ENG / RUS       12+

საბედისწერო არჩევნები

საარჩევნო კამპანია, გარეგნულად, თითქოს დუნედ მიმდინარეობს, მაგრამ სინამდვილეში, დაძაბულობა და „დუღილი“ კატასტროფულ ზღვარს უახლოვდება, რაკი ხელისუფლება გრძნობს, რომ ეს არჩევნები, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის: 8 ოქტომბერს ხალხი ირჩევს არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ ხმას აძლევს ნდობა-უნდობლობის ვოტუმს მმართველი კოალიციის და მისი ლიდერების მიმართ. ამიტომ, ხელისუფლებისთვის („ქართული ოცნებისთვის“) მომავალი არჩევნები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობისთვის.

მიშა და ნაციონალები ასე 2012 წლის არჩევნებს უყურებდნენ. მაგრამ რაკი ის არჩევნები წააგეს, ოპოზიციაში გადავიდნენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი ციხეშიც მოხვდა;  ამდენად, 2016 წლის პარლამენტში მანდატთა რაოდენობას  მათთვის უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს: ოპოზიცია - ოპოზიციაა. ათი ხმით მეტი თუ ნაკლები - უმნიშვნელო დეტალია. ანუ, ნაციონალებისთვის გამარჯვება და ხელისუფლებაში დაბრუნება უდიდესი „ბონუსი იქნება, ხოლო  წაგება და საპარლამენტო ფრაქციის კიდევ უფრო შემცირება სულაც არ იქცევა კატასტროფად. „ნაციონალთა“  მთავარი სამიზნე მაინც 2020 წლის არჩევნებია, როდესაც უქმდება მაჟორიტარული სისტემა და კენჭისყრა მხოლოდ საარჩევნო სიებით მოხდება.

მათგან განსხვავებით, „ოცნება“ 2016 წლის არჩევნებს აღიქვამს სამკვდრო - სასიცოცხლოდ. მისთვის პირიქით: გამარჯვება და ათი მანდატით მეტის მიღება დიდი ვერაფერია, სამაგიეროდ დამარცხება - სრულ კატასტროფას და ციხეებზე ნაციონალთა ჩანაცვლებას ნიშნავს.

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ძალაუფლების განხორციელებას თავისი ლოგიკა აქვს და სწორედ ამ ლოგიკამ მიიყვანა „ნაციონალები 2004-2005 წლებში „ტელე-დაჭერებამდე“  და უეჭველად გაიმეორებენ იგივეს - იმავე სახელისუფლებო ლოგიკით. მით უფრო, რომ არც ამჟამიდელ ხელისუფლებას დაუკლია ხელი შერჩევითი სამართლისთვის.

„ოცნების“ ლიდერებმა ეს იციან და ამიტომაც ძრწიან.  ეს ძრწოლა ხშირად გამოიხატება ჟურნალისტებისადმი აგრესიასა და მუქარაში, რისი მაგალითიც ქართულ პოლიტ და მედიასივრცეში არაერთი გვაქვს. 

 

ჯონ კერის მისია

დასავლეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და მაღალ დონეზე აფრთხილებს ხელისუფლებას. „ჯი-ეიჩ-ენის“ სარწმუნო წყაროთა ცნობით, მომავალი არჩევნები და, განსაკუთრებით, „რუსთავი-2“-ის ბედი გახდა თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ვიზიტის მთავარი საკითხი.

ღიად, პრესკონფერენციაზე თითქოს   არაფერი ითქვა, მაგრამ სარწმუნო წყაროთა ცნობით, დახურულ კარს მიღმა, კერიმ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ვაშინგტონი არც ერთ შემთხვევაში არ მოითმენს წინარსაარჩევნოდ სიტყვის თავისუფლების რაიმე შეზღუდვას ნებისმიერი ფორმითა და საბაბით. თუნდაც ეს იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ოპოზიციური ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლა. მით უფრო, ვაშინგტონში კარგად იციან - ხალვაშს ტელევიზიაში მისი ჯიბიდან არც ერთი ცენტი არ გადაუხდია და მის მიერ ქონებაზე დავა მინიმუმ ამორალური და მაქსიმუმ ისევ და ისევ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა  დიპლომატიურად, თუმცა მტკიცედ მიანიშნა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, რომლის შესახებაც არც არაფერი თქმულა და,  სავარაუდოდ მხარეების ამ შეხვედრის გასაიდულოებაზე შეთახმდნენ, რომ თუ ეს მაინც მოხდება, დასავლეთი არჩევნების შედეგს ეჭვის ქვეშ დააყენებს. რასაც აუცილებლად მოჰყვება საქართველოში მნიშვნელოვანი მოძრაობის აგორება.

მიუხედავად ამ საფრთხისა, გავლენიანი ძალები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ცდილობენ დაარწმუნონ „ოცნების“ არაფორმალური ლიდერი, რომ თუ ზაფხულში, ანუ ჯერ კიდევ საკურორტო სეზონზე (სანამ ხალხი აგარაკებიდან დაბრუნდება) „რუსთავი - 2“ -ის  მფლობელი არ შეიცვალა და ეს ტელევიზია დარჩა ისეთად, როგორიც არის, მაშინ მიშა აუცილებლად დაბრუნდება. თუმცა ის ავიუწყდებათ, რომ მიშა 9-ში თუ არა 10 ოქტომბერს აუცილებლად მოადგება საქართველოს საზღვარს არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად.

სააკაშვილი კი, ერთ-ერთ ინტერვიუში, პირდაპირ დაემუქრა ქართველ მილიარდერს, რომ უკანასკნელ კაპიკამდე აზღვევინებს ყველაფერს.

