ეროსი კიწმარიშვილის «თვითმკვლელობამდე მიყვანის» საქმე დაიხურა დანაშაულის არარსებობის გამო! ეს საქმე სწორედ ამ მუხლით იყო აღძრული – არა მკვლელობის, არამედ «თვითმკვლელობამდე მიყვანის». რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება თავიდანვე ვერ ხედავდა საეჭვო ნიშნებს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაში და მხოლოდ ის მიაჩნდა გამოსაძიებლად, თუ ვინ მიიყვანა იგი თვითმკვლელობამდე.
მაშასადამე, მკვლელობა რომ არ იყო, თავიდანვე იცოდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ საბოლოოდ, რომ არც არავის მიუყვანია თვითმკვლელობამდე. უბრალოდ თავი მოიკლა, რაკი პირადი პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, ბანკის ვალები, რაც რუსთავში საარჩევნო კამპანიის დროს დაუგროვდა; შესაბამისად ჰყავდა, ასეულობით მევალე, ვისაც ხელფასი არ გადაუხადა ამ კამპანიაში მონაწილეობისთვის და ა.შ.
თუმცა ყველა, ვინც ეროსი კიწმარიშვილს, მის «ხვატკასა» და პიროვნულ თავისებურებებს იცნობდა, ერთხმად ამბობს, რომ კიწმარიშვილი ნამდვილად არ იყო ის პიროვნება, მევალეთა «მიწოლით» თავი მოეკლა: იბრძოლებდა და ბოლოს გადაუხდიდა ალბათ, ან არ გადაუხდიდა, მორჩა და გათავდა.
ვინც მისი ბექგრაუნდი იცის, დაეთანხმება მოსაზრებას, რომ ამგვარი სიტუაცია არ იყო პირველი შემთხვევა ეროსი კიწმარიშვილის ბობოქარ ბიოგრაფიაში. ანუ, ვალების გამო თვითმკვლელობა რომ სისულელეა, ამას ისინიც კი აღიარებენ, ვინც მთლიანობაში ეთანხმება პროკურატურის ვერსიას.
გარდა ამისა, ეროსი კიწმარიშვილმა იცოდა (შეუძლებელია არ სცოდნოდა), რომ იწყებოდა გააფთრებული ბრძოლა «რუსთავი 2» – ისთვის. წარმოუდგენელია ეს პროცესი ისე წარმართულიყო, რომ სწორედ ეროსი არ ქცეულიყო ცენტრალურ ფიგურად იმის მიუხედავადაც კი, რომ ძალიან დიდი უთანხმოება ჰქონდა როგორც ხალვაშთან, ასევე დვალი–აქიმიძის ტანდემთან.
თუკი ხალვაშმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას «ტანდემთან» წილების გაყოფის შეასხებ, ეროსი კიწმარიშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, იგი იძულებული გახდებოდა (სხვა ვარიანტი უბრალოდ გამორიცხულია) პირველ რიგში სწორედ ეროსისთან გაემართა მოლაპარაკება და მას გარიგებოდა იმის მიუხედავად, მოეწონებოდათ ეს დვალსა და აქიმიძეს თუ არა. ბოლოს და ბოლოს, «რუსთავი–2» სწორედ კიწმარიშვილთან ასოცირდება და, როგორც მინიმუმ, ეს ფენომენი მის გარეშე წარმოუდგენელია.
მაშ რა უნდა მომხდარიყო სინამდვილეში? ამაზე მსჯელობა და სხვადასხვა ვერსიათა ფრქვევა დაუსრულებლად შეიძლება. ვიღაც დაიჯერებს, სხვები არ დაიჯერებენ და ასე შემდეგю
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, დავანებოთ ამჯერად თავი მკვლელობა–თვითმკვლელობაზე მსჯელობას და არანაკლებ საინტერესო კითხვა დავსვათ: რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ სწორედ ახლა, უკვე ფაქტიურად დაწყებული საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, მერაბიშვილის ქეისზე სტრასბურგის ვერდიქტის შემდეგ, საქმის დახურვა და ღიად იმის განცხადება, რომ ეროსი კიწმარიშვილი არავის მოუკლავს და ეს თვითმკვლელობა იყო?
