ENG / RUS       12+

70-ე წელი ანა კალანდაძის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისა

„დიდი მოვლენა და სასწაული“ - ასე უწოდა ნიკა აგიაშვილმა 1946 წლის 25 მაისს, დღეს, როცა ანა კალანდაძე მოევლინა ქართულ მწერლობას.

გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დაწყებულმა ომმა (1941-1945 წწ.) შეიწირა 300 ათასი ქართველ ვაჟკაცი, ფაქტობრივად, გაანადგურა ჩვენი გენოფონდი, მოგვიმრავლა ცრემლდამშრალი დედები, ასობით სატრფოს მომლოდინეს წაართვა სიხარული და ბედნიერება, ჩაუკლა სიყვარული, ფითრივით აგვედევნა სიტყვა „შინმოუსვლელი“... მერე ქვის ძეგლებად იქცა ქვეყანა, ყველგან დაიდგა შინმოუსვლელთა ობელისკები. გამომუშავდა და ჩამოყალიბდა ერთგვარი კლიშე, სტერეოტიპი, მკაცრი ესთეტიკა – ლოზუნგად და ზოგჯერ ტრაფარეტად ქცეული. სტეფანწმინდაში (ყაზბეგში) დგას შინმოუსვლელთა ძეგლი სულისშემძვრელი წარწერით: „ჩვენ ოცდაორი ვიკმარეთ ჩვენთვის, / დანარჩენი სამშობლოსთვის შეგვიწირია“... რა თქმა უნდა, ძნელი იყო ის სისხლიანი წლები ქვეყნისთვის, ხალხისთვის. პოლიტიკური რეჟიმი თავისი გეზით მიაქანებდა ქვეყანას, მკაცრად იმორჩილებდა ადამიანების ფიქრებს, სურვილებს, აზრებს; აკვირდებოდა ყოველ სტრიქონს, მუსიკალურ ტაქტს, ფუნჯის მოსმას, რათა არ დაეშვა „პარტიის გენერალური ხაზიდან“ გადაცდენა. შურისგების წყურვილის ლიტერატურულ-პოლიტიკურ დისკურსში დაიბადა ანა კალანდაძის პოეზია. მისი მოსვლა ქართულ მწერლობაში იყო დინების საწინააღმდეგოდ სვლა, ანაქრონიზმი, სრული აპოლიტიკურობის ცოცხალი სახეობა ოფიციოზისათვის, ხოლო ქართული ლირიკის აღორძინება (გ. ქიქოძე), ქართული ლექსის ფერისცვალება (შ. ზოიძე) ლიტერატურის ისტორიისთვის.

1946 წლის 25 მაისამდე  ასეთი გზა განვლო პოეტმა:

პოეზიაში გზა მამიდამ დაულოცა (ოლღა კალანდაძემ), პირველი ორსტროფიანი ლექსი „ბადრი მთვარე“ ზაფხულის არდადეგებზე სოფელ ხიდისთავში დაიწერა და მისგან იყო ინსპირირებული (ლექსი დაკარგულია). შემდეგ ქუთაისის პირველ საცდელ-სანიმუშო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლის, 11 წლის ანა კალანდაძის, ეს ლექსი კედლის გაზეთში დაუბეჭდავთ (დედამ „გამცაო“ - იგონებდა პოეტი). იდგა 1935 წელი, თუმცა 1946 წლამდე არაფერი გამოუქვეყნებია. წერდა თავისთვის და მხოლოდ მამიდა ადევნებდა თვალს მის შემოქმედებითს წვას, შიგადაშიგ ფრთხილ რჩევებსაც მაძლევდაო.

სტუდენტობის წლებში თბილისში საცხოვრებლად გადმოსული ანა კალანდაძე ჩაიკეტა, სურვილიც კი არ გასჩენია, ვინმესთვის განედო თავისი ნაწერების შესახებ, უკვე აღარც მამიდას აკითხებდა... იწურებოდა სტუდენტობის ნანატრი წლები და დგებოდა „ჟამი განცხადებისა“.

