ENG / RUS       12+

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს?

«თავისუფალი დემოკარტები» ბიძინა ივანიშვილის მოსისხლე მტრებად იქცნენ! ირაკლი ალასანიამ მეტისმეტად გაზარდა ფსონები და ძალიან მაღლა ასწია თამასა: თუ იგი ვერ მოახერხებს რაიმე სერიოზული პროცესის «აგორებას» ხელისუფლების წინააღმდეგ და უკვე  მისჯილ პატიმართა გათავისუფლებას, ეს  სერიოზული მარცხი იქნება.  ქართველ ამომრჩეველს კი არ უყვარს დამარცხებულები. მით უმეტეს, როდესაც ისინი დიდ მოლოდინებს ქმნიან ლამის ახალი რევოლუციის შესახებ და მერე ამ მოლოდინს არ ამართლებენ.

ანუ, ირაკლი ალასანიას უკან დასახევი გზა აღარ დარჩა: ან პოლიტიკური სიკვდილი, ან გამარჯვება.

მაგრამ, მეორეს მხრივ, თვით ხელისუფლებისთვისაც ეს საქმე პოლიტიკური რენომეს თემად იქცა: თუ პატიმრები გარეთ გამოვლენ, იმავე მიზეზების გამო, ეს უკვე ხელისუფლების დასუსტებად და მარცხად იქნება აღქმული: «ივანიშვილის პირადი პატიმრები იყვნენ, მაგრამ იმდენად დასუსტდა ხელისუფლება,  ქუჩის აქციების შეეშინდა და გამოუშვაო» – ასე იტყვის ბრძენი ქართველი ამომრჩევლის დიდი ნაწილი.

ხელისუფლება უარეს დღეშიც კია ამ მხრივ. ანუ  «ვაისა» და  «ვუის» შორის. ამიტომ ლათინური კითხვა–მაქსიმა Cui prodest? («ვის აწყობს?») ამ შემთხვევაში ყველაზე მკაფიოდ ჟღერს: ხელისუფლებისთვის პატიმართა გამართლება ან საპროცესო გარიგება (როგორც «ტრაქტორების საქმეზე», რომლის მონაწილეებმა აღიარეს, გადაიხადეს  და «გამოვიდნენ») მაინც ნაკლები თავის ტკივილი იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ახლა ხდება და მოხდება.

თუმცა, «დამოუკიდებელი პროკურატურა» გაჯიქდა და არაფერი დათმო. მით უმეტეს, რომ სასამართლო გვყავდა, გვყავს და ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს გვეყოლება მედროვე–კონფორმისტული!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მერამდენედ დადასტურდა: არაფერი ჩვენს სასამართლოს არ ეშველება, სანამ ქართული საზოგადოება ისეთია, როგორიც არის: სასაცილოა მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი მათი «სამიდღემჩიო» დანიშვნით: აქაოდა, «თუ სამუდამოდ იქნება დანიშნული, მაშინ ხომ ხელისუფლების განაწყენების აღარ შეეშინდებაო».

და რა? ისიც ვეღარ შეაშინებს, რომ მის ბიზნესმენ ქმარს (ძმას ან შვილს), მოულოდნელად,  «საგადასახადო» აღმოუჩენს დარღვევებს?

ანუ, «ქართულ სასამართლოზე» ლაპარაკი საერთოდ არ ღირს. მით უმეტეს, როდესაც  ჩვენი «ენჯეოშნიკების» ბრიყვული აღტკინებით (სასამართლოსა და პროკურატურის «დამოუკიდებლობაზე» ისტერიკებს რომ მართავდნენ და ასეთივე პარანოიდული კანონმდებლობა მიაღებინეს პარლამენტს), სასამართლოც და პროკურატურაც იქცნენ «დამოუკიდებელ», «უკონტროლო» კლანებად, რომლებიც არანაირ ლეგალურ (!) კონტროლს აღარ ექვემდებარებიან ლეგიტიმური არჩევითი (!)  ინსტიტუტების მხრიდან.

 სამაგიეროდ არალეგალურ, არაფორმალურ კონტროლს და გავლენას – იცოცხლე!

აქედან გამომდინარე, ნამდვილად გამაღიზიანებელია, როდესაც ამ სისულელის ჩამდენი ამბიციური გოგონები (დიადი «ენჯეოტრიადის» მესვეურები) ახლა ტელევიზიით გამოდიან და ჩვეული უტიფრობით, უდიადესი აპლომბით, გვასწავლიან ჭკუას. მათ შორის «კაბელების საქმეზეც».

 

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ანგარება და შეძლო თუ არა პროკურატურამ ანგარებითი მოტივის დამტკიცება, რატომღაც არავინ ლაპარაკობს, რომ საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის ცნობილი მუხლი სულაც არ მოითხოვს მაინცდამაინც ანგარებითობას.

