სანკტ-პეტერბურგის შეხვედრა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის წლის ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენად იქცა. დასავლური მედია ამ სამმიტს უდიდეს ყურადღებას აქცევს და დღემდე არ წყდება დისკუსია მისი შედეგების შესახებ.
ერთი შეხედვით, თითქოს, სერიოზული კრიზისის შემდეგ, რომელიც თურქეთის (არა სირიის) საჰაერო სივრცეში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებასა და კატაპულტირებული მფრინავის დახვრეტას მოჰყვა, უკვე დაძლეულია, ვინაიდან პრეზიდენტმა ერდოღანმა დაღუპული მფრინავის ოჯახს (დავაკვირდეთ: და არა პუტინს, ანუ რუსეთის სახელმწიფოს) ბოდიში მოუხადა. თუმცა თურქული ენის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ერდოღანის წერილში სიტყვა „ბოდიში“ არ ყოფილა. მან სულ სხვა ევფემიზმი გამოიყენა: „ვწუხვარ“, „ნუ განმსჯით“, „ ნუ განმიკითხავ“, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ერთი და იგივე.
მაგრამ რაც მთავარია (და ბევრად არსებითია), ეს წერილი კრემლში მიიღეს და აღიარეს, როგორც ბოდიშის მოხდა. მით უმეტეს, რომ პუტინი კი არ ჩავიდა სტამბულში ან ანკარაში, არამედ ერდოღანი ჩაფრინდა სანკტ-პეტერბურგში! გარდა ამისა, სამხედრო გადატრიალების შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მფრინავი, რომელმაც რუსული ბომდამშენი ჩამოაგდო, ამასწინანდელ პუტჩში მონაწილეობდა, ანუ კრიმინალია, უკვე დააპატიმრეს და ციხეშიც ჩაჯდება.
მართლა ასე იყო თუ არა, ძნელი სათქმელია; თურქეთში უკვე ათასობით სამხედრო დააპატიმრეს არა მხოლოდ კონკრეტული ქმედებებისთვის, არამედ დასაბუთებული ეჭვის გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რამ აიძულა თურქეთის ავტორიტარი მმართველი, ასეთი ნაბიჯები გადაედგა? პირველ რიგში, რასაკვირველია, ეკონომიკამ, მაგრამ არა მხოლოდ.
ეკონომიკას რაც შეეხება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე თურქეთის მართლაც ზღაპრულ აყვავებაში რუსეთმა უდიდესი როლი შეასრულა: რუსმა ტურისტებმა თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა კურორტებზე ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯეს, ისევე როგორც სტამბულის გრანდიოზულ ბაზრებზე, სადაც რუსულად ეწერა ხოლმე: „Кожа“. რუსული ბაზარი ნამდვილ კლონდაიკად იქცა თურქი ფერმერებისთვის, ხოლო თურქი მშენებლები ყველაზე მასშტაბურ და სარფიან კონტრაქტებს სწორედ რუსეთთან აფორმებდნენ.
ეს ყოველივე ერთ დღეში ჩამოიშალა: ბაზარიც დაიკეტა, ფრენებიც შეწყდა და პოდმოსკოვიეში მდებარე უთვალავი თურქული მაღაზიაც გაქრა; სამშენებლო კონტრაქტები კი გაწყდა ანაზღაურების გარეშე.
ერდოღანი ჭკვიანი პოლიტიკოსია და შესანიშნავად იცის: სამხედრო გადატრიალების მცდელობა იმიტომ ჩაიშალა, რომ თურქულმა საზოგადოებამ სწორედ მის პიროვნებასთან გააიგივა პროგრესი, დოვლათი და სწრაფი განვითარება. ამის გარეშე კი მისი პოლიტიკური ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება.
თავის მხრივ, რა უნდა რუსეთს? პირველ რიგში, „თურქულ ნაკადად“ წოდებული სტრატეგიული პროექტის განხორციელება, რომელიც მოსკოვს საბოლოოდ მოუხსნის დამოკიდებულებას უკრაინულ ტრანზიტზე და მისცემს შესაძლებლობას, მოახრჩოს უკრაინა!
