ENG / RUS       12+

თინათინ ხიდაშელის ბრძანებულება: აბსურდი და კიდევ უფრო დიდი აბსურდი!

საქართველოს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი არასიმპათიური პოლიტიკოსია. იგი ბევრს აღიზიანებს მეტისმეტი თავდაჯერებულობით,  რასაც, ხშირ  შემთხვევაში, რეალური საფუძველი არა აქვს; აგრეთვე პრეტენზიულობითა და რადიკალიზმით. ბოლო ნაბიჯით კი, მან დაადასტურა, რომ მისთვის არც იაფფასიანი პოპულიზმია უცხო: თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტების თვალწინ, «მიშას სტილში», ხელი მოაწერა ბრძანებულებას არმიაში გაწვევის შეწყვეტის შესახებ და ტელეეკრანებზე ტრადიციულად მიჯაჭვულ, პირდაღებულ «ხალხს» ეს ისე მიაწოდა, თითქოს ქვეყანაში საერთოდ აუქმებდა გაწვევას, როგორც ასეთს.

რასაკვირველია, წმინდა წყლის პოპულისტური, წინასაარჩევნო ტრიუკია; თუმცა საეჭვოა ამან უშველოს «რესპუბლიკურ პარტიას», რომელიც, ბოლო გამოკითხვებით, საერთოდ არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩველი აშკარად ასე თვლის.

ხიდაშელმა იქვე აღნიშნა, რომ თუ მომავალი თავდაცვის მინისტრი გადაწყვეტს არმიაში გაწვევის აღდგენას, მან ჯერ მისი ბრძანებულება უნდა გააუქმოს.

ესეც წმინდა წყლის იაფფასიანი პოპულიზმია: იურიდიულად წინა მინისტრის ბრძანებულების გაუქმებას რა უნდა? თუმცა პოპულისტური გათვლა აქაც იგივე იყო:  რაკი «ზემომაჩხაანელმა ტელემაყურებელმა» მისი გადაწყვეტილება გაიგო, როგორც გაწვევის გაუქმება (ჩემს ბიჭს ჯარში აღარ წაიყვანენ), ახალი მინისტრის მიერ გაწვევის აღდგენა, წმინდად ფიარულად,  ისე იქნება გაგებული, თითქოს «კეთილმა ხიდაშელმა» გაწვევა გააუქმა, თუმცა მოვიდა ახალი, «ბოროტი მინისტრი» და იგი აღადგინა.

რა თქმა უნდა «იმუშავებს», რადგან მასა მეტისმეტად მარტივად აზროვნებს და მისი გაბრიყვება იოლია.  

სინამდვილეში, რასაკვირველია, ხიდაშელს არანაირი «გაწვევა არ გაუუქმებია». გაწვევა, როგორც ინსტიტუტი,  მოქმედებს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის საფძველზე, რომელიც, თავის მხრივ,  ეყრდნობა კონსტიტუციურ დებულებას. თინათინ ხიდაშელის ხელმოწერილი ბრძანებულება ვერც ერთს გააუქმებდა და ვერც მეორეს. მისი შინაარსი ისაა, რომ მინისტრმა, უბრალოდ, გამოსცა განკარგულება არმიაში წვევამდელთა მოწვევა–მიღების საწინააღმდეგოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ გაწვევა დარჩება, უბრალოდ, არმიაში იმსახურებენ მხოლოდ კონტრაქტორი–პროფესიონალები, ხოლო წვევამდელები წავლენ «სახელმწიფო დაცვის სამსახურში», შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებში, პენიტენციურ დაწესებულებეში (ციხეებზე) და ასე შემდეგ.

ესე იგი, გაწვევა დარჩება. ისევე, როგორც კვლავ იმოქმედებს კანონის ნორმა, რომლითაც წვევამდელს   შეეძლება  საყოველთაო ვალდებულების შესრულება გადაავადოს კონკრეტული თანხის გადახდით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხიდაშელის პოლიტიკური, პოპულისტური მოტივაცია ცხადია და აქ ყველაფერი ნათელია. მაგრამ ის, რაც ამის შემდეგ დაიწყო, უკვე ნამდვილი სიგიჟე და პარანოიაა: გამოდიან და სერიოზული სახეებით გვეუბნებიან, რომ თურმე ხიდაშელმა «ხელყო სამშობლოს დაცვის წმიდათაწმიდა ვალდებელება», რომ მან «გააუქმა ქართული ჯარი», «დაანგრია ქვეყნის თავდაცვის სისტემა», «დაუცველი დატოვა ქევყანა» და ასე შემდეგ.

მაგალითად, გამოდის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და აცხადებს: «პროფესიული არმია საექსპედიციო კორპუსია, რომელიც ქვეყანას ვერ დაიცავს, რაკი ამის უნარი არ გააჩნიაო».  