გავრცელებული აზრის მიუხედავად, თითქოს „ივანიშვილს საქართველოში არაფერი აქვს და მისი ყველაფერი დასავლეთშია“,  სინამდვილეში აქაც ძალიან ბევრი რამ აქვს: მთლიანობაში დაახლოებით მილიარდი დოლარისა. მარტო შუშის სასახლე 250 მილიონი დოლარი ღირს. ანუ ივანიშვილს, რეალურად, ბევრი რამ აქვს დასაკარგი, რაც თავადაც შესანიშნავად იცის. ამიტომ მისი სიტყვები („თუ ოცნებას არ მისცემთ ხმას, უბრალოდ წავალ და მოგენატრებითო“) მხოლოდ რიტორიკაა და მეტი არაფერი.

რეალურად, ბიძინაც არსად წასვალს არ აპირებს უბრძოლვლელად.

 

ბრძოლა ოპოზიციური ტელეარხისთვის

 

ამრიგად, საკვანძო საკითხი სწორედ „რუსთავი 2“-ია. ახლა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ელის უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტებს, რომლითაც, ტელევიზია, შესაძლოა, ქიბარ ხალვაშს გადაეცეს. მართალია, ამ პროცესში დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძეც მონაწილეობენ, მაგრამ მონაწილეობენ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების  საფუძველზე იმავე ხალავშთან: ხოლო რა ფასი აქვს სიტყვიერ შეთანხმებებს, მით უმეტეს, ამ ქვეყანაში, საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა ორი ყოფილი დამფუძნებელი (ეროსი კიწმარიშვილის „თვითმკვლელობის“ შემდეგ) მნიშვნელოვანია ანტურაჟისთვის, რათა მთელ პროცესს ლეგიტიმურობის იერი მიეცეს, ანუ „გაპრავდეს ის, რაც ხდება.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ოპოზიციური და დემოკრატიული ძალები გადადგამენ რაიმე ნაბიჯს ტელევიზიის დასაცავად, უკვე მზადაა სცენარი, რომლითაც ამ ადამიანებს ყოფილი პოლიტპატიმრები გაუსწორდებიან და საქმე, შესაძლოა სისხლისღვრამდეც მივიდეს.

„დამრტყმელ ძალად“ იქცევა ის ჯგუფი, რომელიც 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩამოყალიბდა. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლო მსხვერპლი დაბრალდებათ ნაციონალებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ მიმართ ხალხის უკმაყოფილებას.

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ამ სცენარის არსებობის შესახებ ყველაფერი იციან და სწორედ ამიტომ დაევალა კერის საქართველოს მიმართულებით გააქტიურება. საქართველოში აშშ-ის ელჩს კი ყველაზე მეტად პრობლემური დავალება აქვს - დაპირისპირებული მხარეების ტვინების გაგრილება, რაც ნამდვილად არ არის იოლი საქმე.

მაგრამ ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, რადიკალური ძალები ივანიშვილის გარემოცვაში მას არწმუნებენ, რომ მიშას დაბრუნება კატასტროფული, თუმცა რეალური სცენარია და პროცესების თვიდინებაზე მიშვება არ შეიძლება. აშშ და დასავლეთი კი ამ პროცესიდან უნდა ჩაიხსნას. ამის ერთ მაგალითად თუნდაც აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქცია გამოდგება. ყველა ლოგიკით, თუ ვინმეს აქციის გამართვა სურდა „ნაციონალური ნოძრაობის“ აკრზოვნით ის ან იუსტიციის სამინისტროსთან ან სახელმწიფო კანცელარიასთან უნდა გაემართა. „ოცნების“ რეაქციული იდეოლოგიის ფრთა კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია აშშ-ის იდენტიფიცირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ხალხში ვაშინგტონისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდა. ეს პირდაპირ ჯდება რუსულ სცენარშიც. მოკლედ, „ოცნებისთვის“ მთავარია არ დათმოს ხელისუფლება და ამისათვის ყველაფერზე არიან წამსვლელები.

 

შევარდნაძის დინოზავრები

სწორედ ხელისუფლების შენარჩუნების აუცილებლობის მიზნით არის გამოყენებულია ყველა რესურსი. მათ შორის „მოქალაქეთა კავშირის დინოზავრები“, - ედუარდ შევარდნაძის, ნუგზარ შევარდნაძის, ნიკო ლეკიშვილისა და  ვაჟა ლორთქიფანიძის აღზრდილი კადრები და პროტეჟეები. თუმცა, სცენარში ბუნებრივად ეწერება ზოგიერთი ახალი თაობის ბიზნესმენი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებასა და ბიზნესწრეებში.

საბოლოოდ დამტკიცდა თუ არა ეს სისხლიანი სცენარი, მაშინ გახდება ნათელი, როდესაც სასამართლოები განაჩენს გამოიტანენ რუსთავი 2-ის საქმეზე. თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, პასუხისმგებლობა ყველაფერზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას დაეკისრება  და არა ოპოზიციას. ეს პოლიტიკის ურყევი კანონია: ხელისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ პასუხისმგებლობასაც.

რამდენიც არ უნდა უარყონ ცალკეული ფაქტები პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა - მთავარია იცოდნენ, რომ მათი გეგმების შესახებ ცნობილია და ქვეყანა მორიგჯერ არ გადაჩეხონ უფსკრულში.

„ჯი-ეიჩ-ენი“, გოჩა მირცხულავა

ავტორი: . .