კერძოდ, სსკ 182 მუხლი (მითვისება და გაფლანგვა) ადასტურებს შემდეგს: სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ  ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში . . . . . . . . . ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან - შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კი მაგრამ, სად წერია ამ წმინდა წყლის «საბჭოთა მუხლში», რომელიც ძველი დროებიდან შემორჩა კოდექსს, რომ მაინდამაინც ანაგრება უნდა იყოს, რათა გაფლანგვად ჩაითვალოს?

საბჭოთა–ტოტალიტარული სსკ–ის ფილოსოფია სწორედ ისაა, რომ «გაფლანგვა» შეიძლება მოხდეს არა ანგარებით, არამედ (ვთქვათ) არაკომპეტენტურობით, უყურადღებობით და ასე შემდეგ.

სინამდვილეში, მთავარი პრობლემა სწორედ ეს უგვანი მუხლია, რომელიც პროკურატურას მეტისმეტად დიდ ასპარეზს უტოვებს სუბიექტური ინტერპრეტირებისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამის კლასიკურ მაგალითად გამოდგება «კაბელების საქმე»: პროკურატურამ ჩათვალა, რომ 6,800,000 ლარი, რაც თავდაცვის სამინისტროს «სილქნეტმა» მოსთხოვა, «მეტისმეტი იყო». არადა,  სხვა კომპანიებმა შესთავაზეს 10,498,200;  9,257,750  და 12,886,226 ლარი.

რომელია მეტი? აქ ბრალდებას ხელზე ის ჰქონდა დახვეული, რომ «სილქნეტი»–ს შეთავაზება მატერიალური ქონების თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას  არ გულისხმობდა, მაშინ როდესაც სხვა კომპანიები სწორედ ამას სთავაზობდნენ.

თუმცა,  ესეც ხომ საკამათოა –  რა სჯობდა სახელმწიფოსთვის: ნაკლები გადაეხადა და მაგისტრალი მხოლოდ მოხმარებაში ჰქონოდა, თუ მეტი გადაეხადა და ასეთივე მაგისტრალი მის საკუთრებაში ყოფილიყო?

ზოგმა შეძლება «ასე» შეაფასოს, ზოგმა «ისე», მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს  უკვე ინტერპრეტაციების და სუბიექტური შეფასების საკითხია. ნორმალური ქვეყნის ნორმალური სს კოდექსი კი უდანაშაულობის პრეზუმპციიდან უნდა ამოდიოდეს, ესე იგი სუბიექტურ ინტერპრეტაციებს გამორიცხავდეს.

ცივილიზებულ სახელმწიფოში «გაფლანგვა» ისაა, როდესაც სახელმწიფო მოხელე ბიუჯეტის თანხას აიღებს და ლას–ვეგასის კაზინოში წააგებს!

«კაბელების» საქმეს  პროკურატურამ «ასეთი» სუბიექტური ინტერპრეტაცია მისცა, ადვოკატებმა და ბრადებულებმა – «ისეთი». კონფორმისტმა მოსამართლემ   იმის  მხარე დაიჭირა, საიდანაც მეტი საფრთხე ელოდა! ადამიანები კი 7 წლით ციხეში წავიდნენ. სად შეიძლება ამგვარი რამ მოხდეს, ველური ბანტუსტანის გარდა?

კეთილი ინებე და მაშინ დაუმტკიცე «ატკატი»! ესე იგი დაუმტკიცე ანგარება, პირადი გამორჩენა, ქრთამის აღება.  აი, ამას თუ დაუმტკიცებ, სულ სხვა საქმე იქნება!

მანამდე კი, რაკი ამას ვერ უმტკიცებ, მაქსიმალური სასჯელი შეიძლება მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება იყოს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი გადაწყვეტს და ასე შაეაფსებს მომხდარს, როგორც შეცდომას და სამსახურეობრივი შეუსაბამობის გამოვლინებას.

სანამ ეს ველური მუხლი იარსებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ფორმულირებით) მუდამ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩაკეტილ, აბსოლუტურად უკონტროლო კლანად ქცეული პროკურატურა საკუთარ ინტერპრეტაციას «გაიტანს» პატრონყმულ კანტორად ქცეულ სასამართლოში.

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ამ საქმეს არაფერი ეშველება, რადგან სამარცხვინო და ბრიყვული რეფორმის არც ერთი მონაწილე ახლა აღარ აღიარებს, რომ უდიდესი, ისტორიული  დანაშაული ჩაიდინა.

ამიტომაც უფრო საინტერესოა პოლიტიკური ასპექტი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობდა თემის ასე გამწვავება და სამკვდრო–სასიცოცლო «ჯახში» გადაყვანა. მით უმეტეს არჩევნების წინ.

რა მოიგო ამით ქართულმა ოცნებამ? არაფერი! მხოლოდ «რისკები» გაეზარდა, ხოლო გამოწვევებზე ადეკვატურად პასუხი რომ არ ეხერხებათ, უკვე ბევრჯერ დადასტურდა.

