ახლახანს დასრულებულმა რიოს ოლიმპიადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ყველაფერი პოლიტიკაა. თანაც დიდი პოლიტიკა. ხშირ შემთვევაში უფრო მნიშვნელოვანიც კი ვიდრე ლოკალური საომარი კონფლიქტები. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან გლობალიზებულ მსოფლიოში, როდესაც მილიარდობით ადამიანი ერთდროულად ადევნებს თვალს რაიმე მოვლენას, შედეგად შექმნილ შთაბეჭდილებასა და საზრისებს გლობალური მნიშვნელობა ენიჭებათ. ამიტომ, ოლიმპიადის მოგება ან წაგება სტრატეგიულ შედეგებს იწვევს და სახელმწიფოებიც ყველანაირად ცდილობენ, საკუთარი ადეკვატრობა დაადასტურონ. ვისთვის როგორ: ვინ - გლობალური მასშტაბით, ვინ ადგილობრივი და ლოკალური მნიშვნელობით.
თუმცა, დროშის გამოჩენა ასეულობით მილიონ ტელეეკრანზე სან-ფრანცისკოდან - შანხაიმდე და ლონდონიდან - სიდნეიმდე, ნებისმიერ შემთხვევაში იძენს მსოფლიო მნიშვნელობას, ვინაიდან, მაგალითად, ავსტრალიელი პასტორის ოჯახში გაზრდილ 20 წლის ჭაბუკს, მისთვის სრულიად უცხო, არაამერიკული Georgia-ს ხუთჯვრიანი დროშის ხილვისას, რომელიც ძალიან ჰგავს ჯვაროსანთა დროშას, შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, დაგუგლოს Country of Georgia (ამ ტერმინით გვანსხვავებენ ანგლოსაქსები ამერიკის შეერთებული სახელმწიფოების ერთ-ერთი State-ისგან), იქვე შეიტყოს მისთვის საყვარელი Skorpions-ის კონცერტის შესახებ და ბათუმში ჩამოფრინდეს მეგობრებთან ერთად მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში, იმავე ლეგენდარული როკ-ჯგუფის კონცერტზე, შეიძლება არ წამოსულიყო. მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე აფრიალებული ხუთჯვრიანი დროშა მიანიშნებს, რომ ეს პატარა ქვეყანა, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი სმენოდა, მისი იდენტობისაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბუნებრივია, ასეთი და ამგვარი მოტივაცია კიდევ უფრო მეტად აქვთ დიდ სახელმწიფოებს. ამიტომ, ბარონ პიერ დე კუბერტენის გულუბრყვილო სურვილი, აეღორძინებინა ანტიკური იდეალები და ღირებულებები ახალ ეპოქაში, ექცია ოლიმპიადა არა ნაციათა, არამედ პიროვნებათა შეჯიბრად, იმთავითვე განწირული იყო.
დღეს ოლიმპიური თამაშები იმდენად მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენაა, სახელმწიფოები მას სასტიკი და დაუნდობელი ომის „ერზაცად“ აღიქვამენ: როგორც კი წარმოიშვა საშიშროება, რომ რუსეთი, დოპინგის სახელმწიფო პოლიტიკის გამო, შეიძლებოდა ოლიმპიადიდან საერთოდ მოეხსნათ, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის საზღვრებთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, ხოლო ოლიმპიური კომიტეტის საკვანძო სხდომაზე მიავლინა თავისი გუნდის ერთ-ერთი მძიმეწონოსანი ფიგურა: ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალექსანდრე ჟუკოვი, რომელმაც, დახურულ კონფერენციაზე, პირდაპირ უთხრა შიშით ათრთოლებულ ჩინოსნებს: „რუსეთის სრულ მოხსნას ოლიმპიადიდან ჩვენი სახელმწიფო აღიქვამს, როგორც ომის გამოცხადებას! თქვენ მზად ხართ იკისროთ პასუხისმგებლობა გლობალური ომისთვის, რომელიც ბირთვულ კონფლიქტშიც გადაიზრდება?“
ბუნებრივია, მოფარიკავე, თანაც გერმანელი (!) თომას ბახი ამ პასუხისმგებლობას ვერ იკისრებდა, ამიტომ მხოლოდ ორი სახეობის მძლეოსნები არ დაუშვეს, თუმცა რუსული დროშა რიო-ში მაინც აღიმართა. პუტინისთვის ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და არა მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობა. ამ მხრივ, რუსეთი დიდი ხანია ვეღარ უწევს კონკურენციას ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ამერიკელებმა 121 მედალი მოიპოვეს. მათგან 46 ოქროს, 37 ვერცხლის და 38 ბრინჯაოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ახლახანს განაცხადა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, ამ არაოფიციალურ რეიტინგში მეორე ადგილზეა: 67 მედალი. აქედან 27 ოქროს, 23 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს. ეს უფრო აღსანიშნავი და ნიშანდობლივია, ვიდრე ჩინეთის მესამე ადგილი (70; 26 – 18 - 26).
