ქართული და ამერიკული მხარეების მონაწილეობით, აგვისტოში წვრთნები - „Jackal Stone 2016“ გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, ,,Jackal Stone 2016“-ის წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 სამხედრო და საჯარო პირი საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
მათივე ცნობით, წვრთნები, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას, ხელს შეუწყობს მონაწილეების მომზადებას პარტნიორების შეიარაღებულ ძალებსა და უწყებათაშორის ორგანიზაციებთან ერთად კონტრტერორისტული ოპერაციების განხორციელებისათვის. წვრთნებში გამოიყენებული იქნება კონტრტერორისტული სცენარი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„მართალია, წვრთნები ისე დაიგეგმა, რომ ასახავდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე რეალურ მოვლენებთან. წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიებისა და მანევრის შესახებ გაფრთხილებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა ადგილებზე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. Jackal Stone არის ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის ერთობლივი სწავლებისა და წვრთნების პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია კონტრტერორისტულ ოპერაციებში მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეთანხმებული სამხედრო მოქმედების ხარისხის ამაღლება“,-ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცლებულ პრესრელიზიში.
Jackal Stone 2016-ის კონტრტერორისტული წვრთნების ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლას მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
„ჩვენ ველოდებით ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ,,Jackal Stone 2016“- ის წვრთნებში. ეს წვრთნები დაეხმარება, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთობლივი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას. წვრთნები კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გააუმჯობესებს ჩვენი, როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, შეთანხმებულ მოქმედებებს, რათა წარმატებით გადავჭრათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.