დავუშვათ ერთი წუთით, რომ მართლაც ასეა, ანუ საკონტრაქტო ჯარი საექსპედიციო კორპუსია და ქვეყნის დაცვის შნო არ გააჩნია. მით უმეტეს ჩვენს ვითარებაში. დავუშვათ  ასეა.  ისმის კითხვა: მერედა, რა შუაშია აქ თინათინ ხიდაშელი და მისი ბრძანებულება? პროფესიული–საკონტრაქტო  ჯარი საქართველოში ხიდაშელის დროს შეიქმნა?

ჯერ კიდევ ხიდაშელამდე, არმიაში წვევამდელთა რაოდენობა 7 –10% არ აღემატებოდა. რა გააუქმა ხიდაშელმა მისი პოპულისტური გადაწყვეტილებით? მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჯარში აღარ გაიწვევენ ამ 7%–საც. მორჩა და გათავდა!

ეს 7%, ანუ სულ 2–3 ათასი ჯარისკაცი, ჯარში  გამოიყენებოდა დამხმარე პერსონალად – ყარაულებად, მტვირთავებად და ა.შ. ბუნებრივია, შეიძლება და კიდეც უნდა ვეკამათოთ ხიდაშელს იმის თაობაზე, რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ რამდენიმე ათას ჯარისკაცზე უარის თქმა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს ნამდვილად არ გააჩნია სახსრები შესაბამისი დამხმარე პერსონალის დასაქირავებლად. იგივე სამუშაოს, დღემდე, მონათმფლობელობაში მყოფი წვევამდელი ასრულებდა ჯარში. მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია: რა შუაში აქ «საექსპედიციო კორპუსი», «საკონტრაქტო არმიის უუნარობა» და ა.შ – საკონტრაქტო არმია საქართველოში თინათინ ხიდაშელმა შექმნა?

შემდეგ, კიდევ უარესი: გამოდის ”მომავალი” თავდაცვის მინისტრი და აცხადებს: «საყოველთაო სამხედრო ვალდებულება იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ყველა დაეუფლოს სამხედრო უნარ–ჩვევებს არმიაში, ხოლო რეზერვი გადამზადების მოკლევადიანი პროგრამა უნდა იყოს და არა თავიდან მომზადებისა, როგორც სააკაშვილის პერიოდიდანაა».

რეალურად ეს ნიშნავს შემდეგს: ყველა სრულწლოვანმა ახალგაზრდამ უნდა იმსახუროს არმიაში, მომზადდეს როგორც მებრძოლი, ხოლო შემდეგ, პერიოდულად გაიწვიონ ხოლმე ჯარში – გადასამზადებლად (და არა მოსამზადებლად).

კი ბატონო, მაგრამ ისევ და ისევ, რა შუაშია აქ თინათინ ხიდაშელი და მისი ბრძანებულება – ეს ბრძანებულება რაიმეს ცვლის იმ სისტემაში, რაც ხიდაშელამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უფრო გასაგები რომ იყოს: მსოფლიოში ამჟამად არსებობს სამი ტიპის არმია. პირველი ამერიკული («ანგლოსაქსური») ტიპისა, რომელიც მთლიანად საკონტრაქტოა. ამერიკაში საყოველთაო სამხედრო გაწვევა (მშვიდობიანობის პერიოდში!) ვიეტნამის ომის  წაგების შემდეგ გააუქმეს. ამ მოდელს ცდილობს  მიბაძოს დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე პატარა სახელმწიფო (მათ შორის საქართველო); თუმცა ცხადია, რომ «საექსპედიციო არმია»  უდიდეს ფინანსურ რესურსებს და შეიარაღების ისეთივე დონეს, აგრეთვე (რაც მთავარია) იმგვარ სამხედრო დოქტრინას «ერგება»,   როგორიც ამერიკას აქვს. საექსპედიციო არმია მაშინაა კარგი, როდესაც ოკეანეები გყოფს პოტენციური სამხედრო მოწინააღმდეგეებისგან

ჯარის მეორე, შუალედური ტიპია შვეიცარიული არმია. ამ ქვეყნის ყოველი მოქალაქე წელიწადში ერთი თვით მიდის ჯარში და სრულფასოვნად მსახურობს. ამ დროს უნარჩუნდება სამსახური, ხელფასი, იარაღს ინახავს საკუთარ სახლში და ა.შ. თუმცა, ეს გარკვეულწილად, უნიკალური მოდელია.

