9–10 ივნისს დანიშნულია ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებისა და იუსტიციის მინისტრთა სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი. თუმცა, მაღალი ალბათობით, თემა გადაიდება, მინიმუმ შემოდგომისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ «ჰაერში გამოეკიდება».
«პირველ ვიოლინოს» ამ პროცესში ასრულებს გერმანია, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა, თუმცა არა მხოლოდ: სხვებმაც შეიტანეს წვლილი. უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში აწყობთ, წინა პლანზე გერმანია წამოსწიონ, ხოლო ბერლინი თანხმდება ამ როლს და საერთო აზრს თუ განწყობას გამოხატავს ხოლმე.
აქვე უნდა ითქვას, რომ ის, რაც ახლა ხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად «ფეიკ–ორგანიზაციაა» ევროკავშირი, როდესაც საქმე – საქმეზე, ანუ წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე მიდგება. დავაკვირდეთ: ევროკავშირის მმართველმა ორგანომ, «ევროკომისიამ», რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ევროკავშირის «კოლექტიური მინისტრთა კაბინეტია», დაადასტურა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება და საბოლოო ვერდიქტისთვის საკითხი გადაუგზავნა «ევროპის საბჭოს». ეს ორგანო შედგება პრეზიდენტებისა და პრემიერ–მინისტრებისგან. ორი ქვემდებარე ორგანო, რომელმაც დაბლოკა ვიზალიბერალიზაცია («წარმომადგენელთა საბჭო» და «შინაგან საქმეთა – იუსტიციის მინისტრების საბჭო») სწორედ ამ უმაღლესი ორგანოს ქვემდებარეა.
ანუ, დავაკვირდეთ მთავარ განსხვავებას ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს შორის: პირველი არ კომპლექტდება ნაციონალური ნიშნით და წარმოადგენს სრულიად ევროპას, როგორც გაერთიანებული ევროპის ინტერესები ესმით კონკრეტულ მოღვაწეებს, ვინც დანიშნულია ევროკომისრად. მეორე ორგანო კი შედგება უკვე ნაციონალური წარმომადგენლებისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროკომისრები, ვინც საქართველოს საკითხი განიხილა და დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღო, პირდაპირ არ ემორჩილებიან იმავე ანგელა მერკელს, ან ფრანსუა ოლანდს; ხოლო «მუდმივი წარმომადგენლები» და შინაგან საქმეთა თუ იუსტიციის მინისტრები პირდაპირ მათი ხელქვეითები არიან: ანგელა მერკელი ვერ დაურეკავს ევროკომისარს და ვერ უბრძანებს მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. სამაგიეროდ, შეუძლია დაურეკოს შინაგან საქმეთა მინისტრს და უბრძანოს: «საკითხი დაბლოკე მანამ, სანამ «ევროპის საბჭოზე» განსახილველად შემოვაო».
გასაგებია რატომ: იმიტომ, რომ პრეზიდენტებსა და პრემიერებს არ აწყობთ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება და ურჩევნიათ საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს, აი, შინაგან საქმეთა მინისტრს გაუჩნდა კითხვები . . . . იუსტიციის მინისტრს გაუჩნდა კითხვები . . . და ა.შ.
ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი დიპლომატიური თვალთმაქცობაა და სხვა არაფერი: ფაქტია, რომ განსხვავებით ევროკავშირის უშუალოდ მმართველი ორგანოსაგან («ევროკომისია») რომელმაც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რაკი აღიარა საქართველოს მიერ ყველა პირობის შესრულება, რეალურად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ა.შ) დაბლოკეს ვიზალიბერალიზაცია სხვადასხვა ნაციონალური მოსაზრებით: ერთნი მოსკოვს გაურიგდნენ, სხვები თურქეთსა და უკრაინას ევაჭრენ, ვიღაცას მართლაც შეეშინდა ქართველი «კანონიერი ქურდების» და ა.შ.
