რესპოდენტის შესახებ
საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან და ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ”გერმანულ მოდელთან” დაკავშირებით ”ჯი-ეიჩ-ენი” ახალი მემარჯვენეების ლიდერს მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.
ბატონო მამუკა, ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს, რამდენად რეალურია ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა საარჩევნო კამპანიამდე დარჩენილ დროში?
ჯერ ეს ერთი, ვიტყვი იმას, რომ არჩევნების დღემდე ცოტა დრო არ არის დარჩენილი. ქართულ პრაქტიკას ახსოვს გაცილებით უფრო მოკლე დრო დარჩენილი არჩევნებმადე, როდესაც კანონში ცვლილებები შესულა. ეს ხდებოდა, როგორც წინა ხელისუფლებების დროს, ასევე ამ ხელისუფლების დროსაც. ამიტომ, ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რომ ცვლილების განხორციელება ვერ მოხერხდება.
მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საუბარია პრინციპულ ცვლილებაზე, რაც სავარაუდოდ, შესაძლოა, გახდეს იმის მიზეზი, რომ ინიციატივა არც კი განიხილონ
არავითარ პრინციპულ ცვლილებაზე არ არის საუბარი ჩვენი მხრიდან. მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება შეუძლებელი გახდა, ჩვენ ჩვენი სარეზერვო ვარიანტი, რომელიც წარდგენილი გვქონდა ”ქართული ოცნებისათვის” - ე.წ. გერმანული მოდელი, მისი ინიცირების თაობაზე წერილი მივწერეთ დეპუტატებს, რის შემდეგაც, კონკრეტული ფრაქციის, ამ შემთხვევაში ”რესპუბლიკური ფრაქციის” ინიციატივით დარეგისტრირდა საკითხი, რაც ითვალისწინებს: მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქები არ უქმდება, საკონსტიტუციო ცვლილება საჭირო არ არის და მანდატები ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად 150 დეპუტატიდან. არანაირი ახალი ადამიანისტრაცია, ან საქმიანობის სხვაგვარი გაწევა, ან ამომრჩევლის განსაკუთრებული მომზადება, ან საარჩევნო სუბიექტებს რაიმე სიახლეები ცვლილებებით გათვალისწინებული არ არის. უბრალოდ, ხმების დათვლა ხდება სხვაგვარად - ჩატარებული არჩევნების შემდეგ. ამიტომ, ეს არ გახლავთ შეუძლებელი მომენტი. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ კოალიცია ”ქართული ოცნება” დაიშალა და რეალურად პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს, და რეალურად უმრავლესობა არის ოპოზიციაში - ოღონდ დანაწევრებულად, შესაძლებელია, რომ შეიქმნას თემატური უმრავლესობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. კერძოდ, გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, და მოკლე დროში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შედეგად, 2016 წლის საპარალამენტო არჩევნები ჩატარდეს გერმანული მოდელით.
თქვენ საუბრობთ, რომ ოცნებას პარლამენტში უმრავლესობა არ ჰყავს, მაგრამ, რამდენიმე დღის წინ, ”ოცნებამ” შეძლო 81 ხმის მობილიზება და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
რესპუბლიკური პარტია, ჯერ კიდევ მაშინ, აცხადებადა, რომ ის გავიდა კოალიციიდან, მაგრამ რჩება უმრავლესობაში. ამჟამად რესაპუბლიკული პარტია თავად არის საკითხის ავტორი. აქედან გამომდინარე, 81 ხმა უკვე აღარ არის 81 ხმა. და ყველაფერ ამას ჩვენ გვაჩვენებს პროცესები პარლამენტში.
ცხადია, რომ უმრავლესობა არ აპირებს მაჟორიტარული სიტემის გაუქმებას და ამ ცვლილებაზე 2020 წლიდან თანხმდება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის უმთავრესი მიზეზი?
ამ ყველაფრის პოლიტიკური მოტივი არის ერთადერთი - ერთპალატიან პარლამენტში შერეული სისტემა უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას 25 %-იანი მანდატების ფარგლებში. ასე ხდებოდა მოქალაქეთა კავშირისა და ნაციონალური მოძრაობის დროსაც. ასე ხდება ახლაც და ამის შენარჩუნება უნდა ”ქართულ ოცნებას”. მაგალითად, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მიიღო ხმების 45%, რაც 50-წევრიან საკრებულოში, დაახლოებით 23-24 მანდატია. რეალურად კი მან თბილისის საკრებულოში, სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე მიიღო 37 მანდატი. ანუ, დაახლოებით 30 პროცენტით მეტი, ვიდრე მას ეკუთვნოდა თბილისელი ამომრჩევლებისგან. ”ოცნებას” იგივეს განხორციელება სურს პარლამენტის არჩევნების დროს. ანუ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. ეს არის ამ ახირების არგუმენტი.
ანუ პოლიტიუკური ნების პირობებში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია?
