ლონდონში წვიმდა.
«ნისლიანი ალბიონის» ეს კეთილი და თბილი, პოეტურად მრავალგზის აღწერილი და ნატიფად აღბეჭდილი თვისება, ამჯერად საზარელი შედეგით შემოუტრიალდა თვით დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირს და, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ევროპულ ცივილიზაცის, მაშასადამე მთელ მსოფლიოს, ვინაიდან თუ ყალბი პოლიტკორექტულობის გარეშე ვისაუბრებთ, კაცობრიობის ისტორია ევროპული ცივილიზაციის ისტორიაა!
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მომხრეებმა 51,89% დააგროვეს, მათ კი, ვინც ამ სრულიად პარანოიდულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა – 48,11%. წინასწარი კვლევები სხვა სურათს ქმნიდა, ბევრი ოპტიმისტურ პროგნოზსაც კი გამოთქვამდა, მაგრამ საუბედუროდ, სწორედ იმ დღეს ლონდონში, რომელიც Remain მთავარი რესურსი იყო, გაწვიმდა! შესაბამისად, მეგაპოლისში დასწრებაც დაბალი აღმოჩნდა და ინგლისის ხმებმა (დედაქალაქის გამოკლებით) გადასწონა ლონდონის, შოტლანდიისა და ჩრდილო ირლანდიის ხმები.
ნიშანდობლივია, რომ ისტორიული რეფერენდუმის ბედი სწორედ ტრადიციულმა, «ბებერმა ინგლისმა» გადაწყვიტა.
შედეგებზე მსჯელობისას, რატომღაც ყველა მხოლოდ ეკონომიკაზე ამახვილებს ყურადღებას. მართლაც, გირვანქა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რაც მრისხანე სიმპტომია: ბიზნესმა იგრძნო, რომ რაღაც საშინელება მოხდა, რომ ვერავინ, უახლოესი 2–3 წლის განმავლობაში, – სანამ სიტუაცია დალაგდება და ლონდონი ევროპასთან «თამაშის ახალ წესებზე» მოილაპარაკებს, – ვერ მისცემს ბიზნესმენებს უკვე განხორციელებულ საინვესტიციო პროექტთა წარმატებულობის გარანტიას.
აქედანაც ჩანს, რომ Leave მხარდაჭერა სრული სიგიჟე იყო. არანაირი რაციონალური, პრაგმატული საფუძველი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას არ შეიძლება ჰქონოდა პირველ რიგში (სხვა ყველაფერს რომც თავი დავანებოთ) ეკონომიკური თვალსაზრისით: მილიონამდე სამუშაო ადგილი ბრიტანეთში პირდაპირ უკავშირდება ევროპულ ბაზრებს; ბიუჯეტი ათეულობით მილიარდ გირვანქას დაკარგავს; ის ილუზია, რომ თითქოს გასვლის მიუხედავად შეიძლება ყველაფერი ძველებურად დარჩეს და არაფერი შეიცვალოს, სულ მალე გაიფანტება: ამის იმედი ვისაც აქვს, უბრალოდ არ ესმის, როგორ მუშაობს საერთაშორისო სისტემა. შეუძლებელია ბრიტანეთი გავიდეს ევროპიდან და იგივე სავაჭრო რეჟიმი, ისეთივე სატარიფო–საბაჟო სქემა, იგივე პრივილეგიები შეინარჩუნოს ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით რაც ადრე, ვინაიდან ეს უეჭველად იქცევა ცუდ მაგალითად სხვა სეპარატისტებისთვის, რომლებსაც აგრეთვე სურდათ და სურთ, მიიღონ ბენიფიტები ევროპული ინტეგრაციისგან, თუმცა, აირიდონ ის რისკები, რაც ამ ინტეგრაციას ბუნებრივად ახლავს თან; ესე იგი ჰქონდეთ უფლებები – პასუხისმგებლობის გარეშე. თუ ევროკავშირი ამას დაეთანხმება, დამანგრეველ პრეცედენტს შექმნის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრეცედენტი, ნაწილობრივ, დიდი ხნის წინ შეიქმნა, როდესაც ბრიტანეთს დართეს ნება ისე დარჩენილიყო ევროკავშირში, რომ საკუთარი ვალუტა და საკუთარი საზღვრები შეენარჩუნებინა, ანუ არც «შენგენს» შეერთებოდა და არც «ევროზონას».
ჯერ კიდევ 1960–იან წლებში, ამ სეპარატისტულ ტენდენციას ამჩნევდა საფრანგეთის დიდი პრეზიდენტი, შარლ დე გოლი. ამიტომ ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობასაც კი ეწინააღმდეგებოდა: «ან შემოხვალთ საერთო წესებით, ან ნუ შემოხვალთ!» – ასეთი იყო დე გოლის პოზიცია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის კომპლექსებით გათანგულმა გერმანელებმა გადაარწმუნეს საბოლოოდ.