მაგარყდიან საერთო რვეულში ჩაწერილი ლექსები, პატარა წერილთან ერთად, ნათესავი ჟურნალისტის ხელით დიმიტრი ბენაშვილს გაუგზავნეს. მალევე „ბატონმა დიმიტრიმ გულთბილად მიმიღო, დიდხანს მესაუბრა და სულ ახალი, ბოლო დღეებში დაწერილი ლექსების მიტანაც მთხოვა. ადრე მიტანილები უკვე მანქანაზე გადაებეჭდათ. რამდენიმეს ფანქრით ისეთი მინაწერი ჰქონდა, რომ საქმეს კარგი პირი უჩანდა“. ამის შემდეგ ეს რვეული გიორგი ნატროშვილთან (გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების“ რედაქტორი იყო) გაიგზავნა, უკვე დიმიტრი ბენაშვილის ბარათთან ერთად, რომელშიც სთხოვდა რედაქტორს, შეძლებისდაგვარად, შეერჩია ის ლექსები, რომელთა  დაბეჭდვასაც ჩათვლიდა მიზანშეწონილად. G

გამოხდა ხანი. პასუხი არ ჩანდა. ვინ იცის, რამდენი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ანა კალანდაძემ რედაქციაში მისვლა რვეულის უკან წამოსაღებად. რედაქტორის კაბინეტი მწერლებით სავსე დახვდა. გიორგი ნატროშვილი გაოცებას ვერ მალავდა:

_ თქვენ ხართ ანა კალანდაძე? სად დაიკარგეთ?! რატომ აღარ გამოჩნდით?!

ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოდგა. ვიღაცამ სკამი შესთავაზა... თავად კი მორიდებით წარმოთქვა: რვეულის წასაღებად გეახელითო!

_ ვერსად ვერ წახვალთ, სიმონ ჩიქოვანს უნდა თქვენი გაცნობა, საცაა მოვა, დაელოდეთ! – გადაჭრით მიუგო რედაქტორმა.

 სიმონ ჩიქოვანი ამ დროისათვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო... ამას აღარ ელოდა მორცხვი და თავდახრილი ანა კალანდაძე, დაიბნა. მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, გარეთ დავიცდიო და აივანზე გავიდა...

ახლა სიმონ ჩიქოვანის კაბინეტში აღარ იყო ტევა. რვეული მოიკითხეს. ერთ ცნობილ კრიტიკოსს შინ წაეღო. დაურეკეს, სასწრაფოდ მოატანინეს. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ფურცლავდა რვეულს და ხმამაღლა კითხულობდა. ირგვლივ ანას პოეზიის მადლი იფრქვეოდა...

1946 წლის 24 მაისს ანა კალანდაძემ მწერალთა კავშირის საქმეთა მმართველის წერილობითი შეტყობინება მიიღო: „გთხოვთ, მობრძანდეთ 25 მაისს, დღის 1 საათზე მწერალთა კავშირში თქვენი ლექსების კითხვა ეწყობა“ . პოეტისთვის ესეც მოულოდნელი იყო. არც შინ და არც უნივერსიტეტში კრინტი არ დაუძრავს, არავისთვის არაფერი უთქვამს. კითხვა პოეზიის სექციამ მოაწყო (სექციას ხელმძღვანელობდა კონსტანტინე ჭიჭინაძე).

საქმე ისაა, რომ ვიდრე ეს დაუვიწყარი შეხვედრა გაიმართებოდა, ანა კალანდაძის ლექსები ხელნაწერებით გავრცელდა მთელ ქალაქში. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ „კითხვა პოეტების ვიწრო წრეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოულოდნელად ახალგაზრდა პოეტს ფართო საზოგადოების წინაშე მოუხდა გამოსვლა“.

