ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სისხლით შეიღება: ერთი ინგლისელი გულშემატკივარი კლინიკურად გარდაიცვალა რუსი «დათვების» თავდასხმის შედეგად. მართალია ჯერ კიდევ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ, მაგრამ ექიმებმა უკვე დაადგინეს ტვინის სიკვდილი. ამასთან, ათეულობით ადამიანი დაშავდა; ვლადიმერ პუტინმა კი, «სანკტ–პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე» ცინიკურად განაცხადა დამსწრე რუსული ისტებლიშმენტის ოვაციის აკომპანიმენტით: «ვერ გამიგია, ორასმა რუსმა - ათასი ინგლისელი ასე სამარცხვინოდ როგორ გააქციაო». ეს ფრაზა ყველა რუსულმა ტელეარხმა უამრავჯერ დაატრიალა და საყოველთაო აღფრთოვანებაც გამოიწვია «ველიკოდერჟავული სიამაყით» გაჟღენთილ რუსულ საზოგადოებაში.
ერის მობილიზების ამ რესურსს (ველიკოდერჟავულ სიამაყეს და შოვინისტურ ქვენაგრძნობებს) პუტინი თავისი მმართველობის დასაწყისიდანვე იყენებდა, - ჯერ კიდევ ჩეჩნების განადგურებისას; თუმცა, განსაკუთრებულ წარმატებებს, ამ მხრივ, ჩვენდა სამარცხვინოდ და სავალალოდ, ე.წ «ხუთდღიანი ომის» დროს მიაღწია, როდესაც რუსული ტელე–პროპაგანდა, ისევ და ისევ, გაუთავებლად ატრიალებდა გამანადგურებელ, შოვინისტურად «მათრობელა» კადრებს, რომელთა გახსენება აღარ ღირს, თუმცა ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ისინი უკვე დაილექა ჩვენს მეხსიერებასა და ისედაც დასნევობებულ ეროვნულ ცნობიერებაში.
პუტინის რეჟიმი კი, სადაც ხელი მიუწვდება, სადაც კი მოუხერხდება, კვლავ და კვლავ იყენებს ნაციონალისტურ–შოვინისტურ რესურსს. მათ შორის ე.წ. ჰიბრიდული ომებისას. სინამდვილეში, უკრაინის ომი არა მხოლოდ ტერიტორიების დასაპყრობად და უკრაინის სახელმწიფოს გასანადგურებლად დაიწყო – მისი მენტალური დაჩაჩანაკებითა და ყველაზე მდიდარი რეგიონების ჩამოჭრა–დარბევით, – არამედ რუსულ საზოგადოებაში იმავე «ნაციონალისტური მობილიზების» უზრუნველსაყოფად.
პუტინს და მის იდეოლოგებს ესმით, რომ ეს პროცესი უწყვეტი უნდა იყოს, თორემ თუ რუსულ საზოგადოებას მუდმივი გამარჯვებების, მუდმივი წარმატების («აგვისტოს ომიდან» და ყირიმიდან – «ევროვიზიამდე» და სოჭის ოლიმპიადამდე) ეს მათრობელა «ბანგი» მოაკლდა, როგორიც შოვინისტური სიამაყითა და ძლევამოსილებით თრობაა, მაშინ რუსები დაიწყებენ კითხვების დასმას და ბევრ ისეთ მომენტს მიაქცევენ ყურადღებას, რაც «თრობისას» არ ახსოვთ. მაგალითად კორუფციას, ოლიგარქთა თავნებობას, რუსეთის მაჩანჩალობას (თუნდაც ჩინეთთან შედარებით) ტექნოლოგიურ რევოლუციაში და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სწორედ ეს გახდა სისტემური მიზეზი იმისა, რაც მოხდა საფრანგეთში: მარსელის გრანდიოზული «ჯახის» შემდეგ, ფრანგული და მსოფლიო მედია იმ უცნაურობებზე ალაპარაკდა, რაც სრულიად აშკარა იყო ოდნავ დაკვირვებული თვალისთვის. უპირველეს ყოვლისა, განსხვავება ინგლისელ და რუს ფანებს შორის:
ინგლისელი «საფეხბურთო ჰულიგნები» უკვე ათეული წლებია ცნობილნი არიან თავიანთი აღვირახსნილობით: მათ უკავშირდებათ უდიდესი ტრაგედია, რაც კი მომხდარა ფეხბურთის ისტორიაში - 1985 წლის 29 მაისის ჟლეტა ბრიუსელის «ეიზელის» სტადიონზე, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩის დაწყებამდე «ლივერპულსა» და «იუვენტუსს» შორის, როდესაც 39 ადამიანი დაიღუპა და ექვსასამდე დაშავდა.