და მესამე, ყველაზე გავრცელებული მოდელი არმიისა, მიღებული გერმანიაში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში და ა.შ: არსებობს ოფიცერთა და ზევადიან სერჟანტთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კორპუსი (იგივე არმიის ბირთვი); თითქმის ყველა სრულწლოვან  მოქალაქეს (ისრაელში ქალებსაც) სავალდებულოდ იწვევენ ჯარში; ისინი მსახურობენ ზოგ ქევყანაში 2 წელიწადს, სხვაგან 1 წელიწადს და ა.შ. მთავარი ისაა რომ ყველა მოქალაქე გადის სწორედ სამხედრო სწავლებას, ხოლო დემობილიზების  შემდეგ ირიცხება რეზერვში; და შემდეგ, წლების განმავლობაში, 2–3 წელიწადში ერთხელ, უკვე როგორც რეზერვისტი, მიჰყავთ ჯარში, რათა ნამდვილი სამხედრო სამსახურის დროს შეძენილი უნარები არ დაავიწყდეს და ახალ ტექნოლოგიებსაც დაეუფლოს

ეს არის და ეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ დისკურსში თინათინ ხიდაშელს არაფერი არ «გაუუქმებია», არაფერი არ «დაუნგრევია» და თვისებრივად, ანუ კარდინალურად, სისტემურად, აბსოლუტურად არაფერი არ შეუცვლია: მან, უბრალოდ, წმინდა პოპულისტური წინასაარჩევნო მოტივებით, აკრძალა არმიაში წვევამდელთა მიღება დარაჯებად, ყარაულებად და მტვირთავებად. თუმცა მის გადაწყვეტილება სრულიად თავსდება არმიის იმ კონცეფიაში, რომელიც ხიდაშელამდე დიდი ხნით ადრეა მიღებული ამ ქვეყანაში და «ანგლოსაქსურ მოდელს»  უახლოვდება

მაგრამ თინათინ ხიდაშელის მოწინააღმდეგები თუ ოპონენტები ძალიან უცნაურად იქცევიან: ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს საქართველოში არსებობდა არმიის გერმანული, თურქული ან რუსული მოდელი, ხოლო თავდაცვის მინისტრის  ბრძანებულებამ ეს მოდელი შეცვალა, არმიაში (თურმე ნუ იტყვით!) «გაწვევა გააუქმა» და ასე შემდეგ.

საქმეც ისაა, რომ კრიტიკოსებს არ აწყობთ, ეშინიათ, ერიდებიან პირდაპირ თქვან რასაც გულისხმობენ: რომ ისინი სწორედ იმ მოდელს უჭერენ მხარს, რომელიც ამ ქვეყანაში 20 წლის წინ არსებობდა და რასაც «ანგლოსაქსურთან» საერთო არაფერია აქვს! ანუ ისინი, რეალურად,  ემხრობიან გერმანულ–რუსულ მოდელს, რაკი მიაჩნიათ, რომ «რეკრუტირებული არმია», -  «საქსპედიციო ჯარისაგან» განსხვავებით, უფრო მეტად უნარიანია დაიცვას ქვეყანა.

ოღონდ ამის პირდაპირ თქმა არაპოპულარულია, რადგან გამოდის,  უნდა გაუქმდეს ფინანსური ბეგარა, გაუქმდეს ე.წ. «ბრონთა» უმეტესობა და თითქმის ყველა ახალგაზრდამ იმსახუროს არმიაში, სადაც მოხდება მათი მომზადება 12 ან 24 თვის განმავლობაში.

ამის თქმას პირდაპირ ვერ ბედავენ (რაკი ძალიან არაპოპულარულია) და ხიდაშელს  სრულიად აბსურდულ პრეტენზიას უყენებენ იმისთვის, რომ მან ყბადაღებულ 7%–ზე თქვა უარი! თან იმ 7% ზე, რომელსაც არმიაში სამხედრო თვალსაზრისით კი არ ამზადებდნენ, არამედ მხოლოდ დამხმარე პერსონალად იყენებენ და იყენებდნენ - ჯერ კიდევ ხიდაშელამდე დიდი ხნით ადრე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ «საკონტრაქტო არმია» საქართველოსთვის დიახაც  უფრო მისაღებია, ვინაიდან იმ ამოცანების გადაჭრა, რისი გადაჭრაც რეალურია (სეპარატისტული ფორმირებების დამარცხება) ამგვარი არმიითაც შეიძლება; ხოლო ის ამოცანა, რომლის გადაწყვეტა თეორიულადაც კი შეუძლებელია (რუსეთის დამარცხება მისი აგრესიის შემთხვევაში ან მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალით გათავისუფლება), წვევამდელებით დაკომპლექტებული  ასი ათასიანი შეიარაღებული მასისთვისაც შეუძლებელი იქნება.

”ჯი-ეიჩ-ენი”, გიორგი ლეჟავა

ავტორი: . .