ინგლისი შოკშია. ისევე, როგორც მთელი მსოფლიო.
ისინიც კი, ვინც Brexit–ს მისცა ხმა გასულ ხუთშაბათს, თანდათან აცნობიერებენ მთავარს: თუ მათი არჩევანი შეჩვეული, თბილი და ტკბილი ცხოვრების წესის შეცვლას ეწინააღმდეგებოდა («მიგრანტები», «გლობალიზაცია», - იგივე ევროპეიზაცია, - ბრიუსელის «საძულველი ბიუროკრატია» და ა.შ.) სინამდვილეში, სწორედ ახლა ემუქრებათ ჩვეული ცხოვრებისეული რითმის დარღვევა, რადგან 23 ივნისის კატასტროფა აუცილებლად გამოიწვევს გრანდიზულ ცვლილებებს, რამაც შეუძლებელია ზეგავლენა არ მოახდინოს სწორედ იმ ცხოვრების წესზე, იმ სიმშვიდესა და თბილ მყუდროებაზე, რომლის დაცვასაც გულუბრყვილოდ, თუმცა ჯიუტად ცდილობდნენ სარეფერენდუმო ყუთში ბიულეტენის ჩაგდებით.
მართლაც, ევროკავშირმა უმალვე განაცხადა (რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო), რომ დიდი ბრიტანეთი ვერ შეძლებს ევროპასთან სავაჭრო თუ სხვა პრეფერენციების შენარჩუნებას, თუკი ტოვებს ევროპულ გაერთიანებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაირღვეს, გაუქმდეს ძალადაკარგულად ჩაითვალოს ან ნიველირდეს 80 000 (ოთხმოცი ათასი!!!) დოკუმენტი, რაც 1973 წლიდან, ესე იგი ბრიტანეთის
ევროკავშირში გაწევრებიდან – დღემდე არეგულირებდა და აწესრიგებდა ქვეყნის ურთიერთობას ევროკავშირთან.
ყველაფერი უნდა დაიწყოს თავიდან, ესე იგი ნულიდან.
რაც შეეება იმ ილუზიას, რომ «კი გადავწყვიტეთ ასე, თუმცა ჩვენს კომფორტულ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება – კვლავინდებურად გავიტანთ საქონელს დაბალი ტარიფით ევროპულ ბაზრებზე და წავალთ უსაყვარლეს სტენფორდ–ბრიჯზე სათაყვანებელი ჩელსის თამაშის სანახავად ლონდონის არისტოკრატიულ უბანში, შემდეგ იქვე შევალთ ფაბში პინტი ლუდის დასალევად . . . . . .». ნურას უკაცრავად: ისტორიული, გამოუსწორებელი შეცდომა თვით ისეთ აპოლიტიკურ ფენომენზეც კი მოახდენს გავლენას, როგორც ფეხბურთია, ვინაიდან, მაგალითად, ევროპული ქვეყნების საფეხბურთო კლუბებში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქე ლეგიონერების დაშვებას ერთი წესი არეგულირებს, ხოლო არაწევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებისა – სულ სხვა წესი. ამ წესთა ხელახალ უნიფიცირებას კი დიდი ჯაფა დასჭირდება.
ასევე ყველა სფეროში, რომელთაც ხსენებული 80 000 ხელშეკრულება, რეზოლუცია, კონვენცია, პროტოკოლი თუ შეთანხმება აწესრიგებს: სიგარეტის იმპორტიდან – «ასტონ მარტინისა» თუ «რეინჯ როვერის» ექსპორტამდე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბევრს ეჩვენება, რომ საგანგაშო არაფერია: დიდი ბრიტანეთი სულ ადვილად მოახერხებს ევროკავშირთან ისეთივე სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას, როგორიც დადო, მაგალითად, ნორვეგიამ ან შვეიცარიამ. ისინი არ შედიან ევროკავშირში, თუმცა სავაჭრო ალიანსის ყველა პრივილეგიით და ბენიფიტით სარგებლობენ. მაგრამ დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ეს შეუძლებელია ორი ფუნდამენტური მიზეზის გამო.
