ENG / RUS       12+

„ლიბერტარიანული სამეული“: მემარჯვენეთა ბედისწერა საქართველოში

წინასაარჩევნო „გამსხვილების“ პროცესში, ე.წ. „მემარჯვენე ძალებმა“  გაერთიანება  გადაწყვიტეს: ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და მამუკა კაციტაძის „ახალი მემარჯვენეები“ ერთიან საარჩევნო სიაზე შეთანხმდნენ.

ნორმალური დემოკრატიული ტრადიციის ქვეყანაში, ამგვარი ბლოკის ჩამოყალიბება სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელიც იქნებოდა; თუმცა საქართველო, რბილად თუ ვიტყვით, „ჩამოუყალიბებელი დემოკრატიაა“, რასაც ხშირად პოლიტკორექტულად უწოდებენ „განვითარებადს“. ამიტომ მემარჯვენე ალიანსი (სხვათა შორის, ერთხელ უკვე იყო რაღაც მსგავსი - სევდიანი შედეგით)  იმდენად პოლიტიკური განაცხადი არაა, რამდენადაც ღრმადმორწმუნე ლიბერტარიანელთა ღირებულებითი და იდეოლოგიური დეკლარაცია, რომელსაც არანაირი არსებითი შედეგი არ მოჰყვება თუნდაც უახლოეს არჩევნებში ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით.

ტყუილად როდი აცხადებდა ოდესღაც მთავარ მემარჯვენედ თუ ლიბერტარიანელად შეცდომით მიჩნეული ოდესის გუბერნატორი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამონაყოფებს (ვაშაძესა და ჯაფარიძეს) „პულსი არ ესინჯებათ რეიტინგებში.

სააკაშვილი „პოლიტიკური ცხოველია“ და იცის რასაც ამბობს: არავითარი მნიშვნელობა დეკლარირებულ ღირებულებებს და მსოფლმხედველობას ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ ჰქონია, არა აქვს და უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში არც ექნება. ამომრჩეველი ხმას აძლევდა (ნაწილობრივ ახლაც მისცემს) „ნაციონალურ მოძრაობას“ არა იმიტომ, რომ მემარჯვენე იდეები მოსწონს, არამედ  მრავალწლიანი ჩვევით: მხარი დაუჭიროს იმას, ვინც რეალურია, „მაგარია“, არსებითია, ძალაუფლების თუ რესურსების მფლობელია; ერთი სიტყვით „გამკეთებელია“ - ხშირ შემთხვევაში იმის მიუხედავადაც კი, თუ რას აკეთებს, რას გააკეთებს ან რა მიმართულებით წაიყვანს ქვეყანას მომავალში. მთავარია გამკეთებელი იყოს ან ასეთად ჩანდეს ტელეეკრანიდან.

ამიტომაც ხდება, რომ ზეახალ ბლოკს «ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი» არათუ მმართველი პარტია, არამედ მათი ყოფილი პარტნიორებიც სერიოზულად არ აღიქვამენ. ერთნი ადანაშაულებენ, მეორენი კი კმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში, ეს „გაფართოებული გირჩი“ მოახერხებს, რამდენიმე ათასი ხმა წაართვას „ნაციონალურ მოძრაობას“.

 ეს არის და ეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიუხედავად ამისა,  მემარჯვენეთა  გაერთიანება, წმინდა თეორიული თვალსაზრისით მაინც საინტერესო მოვლენაა თუნდაც იმის შესასწავლად, საერთოდ რას წარმოადგენს ქართული მემარჯვენეობა და რა პერსპექტივა აქვს მას რეალურად.

დასკვნა ახლავე შეიძლება დაიდოს: სამწუხაროდ არავითარი!

