საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, ადრე თუ გვიან, მაინც შეხვდება გენერალურ პროკურორს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლას ეხებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პაპუაშვილი - შოთაძეს რაიმე არსებით ინფორმაციას მიაწვდის, რადგან განცხადება პირადი ცხოვრების ანონიმურობას ეხებოდა, ხოლო წინა სკანდალური შემთხვევები ჯერ გამოძიებული არ არის.
თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, საკონსტიტუციო მოსამართლეთაგან რამდენი მივიდა (უკვე) და რამდენი არა, შეიძლება დავასკვნათ, თუ როგორია ძალთა განლაგება უმნიშვნელოვანესი მოვლენის წინ, რაც დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში უნდა მოხდეს: ბათუმის სასამართლო გააუქმებს ან დატოვებს ძალაში სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლს „მითვისება-გაფლანგვა“, რომლითაც თბილისის ექს-მერს, გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს კი, თავისთავად, საკვანძო გადაწყვეტილებად იქცევა მიმდინარე საარჩევნო ბატალიებში.
თუმცა ჯერ რამდენიმე ფრაზა იმის შესახებ, აქვს თუ არა უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ან ამ სასამართლოს წევრებს, უარი თქვან პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტების შესახებ:
როგორც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს (მით უმეტეს თავმჯდომარეს) იცავს იმუნიტეტი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისგან. მათ მხოლოდ თვითონ შეუძლიათ მოუხსნან საკუთარ თავს იმუნიტეტი. მაგრამ როდესაც საქმე ეხება გამოკითხვას (და არა დაკითხვას) პროკურატურაში, მაშინ, კანონით, ყველა მოქალაქე ვალდებულია მივიდეს და მისცეს ჩვენება. თუ უარს იტყვის, პროკურატურამ შეიძლება გამოიყენოს იგივე კანონი და მიმართოს ჩვეულებრივ სასამართლოს ნებისმიერი მოქალაქის ძალით მოყვანის შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასეთ სკანდალურ გადაწყვეტილებას, პროკურატურა ჯერ ჯერობით ვერ მიიღებს, თუმცა . . . . რა იცი რა ხდება: „უგულავას ქეისი“ საბედისწერო სახეს იძენს და აი რატომ: თუ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს 182 მუხლს, მაშინ გიგი უგულავა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, 8 ოქტომბერს მიშას პარტიას მისცენ ხმა, არამედ ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველსაც (სხვადასხვა მონაცემებით 50-60%-ია) განუმტკიცდებათ რწმენა (სინამდვილეში, შთაბეჭდილება), რომ მიშა მაგარია, მიშა ოდესიდანაც კი მართავს ქვეყანას, ათავისუფლებს თანამებრძოლებს, მიშა იმარჯვებს, მიშას პარტია ბრუნდება, ოცნებამ ჩაისვარა და ა.შ.
ამგვარი განწყობა კი, აუცილებლად იმოქმედებს არჩევნების შედეგზე, რადგან როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, ქართველი ამომრჩევლის ძალიან დიდი პროცენტი ხმას აძლევს არა იმდენად პროგრამებს ან ამა თუ იმ პარტიის იდეოლოგიას, არამედ იმას, ვინც მაგარია, ვინც ისედაც გაიმარჯვებს, ვინც მომსვლელია, გამკეთებელია და იმის წინააღმდეგ, ვინც მარცხდება, ვინც წამსვლელია.
ასეთი განწყობა არ ახასიათებს ყველას, თუმცა ახასიათებს ძალიან დიდ ნაწილს. იმდენად დიდს, რომ არჩევნების შედეგიც შეიძლება განსაზღვროს. ეს ყოველივე შესანიშნავად იციან სააკაშვილმა და მისმა ნიჭიერმა გუნდმა. ამ მხრივ ჭკუა და გამოცდილება არ აკლიათ. ამიტომაც ურტყამენ ყველაზე სუსტ წერტილში. ოცნების ყველაზე სუსტი წერტილი კი ორია: საკონსტიტუციო სასამართლო და რუსთავი-2.
ბუნებრივია, ხელისუფლება ამ საფრთხეს გრძნობს. ამდენად, მუშაობს (ყოველ შემთვევაში, ცდილობს) საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრებთან, რომლებიც ნაციონალთა მოწინააღმდეგეებად არ მოიაზრებიან; ასევე შუაშისტ მოსამართლეებთანაც.
