„ლაჟვარდოვანი სანაპირო“ სისხლით მოირწყა. სახელგანთქმულ „ინგლისურ ბულვარზე“ მძიმე სატვირთო მანქანა შეიჭრა და ასეულობით ადამიანი გადათელა. მათგან 84 დაიღუპა. მოკლულთა შორის ათი მცირეწლოვანი ბავშვია. კიდევ ოცამდე ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ყველაზე ნიშანდობლივი და საზარელი მაინც ისაა, რომ ტერორისტულ იარაღად ქცეული მანქანა არც ისე სწრაფად მოძრაობდა. ზიგზაგებით გადაადგილდებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ტერორისტული შეტევის დაწყების წერტილიდან - ბოლომდე (სადაც შეშლილი გარეწარი პოლიციელებმა ჩაცხრილეს) ადამიანებს დრო არ ჰქონდათ, რათა ბულვარს როგორმე გასცლოდნენ. ამდენად, მსხვერპლი თითქოს ამოდენა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ........ ეს ხომ ნიცაა? ეს ხომ ნიცას პრომენადია? ისეთი სილამაზეა, ადამიანებს უბრალოდ აზრად არ მოუვათ, რომ ვიღაც შემოიჭრება ამ სამოთხეში და საზარელ სასაკლაოს მოაწყობს.
სატვირთოს 31 წლის მუჰამედ ლაუეჟ ბულლელი მართავდა. იგი წარმოშობით ტუნისელია, თუმცა ფრანგული პასპორტიც ჰქონდა, ანუ საფრანგეთის მოქალაქედ ითვლებოდა. ტერაქტამდე მცირე ხნით ადრე, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ტუნისში მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა: „ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ!“.
აი ეს რამოდენიმე სიტყვა მთლიანად „ხსნის“ მომხდარის არსს და ადასტურებს, რომ მკვლელი უბრალოდ სოციოპათი არ ყოფილა. უფრო ზუსტად, სოციოპათი როგორ არ იყო, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში არსებულმა ერთმა ფენომენმა მას ამ დესტრუქციული, ბოროტი ენერგიის გადმონთხევისა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ლეგიტიმაციის საშუალება მისცა.
რა ფენომენია ეს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„მიეზღოთ მათ, ვინც ებრძვის ალლაჰსა და მის მოციქულს და ცდილობს მიწაზე დაამკვიდროს უწმინდურება. ისინი ჯვარცმულნი იქნებიან და მოკვდინებულნი, ან მოეკვეთებათ ხელ-ფეხი ჯვრისებრ, ან განიდევნებიან მიწიდან, რაც მათთვის სამუდამო სამარცხვინო წყევლა იქნება, ხოლო იმქვეყნიურ ცხოვრებაში ელით მარადიული სასჯელი“ (ყურანი 5:33)
„დახოცეთ ურწმუნონი, სადაც შეხვდებით, რადგან ცდუნება - მკვლელობაზე უარესია და იომეთ, სანამ არ მოისპობა ცდუნება“ (2: 190-193)
„და როდესაც დასრულდება თვეები აკრძალულნი, მიეწიეთ მათ ყველგან სადაც მისწვდებით, ჩაუსაფრდით, ეომეთ ყველას, ვისაც არ სწამს ალლაჰი და არ კრძალავს იმას, რასაც კრძალავს ალლაჰი და მოციქული მისი და არ ემორჩილება ჭეშმარიტ რელიგიას“. (9:29)
რასაკვირველია, ყურანში უამრავი სურაა, რომელიც სიკეთისა და კაცთმოყვარეობისაკენ მოუწოდებს, მაგრამ რაკი ფაქტის კონსტატაცია და ციტირება თავისთავად არ შეიძლება იყოს შეურაცხყოფა ან ქსენოფობია, ისიც უნდა ითქვას, რომ ზემოთმოყვანილი ციტატები ყბადაღებულ ჯვაროსნულ ლაშქრობებამდე დიდი ხნით ადრე დაიწერა (ხშირად დემაგოგიურად რომ იხსენებენ ამ ისტორიულ მოვლენას) და ისიც ფაქტია, რომ ქრისტიანულ წმიდა წერილში ასეთი არაფერი წერია. ხოლო ჯვაროსნების მიერ ჩადენილი საზარელი დანაშაულობანი ამ ფაქტს ვერ ცვლის: სახარებაში მსგავსი არაფერი წერია და მორჩა. წერტილი. როგორი არაკორექტულიც არ უნდა იყოს ეს „წერტილი“.
