27 მაისს იუსტიციის სამინისტროში სტუდენტური კონკურსის მონაწილეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მომავალ იურისტებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ჩაერთონ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლის პროექტში, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი შეხვდა.
კონკურსი გამოცხადებულია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, მათ საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ზაფხულში, ბათუმში საზაფხულო სკოლაში. 70-მდე განაცხადი უკვე შემოსულია და დღეს კონკურსში მონაწილეებს ქ. თინა ბურჯალიანი სწორედ იმ საკითხების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლებსაც საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში განიხილავენ. მინისტრის მოადგილემ კონკურსის პირობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, `მსმენელებს ლექციებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წაუკითხავენ. შწავლებისას განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ძალის გამოყენების აკრძალვა საერთაშორისო საჯარო სამართალში; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი; საერთაშორისო სისხლის სამართალი; იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სამართალი/ლტოლვილთა სამართალი. ეს ის თემებია, რომლის ღრმა ცოდნა მომავალ პროფესიონალ იურისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან წაადგებათ, იუსტიციის სამინისტრო კი სტუდნტებს ცოდნის გაღრმავების კარგ შანსს აძლევს~ _ განაცხადა თინა ბურჯალიანმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია 5 ივნისამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი სწორედ 5 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ, იმ კანდიდატთა საბუთები, რომლებიც არ წარმოადგენენ სამოტივაციო წარილს, არ განიხილება. კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.
საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში 2010 წლის 2 აგვისტოს გაიხსნება და 14 აგვისტომდე გასტანს.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებული პროექტის მიზანია მომავალ იურისტებს მიეცეს საშუალება მიიღონ უფრო ღრმა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათი პროფესიული ზრდისთვის კარგი შანსია.