თურქული ნაკადის სანაცვლოდ, მოსკოვი ანკარას თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასაც კი დაჰპირდა. თანაც კრედიტის საფასურად. ეს კი მილიარდობით დოლარია. გარდა ამისა, თურქეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული მოთამაშეა, რომელთან ჭკვიანური და ფრთხილი „თამაში“, წლების განმავლობაში, საშუალებას აძლევდა რუსეთს, სხვადასხვა „რეგიონულ საჭადრაკო დაფებზე“ საკუთარი ინტერესები განეხორციელებინა. სხვათა შორის, კლასიკური მაგალითია აფხაზეთი, რომლის წინააღმდეგ მოსკოვმა 1994 წელს სანქციები შემოიღო, რაკი ასე სჭირდებოდა შევარდნაძესთან თამაშში, თუმცა ეს ყბადაღებული ბლოკადა სრული არასდროს ყოფილა, რადგან მოსკოვის გადაწყვეტილებები ანკარას სულაც არ ეხებოდა.
თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნატო-სთან ურთიერთქმედებაში, რადგან ამ ქვეყანას რაოდენობით მეორე (გერმანიის შემდეგ) თუმცა ბრძოლისუნარიანობით პირველი არმია ჰყავს ევროპაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ აქვე ისმის კითხვა: არსებობს თუ არა ინტერესთა თანხვედრის ის კრიტიკული მასა, რომელიც პრობლემებს, ანუ ინტერესთა შეუთავსებლობის პოტენციალს გადასწონის? პრობლემები კი ძალიან წონადია:
პირველ რიგში სირია, სადაც რუსეთისა და თურქეთის ინტერესები არათუ ემთხვევა, არამედ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს: ერდოღანი სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადის დაუძინებელი მტერია. მისთვის მიუღებელია ქურთული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაც. გარდა ამისა, ანკარა ბუნებრივ პასუხისმგებლობას გრძნობს სირიის ჩრდილო-დასავლეთით (ესე იგი თურქეთის საზღვარზე) მცხოვრები თურქული ტომების მიმართ.
შემდეგ: თურქეთი და რუსეთი სტრატეგიულად ვერასდროს შეთანხმდებიან სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, ვინაიდან ანკარა ერთმნიშვნელოვნად და ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს, ხოლო მოსკოვი (ჯერ-ჯერობით ფარულად და ვუალირებულად) - სომხეთს!
ამასთან, თურქეთის „შეღწევა“ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ისეთი სისტემური და შეუქცევადი პროცესია, რომელსაც ორი, თუნდაც ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის შეთანხმება ვერც შეაჩერებს. მით უმეტეს, რომ ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ქვეყნები (ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი), ისევე, როგორც აზერბაიჯანი, ბუნებრივად ისწრაფვიან „დიდი შთამომავლისაკენ“ და განა რა უნდა მოხდეს ისეთი, მათი ეს სწრაფვა შერბილდეს? წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, საქართველოს გვერდით რომ 80 მილიონიანი, აყვავებული, მდიდარი, ზეგავლენიანი ქართული სახელმწიფო იყოს. . . .
არც ყირიმისა და ჩრდილო კავკასიის საკითხებია ანგარიშიდან ამოსაგდები: ყირიმელი თათრების მიმართ თანამედროვე თურქეთი პასუხისმგებლობას გრძნობს. გარდა ამისა, თურქეთის ტერიტორიაზე ჩრდილო -კავკასიური დიასპორები (მათ შორის ჩერქეზული) მოქმედებენ და ისინი კრემლის მიმართ კეთილგანწყობილნი არასდროს ყოფილან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ პრობლემათა ერთობლიობა აიძულებს გამოცდილ პოლიტიკოსებს - პუტინსა და ერდოღანს - ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას ფრთხილად იმოქმედონ. ეს, განსაკუთრებით პუტინს ეხება, ვინაიდან ბოლოდროინდელმა გეოპოლიტიკურმა კლინჩმა დაადასტურა: საბოლოო ანგარიშით და ყველა რესურსის გათვალისწინებით, თურქეთი მაინც უფრო სუსტია, ვიდრე რუსეთი და ზემოქმედების ნაკლები ბერკეტი აქვს; ხოლო რაც აქვს, იმის გამოყენებას ვერ ბედავს: მაგალითად, ვერ გაბედა შეეზღუდა ბოსფორის სრუტეში რუსული სამხედრო გემების მოძრაობა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ქურთებს საზენიტო რაკეტები მიაწოდეს (თურქული საბრძოლო ვერტმფრენიც ჩამოაგდეს), ვერ გაბედა ერთმნიშვნელოვანად დაეგმო ყირიმის ანექსია და მხარი ქმედითად დაეჭირა ყირიმელი თათრებისთვის . . .