მივაქციოთ ყურადღება ცნება „ცდუნებას“ ერთ - ერთ სურაში. „ცდუნება“ ამ კონტექსტში უეჭველად ნიშნავს იდენტობისგან დაშორებას მაშინ, როდესაც ცხოვრების წესი და ყოფა ცვლილებას მოითხოვს. მაგალითად იმას, რომ გახდე ისეთი, როგორიცაა საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობ, მაშინ როდესაც შენი იდენტობა ამგვარ ტრანსფორმაციას ეწინააღმდეგება მიუხედავად ბუნებრივი, ადამიანური ლტოლვისა.
იდენტობა კი მრისხანედ გკარნახობს „ვალს, რაც გაკისრია“. გკარნახობს, წახვიდე ამერიკაში, ჩაეწერო საფრენ სასწავლებელში, შემდეგ თვითმფრინავები გაიტაცო და მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეასკდე - ათასობით „ურწმუნოც“ თან წაიყოლო საიქიოში.
და თუ „ნიცაზე“ კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების, ქალებისა და, უბრალოდ, უდანაშაულო ადამიანთა მკვლელ გარეწარს რაღაც ოჯახური (ოღონდ არა მატერიალური) პრობლემები ჰქონდა, ნიუ იორკის „ათასწლეულის ტერაქტი იმ ადამიანებმა ჩაიდინეს, რომლებსაც საერთოდ არანაირი ყოფითი პრობლემა არ ჰქონიათ, - გარდა დაჭრილი იდენტობისა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქვე ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ არ ხდებოდა არაფერი მსგავსი სხვა ეპოქებში, თუნდაც XIX საუკუნეში, განა მაშინ არ არსებობდნენ ეს სურები, რომლებიც ურწმუნოთა მიმართ შეურიგებლობისკენ მოუწოდებდნენ?
ამ საზარელი პრობლემის საწყისი ისაა, რომ ისლამური სამყარო ისტორიულად ჩამორჩა: ცივილიზაცია, რომელიც, თავის დროზე, შუა საუკუნეებში, მეცნიერების და პროგრესის ცენტრი იყო; რომელმაც გაუხსნა გზა ევროპას მივიწყებული ანტიკურობისა და თუნდაც ყოფითი კულტურისკენ (დიახ, დიახ, ყოფითი კულტურისკენ - ელემენტარული ჰიგიენის ჩათვლით); ბიძგი მისცა ევროპულ აზროვნებასა და ფილოსოფიას, გამოიყვანა იგი პოსტრომაული დეპრესიისა და დეგრადაციის მდგომარეობიდან; განავითარა მათემატიკა, ფილოსოფია, ბიოლოგია, მედიცინა . . . . მოგვიანებით, სადღაც XVI საუკუნიდან იწყებს ჭკნობას, რაკი საკუთარ თავში ვეღარ პოულობს განვითარების ენერგიასა და რესურსს; ესე იგი, მთლიანობაში, „მუმიირდება“ საზოგადოებრივი ურთიერთობების არქაულ ფორმებში, ცხოველმყოფელობის ტოტალურ რიტუალიზაციასა და ფორმის - შინაარსზე პრევალირებაში.
მაშინ, როდესაც ქრისტიანული ცივილიზაცია (მისი ბიზანტიური შტოს გამოკლებით), რეფორმაციის გრანდიოზული სულიერი რევოლუციისა დ ჩვენს წმიდა წერილში ჩადებული პროგრესული საზრისების გამოყენებით, უსწრაფესი განვითარების გზას დაადგა.
შედეგად, რადიკალური ისლამი სძლევს იმავე ყურანში ჩადებულ ჰუმანურ საზრისებს. XX საუკუნემდე ამ პროცესს ესოდენ გამანადგურებელი გამოვლინებები არ ჰქონია. ოღონდ გლობალიზაციამ და მულტიკულტურალიზმმა იმდენად აღრია (ფიზიკურად) განსხვავებული და შეურიგებელი იდენტობანი, რომ აფეთქება გარდაუვალი გახადა: მულტიკულტურალიზმი წინააღმდეგობათა შერიგებას კი არ უწყობდა ხელს, არამედ შეყოვნებული მოქმედების ნაღმთა კონსერვაციას.
ქრისტიანობაშიც არსებობს, რასაკვირველია, „თავშეწირვის“ კულტურა და თავშეწირულთათვის იმქვეყნად მიზღვის ფენომენი, ოღონდ ისლამში ამ კულტურას განუზომლად უფრო დიდი მნიშვნელობა და ფესვები აქვს: ის, რომ „შეიჰიდები“ სრულიად უდანაშაულო ადამიანთა ჟლეტით ცდილობენ სამოთხეში მოხვედრას (სადაც 77 ქალწული ელით) აბსოლუტურად განსხვავებული, თავისთავადი ფენომენია და ქრისტიანულ „წამებულობასთან“ საერთო არაფერი აქვს არც შინაარსობრივად, ანუ საზრისით და (როგორც ისტორია ადასტურებს) არც ფორმით.
