულ NDI და IRI-ს, მათთან GFK-ს შედარება საერთოდ სამარცხვინო არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა, რადგან ეს ორი ამერიკული ინსტიტუტი საერთოდ არ არის სპეციალიზებული სოციოლოგიური სააგენტო. მათგან განსხვავებით, GFK-ს არანაირი სხვა ინტერესი (ვთქვათ დემოკრატიის მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ამერკული სტრატეგიის ლობირება და ა.შ) საერთოდ არ გააჩნია. იგი მხოლოდ „ცივად იკვლევს“ და „დებს შედეგს“.
„ოცნების“ ლიდერთა მამხილებელი განცხადებები, რომ თურმე GFK-ს ნდობა არ შეიძლება, რაკი სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა კვლევა ყირიმში, ან ცრუპენტელობაა, ან სრული არაკომპეტენტურობის გამოვლინება: პუტინის რეჟიმმა იმიტომ შეუკვეთა ამერიკულ-გერმანულ კომპანიას ის კვლევა, რომ გაითვალისწინა მისი მსოფლიო ავტორიტეტი და ისიც გათვალა, რომ GFK-ს პოლიტიკა არ აინტერესებს; ამიტომ, იგი „დადებდა“ ზუსტად იმ შედეგს, რაც შეესაბამება რეალობას. რეალობა კი სწორედაც ისაა, რომ ყირიმის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დიახაც, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უჭერდა და უჭერს მხარს.
ესაა რეალობა და რა შუაშია აქ GFK? ამგვარი განწყობა თუ აქვს ყირიმის მოსახლეობას, ეს სოციოლოგების ბრალია?
არანაკლებ კომიკურია იმ არგუმენტის მოშველიება, რომ თურმე GFK-ს, თანამედროვე ავტორიტარულ თურქეთში, „გადასახადების დამალვა“ დააბრალეს მას შემდეგ, რაც ერდოღანის მთავრობამ მისი ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა. ამ დონისა და სოლიდურობის ამერიკულ-გერმანულ (!) კომპანიას რომ გადასახადების დამალვას დააბრალებ, ეს მართლა კომედიაა.
რაც შეეხება თუთუყუშივით განმეორებულ „მანტრას“ იმის თაობაზე, რომ 2012 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევის შედეგი (თუმცა აქ GFK არაფერ შუაშია) არათუ არ დაემთხვა, არამედ დიდად ასცდა 1 ოქტომბრის რეზულტატს, ამ არგუმენტის „გამხმოვანებლებს“ ჯიუტად არ სურთ იმის გათვალისწინება, რომ იმავე წლის სექტემბერში მოხდა კოლოსალური მნიშვნელობის მოვლენა: „ციხის სკანდალი“, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“ (აგრეთვე „გარკვეულ ამომრჩეველთა“ დიდ ნაწილს) ხმა ოპოზიციისთვის მიაცემინა კონსოლიდიებულად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა, რაც შეეხება GFK კვლევით გამოვლენილ „გადაუწყვეტლებს“. რატომღაც ითვლება, რომ ეს ხმები სოლიდარულად (ესე იგი მთლიანად) ან „ქართულ ოცნებას“, ან „ნაციონალებს“ შეემატებათ. ორივეს სურს ასე იყოს. მაგრამ სოციოლოგია ზუსტი მეცნიერებაა. მსოფლიო გამოცდილება კი ადასტურებს: „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ ხმები, როგორც წესი, თითქმის თანაბრად ნაწილდება ძირითად მოთამაშეებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, უშუალოდ არჩევნების წინ, ხდება რაიმე იმგვარი კოლოსალური, გამანადგურებელი ეფექტის მოვლენა, როგორიც იყო იგივე „ციხის სკანდალი“ 2012 წელს.
წელს ეს შეიძლება იყოს რუსეთის საოკუპაციო ძალების რაიმე აქტიური აგრესიული ქმედებები (მორიგი გრანდიოზული სწავლებები „კავკასია - 2016“ შემთხვევით როდი დაიგეგმა) ან სხვა რამ ამგვარი. მაგრამ თუ ნორმალური, მშვიდი სიტუაცია შენარჩუნდა, მაშინ შედეგი იქნება თითქმის ისეთი, რაც GFK-მ დადო მეორე რეიტინგით, ესე იგი „ალოკაციის“ ინსტრუმენტის გამოყენებით.
არჩევნების ამგვარი შედეგი ნიშნავს „ქართული ოცნების“ განადგურებას! მან რამდენიმე პროცენტითაც რომ გაასწროს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ სხვაობა 10%-ზე ნაკლები იქნება, „ოცნება“, მთლიანობაში, ამ არჩევნებს წააგებს, ანუ ძალაუფლებას დაკარგავს და აი, რატომ:
გარდა პროპორციული არჩევნებისა, 8 ოქტომბერს ტარდება, აგრეთვე, მაჟორიტარული არჩევნები. 73 დეპუტატი აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში. 50 ოლქში მაინც უეჭველად გაიმართება მეორე ტური და, უმრავლეს შემთხვევაში, მთავარი მოწინააღმდეგეები სწორედ „ქოცები“ და „ნაცები“ იქნებიან.
