ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკურ პარტია „ცენტრისტებს“. მაშასადამე, ეს პარტია 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც ჩახსნა საარჩევნო კლიპი, თუმცა დიდი ყოყმანის შემდეგ; ჯერ განაცხადეს, იურიდიული ბერკეტები არ გაგვაჩნიაო, თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თურმე ჰქონიათ, რაკი პარტია ანტიკონსტიტუციურ პროპაგანდას ეწოდა, ანუ ხელყოფდა ქვეყნის დამოუკიდებლობას და აკანონებდა საოკუპაციო ჯარს. ეს რომ არაკონსტიტუციური იყო, პირველი 10 წამიდანვე არ იქნებოდა ცხადი? მაგრამ ქართველი ბიუროკრატი, ზოგადად მშიშარა არსებაა და არანაირი ღირებულებები არ გააჩნია: რა იცი რა ხდება და რატომ ავიტკივო აუტკივარი თავი - ასეთია მისი „პრინციპი“. ყველგან და ყოველთვის.
ხაჩიშვილ-ბედუკაძის პარტია შესაძლოა კიდეც აიკრძალოს, როგორც ანტიკონსტიტუციური. ყოველ შემთხვევაში, ასე ერთსულოვანი ქართული პოლიტიკური სპექტრი (ურთიერთბრალდებების მიუხედავად) არასდროს ყოფილა: ყველამ მხარი დაუჭირა არასამთავრობოების წინადადებას პარტიის იურიდიული რეგისტრაციის ანულირების შესახებ, რაკი საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ისეთი ორგანიზაციების არსებობას და მოღვაწეობას, რომლებიც სახელმწიფო სუვერენიტეტს აყენებენ ეჭვქვეშ.
ოღონდ, აქვე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხსენებულმა წყვილმა ძალიან კარგად იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა მათ საარჩევნო კლიპს, რომლითაც ისინი ამომრჩეველს რუსულ პენსიას, ორმაგ მოქალაქეობას და რუსეთის ჯართა დაკანონებას სთავაზობდნენ. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ამ წინადადებებს საქართველოში არავინ მისცემდა ხმას, რადგან შიზოიდური ტიპაჟი ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს და საქართველოც, გამონაკლისი ვერ იქნება. ანუ, ეს კლიპი იმთავითვე პროვოკაცია იყო, რომლის მიზანია მედია-საბაბის შექმნა, რათა რუსეთის საინფორმაციო ჯარების ოფიცრებმა მიიღონ საშუალება და საბაბი, მთელს მსოფლიოში გაავრცელონ ცნობა: საქართველოში პრორუსული პარტია არსებობდა, მაგრამ აკრძალესო. იმ გათვლით, რომ ინფორმაციის უცხოელი მომხმარებელი აღარ დაიწყებს იმის გარკვევას, რა პარტია იყო ეს, ან რას წარმოადგენენ მისი ლიდერები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ჩვენ ესეც უნდა გვაინტერესებდეს, რაკი ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს. დავიწყოთ თემურ ხაჩიშვილით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 1992-1993 წლების სამოქალაქო ომის დროს. მაშინ ხაჩიშვილი ე.წ. „მხედრიონის“ ერთ-ერთ რიგით ბოევიკად ითვლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში დაუახლოვდა ჯაბა იოსელიანს. ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, მხედრიონის დამფუძნებელმა მისი კანდიდატურა შესთავაზა ედუარდ შევარდნაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ხაჩიშვილს მაშინ აქტიურად უჭერდა მხარს პარლამენტის სხდომაზე კინორეჟისორი ელდარ შენგელაია: ეს კაცი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ მომენტებში მყავს გამოცდილი და თავი დადებითად დამამახსოვრაო. ჯაბას წინააღმდეგ წასვლას ვინ გაბედავდა და ხაჩიშვილიც პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრის პოსტზე.