კიდევ უფრო საინტერესო კითხვაა: რას ნიშნავს ეს, რა შედეგს გამოიწვევს და რა გაგრძელება ექნება პროცესს, რომელიც კიწმარიშვილის საქმის დახურვით ნამდვილად არ დასრულდება და სხვა, ასევე გახმაურებულ საქმეებსაც აუცილებლად ეხება?
პროკურატურა რომ ამ ნაბიჯისთვის საგანგებოდ ემზადებოდა, მთავარი საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური წარმომადგენლის, – მოქმედი პროკურორის, – ბრიფინგზე დადასტურდა: წინასწარ დაამზადეს ვიდეო–კლიპი და ხსენებული იმპოზანტური ქალბატონიც (მდედრი ტერმინატორის გარეგნობით) საკმაოდ დამაჯერებლად მეტყველებდა. ვგულისხმობ არა იმას, თუ «რას» ლაპარაკობდა, არამედ «როგორ»: ვინც მიზანსცენა დადგა, კარგად იცოდა, რომ სწორედ ესაა განმსაზღრელი თანამედროვე «ფიარსა» და მასობრივ კომუნიკაციაში: ფორმა და არა შინაარსი.
ამ მხრივ კი, ის ნორჩი ყმაწვილი, ვინც მანამდე ახმოვანებდა პროკურატურის პოზიციას, ბევრად ნაკლებ შთამბეჭდავი იქნებოდა, ვიდრე ეს მშვენიერი, ფოლადისთვალება «ტერმინატორი».
რატომ ახლა? ერთი შეხედვით თითქოს არ არსებობს კავშირი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ეროსი კიწმარიშვილის საქმის დახურვას შორის. სინამდვილეში, კავშირი უშუალოა: ხელისუფლებაში, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ევროპული სტრუქტურები, გადაწყვეტილებათა მიღებისას, ყოველთვის ითვალისწინებენ იმ ქვეყნის სამართლებრივი სისტემის რაობას, რომლის საქმესაც განიხილავენ:
როდესაც საქართველოს პროკურატურა წლების განმავლობაში აჯანჯლებს ძალიან რეზონანსულ საქმეებს, არც «ჰო»–ს ამბობს და არც «არას», ვერც «ხსნის» და ვერც «ხურავს», ან, კიდევ უარესი, პოლიტიკური მოტივით ამუხრუჭებს პროცესს, ეს აზიანებს საქართველოს პროკურატურის ავტორიტეტს იმავე სტრასბურგის სასამართლოში, სადაც დიდი ყურადღებით აკვირდებიან არა მხოლოდ განსახილველი საქმის არსს, არამედ იმ ქვეყნის სამართლებრივი სისტემის რაობას, საიდანაც ეს ქეისი წამოვიდა.
მათი დასკვნა კი ნებისმიერ შემთხვევაში მომაკვდინებელია: ან პოლიტიკური მოტივი აქვთ, ან უბრალოდ რეგვენი არაპროფესიონალები არიან.
აბა როგორ შეიძლება ისეთი რეზონანსული საქმე, როგორიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაა, დღემდე გამოუძიებელი იყოს და პროკურატურა ან საქმეს არ ხურავდეს, ან არ იძიებდეს? იმასაც კი ვერ ამბობდეს, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა?
როგორ შეიძლება პროკურატურა 11 წლის განმავლობაში ვერ იძიებდეს პრემიერ–მინისტრის გარდაცვალების საქმეს და იმასაც კი ვერ ადასტურებდეს, ბოლოს და ბოლოს, ნამწვით გაიგუდა თუ მოკლეს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპელი მოსამართლეებისათვის ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ საეჭვოა. ანუ ეჭვი ეპარებათ, საერთოდ, საქართველოს სამართლებრივი სისტემის ქმედითობაში და რაკი ამაში ეპარებათ ეჭვი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველა იმ ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე, რომელიც სტარსბურგამდე მივა, «ოცნების მთავრობის» საწინააღმდეგოდ გადაწყდება: არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის ქეისი, არამედ გიგი უგულავას, ახალაიების და თვით მიხეილ სააკაშვილის საქმეც საბოლოოდ.