თუ „პროპორციულ არჩევნებში“ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ „დადო“, მაშინ მეორე ტურში მისი მაჟორიტარი კანდიდატები უეჭველად წააგებენ, რადგან ქართველი (და არა მხოლოდ ქართველი) ამომრჩევლის ფსიქოლოგია, მით უმეტეს რეგიონებში, ისეა მოწყობილი, იგი მუდამ იხრება „ძალის ცენტრისკენ“ ანუ იმისკენ, ვინც მის თვალში გამოიყურება და ჩანს, როგორც „მაგარი“ და „მომავალი“; ანუ, მეორე ტურში ხმას მისცემს იმის წინააღმდეგ, ვინც „სუსტდება“, „უკვე დასუსტდა“ და, მისი შთაბეჭდილებით, „წარმავალია“.
მცირე უპირატესობით პროპორციული არჩევნების მოგება (ვომეორებ) „ოცნებას“ ვერ უშველის, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველი ძალა, მთლიანობაში აგებს. შესაბამისად, ამომრჩეველი იმოქმედებს პრინციპით: „შენდებოდეს შეეწიე, ინგრეოდეს შეესიეო“.
GFK მენეჯერებს ეს გენიალური ქართული ანდაზა ალბათ არ სმენიათ, თორემ მათ მიერ ბევრ ქვეყანაში ვიზირებულ სოციოლოგიურ სახელმძღავნელოებში შეიტანდნენ.
ისიც ცხადია, რომ „ნაციონალები“ და მათი მხარდამჭერები, როგორც კი „სისხლის“, ანუ შესაძლო გამარჯვების სუნს იკრავენ, პირველ და მეორე ტურებს შორის შუალედში გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ იქნებიან. ეს კი მთელი ორი კვირაა! ანუ იმდენი, რამდენიც „ვარდების რევოლუციას დასჭირდა პირველი დიდი მიტინგიდან რუსთაველზე - 22 ნოემბრამდე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ „ოცნება“ ბევრად არ გააქტიურდა, თუ „ნაციონალებს“ ტელე-ბატალიები ვერ მოუგო, თუ მოსახლეობას საკუთარი ქმედითობა არ დაუმტკიცა, თუ კვლავ ბრიყვულად იმოქმედა იმ კლინიკური „დათქმით“, რომ თურმე არ უნდა იკადროს „ფიარი“ (უამრავ მართლა „სათქმელთან“ დაკავშირებით: ჰეპატიტი-სა და ჰერცეპტინ-ის კეთილშობილი პროგრამებიდან - შესანიშნავ Black Sea Arena-მდე) მაშინ მმართველი პარტია ამ არჩევნებს წააგებს და ძალაუფლებასაც დაკარგავს!
მიშა პოლიტიკური ცხოველია („ჭკვიანი გიჟია“) და, მთლიანობაში „გიჟური“ სტრატეგიის პირობებში, ტაქტიკურ შეცდომებს იშვიათად უშვებს. სანდრას სცენაზე გამოშვებაც ერთ-ერთი ასეთი ძლიერი სვლაა.
ბევრს ჰგონია, მისი პირველი განცხადება, „ქმარს თვალებში ჩავხედეო“ შეცდომა იყო. სინამდვილეში, ეს ფრაზა მხოლოდ ნაზი სულიერების დახვეწილ ინტელექტუალებს ეხმუშათ, თორემ მიშამ და სანდრამ იციან, ვისთვის ლაპარაკობენ. ამ „ინტელექტუალებისთვის“ ნამდვილად არა.
და კიდევ ერთი დეტალი იმავე დისკურსში: „სანდრას ჰაბიტუსი და სტილი უარესობისკენ შეცვლილაო“. დავაკვირდეთ: რეალურად ესეც ზუსტად გათვლილი ნაბიჯია, რათა კანდიდატი რაც შეიძლება ნაკლებ გამაღიზიანებელი იყოს მისი ამომრჩევლის ძირითადი ნაწილის, ესე იგი ანალოგიური ასაკის ქალბატონებისთვის, რომელთაც, ყველა ქვეყანაში, სპეციფიური „ქალური“ ფსიქოლოგია აქვთ.
აი, ასეთ ვითომდაც წვრილმანებს, ფსიქოლოგიურ ნიუანსებს და დეტალებს რომ ითვალისწინებდა და ითვალისწინებს მიშა, იმიტომაა იგი „პოლიტიკური ცხოველი“ და მისი საბოლოო დამარცხება არც ისე ადვილია, როგორც ზოგიერთს ეგონა ან ახლაც ჰგონია.
მიხეილ გეწაძე