ირაკლი ალასანიამ ბიძინას  აწყენინაო («მე რა ვქნა მე..» «აუ რა . . . კიტრია») – გასაგებია, მაგრამ მაინც არ ჰგავს იმას, რომ ივანიშვილი ასეთი  ფორმით იძიებდა შურს. მაქსიმუმ, პრეს–კონფერენციაზე მის მიერ გაჟღერებული ფრაზით შემოიფარგლებოდა: «ზოგიერთები ცოლს ოარიზში ღალატობენო».

ოღონდ პრობლემა ისიცაა, რომ «დამსჯელი ორგანოები» (მით უმეტეს ამგვარ სისტემაში, რაც მივიღეთ რეფორმის შედეგად), მუდამ ცდილობენ გამოიცნონ,  რა ესიამოვნება «მამა მარჩენალს» და მერე უკვე ავტოკონტროლის რეჟიმში მოქმედებენ.

თუ მართლა ასეა, მაშინ კატასტროფული (ე.წ. «დათვური») სამსახური გამოდის, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება ივანიშვილს და «ქართულ ოცნებას».

ყველაზე საინტერესო კი ისაა, შეიწყალებს თუ არა უკვე  მსჯავრდებულებს პრეზიდენტი მარგველაშვილი. «პროცესის გაგრძელებაზე» საუბარი დემაგოგიურია. რა თქმა უნდა, სარჩელი შევა სააპელაციოში, მაგრამ კანონით, სახელმწიფოს მეთაურს აქვს უფლება, ადამიანი შეიწყალოს სამართლებრივი პროცესის ნებისმიერ სტადიაზე: განაჩენის გამოტანამდეც კი.

გავიხსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ ამ კანონის გამოყენებით, ეკა ბესელიას ძებნილი (!) შვილი შეიწყალა.

ესე იგი,  არათუ განაჩენამდე, არამედ ძებნაში ყოფნის დროს!

და ამით არც ერთი კანონი არ დაურღვევია.

მაშასადამე,  ის სტერეოტიპი, თითქოს პრეზიდენტს მხოლოდ განაჩენის თუ «ყველა პროცედურის დასრულების» შემდეგ (ან მხოლოდ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში) აქვს შეწყალების უფლება, არის მტკნარი სიცრუე, რომელსაც პოლიტიკური მოტივებით იყენებენ ხოლმე.

მარგველაშვილმა უკვე მიანიშნა, რომ «ფიქრობს» ამ თემაზე. გასაკვირი ნამდვილად არაა, თუკი გავიხსენებთ მის სიახლოვეს «თავისუფალ დემოკრატებთან»:  ამ პარტიას,  დღევანდელი პრეზიდენტი სამამოვალო მოკავშირეებად და სათადარიგო აეროდრომად  აღიქვამს აშკარად.

თუმცა, «კაბელების საქმეზე» მსჯავრდებულთა შეწყალება გიორგი მარგველაშვილს პრობლემებს შეუქმნის. უმალვე დაისმება აბსოლუტურად სამართლიანი და კანონზომიერი კითხვა: მაშინ რატომ არ იწყალებ გიგი უგულავას? ისიც ხომ არ აღიარებს დანაშაულს?

«ესენი» შეიწყალო და გიგი უგულავა არა – მეტისმეტი . . . . . «სითამამე» იქნება. თუმცა მარგველაშვილი, ამ მხრივ, «უშიშია ვითარცა უხორცო»: ძალიან «თამამად» შეიწყალა მომავალი (!) ცოლის ძმა და შემდეგ ამაყი ყელმოღერებით განაცხადა: «მის საქმეს ჩვეულებრივად მივუდექი, როგორც სხვა საქმეებსო».

 არადა, როგორ იყო «ჩვეულებრივი» ეს მიდგომა, თუკი ქეისი შეწყალების კომისიას არ განუხილავს?  მაშასადამე, უკვე ამიტომ  იყო «არაჩვეულებრივი» პრეზიდენტის მიდგომა.

ოღონდ   კანონი  არც ამ შემთხვევაში დარღვეულა.

ერთი სიტყვით, პროკურატურის «გაჯიქებამ», «საბჭოთა» სისხლის სამართლის კოდექსმა, სუბიექტურმა ინტერპრეტაციებმა და სასამარათლოს კონფორმისტულმა  «პატრონყმულობამ» კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ შექმნეს პრობლემა, რომელიც  წინასაარჩევნოდ, მორიგ «შეყოვნებული მოქმედების ნაღმად» შეიძლება იქცეს.

უახლეს ისტორიაში კი გვაქვს მაგალითები, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სამკვდრო–სასიცოცხლო «ცივი ომი», – «ცხელ ომშიც» გადაზრდილა.

”ჯი-ეიჩ-ენი”, კახა კირვალიძე

ავტორი: . .