ასეა და რა ვქნათ - არ ვთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ არაპოლიტკორექტულობაში დაგვადანაშაულებენ?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ჩვენ უფრო გვიყვარს სიკვდილი, ვიდრე თქვენ სიცოცხლე“ - ორი ცივილიზაციის გამყოფი მაქსიმაა. ამ ცივილიზაციათა შერიგება ან მშვიდობიანი თანაცხოვრება გამორიცხულია. აფეთქება ხდება იქ, სადაც ისინი ერთმანეთს ეხებიან: გლობალურ ტელესივრცეში თუ ფიზიკურად ერთად ცხოვრებისას (ევროპაში), სადაც დაკონსერვებულია თემი, რომლის იდენტობა გარემოს შეურიგებელ სიძულვილს გულისხმობს, რაკი მუდმივი კოგნიტიური დისონანსის პირობებში ცხოვრობს; ეს კი საზარელი ტანჯვაა.
სწორედ ცივილიზაციური ჩამორჩენილობითა და არასრულფასოვნებით დაჭრილი იდენტობა მჟღავნდება ამ ტერაქტებში, რა პიროვნული მენტალობის მატარებელნიც არ უნდა იყონ კონკრეტულ ქმედებათა ჩამდენნი.
რა ეშველება ამ პრობლემას? აბსოლუტურად არაფერი! ის ცივილიზაცია უკვე ვეღარ განვითარდება იდენტობის ცვლის (მაშასადამე თვითგანადგურების) გარეშე. გამიჯვნაც შეუძლებელია, რაკი გლობალიზაცია და თანაცხოვრება შეუჩერებელი პროცესია; ამდენად, მუდმივად იარსებებს ბულიონი, რომელშიც ლაუეჟ ბულლელის მსგავსი სოციოპათი, ან 11 სექტემბრის მთავარი შემოქმედის, მუჰამედ ატტას დარი აპოკალიპტური ფანატიკოსი ისაზრდოებს და გაიზრდება სისხლისმსმელ მონსტრად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნიცას საშინელ ტერაქტს კიდევ ერთი განზომილება აქვს - წმინდად ტექნოლოგიური და გამოყენებითი: როგორც არ უნდა გააძლიერო სპეცსამსახურები და რომც მიიღონ ევროპულმა სახელმწიფოებმა ევროპული ცივილიზაციის საფუძველთა დამაზიანებელი კანონები პიროვნული ხელშეუხებლობის საწინააღმდეგოდ (მოსმენები სასამართლოს სანქციის გარეშე, მკაცრი შემოწმებები თემურ - კონფესიური ნიშნით და ასე შემდეგ) ეს პრობლემას ვერ გადაჭრის: იარაღი შეიძლება გააკონტროლო, ხოლო ჩხრეკები აღმოგაჩენინებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რომელთაც ტერორისტი ვეღარ გამოიყენებს, მაგრამ რა ვუყოთ იმ პრეცედენტს, რომელიც „ნიცამ“ შექმნა? ანუ, ტექნოლოგიას, როდესაც ტერორისტი უბრალოდ ავტომობილს მართავს?
ევროპაში ასეულობით ათასი არაბი და მუსლიმი მძღოლია, რომლებიც სრულიად ლეგალურად მუშაობენ და ბევრ მათგანს ტერაქტის მოწყობა ან რაიმე ბოროტება აზრადაც არ მოუვა, მაგრამ როგორ გინდა გამოთვალო ამ ასეულობით ათასიდან ის თითზე ჩამოსათვლელი არანორმალური თუ გონებადაბნელებული ფანატიკოსი, რომელიც მორიგ ჯერზე გადაწყვეტს აღასრულოს დაჭრილი იდენტობის მოთხოვნა და მანქანით ადამიანთა მასას შეასკდება?
ამიტომ, ევროპულ ცივილიზაციას მოუწევს ამ ფენომენთან შეგუება, როგორც ეგუება, მაგალითად მიწისძვრებს, რომლებიც მეცნიერებმა შეისწავლეს, თუმცა ვერავინ ვერაფერს იღონებს საწინააღმდეგოდ და პროგნოზირებაც შეუძლებელია, თუ სად და როდის.
მხოლოდ მიახლოებით, მხოლოდ ვარაუდით.
დრო ერთადერთი მკურნალია: საუკუნეები (თუ არა ათასწლეულები) დასჭირდება იმას, რომ ევროპული ცივილიზაციისადმი მტრული იდენტობის მატარებელნი ისევე, გადაშენდნენ, როგორც გადაშენდნენ ანთროპოლოგიური ევოლუციის პარალელურ, ჩიხურ შტოდ მიჩნეული ნეანდერტალელები.
მათ დამჭკნარ ცივილიზაციასთან ერთად.
“ჯი-ეიჩ-ენი“, ნიკა იმნაიშვილი