შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული არჩილ ა. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ნაგანი“-ს სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ბრაუნინგი“-ს მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ყუმბარის ერთი ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ასევე, ამოღებულია ნაწილებად დაშლილი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: ორი რევოლვერი, ოთხი პისტოლეტი და ექვსი საბრძოლო შაშხანა, რომლებზეც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.