ამის შემდეგ UEFA-მ ინგლისურ გუნდებს ხუთი წლით (თვით ლივერპულს – ექვსით) აუკრძალა ევროპულ ტურნირებში მონაწილეობა, რაც ისტორიულ დარტყმად იქცა მთლიანობაში, ინგლისური ფეხბურთისთვის! მაგრამ მაშინ ეჭვი არავის შეპარვია, რომ ინგლისელი საფეხბურთო ჰულიგნები სრულიად აპოლიტიკურნი იყვნენ და მთავრობის მხრიდან არ იმართებოდნენ.
სასაცილოც კია (თუ რაიმე შეიძლება იყოს სასაცილო ადამინურ ტრაგედიაში) იმაზე ლაპარაკი, რომ ინგლისის მთავრობა რაიმე თვალსაზრისით გაბედავს, ან საერთოდ აზრად მოუვა, შეაგულიანოს საფეხბურთო ფანატები, სპეციალურად მოამზადოს ისინი ჩხუბის, აყალმაყალისა და მასობრივი ჟლეტისთვის.
ინგლისელი ფანები იყვნენ და არიან ლუდით გაჭყეპილი პარანოიდული ტიპები, რომლებსაც, უბრალოდ, ქუჩის რომანტიკა, ჩხუბი და მცირე სისხლი იზიდავთ, თუმცა ეს მცირე სისხლი - დიდ სისხლადაც გადაქცეულა ხოლმე.
სულ სხვა რამ იხილა მსოფლიომ მარსელში: ბევრი დამკვირვებელი, ყველაზე ავტორიტეტულ, ფრთხილ, სოლიდურ და რესპექტაბელურ გამოცემებში აღნიშნავდა, რომ რუსი ფანები არ ჰგავდნენ ინგლისელებს არაფრით, ჩაცმულობის გარდა: ისინი იყვნენ ბრწყინვალედ მომზადებულნი, სამხედრო–ათლეტური გარეგნობისა, მოქმედებდნენ საოცრად პროფესიულად, კოლექტიურად, ორგანიზებულად, აშკარად წინასწარ შემუშავებული გეგმით; თან ჰქონდათ სპეციალური მოწყობილობები, ჰყავდათ ლიდერები, რომლებიც ფარულად, წინასწარ კარგად დამუშავებული ტექნოლოგიით ხელმძღვანელობდნენ მათ აქტივობებს; ანუ აძლევდნენ ნიშანს, თუ როდის დაეწყოთ კოლექტიური შეტევა, მასობრივი ჩხუბისას დაეცვათ მწყობრი ხაზი, ხოლო შემდეგ მიმალულიყვნენ ისე, რომ პოლიციას ვერ დაეკავებინა:
ფრანგულმა ჟანდარმერიამ რამდენიმე რუსი ფანი კი დააკავა, ორ–სამ მათგანს ციხეც მიუსაჯა, თუმცა ფრანგი პოლიციელები მხრების აჩეჩვით აცხადებდნენ, რომ რუსი «გულშემატკივრების» უმრავლესობა უცნაურად გაქრა, აორთქლდა, თითქოს წინასწარ გაიარეს მასკირებისა და მიმალვის ტრენინგი, ან . . . ეხმარებოდათ საფრანგეთში მოქმედი აგენტურული ქსელი, რომლის ბაზა რუსეთის საელჩოსა და საკონსულოებში იყო განლაგებული.
მარსელის ქუჩებში, ფრანგულმა სპეცსამსახურებმა იდუმალი ნიშნებიც აღმოაჩინეს შენობათა კედლებზე და სარეკლამო ბანერთა სადგამებზე, რომელთა შინაარსი, როგორც ჩანს, ის იყო, თუ საით უნდა გამართულიყვნენ რუს გულშემატკივართა დაგეშილი რაზმები, რათა განეხორციელებინათ თავდასხმა «მტერზე».
