როგორც მოსალოდნელი იყო, ე.წ. გალის შეხვედრა «ინციდენტების პრევენციის კომისიის» ფორმატში არათუ უშედეგოდ, არამედ კიდევ ერთი, მორიგი (უკვე მერამდენე) თავსლაფდასხმით დასრულდა: აფხაზური რეჟიმის წარმომადგენლებს სასაცილოდაც არ ეყოთ ქართული მხარის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის ექსტრადირების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება კი ურცხვად გვატყუებს, თითქოს აფხაზეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პირსისხლიანი მკვლელის, რაშიდ ყანჯი ოღლის წინააღმდეგ.
«დაკავებულიაო», ამას უკვე აღარ გვეუბნებიან.
სინამდვილეში, აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ საქმე აღძრა არა ყანჯი ოღლის წინააღმდეგ, არამედ «ფაქტზე». ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ რამე მაინც უნდა გაეკეთებიანთ, რათა დასაველთთან (რომელიც ჩვენ თავად ჩავრთეთ სისხლიან რეჟიმთან შუამავლად) «სათქმელი» ჰქონოდათ.
აფხაზეთის ხელისუფლება ძალიან ეშმაკურად და ჭკვიანურად თამაშობს დასავლური მიმართულებით და სერიოზულ წარმატებებსაც აღწევს ქართველ პოლიტიკოსთა გაუთავებელი ისტორიული რიგის სრული არაკომპეტენტურობის, უპასუხისმგებლობისა და სიბრიყვის წყალობით.
ხურჩაში ჩადენილი საშინელი დანაშაულიც კი იმისთვის გამოიყენეს, რათა მეტი ლეგიტიმურობა მოეპოვებინათ: ევროპელები, რომლებიც შუამავლობენ «საქართველოსა და აფხაზეთს» შორის, უკვე მხრებს იჩეჩენ: «ხომ ხედავთ, რა პასუხისმგებლობით (?) იქცევა აფხაზეთის ხელისუფლება – საქმეც კი აღძრეს, ესე იგი იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ასეთი მკვლელობის შემდეგ პასუხისმგებელი, ცივილიზებული სუბიექტიო».
ხოლო ის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა არა ყანჯი ოღლის წინააღმდეგ, არამედ «ფაქტზე», ამ თამაშში აფხაზურ რეჟიმს სულაც არ უშლის ხელს. რეალურად რომ მკვლელს არავინ დასჯის, ეს აღარავის დააინტერესებს; დასავლეთს ამ შემთხვევაშიც აინტერესებს მხოლოდ ერთი: «ისედაც ბევრი თავის ტკივილი გვაქვს და არ გვინდა კიდევ ერთი თავის ტკივილი თუნდაც ნამდვილად მხეცური მკვლელობის გამო».
აფხაზეთის «საგარეო საქმეთა სამინისტრო» კი, ამ დღეებში, შანსს არ უშვებს და აქტიურად ეკონტაქტება დასავლელ დიპლომატებს, დასავლურ საელჩოებს მოსკოვშიც და თბილისშიც, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს; ქმნის ილუზიას, თითქოს რაღაცას «იძიებს» და ა.შ. ანუ, იმ საბრალო ბიჭის მკვლელობას, გველური ეშმაკობით, ისევ და ისევ იმისთვის იყენებენ, რათა აფხაზეთი გამოჩნდეს საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც «პასუხისმგებელი და თანასწორი სუბიექტი!»
«რაღა გინდათ ხომ აღძრეს საქმეო». ამას ვინც გვეუბნება, იმას რომ «ექსტრადირება» ვუხსენოთ, უეჭველად გვიპასუხებს: «აფხაზეთის კანონმდებლობა ექსტრადირებას არ ითვალისწინებს და ამ თემაზე აფხაზურ მხარესთან პრეტენზიები ვერ გვექნებაო». ხოლო თუ კითხავ «რომელი აფხაზური კანონმდებლობაო», უკვე აუცილებლად მოგიგებს უკმეხად: «დალოცვილებო, თქვენ არ აწარმოებთ მოლაპარაკებას აფხაზეთთან, როგორც ცალკე სუბიექტთან უკვე 22 წელია? და ახლა გიკვირთ, როცა ექსტრადირების მოთხოვნაზე გპასუხობენ: ჩვენი კანონმდებლობა დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქის ექსტრადირებას არ ითვალისწინებსო?!»