პირველი: ნორვეგია და შვეიცარია არასდროს ყოფილან ევროკავშირის წევრები და არ გასულან ევროკავშირიდან. ხოლო თუკი ევროპული გაერთიანება დათანხმდა, კავშირიდან «კარის გაჯახუნებით» გასულ ბრიტანეთს, ძველებური პრივილეგიები დაუტოვოს ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით, მაშინ სხვაც მოინდომებს გავიდეს ევროკავშირიდან, ანუ მოიხსნას საერთო პასუხისმგებლობა, საერთო ტვირთი, რისკები, მაგალითად მიგრანტებზე და ა.შ, თუმცა კი შეინარჩუნოს ყველა სიკეთე, ყველა ის უპირატესობა რაც ამ გრანდიოზულ საერთო ბაზარს მოაქვს წევრი სახელმწიფოებისთვის.
ევროკავშირი ამგვარ პრეცედენტს ვერ დათანხმდება, რადგან თანხმობის შემთხვევაში საბოლოოდ დაინგრევა!
მეორე მიზეზი: ამიერიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორის რაიმე შეთანხმების გასაფორმებლად ამა თუ იმ სფეროში, ევროპულმა სახელმწიფოებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ კონსენსუსით! მერედა, მაგალითად, ესპანეთი დათანხმდება ბრიტანეთთან ძველებურ სავაჭრო ალიანსს მანამ, სანამ ლონდონი გიბრალტარს არ დაუბრუნებს? შემთხვევითი როდია, რომ სწორედ ახლა გამწვავდა ეს თემა.
ამგვარი მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თანაც, ეს კიდევ წვრილმანია იმასთან შედარებით, რაც დიდ ბრიტანეთს ელის, თუ შოტლანდიამ საბოლოოდ გადაწყვიტა გაერთიანებული სამეფოდან გასვლა. არადა, სავსებით რელურია და ინგლისს, ასეთ შემთხვევაში, არ უშველის არაფერი: ევროპა არ დაუშვებს რაიმე ძალისმიერ მეთოდებს. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია!
იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი შეეცდება ძალისმიერი ხერხებით აღუდეგს წინ შოტლანდიაში რეფერენდუმის გამართვას (რომლის შედეგი უკვე იოლი პროგნოზირებადია) ინგლისი – ეს გენიალური, დიადი ქვეყანა – იქცევა მარგინალად, ერთ ჩვეულებრივ «არშემდგარ სახელმწიფოდ».
და რაც ყველაზე უარესია, ასეთივე სახელმწიფოდ იქცევა მაინც, თუ შოტლანდიას დაკარგავს!
საქმე მხოლოდ ის როდია, რომ მისი უდიდებულესობის სამხედრო–საზღვაო ფლოტი იძულებული გახდება შოტლანდიის საიდუმლო ბაზებიდან სადმე გადაიყვანოს «ტრაიდენტის» ატომური წყალქვეშა ნავები. კიდევ უარესია, რომ ყოფილი «დიდი ბრიტანეთი» იძულებული იქნება ისევე იბრძოლოს ყველგან შოტლანდიის არაღიარებისთვის, როგორც ეს ჩვენი საცოდავი ქვეყანა იბრძვის აფხაზეთის საერთაშორისო ლეგიტიმაციის წინააღმდეგ!
სწორედ ამ დისკურსში, დავაკვირდეთ განცხადებას, რომელიც ევროკომისის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა გააკეთა: «შოტლანდია ევროკავშირში ვერ დარჩება, რადგან დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არისო». თუ დიპლომატიური ენიდან გადმოვთარგმნით, ნიშნავს შემდეგს: «შოტლანდიელებმა ჯერ გამოაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მერე ვილაპარაკოთ, გახდებით თუ არა ევროკავშირის 28–ე წევრი სახელმწიფო!»
არანაკლებ გამანადგურებელი პროცესები დაიწყება ჩრდილო ირლანდიაში. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს ამ რეგიონის არაკათოლიკე მოსახლეობა, შოტლანდიელთა მსგავსად, დიდი ბრიტანეთიდან გასვლის მომხრეა: სინამდვილეში, მათ ევროკავშირიდან გასვლას კი დაუჭირეს მხარი, მაგრამ ანტიინგლისური სეპარატიზმი ჩრდილო ირლანდიის მაცხოვრებელთა უმრავლესობისათვის (გარდა ეთნიკური და რელიგიური ირლანდიელებისა) სრულიად უცხოა.