რამდენად გამოიყენება ამ პროცესში ე.წ. ინტიმური ვიდეოები, რომელთა უდიდესი ნაწილი იმავე მიშას დროსაა გადაღებული, - სხვა საკითხია. პაპუაშვილი აქ შეასძლოა კიდეც „აბუქებდეს“, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ხელისუფლება ნამდვილად ვერ დაჯდებოდა გულხელდაკრეფილი და ვერ დაელოდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს იმგვარ გადაწყვეტილებას, რაც ოცნების კრახად და ნაციონალთა ტრიუმფად იქცევა.
აი, ეს არის უტყუარი ფაქტი, ყველაფერი დანარჩენი უკვე ინტერპრეტაციებია, რომელთაც ყველა მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი „ამ ამბავში“ ბევრად ნაკლებ ნიჭიერია, ვიდრე მიშას გუნდი იყო თავის დროზე. იმათ შეეძლოთ თუ შეეძლოთ! თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და ვერც ევრავინ გაბედავდა ხმამაღლა თქმას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი კვლავ ისაა, რომ 2007 წლიდან 2011 წლამდე ოპოზიციას არ გააჩნდა ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიც ტელევიზიაა.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი გაფლანგვის მუხლზე, ნამდვილად იქცევა იმის ინდიკატორად, ვის რა რესურსები აქვს მიმდინარე ბრძოლაში.
დაახლოებით იგივე ტექნოლოგიაა გამოყენებული პრეზიდენტთან დაკავშირებით: სახელმწიფოს მეთაურს, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს კრიტიკულ მომენტში; როდესაც არჩევნების შედეგი დაითვლება და აუცილებლად დაისმება საკითხი გაყალბების თაობაზე, მოეწყობა საპროტესტო მიტინგები და ასე შემდეგ.
აქ არსებითი ის კი არაა, რომ სწორედ მარგველაშვილია უმაღლესი მთავარსარდალი, არამედ ის, რომ დასავლეთი მას (და არა პრემიერს) აღიქვამს უმაღლესი ლეგიტიმაციის ფიგურად. ამიტომ, მისი განცხადებები იქცევა სახელმძღვანელოდ დასავლური დედაქალაქებისათვის - არჩევნების შემდეგ განვითარებული გარკვეული პროცესებისას პოზიციის შემუშავებისას.
აქედან გამომდინარე, როგორი სუსტი და უუფლებოც არ უნდა იყოს პრეზიდენტი ამჟამად მოქმედი კონსტიტუციით (რომლის თანახმად რეალური ძალაუფლება მთავრობის მეთაურის ხელშია) გიორგი მარგველაშვილის „სიტყვას“ მაინც საბედისწერო მნიშვნელობა ექნება და ნაციონალები ამ მომენტით აუცილებლად ისარგებლებენ.
სხვა საქმეა, რომ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტის სიძის დაკავებასა და მისი ბინის ჩხრეკას ეხება, „სანტა ბარბარას“ სერიალის მსგავსი კითხვები წარმოიშობა. თუმცა ეს, ბოლოს და ბოლოს, მარგველაშვილის პირადი საქმეა.
ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, რატომ სდუმდა პრეზიდენტი ამ ფაქტის თაობაზე მთელი ერთი თვის განმავლობაში? სდუმდა საჯაროდ, თუმცა როგორც ირკვევა, მალევე ჩააყენა საქმის ყურში პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოსთხოვა განმარტება, თუ რატომ გაჩხრიკეს პრეზიდენტის სიძე.
როგორც ჩანს, მარგველაშვილს „სანტა ბარბარა“ ნანახი აქვს და სწორედ ამიტომ იკავებდა თავს გასაჯაროვებისაგან, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკამ მაინც თავისი მოითხოვა. მით უმეტეს, რომ გიორგი მარგველაშვილი აღარც მალავს: 8 ოქტომბრის არჩევნებით მისთვის არაფერი მთავრდება და იგი უკვე ემზადება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. იმ არჩევნებზე კი „ქართული ოცნება“ მის დასაყრდენად ნამდვილად ვეღარ გამოდგება.
"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი ლეჟავა