როგორც კი გადაშლით ანა კალანდაძის ამ სქელყდიან რვეულს, დაგხვდებათ ასეთი მინაწერი: ქსენია, გადაუბეჭდე ამხ. ანა კალანდაძეს ეს ლექსები. სიმონ ჩიქოვანი“. შემდეგ გვერდზე კი, ფურცლის ბოლოში, პოეტის ლამაზი კალიგრაფიით წერია: ლექსები ანა პავლეს ას. კალანდაძისა. 1945-46 წწ.“

ნიკა აგიაშვილი იგონებს: „მარჯანიშვილის ქუჩის მეხუთე ნომერში მდებარე გამომცემლობა „საბლიტგამის“ მემანქანე ელიკო ციბაძის ხელით გადაბეჭდილი ის ლექსები მაჩაბლის ქუჩის მეცამეტე ნომერში მოგვიანებით მივიტანე (ორ საათზე მეტი იყო უკვე. რატომღაც ჩვენთან იმ დღეს არც ერთი მემანქანე არ აღმოჩნდა). გასაოცარი სანახაობის მოწმე გავხდი: ამდენი მწერალი და დუდგო ხალხი მწერალთა პლენუმებსა და საქმიან თავყრილობებზეც არ მინახავს. ისხდნენ, იდგნენ და ელოდნენ რაღაც დიდ მოვლენასა თუ სასწაულს... სიმონმა მისაყვედურა დაგვიანებისთვის, სასწრაფოდ კრება გახსნა და იმ კრების მდივნად მაგიდასთან გვერდით მომისვა. აუდიტორიამ ავტორს სთხოვა საკუთარ ლექსთა წაკითხვა, ისიც ავიდა ტრიბუნაზე, მანქანაზე გადაბეჭდილი ფურცლები განზე გადადო, ერთ-ერთი რვეული ამოარჩია, გაშალა და დაიწყო. როგორც ჩანს, ავტორს მეხსიერება ღალატობს, რადგან თავად პოეტის არქივში მხოლოდ ის ერთი სქელყდიანი რვეულია (ყველაზე ადრინდელი) სიმონ ჩიქოვანის იმ რეზოლუციით, ზემოთ რომ მოვიხმეთ.

დარბაზი მონუსხული უსმენდა, დროდადრო ტაშითაც ამხნევებდა 22 წლის ანას, აქა-იქ კენტი ტაშიც კი წამოსცდებოდა ვინმეს და მას მყისვე აჩუმებდნენ. პირველი ალექსანდრე აბაშელი წამოიჭრა, მივიდა, ხელზე ემთხვია პოეტს და ათრთოლებულს უთქვამს: „თურმე შესაძლებელი ყოფილა ახლა ასეთი ლექსების წერა... ალბათ, არასოდეს დაგვჭირვებია მსგავსი რამ, როგორც დღეს. მერე რა დროსა და როგორ ვითარებაშია თქმული ეს? სწორედ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა... გამიხარეთ მოხუცს გული, ყოველ წუთსა და საათს წვეთ-წვეთად შემასვით ეს ღვთაებრივი ზედაშე, ამ სიბერის ჟამს ნუ მომაკლებთ დიდ ბედნიერებას, ასე მაკითხეთ და მასმენინეთ ეს მშვენიერი ლოცვები“.

ამის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია წამოდგა და თქვა: „ყოჩაღ, ყმაწვილო ასულო! მინდოდა მეთქვა, დღეის ამას იქით მავანმა და მავანმა ზოგ-ზოგებმა კალამს ხელი უნდა შეუშვან-მეთქი, მაგრამ - არა, პირიქით მოხდება: ბევრ ახალგაზრდა პოეტს საგრძნობ სტიმულს მისცემს დღევანდელი ამბავი, ისინი უფრო მოიმარჯვებენ კალამს, ანასთან ერთად განადიდებენ ჩვენს ისედაც დიდებულ პოეზიას“.