ერთი სიტყვით, იმოქმედეს ცინიკურად და საკუთარი დეკლარირებული ღირებულებების საწინააღმდეგოდ: ბოლოს და ბოლოს, თუ ევროკავშირის მიზანი ზენაციონალური, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციის შექმნაა, მაშინ ევროკომისიის ვერდიქტი საქართველოს შესახებ რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ვიზალიბერალიზაციისთვის? ევროკომისია ევროპის ინტერესთა საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს? მართლა რაიმე საფრთხე რომ ყოფილიყო, ევროკომისია უკან დაიხევდა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ანუ, «საერთოევროპულმა იდეამ», ამ შემთვევაში კრახი განიცადა ნაციონალური, ეგოისტური, ცინიკური გათვლების წინაშე, ხოლო კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა (უპირველეს ყოვლისა ანგელა მერკელმა!) ყოვლად უსინდისოდ გაწირეს და «ხურდაში დაგვაბრუნეს» სხვა სახელმწიფოებთან ვაჭრობის პროცესში, ანუ იოლად გაყიდეს ქვეყანა, რომელმაც, როგორც თავად აღიარებენ, ყველა პირობა შეასრულა და კონკრეტული ზარალიც კი განიცადა იმის გამო, როგორმე ვიზალიბერალიზაცია მიეღო: ჩვენ კი გვიმტკიცებდნენ ადგილობრივი უმეცარნი, თითქოს ევროკავშირს არ მოუთხოვია აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებთან სავიზო რეჟიმის შემოღება, რამაც საქართველოს ბიუჯეტს ასეულობთ მიოლიონი ლარი დააკლო, მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ ასე იყო: არც ერთ დოკუმენტში ამ მოთხოვნას არ ჩაწერდნენ, თუმცა დახურულ კარს მიღმა და «ფრაზებს შორის» ეს კატეგორიული მოთხოვნა ნამდვილად იკითხებოდა.
შედეგად მივიღეთ პირდაპირ სულში ჩაფურთხება: «ქართველი «კანონიერი ქურდები» და კრიმინალური დაჯგუფებებიო». კი მაგრამ, ამ პრობლემის არსებობის შესახებ ევროკომისიამ არ იცოდა? შარშან არ იცოდნენ? შარშანწინ არ იცოდნენ? რომელიმე დოკუმენტში ეს პრობლემა არსებითად ფიგურირებდა? «არსებითად» კი არა საერთოდ სადმე გაჟღერებულა დღემდე? რაიმე პირობა არსებობდა ამ თემაზე გარდა «რეადმისიის» ანუ საქართველოს ხარჯზე უკანონო ემიგრანტთა და კრიმინალში ეჭვმიტანილთა ექსტრადირებისა, რაც თბილისმა მაშინვე დააკმაყოფილა?
არსად, არასდროს ეს თემა არ ფიგურირებდა. მით უმეტეს, როგორც რაიმე პირობა.
და ახლა, როცა თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო და ქვეყანამ ყველა ეტაპი განვლო, აი სწორედ ახლაღა გვეუბნებიან, რომ თურმე «ქართული კრიმინალური ჯგუფების პრობლემა იმდენად აღელვებთ, ამის გამო მრავალწლიანი ჯაფა წყალში უნდა ჩაყარონ!» თითქოს არც ყოფილა მოლაპარაკებათა მრავალი რაუნდი, შეთანხმებები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებები პირობათა შესასრულებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მაშინ ან თვითონ უდა ეთქვათ, ან ქართულ მხარეს თავად ეღიარებინა და საზოგადოება გაეფრთხილებინა: «ჩვენ რომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ჩვენ რომ ვასრულებთ პირობებს და ეტაპს – ეტაპზე გავდივართ «ვიზალიბერალიზაციის» პროცესში, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, რადგან როცა «საქმე–საქმეზე» მიდგება, ყველაფერი შეიძლება ჩაიშალოს ბერლინსა და ანკარას ან ბერლინსა და მოსკოვს შორის მიმდინარე ვაჭრობის გამო. ან, შესაძლოა მოხდეს ისეც, რომ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა თუ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიწეროს რაღაც წერილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ან საფრანგეთის პრეზიდენტს, მოიხმოს ციტატა რომელიღაც საგაზეთო სტატიიდან «ქართველი კრიმინალების მიერ ბინების ძარცვის» შესახებ, მოიყვანის აშკარად ქსენოფობიური (!), შოვინისტური არგუმენტაცია და ამ მოტივით, საბოლოოდ დაიბლოკოს ვიზალიბერალიზაცია!»
თუ ასეა, რა ღირს ევროკავშირი, ევროკომისია, მისი პროგრამები და ა.შ? ღირს კაპიკი! – ზუსტად იმდენი, რამდენიც ქაღალდი, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ამდენი დეკლარაცია, ამდენი ლამაზი ფრაზა, შეთანხმება და კონვენცია დაიწერა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისმის კითხვა: საქართველოს მთავრობას, - ან დღევანდელს, ან ოდესმე რომელიმეს, - ერთხელ მაინც ხელი დაუფარებია ქართველი კრიმინალებისთვის, თუკი ევროპელებმა მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ქართველ კოლეგებს? თუნდაც ერთი ასეთი შემთხვევა ყოფილა მთელი ამ წლების განმავლობაში?
თურმე საქართველოა ვალდებული ებრძოლოს ბანდიტებსა და ყაჩაღებს არა საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ გერმანიაში, ესპანეთში და საფრანგეთში!
რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მხოლოდ საბაბია, ანუ «სათქმელი». დღეს ალაპარაკდნენ «კანონიერ ქურდებზე» და უკანონო ემიგრაციაზე, თითქოს (ვიმეორებ) ეს დღევანდელი პრობლემა იყოს და 3 წლის წინ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ამიტომ მაინცდამაინც ბოლო მომენტში უნდა გახსენებოდათ.
ცხადია, რეალური მიზეზია ის დიდი ვაჭრობა, რასაც გერმანია და სხვა ევროპული სახელმწიფოები აწარმოებენ თურქეთთან, რუსეთთან და უკრაინასთან. ამ თამაშში საქართველოს, სამწუხაროდ, «ხურდაში დასაბრუნებლის» როლი დაეკისრა: ვიღაცეები რაღაცაზე შეთანხმდნენ და ჩვენ «ხურდაში დაგვაბრუნეს» – სხვა საკითხებთან და სხვა გაცვლა–დათმობებთან ერთად, რასაკვირველია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ, ნამუსგარეცხილობამდე ცინიკოსი ევროპელი ლიდერები ამას ვერ მოახერხებდნენ, საქართველოს რომ დიპლომატია ჰყავდეს!!! დიპლომატიის კვალიფიციურობა და პროფესიონალიზმი სწორედ იმაში გამოიხატება, ინტერესთა ბალანსი შექმნას და აიძულოს(!) პარტნიორი გაითვალისწინოს მისი ინტერესები. თუ არ აიძულებ, თუ პრობლემებს არ შეუქმნი, იგი აუცილებლად ივაჭრებს შენი ინტერესებით სხვებთან.
როგორ მოახერხა, მაგალითად, სომხურმა დიპლომატიამ (ესე იგი ჩვენსავით პატარა ქვეყანამ) გერმანიის ბუნდესტაგში «გაეტანა» მათთვის უმნიშვნელოვანესი (უვიზო რეჟიმზე ბევრად მნიშვნელოვანი) რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ, რომელმაც, ყველაფერთან ერთად, უზრუნველჰყო გერმანიის და ევროკავშირის გარდაუვალი მხარდაჭერა სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის შესაძლო განახლების შემთხვევისთვის? - სომეხმა დიპლომატებმა მოახერხეს, «შემძვრალიყვნენ» ინეტრესთა რთულ ბალანსში გერმანიასა და თურქეთს, გერმანიასა და რუსეთს შორის და ეს ბალანსი ოსტატურად გამოეყენებინათ საკუთარ ეროვნულ ინტერესთა განსახორციელებლად.
რატომ ვერ ახერხებენ ამას ქართველი დიპლომატები? რატომ იჭრება ნებისმიერი კონფლიქტი არა საქართველოს ინტერესთა სასარგებლოდ, არამედ პირიქით, მისი ინტერესების საზიანოდ, და მის ხარჯზე? იმიტომ, კი არა, რომ საქართველოს კოზირები არა აქვს, არამედ სწორედ არაპროფესიონალიზმის გამო, რისი ერთ–ერთი გამოხატულებაცაა საკუთარი ინტერესების დაცვის უუნარობა: მივაქცით ყურადღება, რომ არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც მთავრობას, ჯერ ჯერობით, არანაირი პროტესტი არ განუცხადებია იმ აშკარად ქსენოფობიური, შეურაცხმყოფელი ბრალდებების გამო რაც ისმის ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოებიდან. არც ერთი საყვედური ვიზალიბერალიზაციის ჩაშლასთან დაკავშირებით (თუმცა საქართველომ ყველა პირობა შეასრულა) არ მოგვისმენია.
ბუნებრივია, როცა შენი პარტნიორები ხედავენ: ხმის ამომღები არა ხარ და მუდამ გეშინია, ისინიც ყოველთვის შეეცდებიან, საკითხი შენს ხარჯზე გადაწყვიტონ! რატომაც არა, თუკი მაინც ყველაფერს მოითმენ და გართულებებს მოერიდები?
სანამ ქართული დიპლომატია არ ისწავლის მკაფიო ტონით საუბარს თუნდაც მოკავშირე დასავლელ პარტნიორებთან, სანამ არ ისწავლის, როგორ იმუშაოს «ინტერესთა ბალანსზე», როგორ განაცხადოს საჭირო დროს პროტესტი და იქით შეუქმნას საპასუხო, დამატებითი პრობლემები მათ, ვინც ცდილობს საკუთარი პრობლემები ჩვენს ხარჯზე გადაწყვიტოს, მანამ ასევე მწარედ დავმარცხდებით, ხოლო პრორუსული ძალები მიიღებენ სრულიად ლეგიტიმურ საფუძველს ამტკიცონ: ევროპა «ბებერი მეძავია», ხოლო «ევროპული ორიენტაცია» – სრული სისულელე. ამიტომ ისევ «ერთმორწმუნე ძმისკენ» უნდა შევტრიალდეთ.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ნიკა იმნაიშვილი