ოღონდ, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, მაშინვე დადგება დღის წესრიგში ირლანდიასთან სრულფასოვანი საზღვრის აღდგენის საკითხი, რაც ჩრდილო ირლანდიაში მცხოვრები ეთნიკური ირლანდიელებისა და კათოლიკეებისათვის კატეგორიულად მიუღებელია. მაშასადამე, ძველებური ძალითა და ფანატიზმით იფეთქებს მრავალწლიანი, სისხლიანი კონფლიქტი, რომლის მინავლება, ჩაცხრობა–დაშოშმინება ინგლისელებმა მხოლოდ და მხოლოდ იმით შეძლეს და მოახერხეს, რომ ირლანდიაც და ბრიტანეთიც ევროკავშირის წევრები იყვნენ.
ანუ, ეს შოტლანდიაზე უარესია, ვინაიდან შოტლანდიაში შიდა ეთნო–რელიგიური კონფლიქტი მაინც გამორიცხულია, ხოლო ჩრდილო ირლანდიაში ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, დიდი ალბათობით, კვლავ ისევე მძვინვარედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორც 1970–იან წლებში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აღარაფერს ვამბობ ეკონომიკაზე: «მილიარდებს ვუხდით ბრიუსელის ბიუროკრატიას და განა არ სჯობს ეს ფული ჩვენს პენსიონერებს დავურიგოთო» – აცხადებდნენ, ჩვეული დემაგოგიით, ლონდონის ექს–მერი დევიდ ჯონსონი და ე.წ. «ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის» ლიდერი ნეიჯელ ფარაჯი (სხვათა შორის, ორივეს ძალიან ბნელი წარსული აქვს), მაგრამ განა რა არის ეს «მილიარდები» იმ ასეულობით მილიარდთან შედარებით, რაც დიდი ბრიტანეთის ეკონომიკამ უკვე დაკარგა? «მომავალში დაკარგავს» კი არა, უკვე ახლა დაკარგა – ბრწყინვალე ლონდონური სიტის დევალვაციით; ლონდონის, როგორც მსოფლიო ფინანსური ცენტრის რეპუტაციის შელახვით; ინვესტორთა დაპანიკებით; ბრიტანულ კომპანიათა აქციების დაცემით; დიდებული გირვანქას დამცრობით; ოდესღაც ტაუერივით ურყევი საბანკო სისტემის აშკარა დაბნეულობით და გაურკვევლობით; საერთაშორისო რეიტინგების შემცირებით და ა.შ და ა.შ . . . . . . . . . . .
ინგლისმა, რომელმაც კაცობრიობას აჩუქა ჯონ ლოკი და ისააკ ნიუტონი, საზღვაო ფლოტი და პარლამენტარიზმი, შექსპირი და დიკენსი, მოულოდნელად «ზურგში დანა ჩასცა» მთელს დასავლურ ცივილიზაციას, ვინაიდან რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ზარალზე, რომელიც თვით ინგლისს მიადგება სეპარატიზმით, არანაკლებ გამანადგურებელი იქნება ეს ყოველივე მთლიანად, ევროატლანტიკური სამყაროსთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შეიძლება თუ არა ამ დამანგრეველ პროცესთა შეჩერება? საბედნიეროდ, თეორიული შანსი კიდევ არსებობს. ეს ძალუძს ერთადერთ ადამიანს: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქს – მის უდიდებულესობა ელისაბედ მეორეს!
რა თქმა უნდა, კანონმდებლობით მას არა აქვს უფლება გააუქმოს რეფერენდუმის შედეგი, მოუწოდოს პარლამენტს არ მიიღოს პლებისციტი მხედველობაში და ა.შ. მაგრამ «უფლება არა აქვს» და «არ შეუძლია» სხვადასხვა ცნებებია!
უფლება, რა თქმა უნდა არა აქვს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ (ეს რთული ასახსნელი თემაა), რომ მონარქს არანაირი «უფლება» არ სჭირდება: დიდი ბრიტანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, ოღონდ ცოტა უცნაური მონარქია, რომელსაც კონსტიტუცია არ გააჩნია! არ არსებობს «დიდი ბრიტანეთის კონსტიტუცია», ანუ ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც განსაზღვრავდა თუ რისი უფლება აქვს მონარქს და რისი –არა. ბრიტანეთში მოქმედებენ საუკუნოვანი კანონები, აქტები, სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც საერთოდ არ არიან კოდიფიცირებულნი ჩვენთვის ჩვეული აზრით; თუმცა აქვთ ძალა, ვინაიდან ეფუძნებიან საუკუნოვან ტრადიციას!