 ანას ლიტერატურულ დებიუტს გამორჩეული სიხარულით შეეგება გერონტი ქიქოძე. ის თურმე ფეხზე იდგა სალონის გამოსასვლელ კარში, არც ერთ სკამზე არ ინება დაჯდომა, რამდენიმე საგულისხმო სიტყვაც უთქვამს. მერე ასე შეაფასა ეს დღე: „1946 წლის 25 მაისი დიდი თარიღია ქართული ლიტერატურის ცხოვრებაში. მწერალთა სასახლეში ოცდაორი წლის ქალიშვილმა ანა კალანდაძემ თავისი ლექსების რვეული წაგვიკითხა მსმენელებით სავსე დარბაზში. ამ დღიდან იწყება ქართული ლირიკის აღორძინება. ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი დიდი პოეტი მოგვევლინა... მისი ხმის მუსიკა ახლაც მესმის. თუ ჩემს ასაკში ან მდგომარეობაში კიდევ შეიძლება ბედნიერი წუთების განცდა, მე ის გუშინ განვიცადე“.

სიტყვებით გამოსულან სიმონ ჩიქოვანი, ირაკლი აბაშიძე, კონსტანტინე ჭიჭინაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე. მანანა კაკაბაძის მოგონების მიხედვით, პოლიკარპე კაკაბაძეს უთქვამს: „ნამდვილი პოეტი!“ და ეს მისი აღფრთოვანება იმდენად გადამდები იყო, რომ მწერალთა კავშირის კედლები გაავსო ამ განწყობილებამ“.

რა მოხდა? რა იყო ასეთი საყოველთაო აღფრთოვანების მიზეზი? _ მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს მოვიხმობთ:

„საშინელი ომი ის იყო დაცხრა და შენც გამოჩნდი. არცთუ ნაომარ, ჯერ ისევ ფარაჯაგაუხდელ ჩვენს თაობას, არამედ მთელ ქართულ მწერლობას, რკინითა და აბჯრით შეჯავშნულ მთელ ქართულ პოეზიას შეახსენე, რომ... არსებობდა დავიწყებული ცის ლურჯი ნაჭერი და მინდვრის სუსტი ყვავილი; არსებობდა პიროვნული, კერძო ადამიანური სამყაროც“ - მ. ლებანიძე;

„ნუთუ შეიძლება ომის დამთავრებიდან ერთი წლის  შემდეგ, ცრემლების ნაცვლად, სიყვარულზე, ჭიამარიაზე, ქარზე, ბალახზე, ვარდზე… ესაუბრო მკითხველს?! - მ. ჩორგოლაშვილი;

„ანას ლექსებში იგრძნობოდა არა იმდენად ომის ქარიშხალი, არა ქვემეხების ყეფა, არა დამსხვრეული ტანკების შემხუთავი ბოლი, არა ტრაქტორების გუგუნი, არამედ წმინდა გამჭვირვალე ცა, რომელსაც სადღაც თითქოს ბზარი ემჩნეოდა... ამ ლექსებს მკითხველი გადაჰყავდა განცდათა სულ სხვა, ცხოველ სამყაროში - შ. აფხაიძე;

„ანა კალანდაძის პოეზიამ უდიდესი გარდატეხა მოახდინა მაშინდელი როგორც უფროსი, ისე ახალგაზრდა თაობის სულიერ ცხოვრებაში“ - ა. ბაქრაძე;

„მან მოიტანა საკუთარი პოეტური თავისუფლება ფიქრის და განცდისა, თემის არჩევისა და მისი გადაწყვეტისა, პოეტური სამყაროს შექმნისა და მისით ცხოვრებისა.Aანა კალანდაძე არის პირველი პოეტი, რომელმაც ჩვენს ხასიათში, წარსულში, ბუნებაში, სულში აღმოაჩინა (და შეიტანა), ძირითადად, მშვენიერი და უმღერა მას“  - ნ. ჩხეიძე;

თაობის სათქმელი ზუსტად გამოხატა გურამ ასათიანმა: „იმ წლების _ სისატიკის, მრისხანების, სიძულვილის წლების _ შემდეგ ანა კალანდაძე იყო ჩვენი თაობის დიდი სიყვარული“.