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბოლო მონაცემებით, მთლიანობაში, საფრანგეთში ჩავიდა ათასამდე კარგად გაწვრთნილი მეომარი, რომლებიც გაითქვიფენ ათი ათასობით ჩვეულებრივი რუსი გულშემატკივრისა და ადგილობრივი რუსული დიასპორის მასაში! აღარავინ დავობს, რომ ეს იყო არა გულშემატკივართა გუნდი, არამედ სპეცდანიშნულები რაზმი, რომელშიც სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენელნი მიავლინეს, – საფრანგეთში მასშტაბური აქცის ჩასატარებლად, ანუ ინგლისელთა საცემად მსოფლიოსა და აღფრთოვანებული რუსი ერის თვალწინ.
გამოუვიდათ კიდეც, სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი ქვეყანა (მით უმეტეს ინგლისი) არ იკადრებს და ვერც შეძლებს ამგვარი აქციის მოწყობას. ანუ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მომხდარი კიდევ ერთი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ და რატომ ახერხებს პუტინი «ჰიბრიდული ომების» მოგებას ყველგან, სადაც იწყებს – უკრაინის ჩათვლით: იმით, რომ როდესაც იშლება ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის, როდესაც იქმნება «საშუალედო ზონა» ცივი და ცხელი ომის მიჯნაზე, იქ აუცილებლად მოიგებს ის რეჟიმი, რომელსაც ტოტალიტარული, ნაციონალისტური მობილიზაციის მეტი უნარი აქვს:
დასაველთმა მოუგო მოსკოვს «ცივი ომი», უეჭველად მოუგებს (რამე რომ იყოს) «ცხელ ომსაც», მაგრამ «ჰიბრიდულ ომებში» დასავლეთი უძლურია, რადგან სისტემურად არ ძალუძს იმავე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება: როგორც მაგალითად, ინგლისის მთავრობას არ გამოუვა (რომც მოუვიდეს თავში ასეთი რამ აზრად, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია) ამავე მეთოდებით და მიზნით «დაგეშოს» საკუთარი გულშემატკივრები სპორტულ ასპარეზობებზე.
რატომ აირჩია პუტინმა მაინცდამაინც ინგლისელები? იმიტომ, რომ ინგლისელები ერთადერთი ერია ევროპაში, რომელსაც რუსეთისა არაფერი მართებს ისტორიულად! უკლებლივ ყველა სხვა ევროპელ ერს, ისტორიულად, რაღაც მაინც მართებთ რუსეთისა და რუსების, – გარდა ინლისელებისა.
ამიტომაც, ინგლისელთა საქვეყნო «დაჩმორება» პუტინისთვის შესანიშნავი «სამობილიზაციო რესურსია». ფეხბურთი კი, მოგვწონს თუ არა ეს ამ გენიალური ხელოვნების თაყვანისმცემლებს, დიდი პოლიტიკაა! ისევე, როგორც ყველაფერი, რაც ასეულობით მილიონ ადამიანს აღელვებს. ამიტომ, როდესაც CNN–ის ეკრანზე, ნიუ იორკის თაიმს–სქვერიდან – შანხაიმდე, მილიარდობით ადამიანი ადევნებს თვალს, როგორც აჩმორებენ რუსები – ანგლოსაქსებს, ეს უკვე გეოპოლიტიკური, თქვენ წარმოიდგიენთ, გარკვეული აზრით გეოეკონომიკური მომენტიც კია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის თავხედური ფრაზა «სანკტ–პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე» ამას მთლიანად ადასტურებს; და ისიც გავითვალისწინოთ, რომ მის მიერ დაწყებული უსასრულო «ჰიბრიდული მსოფლიო ომი» ყველგან მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოშიც. უბრალოდ, მრავალფეროვანი მეთოდებით და ტექნოლოგიით, ან სხვა ფორმებით: ამიტომ, მაგალითად, ის ქართული მედია, რომელიც, რეიტინგს თუ სკანდალს გამოკიდებული, ან სხვა, ბევრად უარესი მოტივით, სივრცეს უთმობს მარგინალ–პროვოკატორებს, - წარსულის აჩრდილებს, ვინც აშკარად პრორუსულ ინტენციათა გაღვივებას და შიდა–ღრებულებითი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ, ამით, შესაძლოა უნებლიედ, მონაწილეობს ჰიბრიდულ ომში ჩვენი ქვეყნისა და ცივილიზებული მსოფლიოს ყველაზე ბოროტი, თუმცა, იმავდროულად (ვაღიაროთ) ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი მტრის მხარეს, რომელიც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვყოლია.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ნიკა იმნაიშვილი