ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსა და უკრაინაში შემთხვევით როდი გაიმართა «ნატო»–ს ვარშავის სამიტამდე ორიოდე დღით ადრე. ეს რომ უბრალო დამთხვევა არ იყო, ყველა აღიარებს, მაგრამ ცოტა თუ მსჯელობს იმაზე, მაინც რისი თქმა სურდა ამით ამერიკის დიპლომატიურ უწყებას.
სინამდვილეში, დიპლომატიური ენიდან «თარგმნისას», ასეთი თანხვედრა იმას ნიშნავს, რომ ამერიკას რეგიონში საკუთარი ინტერესები გააჩნია, რომელიც ხშირად «ფარავს», ანუ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც არ არის იდენტური ჩრდილო–ატლანტიკური კავშირის კოლექტიური პოლიტიკისა.
მით უმეტეს, ვითარებაში, როდესაც «ნატო»–ს, როგორც სამხედრო–პოლიტიკურ ალიანსს, ცნობილი მიზეზების გამო (მათგან უმთავრესია გერმანული ელიტების ისტორიული კომპლექსი, რომლის გაქარვებას საუკუნეები დასჭირდება) არ შეუძლია განახორციელოს კონცენტრირებული პოლიტიკა კავკასიაში.
სწორედ ამიტომ ეწვია საქართველოს სამიტის წინ არა გერმანიის ან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ამერიკის სახელმწიფო მდივანი: ამერიკა გლობალური ზესახელმწიფოა; საფრანგეთი და გერმანია კი, მათი გავლენის თუ ეკონომიკური პოტენციალის მიუხედავად, მაინც რეგიონული ზესახელმწიფოები. ვაშინგტონმა, ამ ვიზიტით, მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ყველა დაინტერესებულ მხარეს; არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროპასაც, რომ არ თვლის თავს შეზღუდულად «ნატო»–ს კოლექტიური ინტერესებით და მზადაა ითანამშრომლოს საქართველოსთან ორმხრივ (!) საფუძველზე.
სწორედ ეს მესიჯია ამ შემთხვევაში, ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის: სახელმწიფო მდივანმა პირადად მოაწერა ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრთან მემორანდუმს თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ჯერ–ჯერობით ეს მხოლოდ მემორანდუმია, ანუ განზრახულობათა დეკლარაცია. ასეთივე დოკუმენტს 2010 წელსაც მოეწერა ხელი, თუმცა ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ მაშინ თავი შეიკავა საქართველოსათვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაზე, რაკი რთულ თამაშს აწარმოებდა მოსკოვთან და ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა არ სურდა.
ოღონდ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი: ამერიკაში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები; მოსკოვი აშკარად ემზადება ახალი აგრესიისთვის უკრაინის წინააღმდეგ; სირიაში მხარეები ვერ თანხმდებიან (და ვერც შეთანხმდებიან) სტრატეგიულ საკითხებზე; «ნატო» გეგმავს ბალტიის ქვეყნებში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსული «ინსკანდერების» განლაგება კიონიგსბერგში (დღეს კალინინგრადი ქვია). ეს რაკეტები ევროპის ცენტრამდე იოლად მაიღწევენ, მით უემეტს, თუ პუტინი გადადგამს რადიკალურ ნაბიჯს (სულაც არაა გამორიცხული) და გავა ისტორიული შეთანხმებიდან «საშუალო და ნაკლები სიშორის ბალისტიკური რაკეტების» აკრძალვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, «ისკანდერის» რაკეტები, რომელთა სიშორე, ფორმალურად, მხოლოდ 500 კილომეტრამდეა და სწორედ ამიტომ არ ვრცელდებოდა მათზე ზემოთხსენებული შეთანხმება, სულ ადვილად მოდიფიცირდებიან 3000 კილომეტრის სიშორემდე. ესე იგი, იოლად «მისწვდებიან» უკვე არა მხოლოდ ბერლინს, არამედ პარიზსა და ლონდონს.