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. მთავრობამ გადაწყვიტა, მეოთხედსაუკუნოვანი იუბილე სწორედ 26 მაისს აღენიშნა, თუმცა ზვიად გამსახურდიას უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა.
19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმა იგი ერთი კვირის თავზე, ესე იგი 26 მაისს დაკრძალა. ამ მომენტს ყურადღება, რატომღაც არავინ მიაქცია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მწარე დამარცხება საქართველოსთვის ისტორიულ თარიღებს ემთხვევა: 1998 წლის 26 მაისს, ედუარდ შევარნაძემ სამხედრო აღლუმი გააუქმა, რადგან სწორედ მაშინ, აფხაზმა ნაცისტებმა სამურზაყანოში მორიგი ეთნოწმენდა მოაწყეს და უბრალოდ სამარცხვინო იქნებოდა ამაყად თავაწეულ ჯარისკაცთა მარშირების ყურება;
2008 წლის კაპიტულაციის ხელმოწერა კი დიდგორობას (12 აგვისტოს) დაემთხვა.
გვესმის გაუთავებლად: «იქ საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგებლები არ იყვნენ, როდესაც გიგა ოთხოზორია მოკლესო». კი მაგრამ გვაბრმავებთ თუ თავს იბრმავებთ? აბა კიდევ ერთხელ შევხედოთ და დავაკვირდეთ კადრებს: ვინ არის ის ფორმიანი, რომელიც სამარცხვინოდ გააყოლებს თვალს მკვლელებს და მერე მოკლულ ოთხოზორიას თავზე დაადგება?!
«შეშინებულია» რასაკვირველია, თუმცა დაბნეულიც და არ შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც სრულიად წინააღმდეგობრივი მესიჯები მოდის თბილისიდან: «აფხაზ ძმებთან სიყვარულის» შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქ იმდენად ემოციაზე კი არაა საუბარი, რამდენადაც ელემენტარულ პრაგმატიზმზე: მრავალი წლის წინ დაიწყო და სულ უფრო საშიშ ზღვარს უახლოვდება პროცესი, რომელიც შეიძლება მალე დასრულდეს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებით! კოდორის ხეობის სამარცხვინო ჩაბარების შემდეგ, სოხუმის რეჟიმი უკვე აკონტროლებს აფხაზეთის მთელ ტერიტორიას, ესე იგი გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაციის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი.
სეპარატისტებისთვის ხელისშემშლელი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ თვით რეჟიმის არსი: თუ იგი არღვევს ადამიანის უფლებებს, ჩადის დანაშაულს და ფარავს ამ დანაშაულთა ჩამდენთ. ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი აფხაზეთს არ აღიარებს, - «დამოუკიდებლობის» ყველა სხვა პირობას რომც აკმაყოფილებდეს.
«ოკუპირებულობის» არგუმენტი დიდხანს არ გაჭრის, ვინაიდან დასავლეთში ხედავენ, რომ საქართველო თავად მიიჩნევს აფხაზეთს მოლაპარაკებათა სუბიექტად, ანუ ბუნებრივად სვამენ კითხვას: «თუ აფხაზეთი ოკუპირებულია, მაშინ რატომ მართავთ ჟენევაში პოლიტიკურ მოლაპარაკებას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან?»
ერთადერთი არგუმენტი აფხაზეთის აღიარების საწინააღმდეგოდ, არის ამ რეჟიმის ანტიადამიანურ, ნაცისტურ არსზე მუდმივი მითითება და სოხუმის ფაშისტურ ბანდასთან მოლაპარაკებაზე უარის თქმა, რაც არ გამორიცხავს მოლაპარაკებას მოსკოვთან იმავე საკითხზე.
დავაკვირდეთ, რა ტაქტიკა აირჩია 22 წლის წინ აზერბაიჯანმა: მისთვის ოკუპანტი სახელმწიფო სომხეთია. სომხეთთან მართავს მოლაპარაკებას დეოკუპაციის თაობაზე, თუმცა მთიანი ყარაბაღი არც ერთ დიპლომატიურ რაუტში არ მონაწილეობს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სანამ საქართველოს მმართველი ელიტები ამ საფრთხეს შენიშნავენ, აფხაზეთის სეპარატისტულ–ნაცისტური რეჟიმი, ერთის მხრივ, აგრძელებს ეთნოწმენდას (გალის რაიონში ქართული სკოლების დახურვა, ადგილობრივი ქართველებისთვის, პასპორტებან ერთად, ყველა უფლების ჩამორთმევა და ა.შ) მეორეს მხრივ კი, ატარებს «არაღიარებული ქვეყნების» მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.