ამიტომ პუტინი, მიუხედავად მისი თვითმფრინავის ჩამოგდებისა (რაც სისხლად და ცრემლად აზღვევინა იმ რაიონში მცხოვრებ თურქულ ტომებს, სადაც ქვა-ქვაზე არ დატოვა ინციდენტის შემდეგ), ბევრად მომგებიან პოზიციაშია: აღმოჩნდა, რომ თურქეთს ბევრად მეტად სჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს- თურქეთი! მაშასადამე, მხარეებს ამ თამაშში განსხვავებული წონის კოზირები აქვთ.
შესაბამისად, პუტინი ვირტუალურად კი შეურიგდა, ტელეკამერების წინ ხელი კი ჩამოართვა და ღიმილით მოისმინა ერდოღანის სიტყვები ძმობის შესახებ, თუმცა თავად, თურქეთის პრეზიდენტისთვის არც „ძმა“ და არც „მეგობარი“ არც ერთხელ არ უწოდებია სანკტ-პეტერბურგის სასახლის ბერძნულ (!) დარბაზში შეხვედრისას.
„შერიგების“ მიუხედავად, რუსეთი ჯერ არ აპირებს უვიზო რეჟიმის აღდგენას თურქეთთან იმ სიტუაციაში, როდესაც თურქეთმა რუსებისთვის ვიზების დაწესება ვერ გაბედა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი; სამშენებლო კონტრაქტები კვლავ გაყინულია ისევე, როგორც იმპორტის დიდი ნაწილი.
რას ითხოვს პუტინი ურთიერთობათა იმ ნიშნულზე დასაბრუნებლად, რაც თვითმფრინავის ჩამოგდებამდე? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ყარაბაღის საკითხში აზერბაიჯანის დამუხრუჭებაა, რაც ანკარას ნამდვილად ძალუძს. შემთხვევითი, როდია, რომ პირველი, ვისაც პუტინი ერდოღანის შემდეგ შეხვდა, სომხეთის პრეზიდენტი სრგსიანი იყო.
გარდა ამისა, რუსეთის პრიორიტეტული ინტერესი აგრეთვე სწორედ ის თურქული ნაკადია, რომელმაც მას, ორიოდე წელიწადში, უკრაინის საბოლოო მოხრჩობის საშუალება უნდა მისცეს, რაკი რუსული გაზის სამხრეთ ევროპაში ტრანსპორტირებისათვის უკრაინული გაზსადენი სისტემა აღარ დასჭირდება.
დათანხმდება თუ არა ამგვარ გარიგებას ერდოღანი - უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ყველაფერთან ერთად, ეს თანხმობა ევროპასთან და ნატო-სთან კიდევ უფრო სერიოზულ უთანხმოებასაც ნიშნავს, ხოლო პუტინს ეს შეუძლებელია არ ახარებდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საქართველო? ამ ორი რეგიონული „მარტორქას“ შერიგება-მორიგება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს. ისტორიას უყვარს გეოპოლიტიკური სქემებისა და სიუჟეტების განმეორება: 1921 წელს საქართველოს ანექსია მოსკოვმა მას შემდეგ შეძლო, რაც ლენინი და ათათურქი „საუკუნო ძმობაზე“ შეთანხმდნენ, დასავლეთმა კი აღიარა, რომ სამხრეთ კავკასია ამ ორი რეგიონული ზესახელმწიფოს საჯილდაო ქვაა; ხოლო თუ ისინი მორიგდებიან, ევროპას „აქ“ აღარაფერი ესაქმება:
ასე დაკეცეს მაშინ ინგლისელებმა თავისი დროშები და გაცურეს ბოსფორის მიმართულებით, რათა შავ ზღვაში აღარასოდეს დაბრუნებულიყვნენ.
განმეორდება თუ არა ისტორია, არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, არამედ ქართული ელიტების პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული.
ნიკა იმნაიშვილი