ის ფაქტი, რომ, მაგალითად, «ჟვანიას საქმე» სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გამოიძია, – ევროპელი მოსამართლეებისთვის განმსაზღვრელი ვერ იქნება: ისინი პასუხს მოქმედ სხელისუფლებას მოსთხოვენ და მიშას პირადი მტერი, მოსამართლე მინდია უგრეხელიძე ნამდვილად ვერ გადაარწმუნებს, რამდენიც არ უნდა ეცადოს;
როგორც იქნა, ქალბატონი წულუკიანი ამას მიხვდა! ალბათ «ქართულ ოცნებაშიც» მოიძებნენ ელემენტარულად გონიერი ადამიანები, ვისაც ეყო ინტელექტი ეს მარტივი «ბმა» შეემჩნია და გასცეს კიდეც ბრძანება, «გაჯანჯლებული საქმეები» დაეხურათ იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული რისკია შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, რაკი არც «თვითმკვლელობას» დაიჯერებს ბევრი და არც «გაზით გაგუდვას».
მაგრამ ალტერნატივა, მათი აზრით, ბევრად უარესია: ამიტომ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ იმავე «ქალბატონი ტერმინატორის» მორიგ ბრიფინგს, რომელზეც ზურაბ ჟვანიას საქმის დახურვა გამოცხადდება: «არავის არ მოუკლავს – მხუთავი აირით გაიგუდა, როდესაც . . . . მეგობარს ხვდებოდა კონსპირაციულ ბინაში, სადაც კვირაში სამჯერ დადიოდა პარიკით შენიღბული».
რასაკვირველია, მძვინვარე რეაქცია მოჰყვება, როგორც ეროსი კიწმარიშვილის საქმის დახურვას მოჰყვა, თუმცა კოალიციის ლიდერებს ამჯერად ეს ნაკლებ უბედურებად მიაჩნიათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
«კიწმარიშვილის დახურვა» რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რაც მომავალ არჩევნებს უკავშირდება, დასტურდება ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტით: დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლაიშვილი, რომელიც საქმეში ეროსის ოჯახმა ჩართო სწორედ იმ მიზნით, რათა მას ქრისტიანისთვის მომაკვდინებელ ცოდვად მიჩნეული ვერსია ყველანაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა, მოულოდნელად ადასტურებს თვითმკვლელობას!
ვისაც არ ახსოვს შევახსენებ: ამ ქალბატონს, «მიშამ, ვანომ და კამპანიამ», 2006 წელს საქმე შეუთითხნეს იმ კომიკური ბრალდებით, რომ იგორ გიორგაძის დავალებით თურმე შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. შემდეგ საპროცესო გარიგებას მიაღწიეს და ამერიკაში გადახვეწეს «მოწმეთა დაცვის» პროგრამით. ამის შედეგად, მთავარი სამიზნე – სამი შვილის დედა, იგორ გიორგაძის დისშვილი, მაია თოფურიძე დააპატიმრეს იმავე თითიდან გამოწოვილი, შეთითხნილი ბრალდებით («სარდაფში იარაღის საწყობი ვუპოვეთო»), ხოლო ნიკოლაიშვილი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში.
ანუ, მოტივი გასაგებია და სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იქმნება მოღვაწეთა კრიტიკული მასა, რომელიც სისხლხორცეულად არ არის დაინტერესებული წინა ხელისუფლების დაბრუნებით. ამ მოტივაციას კი დღევანდელი მთავრობა აქტიურად იყენებს პოლიტიკური აქციების განხორციელებისას.
რეზონანსული საქმეების დახურვა ერთ–ერთი მათგანია და ეს პროცესი უეჭველად გაგრძელდება. თუმცა, რაკი მთავრობა «ცუდსა და უარესს» შორის ირჩევს, ისიც საკითხავია, აკეთებს თუ არა იგი სწორ არჩევანს, ანუ, ქართული საზოგადოების მენტალობის გათვალისწინებით, ხომ არ ცდება «ცუდისა» და «უარესის» განსაზღვრაში.
”ჯი-ეიჩ-ენი”, მიხეილ გეწაძე