სხვა რა რაციონალური საფუძველი უნდა ჰქონდეს თანამედროვე ბრიტანულ სეპარატიზმს? ემიგრაცია? მაგრამ ემიგრაციული ტალღა ალბიონს არ ემუქრებოდა, რადგან «შენგენის» წევრი არ არის და ინგლისური ვიზის გარეშე კუნძულებზე ვერავინ შეაღწევს.
მართალია, არსებობდა საკუთრივ ევროკავშირიდან მიგრაციის პრობლემა, ესე იგი ლიტველები, პოლონელები თუ ბერძნები სახლდებოდნენ ბრიტანეთში და ისეთივე სოციალურ დახმარებას ითხოვდნენ, როგორც მისი უდიდებულესობის მოქალაქენი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს არ ყოფილა იმ დონისა და სიმწვავის პრობლემა, ევროკავშირიდან გასვლის რაციონალურ მიზეზად ქცეულიყო. მაშასადამე, იმუშავეს ფობიამ, პოპულიზმმა და ბრბოს სხვა მანკიერებებმა.
ბრიტანეთის გასვლა გააასმაგებს შოტლანდიურ სეპარატიზმს. ამ მხარის პრემიერ–მინისტრმა უკვე თქვა კიდეც, რომ შოტლანდია ევროკავშირიდან არსად წასვლას არ აპირებს. მაშასადამე, გავა ბრიტანეთიდან!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ რეფერენდუმის კატასტროფულობას განსაზღვრავს, მაინც ისაა, რომ უდიდესი დარტყმა მიიღო ევროპული ერთიანობის კეთილშობილმა იდეამ, რაც ევროპელებმა და, მათთან ერთად, მთელმა საკაცობრიო ცივილიზაციამ ტანჯვით, ცრემლითა და სისხლით შვა ორი საზარელი მსოფლიო ომის ქარცეცხლში!
პირველად 1939–1945 წლების გრანდიოზული ომის დასრულების შემდეგ, ევროპამ გადადგა ნაბიჯი არა წინ, არამედ უკან – საზარელი, კოშმარული წარსულისაკენ!
მართალია ევროკავშირი სულ რაღაც «ფოლადისა და ქვანახშირის ალიანსით» დაიწყო, მაგრამ მისი ნამდვილი მამა დამფუძნებლები – შარლ დე გოლი და კონრად ადენაუერი – არ მალავდნენ: მათთვის უმთავრესი იყო მშვიდობიანი, დემოკრატიული, ერთიანი დიდი ევროპის შესახებ იმ საუკუნოვანი ოცნების აღსრულება, რაც პირველ რიგში ღირებულებებს ეფუძნებოდა და მხოლოდ შემდეგ – ეკონომიკას თუ სხვა «მიზანშეწონილობებს».
დიდი ბრიტანეთის დაკარგვით, ევროპა ბრუნდება XIX საუკუნეში – მისი ახლადშობილი, ცოფიანი ნაციონალიზმით, ალიანსებით და სახელმწიფოთა ბლოკებით!
მწარედ ცდება თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირიდან გასული ბრიტანეთი ისევე არ შეეცდება ევროპაში საყრდენის მოპოვებას გერმანიის საწინააღმდეგოდ, როგორც ამას მისი ისტორიული პრემიერები ცდილობდნენ «გუშინწინდელ საუკუნეში»: პოლიტიკას, მათ შორის გეოპოლიტიკას, საკუთარი ურყევი კანონები აქვთ და უეჭველად აიძულებენ მთავრობებს იმოქმედონ იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რაც კონკრეტულ ვითარებაში წარმოეშობათ.
მერედა, ვინ არის კონტინენტზე ყველაზე ძლიერი, ყველაზე გულმხურვალე მოსურნე XIX საუკუნის დაბრუნებისა? რა თქმა უნდა პუტინის რუსეთი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა დიდი ევროპის დასანგრევად, ერთიანი ევროპის იდეის დასამხობად და ველიკოდერჟავულობის ასაღორძინებლად.
დაუჯერებლად ნურავის მოეჩვენება, თუმცა ევროპის გარეთ დარჩენილი ინგლისი სწორედ მის მოკავშირედ იქცევა, - როგორც XIX საუკუნის ბოლოდან, ორივე მსოფლიო ომის დროს იყო, მიუხედავად მოსკოვში გამეფებული რეჟიმისა.
ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მართოს ეს პროცესი და გადაარჩინოს ევროპა, არის ამერიკის შეერთებული შტატები: პრეზიდენტმა ობამამ უკვე განაცხადა, რომ არავითარ სავაჭრო შეთანხმებას ცალკე დიდ ბრიტანეთთან ამერიკა აღარ გააფორმებს და შეეცდება «დიდი ატლანტიკური სავაჭრო ალიანსის» ფარგლებში მოაგვაროს ის პრობლემები, რაც Brexit–მა წარმოშვა.
საბედნიეროდ, არსებობს NATO და შექმნილ ვითარებაში, ვარშავის მომავალ სამიტს მით უფრო საბედისწერო მნიშვნელობა ენიჭება.
“ჯი-ეიჩ-ენი”, ნიკა იმნაიშვილი