დღეს, 2 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ." კაბელების საქმის" განხილვა უნდა გაიმართოს. მოსამართლეების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე, გახმაურებული საქმეების განხილვა უნდა გადაიდოს.
მოსამართლეები განმარტავენ, რომ პროცესში მონაწილეობისგან თავს მანმდე შეიკავებენ, სანამ არ გაირკვევა ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი, ასევე რამდენად კანონიერად მოხდა ე.წ. კაბელების საქმის დარეგისტრირება.
“ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ, ასე იქნება მუდამ, მაგრამ გადაწყვეტილების კანონიერებას და სამართლიანობას ნამდვილად არავის ეჭქვეშ არ დავაყენებინებ, ვინც არ უნდა იყოს, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, მითუმეტეს, სადაც ჩემი ხელმოწერა იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალურ მუშაობაში შედის ის, როდესაც არ არის საუბარი ვიღაცაზე ზეგავლენის მოხდენაზე. აი მაშინ მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმალურად,“ - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ოთარ სიჭინავამ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თევზაძეს, ის აცხადებს, რომ ეს არ არის დაპირისპირება უწყებაში.
„პროცესი სავარაუდოდ გადაიდება, ზეგინდელ პროცესზე ჩვეულებრივად შევდივართ. ეს არ არის დაპირისპირება, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ცალკეულ მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ სანამ არ გაირკვევა რაღაცებზე კითხვის ნიშნები, გვჭირდება მეტი დრო,“ - განაცხადა ზაზა თევზაძემ.
სასამართლოს კიდევ ერთი წევრი, მერაბ ტურავა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.
„მე და ჩემი კოლეგები, ვინც განცხადებას აწერს ხელს, იმას კი არ ვამბობთ, რომ ბოლო სარჩელი რატომ მიიღო წარმოებაში კოლეგიამ, არამედ ვამბობთ იმას, რომ პირველი სარჩელი რა პროცედურით შეიცვალა მეორე სარჩელად. ეს არის ჩვენი კითხვის ნიშანი და ჩვენ განმწესრიგებელ სხდომაზე, ეს საკითხი არ გვქონდა გასარკვევი. ჩვენ მივიღეთ წარმოებაში მეორე საბოლოო ვერსია. ძნელია თქმა იმისა, ხვალ რა მოხდება,“ - განაცხადა ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ამგვარი პოზიციის მიუხედავად,,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, 2 აგვისტოს სხდომაზე დასწრებას აპირებენ პელნუმის დანარჩენი წევრები. კონკრეტულად კი, პირველი კოლეგიის ის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ყველა მიზეზის მიუხედავად, მართლმსაჯულების განხორციელება უნდა გაგრძელდეს.