ანა კალანდაძის პოეზიაში წარსული ცოცხლდება ორმაგი ფაქტურით _ ენობრივითა და შინაარსობრივით. წმინდა ნინოს, შუშანიკის, თამარისა და ქეთევანის ფრესკული სახეების დახატვით, პოეტმა თანამედროვეობას არა მხოლოდ დაუბრუნა ისტორიული წარსული, არა მხოლოდ შეგვახსენა რწმენისა და მამულისათვის შეწირული დედანი, არამედ დაიწყო წარსულთან დიალოგი. მოგვიანებით, 1959 წელს, დაიწერა „ფეხი დამადგით“, _ დავით აღმაშენებლის უაღრესად ცოცხალი პორტრეტი. ეს არ იყო წარსულში დაბრუნება ან წარსულით ცხოვრება. ანა კალანდაძემ გასაგებად გვითხრა ის, რაც ასე მნიშვნელობდა მაშინაც და არ კარგავს სიმძაფრეს დღესაც, რომ წარსული ყოველთვის განგვსაზღვრავს, ის შემოდის ჩვენს ყოფაში, გვახსენებს თავს და გვიჩვენებს ჩვენგანვე მივიწყებულ თუ დაკარგულ ღირებულებით სისტემას. ამიტომაა პოეტისთვის წმინდანთა სახეებზე წერა სიმშვიდისა და სულიერი თავისუფლების კონტექსტი. მის პოეზიას სხვათაგან გამოარჩევს არაამქვეყნიური, ერთდროულად არქაულიც, მაგრამ უაღრესად რომანტიკული ენობრივი მოდელი. მისი სამეტყველო ენა და პოეტური სტილისტიკა არის უპირველესი  და ძალიან მნიშვნელოვანი ხილული სახე ენის განცდისა. აქ სიტყვას აქვს განმსაზღვრელი ფუნქცია, იგი ავტორის გულისა და გონების, სულისა და აზრის ანაბეჭდია და, მსგავსად ჰიმნოგრაფიისა, გარკვეული მუსიკალური ანტურაჟიც ახასიათებს (ჰიმნოგრაფია ხომ ლოგოსისა და მელოსის სინთეზია). ასეთი მუსიკალური რიტმიკა თითქოს ბადებს მონასტრულ სიმშვიდეს. ანა კალანდაძის პოეტური ენა რაღაც საკრალიზებულ სივრცეს ქმნის. მის ირგვლივ რეკონსტრუირდება უღიმღამო ყოფითობა, შეიჭრება ზეციური პლანი, დაპირისპირებული მიწიურთან, და მკითხველი აღმოჩნდება რწმენისა და სიყვარულის სასწაულის პირისპირ.  შესაძლოა ითქვას, რომ მან, ფაქტობრივად, დაიწყო ახალი, მეოცე საუკუნის  ჰიმნოგრაფიაა.

70 წლის წინ ანა კალანდაძის გამოჩენა სამწერლო ასპარეზზე იყო დინების საწინააღმდეგოდ სვლა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დღესაც საგრძნობია ახალი აგრესიული ათეიზმის საფრთხე და დაუძლეველი ეროვნული ნიჰილიზმიც. თუ საზოგადოებას ეყოფა კეთილგონიერება და იქნება სულიერ ფასეულობათა ერთგული, თუ ანა კალანდაძის ხმას მიჰყვება „დიდის მნათობის კვლავ მიახლებად“, თუ არ დაიზარებს ყოფნას „მაღალ ღრუბლებთან, მაღალ ქარებთან“... მაშინ აუცილებლად გამოუბრწყინდება მიუღწეველი, უცნაურიც ექმნება საცნაურ, ყოველთვის მიეცემა წყნარი სადგური, სულთ დასამკვიდრები. ამქვეყნიური ბედნიერებაც ხომ ესაა?!

საბა მეტრეველი

 

ავტორი: . .