ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს თემურ ფიფიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურა თემურ ფიფიასთვის 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა. სხდომას სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს დამფუძნებლები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
„მე არ ვარ კმაყოფილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან არჩევენ მხოლოდ იმ დანაშაულს, რომელიც მე ჩავიდინე, მაგრამ საერთოდ მხედველობის გარეშე რჩება დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ე.წ. დაზარალებულმა. რომელიც შემოიჭრა იქ, სადაც ყრილობას ვატარებდით და ჩაგვიშალა ყრილობა,“ - აცხადებს თემურ ფიფია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ჟურნალისტი რომან ქევხიშვილიც.
„მაშინ, როდესაც პუტინის მთავარი მოკავშირე სოლოლაკის შუშის სასახლეში არის განთავსებული, მე არაფერი მიკვირს დღეს ქართლი ოცნებისგან. ქართულ ოცნებასა დ ბიძინა ივანიშვილს ჯიბეში უზის პროკურატურა და სასამართლო და ეს არის ძალადობის წახალისება,“ - აცხადებს რომან ქევხიშვილი.
ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა. სოციალისტური საქართველოს ყრილობაზე ჟურნალისტს ფიფიამ დასწრების უფლება აუკრძალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მორიგი სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს ჩაინიშნა.