დიდი ბრიტანეთის გარეშე დარჩენილი ევროკავშირის ლიდერი და სპორტული ზესახელმწიფო - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა (42; 17 – 10 – 15). მას გაასწრო იმავე რუსეთმა, რომლის შედეგი (56; 19 – 18 - 19) და მეოთხე ადგილი მაინც სერიოზული წარმატებაა შექმნილ ვითარებაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა, რომელიც დასაველთთან მიმდინარე „ცივი ომის“ ფონზე, „რბილი ძალის“ ნებისმიერ გამოვლინებას უდიდეს მნშვნელობას ანიჭებს და უდიდეს რესურსებსაც ხარჯავს, პროგრამა მინიმუმი ნამდვილად შეასრულა რიოში, რაკი კვლავ ლიდერებს შორის აღმოჩნდა. მაგრამ რისი წყალობით და როგორ?
ოლიმპიადის მსვლელობისას დააპატიმრეს ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთა ფედერაციის პრეზიდენტი, პატრიკ ჰიკკი. მას კორუფციაში - ბილეთებით სპეკულირებაში ედება ბრალი. ეს სწორედ ის პატრიკ ჰიკკია, რომელიც ყველაზე აქტიურად გამოდიოდა რუსი მძლეოსნების ოლიმპიადიდან მოხსნის წინააღმდეგ.
ბუნებრივია, რუსული სპეცსამსახურები მასთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ისევე, როგორც მუშაობენ ყველა „გადამწყვეტ ფიგურასთან“ (Decision Maker). ვის ფულსა თუ აზარტული თამაშების სიყვარულზე გამოიჭერენ, სხვებს გასაგიჟებელ ქალს მიუგზავნიან: როგორც დიდი ბრიტანეთის წევრ ერთ მოხუც პოლიტიკოსს, რომელიც სწორედ ამ ხრიკით „დააბეს“ და საკუთარ აგენტად აქციეს ლონდონსა და სტრასბურგში.
ადამიანური სისუსტეებისა და პრობლემების (ვალები, შვილის ნარკომანობა, ოჯახური კონფლიქტები, მძიმე ავადმყოფობა და ა.შ და ა.შ) გამოყენება სპეცსამსახურთა ჩვეული ტექნოლოგიაა და პუტინის რეჟიმი მას უდიდესი წარმატებით იყენებს ყველგან, სადაც „მუშაობს“, არადა სწორედ „ყველგან მუშობს“. საქართველოშიც, რასაკვირველია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და „დროშის“ მონაგარს: 7 მედალი, მათგან ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს. ცუდი შედეგი არ არის საქართველოს GDP-Per capita-ს გათვალისწინებით. და რაც ყველაზე ფასეულია, ეს ოლიმპიური მედლები უკვე ნამდვილად აღარ არის საბჭოთა მემკვიდრეობა, როდესაც ქართველ სპორტსმენებს უდიდესი სპორტული ზესახელმწიფოს უკიდეგანო რესურსები, ან ამ რესურსთა ნარჩენები ეხმარებოდათ.
რიოში მოპოვებული მედლები უკვე იმ თაობის მონაგარია, რომელიც მთლიანად დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა.
ხოლო მათ, ვისაც სპორტი გვიყვარს, როგორც სპორტი, ანუ ადამიანთა, ესე იგი პიროვნებათა, კეთილშობილი, არასაომარი შერკინება (სწორედ ასე ესმოდათ იგი ძველ ბერძნებს) სამუდამოდ დაგვამახსოვრდება რამდენიმე საკაცობრიო მნშვნელობის სპორტული მიღწევა: ოცდასამგზის (!) ოლიმპიური ჩემპიონის, ფენომენალური მაიკლ ფელბსის ხუთი ოქრო და შეუდარებელი ჰუსეინის ბოლტის ცხრაგზის ჩემპიონობა.
ნიკა იმნაიშვილი