რატომღაც ითვლებოდა, ნაწილობრივ ახლაც ითვლება, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ მემარჯვენე ძალაა. მისი ლიდერების მენტალობა-ფილოსოფიით თუ ვიმსჯელებთ, თითქოს მართლაც ასეა. მაგრამ რეალურად, ხელისუფლებაში ყოფნისას, ეს პარტია კომიკურად ცდილობდა როგორმე შეეჯვარებინა მემარჯვენე, ზოგიერთ შემთხვევაში კი რადიკალურად მემარჯვენე, ესე იგი ლიბერტარიანული იდეები, - წმინდად მემარცხენე, პოპულისტურ, სოციალისტურ, ზოგიერთ შემთხვევაში ლამის კომუნისტურ რიტორიკასა და  აქციებთან; უფასო ვაუჩერთა დარიგების ჩათვლით.

სწორედ ეს უფასო ვაუჩერები, ისევე როგორც ბენზინისა და მაზუთის უფასოდ დარიგება „მშრომელებისთვის“, ააშკარავებდა ქართველ მემარჯვენეთა მთავარ პრობლემას: ხალხს,  რომელსაც არასდროს (რუსეთის იმპერიაში ყოფნის პერიოდშიც კი) არ უცხოვრია ნამდვილი, ჯანსაღი კაპიტალიზმის პირობებში და ფეოდალიზმიდან პირდაპირ სოციალიზმში ისკუპა, 1992 წლიდან მოყოლებული, ესე იგი ველური კაპიტალიზმის სათავეებიდან, გულწრფელად ენატრება ძველი, ტკბილი დრო, რომელიც მისთვის მენტალურად უფრო მახლობელია.  ნებისმიერი მმართველი პარტია საქართველოში (თუნდაც არქიმემარჯვენე) იძულებულია ეს რეალობა გაითვალისწინოს და სოციალიზმზე ხალხის მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს, თუ სურს საერთოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მერე გლდანის ციხეზე არ აღმოჩნდეს.

თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილმა, ხსენებულ „ხალხს“, სოციალისტური ვნების დაკმაყოფილების „ერზაც-სუროგატად“  ჩინოსნების ტელეკამერების წინ დაჭერა და კუპონიზაციის პერიოდში გამდიდრებულთა მასობრივი განკულაკება შესთავაზა. „უბრალო ხალხს“ უყვარს, როცა მის თვალწინ იჭერენ მდიდრებს . . . . .  ან ჩინოსნებს . . . . .  ან საერთოდ ვინმეს . . . . .  ხოლო ის, ვინც სხვის „დაჭერას“ ახერხებს, მის თვალში „მაგარია“.

ოღონდ, მერე და მერე, „დასაჭერი“ გამოილია. მართლა საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერდნენ? ამდენად, „მემარჯვენე-ლიბერტარიანული“ ხელისუფლება ქალაქად ენერგო-ვაუჩერების დარიგებასა და სოფლად ბენზინით წუწაობაზე გადავიდა.

ყველაზე კომიკური მაინც ისაა, რომ იმ მთავრობამ  მართლაც გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლიბერალური მიმართულებით: შეამცირა გადასახადები, გააუქმა ლიცენზიათა უმრავლესობა და ა.შ. მაგრამ დავაკვირდეთ მნიშვნელოვან ნიუანსს: 2004-2012 წლებში „მიშას გუნდმა“ მაინც ვერ გაბედა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა, მათ შორის საშუალო და დაბალი რანგის ბიუროკრატიის არსებითად შემცირება. აქედან ჩანს, რომ მიუხედავად მთლიანობაში ლიბერალური რიტორიკის და მიმართულებისა, სააკაშვილს კარგად ესმოდა: ეს რიტორიკა სრულიად უცხო და გაუგებარია ქართველი ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობისთვის; ამიტომაც მის ენაზე უნდა ელაპარაკა, მისი „მემ“-ები და „მენტალური კორელანტები“ გამოეყენებინა, შესაბამისი მოლოდინები გაემართლებინა, და, რაც მთავარია, მუდმივად „მაგარი“ გამოჩენილიყო სოციალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი ხალხის თვალში.