ინგლისური (ანგლოსაქსური) სამართლებრივი პრაქტიკა ტრადიციას ეყრდნობა, ხოლო ტრადიცია – პრეცედენტს! ყოველივე ამაზე მაღლა კი, არსობრივად, დგას დიდი ბრიტანეთის მონარქი, რომელსაც, მისი ავტორიტეტის, მირონცხებულობისა და ელიტებში გავლენის, აგრეთვე პოპულარობის წყალობით, აქვს იმის ძალა (ანუ, არა «ხელისუფლება», არამედ «ძალაუფლება»), გამოვიდეს და თქვას: «ჩემო უსაყვარლესო ქვეშევრდომნო! იქმნება საგანგებო, სამკვდრო–სასიცოცხლო ვითარება. დიდი ბრიტანეთი იშლება, როგორც ერთიანი სახელმწიფო. ამდენად, ჩემთვის მრავალი თაობისა და ღვთის მიერ ბოძებული უფლებამოსილებით, ვუბრძანებ პარლამენტს, არ მიიღოს მხედველობაში პლებისციტის შედეგი, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს ჩვენი სამეფო!»
რა თქმა უნდა, არ არსებობს კანონი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მონარქს ამგვარ უფლებას ანიჭებს; მაგრამ საქმეც ისაა, რომ არ არსებობს არც საპირისპირო კანონი, რომელიც მას ამის გაკეთებას უკრძალავს! არის მხოლოდ ტრადიცია, ჩამოყალიბებული XVII საუკუნის რევოლუციისა და რესტავრაციის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტს თავადაც შეუძლია უარყოს რეფერენდუმის შედეგი. იმავე მიზეზით: არსად წერია, რომ რეფერენდუმის შედეგი შეიძლება გაუქმდეს, თუმცა არც ის წერია სადმე, რომ იგი სავალდებულოა შესასრულებლად.
თუმცა, ერთია პარლამენტის გადაწყვეტილება და სულ სხვაა, თუ ეს გადაწყვეტილება მირონცხებული მონარქის სიტყვით იქნება გასხივოსნებული ინგლისელთა აღქმაში!
დიდი ბრიტანეთის ხელმწიფეს ამ უფლებით არ უსარგებლია ბოლო 200 წლის განმავლობაში – დაახლოებით დედოფალ ვიქტორიას ეპოქიდან. ანუ, მონარქი არასდროს ჩარეულა მთავრობის საქმიანობაში. თვით მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელისაბედ მეორეს მამამ, მეფე გეორგ VI–მ, უინსტონ ჩერჩილს გადააფიქრებინა ვაჟკაცური გადაწყვეტილება, თავადაც გამგზავრებულიყო 1944 წელს ნორმანდიის სანაპიროსკენ, - სამხედრო ფლოტით დესანტირებისას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ, სათაურში გამოტანილი კითხვა სხვაგავრადაც შეიძლება დაისვას: მოინდომებს კი ელისაბედ მეორე თავისი ავტორიტეტის სასწორზე დადებას? 90 წლის ქალბატონი ამჟამად უკვე სულიერ მომავალზე ფიქრობს. მისი დამოკიდებულება ძირითადი სახელმწიფოებრივი ღირებულებებისა და მასისადმი (მაშასადამე დემოკრატიისადმი) აღწერილია სტივენ ფრირზის შესანიშნავ ფილმში «დედოფალი» –ჰელენ მირრერის დიდებული შესრულებით.
ეს ქალბატონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს ამ ნაბიჯს, თუ ბრიტანული ელიტა, იგივე ისტებლიშმენტი, დაარწმუნებს (არადა, ასე თვლის ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა 80% «კონსერვატორობა»–«ლეიბორისტობის» მიუხედავად), რომ ევროკავშირიდან გასვლა დაშლის მის სამეფოს, დააკნინებს ბრიტანეთის ისტორიულად შეუბღალავ დიდებას, დაანგრევს იმ ღირებულებებს, რასაც ინგლისი ეფუძნება, – შთანთქავს მას გაურკვევლობისა და ქაოსის ამოუვალ ჭაობში.
საოცარი ისტორიული პარადოქსია, რომ XXI საუკუნეში, დემოკრატიული ცივილიზაციის გადარჩენა სწორედ მონარქს, მაშასადამე, უფლის რწმენას თუ ძალუძს, რადგან მირონცხებული მონარქისდამი პატივისცემა დღეს მხოლოდ და მხოლოდ ამ რწმენას ეფუძნება.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ნიკა იმნაიშვილი