აბსოლუტურად, არჩევნებამდე 4 თვით ადრე ამ პროცესის დასრულება სავსებით შესაძლებელია.
თქვენ საუბრობთ, რომ სრულიად შესაძლებელია 2016 წლის არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარება. თუ შეიძლება, უფრო ვრცლად ახსნათ თავად მოდელი და მისი უპირატესობა.
გერმანული მოდელი, მუშაობს შოტლანდიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ახალ ზელანდიასა და სხვა მთელ რიგ ქვეყნებში. ეს მოდელი გულისხმობს შემდეგს: ერთპალატიან პარლამენტში ნახევარი ირჩევა მაჟორიტარულად და მეორე ნახევარი - პროპორციულად. ყველა მაჟორიტარი აუცილებლად ხდება დეპუტატი. ხოლო მანდატები ნაწილდება დეპუტატთა საერთო რაოდენობიდან. ანუ, 150 დეპუტატიდან ყველა პარტია იღებს იმდენ მანდატს, ხმების რამდენ პროცენტსაც მიიღებს. მაგალითად , 150-წევრიან პარლამენტში რომელიმე პარტიამ მიიღო 40%. მას ეკუთვნის 150-ის 40% ანუ 60 მანდატი. იმავე პარტიამ მაჟორიტარულ არჩევნებში მოიპოვა 20 მანდატი. ამ 60 მანდატის შევსება იწყება მაჟორიტარებიდან და დარჩენილი ადგილები შეივსება პოროპორციულიდან. აქედან გამომდინარე - ერთი - ნარჩუნდება მაჟორიტარული სისტემა და მეორე - საკონსტიტუციო ცვლილება არ არის საჭირო. რაც მთავარია, პარტის იღებს იმდენ მანდატს რამდენმა პროცენტმაც დაუჭირა მხარი. ამით უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობა.
გაუნაწილებელი მანდატები?
გაუნაწილებელი მანდატების ბედი გაირკვევა ისე, როგორც ირკვეოდა. ეს პროცედურა ცნობილია.
დამოუკიდებელი კანდიდატების შემთხვევაში, ან როდესაც გადის მაჟორიტარი და ვერ გადის პარტია?
აქაც დაცულია სამართლიანობა. ასეთი შემთხვევები არის 2-3%-ის ფარგლებში და მანდატები ნაწილდება შესაბამისი ფორმულით.
მმართველი გუნდის იძულების რაიმე მექანიზმი თუ არსებობს, რომ მოკლე დროში დათანხმდეს თქვენს წინადადებას?
იძულების ფორმა არსებობს ორი. პირველი ის რომ უკვე იურისტთა ჯგუფმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მოითხოვა არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი მიიღო და დააკმაყოფილა, მაშინ პარლამენტი ვალდებული იქნება შეცვალოს საარჩევნო სისტემა. ისევე როგორც ვალდებული იყო შეეცვალა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების საზღვრები.
დავაზუსტოთ : ეს უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისთანავე?
არა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
და, ეს ხომ გარკვეულ ვადებს უკავშირდება?
ეს არ არის ხანგრძლივი პროცესი, იმიტომ რომ საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს კონკრეტული რეგლამენტები, რაც ძალიან ოპერატიულად ხორციელდება. გავაგრძელებ - მეორე მხრივ, იძულება არის ის, რომ როდესაც არსებობს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფართო კონსესუსი და მხოლოდ ხელისუფლება არ ეთანხმება საარჩევნო კანონდებლობის ცვლილებას, ჩნდება რეალური პრობლემა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. 2016 წლის არჩევნებს თუ დაემუქრა ლეგიტიმაციის პრობლემა ,”ქართულ ოცნებას” მოპარული მანდატები ვერ გაადაარჩენს. ეს იქნება სერიოზული პრობლემა სახელმწიფოსთვის. ოცნებას უნდა ახსოვდეს, რომ ასეთ ჯიუტ პოზიციებს ეწირებოდნენ ხელისუფლებები განვლილ პერიოდში.
თქვენს წინადადებას რამდენად აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა?
ჩვენი ყველა წინადადება ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. იხილეთ 2014 წლის 1-ლი ოქტომბრის ევროსაბჭოს საპარალენტო ასამბლეის რეზოლუცია, ვენეციის კომისიის, ეუთოსა და სხვა სასერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციები. ამიტომ, ეს ორი მომენტი გახლავთ პოლიტიკური იძულების ბერკეტი.
რამდენად ერთსულოვანია ამ საკითხში ოპოზიცია?
ოპოზიცია საკითხთან დაკავშირებით სრულად ერთიანია და აზრთა სხვაობასთან დაკავშირებით, თუნდაც გერმანულ მოდელზე, საფრთხეს ვერ ვხედავ.
”ჯი-ეიჩ-ენი, ესაუბრა გეგა სილაგავა