სხვათა შორის, ამავე დისკურსს განეკუთვნება საუბრები „სინგაპურიზაციაზე და პარალელური დეკლარაციები ევროკავშირში სწრაფი გაწევრების შესახებ, რაც ორი სრულიად განსხვავებული, უფრო მეტიც, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებია, მაგრამ ამომრჩევლის მასა აქ რაიმე წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა,  ვერ ამჩნევდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცნობილი გამოთქმის პერიფრაზია: ამგვარი პოლიტიკური  ოინბაზობთ შესაძლებელი იყო „დაებოლებინათ“ მცირედნი დიდხანს, ბევრნი მცირე ხანს, მაგრამ არა ყველანი - მუდმივად!

ამიტომ, „ციხის ვიდეოებმა“  ეს ეკლექტური კონსტრუქცია ერთბაშად ჩამოშალა, ხოლო მილიარდერის გამოჩენამ სცენაზე ხალხს უჩვენა, თუ ვინ არის, სინამდვილეში, მისი ნამდვილი მფარველი, მამა და მარჩენალი, ვინ დააპურებს, ვინ „დაურიგებს“  ბევრად მეტს, ვიდრე მიშას „კანისტრა ბენზინი“  ან გიგის „ვაუჩერებია“.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იგივე ტრენდს მისდევს: მისი საარჩევნო კლიპები ხალხს ისევ პენსიების მომატებას და ჩინოსნებისთვის ხელფასების ჩამოწერას ჰპირდება შიშველი პოპულიზმის სახით, თუმცა მფარველი მამა - მარჩენალისადმი რწმენა ხალხში (ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად) ჯერ საბოლოოდ მაინც არ განელებულა დამ რაც მთავარია,  „ნაციონალებიც“ აღარ ჩანან ისეთი „მაგრები“, როგორც „მიშავანოზურას“ დროს - ხალხს ოცნება მოაშლევინონ.

ყოველ შემთხვევაში, 2016 წელს ასეა და 2020 წელს რა როგორ იქნება - ჯერ ძნელი სათქმელია.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ზეახალი“ მემარჯვენე ბლოკი, „ოცნებისა“ და „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, ხალხს პენსიების მომატებას არ ჰპირდება. მისი საარჩევნო მესიჯ-ბოქსი არანაირ პოპულიზმს არ შეიცავს, რაკი გათვლილია ღირებულებით ლიბერალებზე, რომელთაც ესმით და სწამთ, რომ საქართველოში (განსხვავებით გერმანიის ან თუნდაც თურქეთისაგან) ჯანდაცვა არ შეიძლება იყოს უფასო; რომ პენსია ვერ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ამის საშუალებას ერთ სულზე მშპ-ის დონე და ბიუჯეტთან მისი შეფარდება იძლევა; რომ სახელმწიფო საერთოდ არაფერში არ უნდა ერეოდეს და არაფერს არეგულირებდეს საგზაო მოძრაობის გარდა; შრომის ინსპექცია უნდა აიკრძალოს, გაფიცვები შეიზღუდოს და ა.შ და ა.შ. ერთი სიტყვით, იმეორებენ მანტრას, რომელიც ამ (ასეთ) ქვეყანაში პოლიტიკური წარმატების არანაირ შანსს არ უტოვებთ. . . . .  სამაგიეროდ ექნებათ საშუალება, 8 ოქტომბრის არჩევნებში მიღებული მიზერული პროცენტი ჩარჩოში ჩასვან და მომავალ „ენჯეოთა“ ოფისებში კედლებზე ჩამოკიდონ (დასავლურ უნივერსიტეტთა დიპლომებთან ერთად), როგორც საკუთარი პრინციპულობისა და ღირებულებებისადმი ერთგულების საშვილიშვილო  მტკიცებულება.

"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი ლეჟავა

ავტორი: . .