თითქოსდა, რა არის განსაკუთრებული, თუკი სომალილენდის და დასავლეთ სომხეთის ნაკრებები ჩავლენ სოხუმში ფეხბურთის სათამაშოდ? ბევრი არც არაფერი, მაგრამ ნიშანდობლივია ჩვენი ხელისუფლების კატასტროფული არაპროფესიონალიზმი: საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და აცხადებს: «ამ ჩემპიონატს არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვსო».
ჯერ ერთი, საერთოდ რატომ უნდა აკეთებდეს კომენტარს ასეთ საკითხზე ქვეყნის მთავარი დიპლომატი? იმდენსაც ვერ ხვდება, რომ უკვე თვით კომენტარით სძენს პოლიტიკურ ლეგიტიმურობას მოვლენას იმის მიუხედავად, რას ამბობს კონკრეტულად. ანუ, ამ ახალგაზრდას ისიც არ ესმის, რომ დიპლომატიაში კომენტარი და რეაქცია თავისთავად სუბიექტურობის აღიარებაა – განცხადების შინაარის მიუხედავად! თორემ პროფესიონალი დიპლომატი ასეთ კითხვაზე ჟურნალისტს აუცილებლად მიუგებდა ტელეკამარის წინ: «რა ჩემპიონატი, რის ჩემპიონატი, ამ ტაკიმასხარაობაზე კომენტარს როგორ გავაკეთებო».
გარდა ამისა, რას ნიშნავს «ჩემპიონატს არა აქვს ლეგიტიმურობა?» რა «ლეგიტიმურობა» უნდა ან სჭირდება სპორტულ შეჯიბრს გარდა თვით ჩატარების ფაქტისა?
პოლიტიკაში ლეგიტიმურია ყველაფერი, რაც რეალურია!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საქართველოს ერთადერთი შანსიღა დარჩა, რათა აფხაზეთის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მცოცავ პროცესს შეუშალოს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დასრულდება აფხაზეთის აღიარებით დასავლეთის მხრიდან, ხოლო «ოკუპირებულობის» არგუმენტი (ვიმეორებ) აღარ გაჭრის:
სანამ კიდევ გვიან არაა, უნდა შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება აფხაზეთის მმართველ რეჟიმთან იმ არგუმენტით, რომ იგი ატარებს ნაცისტურ პოლიტიკას, არღვევს ადამიანის უფლებებს, იფარავს მკვლელებს (ყანჯი ოღლი დაპატიმრებულიც კი არაა) აგრძელებს ეთნოწმენდას, ხურავს ქართულ სკოლებს, კრძალავს ქართულად სწავლას, არღვევს ბავშვთა უფლებებს და ასე შემდეგ.
მხოლოდ პოლიტიკური დისკურსის ამგვარ შეცვლას თუ შეუძლია შეაკავოს გამანადგურებელი პროცესი, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდება აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებით.
გიგა ოთხოზორიას მხეცური მკვლელობა მის პირსისხლიან მკვლელებს არ უნდა გამოვაყენებინოთ, რათა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ ჩვეული იქედნური ეშმაკობით. ეს მკვლელობა უნდა გახდეს შემობრუნების წერტილი, რათა აფხაზეთის ნაცისტურ რეჟიმს ჩვენვე არ მივანიჭოთ ლეგიტიმურობა და არ შევუქმნათ წინაპირობები საბოლოო მიზნის მისაღწევად.
თუმცა, ისიც საკითხავია, ხომ არ არის უკვე გვიან, რაკი საქართველოს უბირმა მმართველმა ელიტებმა, ბოლო 20 წელია, ამ დანაშაულებრივად ბრიყვული პოლიტიკის ჭაობში იმდენად ღრმად შეტოპეს, უკანმობრუნება, შესაძლოა, დაგვიანებული და შუძლებელიც აღმოჩნდეს.
”ჯი-ეიჩ-ენი”, მიხეილ გეწაძე