1993 წლის სექტემბერში, ხაჩიშვილსა და სახელმწიფოს მეთაურ ედუარდ შევარდნაძეს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა: შევარდნაძე ირწმუნებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, თემურ ხაჩიშვილმა (სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს) წინასწარ შეატყობინა რუსთავის მხედრიონს ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის შესახებ, რის შემდეგაც ხაჩიშვილი მოხსნეს, რამაც ჯაბას დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მხედრიონის ლიდერი ღიად დაუპირისპირდა ედუარდ შევარდანძეს იმ დაუვიწყარ სხდომაზე, რომელიც პარლამენტში შედგა სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე.
თუმცა, შევარდნაძემ ჯაბას ბოლომდე გადაკიდება მაშინ ვერ გაბედა და თემურ ხაჩიშვილი უშიშროების იმდროინდელი მინისტრის, იგორ გიორგაძის მოადგილედ დანიშნა.
ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო: ცნობადი სახეებისა და გავლენიანი ფიგურების ხოცვა-ჟლეტა თბილისის ქუჩებში, ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის ლეგენდარული თავმჯდომარის, გია ჭანტურიას მკვლელობა 1994 წლის 3 დეკემბერს და, ბოლოს, 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი შევარდნაძის წინააღმდეგ.
იგორ გიორგაძე მოსკოვში გაიქცა რუსეთის სამხედრო აეროპორტიდან, თემურ ხაჩიშვილი კი დააპატიმრეს და გია ჭანტურიას მკვლელობისთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა მისი მმართველობის ბოლოს. რის შემდეგაც, ხაჩიშვილი მოსკოვში გაემგზავრა და კარგა ხანს აღარც გამოჩენილა. მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დარწმუნდა, რომ გია ჭანტურიას მეგობრებისგან საფრთხე არ ელოდა და უბატონოდ ხმას ვერ გასცემდნენ. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს უარყოფს და საქმეს „შეთითხნილს“ უწოდებს.
აი ასეთი სუბიექტი გვპირდება „რუსულ პენსიებს“ და „რუსეთის ჯართა დაკანონებას“ საქართველოში!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შემთხვევითი არც ისაა, რომ მან და ბედუკაძემ ერთმანეთს მიაგნეს. დღემდე არ წყდება კამათი, თუ რამ აიძულა და რა მოტივი ჰქონდა მეორე „მეწყვილეს“, ყბადაღებული „ციხის კადრები“ არა მხოლოდ გადაეღო, არამედ გამოექვეყნებინა. ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მტკიცებით, მილიონობით დოლარი აიღო, მაგრამ განა ეტყობა რამე მილიონერობისა?
მილიონერი რომ იყოს, გაისუსებოდა მაინც და იმ დროს დაელოდებოდა, როცა შეძლებდა „პატიოსნად გამომუშავებული“ მოეხმარა. მაგრამ ვერ მოისვენა და თავად დაადასტურა ეჭვი, რომ მთელი ის „ციხის სკანდალი“ კარგად დაგეგმილ-გათვლილი სპეცოპერაცია იყო, რომლის ზოგიერთ მონაწილეს შესაძლოა ამის შესახებ არც სცოდნოდა, თუმცა შედეგის თვალსაზრისით ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
ხოლო კითხვას, „მოტივაციის“ შესახებ, პასუხს სცემდა და სცემს მანიაკის ვნებიანი ხმა ყველაზე ამაზრზენი კადრების მიღმა: „გეტკინაააააა?“ - რომ ეკითხება საცოდავ, შეშლილ პატიმარს.
ორივე სხვადასხვა გზით, მაგრამ ლოგიკურად მივიდნენ იქამდე, სადაც ადრე თუ გვიან უნდა მისულიყვნენ; თუმცა დასამშვიდებლად ის მაინც დაგვრჩენია, რომ ნამდვილი პრორუსული ორიენტაცია მხოლოდ ასეთი სუბიექტების მახასიათებელია ამ ქვეყანაში და . . . . . ისემც მათზე უკეთესი ვერ მოეძებნოთ ამგვარი სპეცოპერაციების ავტორებს კრემლის „ლაბორატორიებში“
მიხეილ გეწაძე