ამერიკა ადასტურებს, რომ ვითარების შემდგომი გამწვავების შემთხვევაში, მზადაა იმოქმედოს ერთდროულად ყველა დაფაზე – მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. თანაც, იმოქმედოს «ნატო»–ს ფორმატის გარეშე. რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი «ნატო» არ სჭირდებოდა არასდროს და არც ახლა სჭირდება საიმისოდ, რათა საქართველოში საკუთარი სამხედრო ბაზები განალაგოს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველჰყოს. ვაშინგტონს ყოველთვის შეეძლო ეს ნაბიჯები გადაედგა ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე ისე, რომ არ დალოდებოდა კონსენსუსს «ნატო»–ში, რომლის მიღწევა აბსოლუტურად შეუძლებელია: მოსკოვი იქ მუდამ მოახერხებს «გავლენის აგენტთა» მოპოვებას, რომლებიც ამგვარ კონსენსუსს ჩაშლიან.
სწორედ ეს მომენტია ყველაზე ფასეული თბილისის მემორანდუმში: ამერიკა აცხადებს, რომ მზადაა იმოქმედოს ორმხრივ საფუძველზე, ხოლო ეს ტაქტიკა ბევრად პერსპექტიულია ჩვენთვის, ვიდრე «ნატო»–ში კონსენსუსის მოლოდინი.
ისიც ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონმა ამგვარი ნაბიჯი გადადგა რუსეთსა და თურქეთს შორის მორიგი «გეოპოლიტიკური ფლირტის» დროს, როდესაც ანკარამ ჯერ ბოდიში მოუხადა მოსკოვს თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის (რომელიც თურქებს ბომბავდა და თურქეთის საჰაერო სივრცეში იჭრებოდა) ხოლო შემდეგ გაჩნდა სრულიად პარანოიდული წინადადება ამერიკის «ინჯირლიკის» ბაზის რუსული ავიაციისთვის დათმობის შესახებ ისე, რომ ამერიკელებმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ.
ქერის ვიზიტი ისევ და ისევ ადასტურებს: ამერიკასთან ორმხრივი დიალოგი და ორმხრივ ფორმატში უსაფრთხოების გარანტიების ძიება ერთადერთი პერსპექტიული და რეალისტური სცენარია, ხოლო «ნატოს»-კენ მუდმივი სწრაფვა და შესაბამისი რიტორიკა შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ფონად, ჩარჩოდ ამ სტრატეგიის წარმატებული განვითარებისთვის.
რეალურად კი, «ნატო»–სგან საქართველო ბევრს ვერაფერს მიიღებს: ნიშანდობლივად «მიჩუმდა» საუბრები არა მხოლოდ «საგზაო რუქის» (MAP) არამედ «ასოცირებული პარტნიორობის» შესახებ. ისევე, როგორც შავ ზღვაზე «ერთობლივი საზღვაო ფლოტის» შექმნის თაობაზე. მიზეზი იგივეა: გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდი, იტალია კვლავინდებურად ეწინააღდმეგებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც რუსეთს გააღიზიანებს, რაკი გულისხმობს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას იმ რეგიონში, რომელიც მათ მოსკოვის «პრიორიტეტული ინტერესების სფეროდ» მიაჩნიათ.
ამ სიტუაციაში საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, თუმცა არა გარანტია, ვინაიდან ამ შანსის გამოყენებას დიპლომატიური ოსტატობა ესაჭიროება.
ოღონდ, ნიშანდობლივია, რომ ქერის უმნიშვნელოვანეს ვიზიტს წინ უძღოდა ელჩ გეგეშიძესთან დაკავშირებული ტრაგიკომიკური ისტორია, რომელმაც კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დაადასტურა: ქართულ დიპლომატიას ჯერ კიდევ «ანა–ბანას» ახსნა სჭირდება და ასეთმა დიპლომატიამ ისტორიული, გეოპოლიტიკური შანსები როგორ უნდა გამოიყენოს?
ქერის ვიზიტი, თავისთავად, ჯერ კიდევ არანაირ გარანტიას არ ქმნის, ვინაიდან მოსკოვი გულხელდაკრეფილი როდი დაელოდება პროცესის განვითარებას, მით უმეტეს, ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას. მაგრამ ეს ვიზიტი და, განსაკუთრებით, ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს: ამერიკა საქართველოს ნელ–ნელა, ნაბიჯ –ნაბიჯ, ფრთხილად, თუმცა მაინც უახლოვდება და თუ ქართულ პოლიტიკას შესაბამისი გამჭრიახობა, გონი და უნარი ეყოფა, ანუ, თუ ამერიკა საბოლოოდ «მოვიდა», ისე «მოვა», რომ აქედან აღარასოდეს წავა!
”ჯი-ეიჩ-ენი”, ნიკა იმნაიშვილი