რუსეთში ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური და მწვავე თემა «ევროვიზიის» კონკურსია, რომელზეც უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ რუსი სერგეი ლაზარევი დაამარცხა. თანამედროვე მსოფლიოში საინფორმაციო საზრისთა და ცნობიერ სტერეოტიპთა მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამ კონკურსს რუსეთშიც და უკრაინაშიც უდიდესი ყურადღებით მოეკიდნენ. ლამის ისეთივე, როგორითაც ომს დონბასში ან ყირიმის ანექსიას.
ჯამალა ეთნიკურად თათარი გოგონაა და სიმღერაც 1944 წელს სტალინის ბრძანებით თათართა სრულ დეპორტაციას ეძღვნებოდა.
ეს ისტორიული, აქტი, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც დანაშაული ადამიანურობისა და კაცობრიობის წინაშე. მის გასამართლებლად ნამდვილად ვერ გამოდგება ყირიმელ თათართა აქტიური თანამშრომლობა გერმანელ ნაცისტებთან; მით უმეტეს ის, რომ შუა საუკუნეებში ყირიმის ნახევარკუნძული ერთ დიდ მონათა ბაზრად იქცა, სადაც რუს, პოლონელ და ქართველ გოგონებსა და ბიჭუნებს ხარჭებად ყიდდენ. ვისაც წერა კითხვა არ დაგვვიწყებია, გავიხსენოთ თუნდაც პუშკინის «ბახჩისარაის შადრევანი», რომლის გმირები მოტაცებული და ჰარემში განწესებული ქართველი და პოლონელი გოგონები არიან.
თითქოს სხვა თემაა, თუმცა აქვე მაინც უნდა ითქვას, რომ «ევროვიზიის» საორგანიზაციო კომიტეტმა, 2009 წელს, სწორედ «პოლიტიკური ჟღერადობის» მოტივით აუკრძალა ქართველ მომღერლებს რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო კომპოზიციის შესრულება, აქაოდა «აპოლიტიკურნი ვართო». ახლა აღმოჩნა, რომ თურმე არც ისე აპოლიტიკურნი არიან, როცა სჭირდებათ! გააჩნია, ვისთან – როგორ. უბრალოდ, ევროპულ ელიტებს უკრაინა «უღირთ» იმდენად, რამდენადაც არ უღირდათ და არც ახლა «უღირთ» საქართველო.
ესაა და ეს – ამ ყოველმხრივ სამარცხვინო «კონკურსის» მთელი ფილოსოფია!
«ევროვიზიის» მხატვრულ ღირებულებაზე საუბარი საერთოდ არ ღირს: სერიოზული ევროპელი მომღერლები მასში მონაწილეობას საკუთარი ღირსების შელახვად მიიჩნევენ. 1956 წლიდან – დღემდე ორად ორი «გამონათება» გვახსენდება: ბრწყინვალე შვედური ABBA და რუსი მომღერალი (რუსოფობია ნუ დაგვაყრუებს – ნამდვილად შესანიშნავი მომღერალი) ალა პუგაჩოვა.
ანუ, დღევანდელი «ევროვიზია» ასი პროცენტით პოლიტიკური პროექტია. თანაც გვარიანი შემოსავლებით. რაც შეეხება წლევანდელ ქართველ მონაწილეებს, დიდი წარმატებისთვის თითქოს არ მიუღწევიათ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ Young Georgian Lolitaz შესრულებულმა კლასიკურმა კომპოზიციამ მსმენელთა ხმები მიიღო დიდ ბრიტანეთში, სადაც, ჭეშმარიტი მუსიკალური ხელოვნების ყადრი იციან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ეს ყოველივე, ჩვენს დისკურსში, მაინც მეორეხარისხოვანია: რუსული ტელეარხები ლამის ყოველ დღე უძღვნიან გადაცემებს ევროვიზიაზე განვითარებულ მოვლენებს და ცდილობენ დაამტკიცონ: ჟიურის გადაწყვეტილება, რომლითაც ჯამალამ - სერგეი ლაზარევს მოუგო, «ჩაწყობილი იყო» პოლიტიკური მოტივებით. ამის მტკიცებულებად კი კარგად გამოადგათ სატელეფონო ჩანაწერი საქართველოს კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესა და «უკრაინის კულტურის მინისტრს» შორის.
საუბრისას მიხეილ გიორგაძე კოლეგას პირდება, რომ დაელაპარაკება საქართველოს «საზოგადოებრივი არხის» ხელმძღვანელობას, რათა საქართველოდან ხმები სწორედ უკრაინელმა მომღერალმა მიიღოს და არა რუსმა.
სინამდვილეში, რასაკვირველია, მიხეილ გიორგაძისთვის არავითარ «უკრაინელ მინისტრს» არ დაურეკავს: დაურეკა სკანდალურად ცნობილმა რუსმა «პრანკერმა», ზედსახელად ვოვან. და, რა თქმა უნდა, საუბარიც ჩაიწერა.
ეს «ვოვანი» სხვებსაც ხშირად ურეკავს, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებებს ქართველებთან მიაღწია: მიშა სააკაშვილს დაურეკა ნიუ იორკში, ვითომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იყო და სენატორ ჯონ მაკეკინთან «საქმის ჩაწყობა» სთხოვა. მიშამაც, ერთ–ერთ მიღებაზე, პირდაპირ მობილური ტელეფონი გადააწოდა მაკკეინს – «უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი გირეკავსო», ანუ საშაყიროდ აქცია, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა.
ამბობენ (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ არსენ ავაკოვს სწორედ იმ მომენტიდან ეზიზღება მიშა.
თუმცა, სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი. ამიტომ მისი «დაგოიმება» შედარებით იოლი იყო. სულ სხვაა, როდესაც ხსენებული «ვოვანი» ურეკავს საქართველოს კულტურის მინისტრს და ის კი თავს ასე იოლად ამასხარავებინებს.
ოჯახაშენებულო, ამხელა თანამდებობის პირი ხარ და ის არასდროს გეშლება, რომელ პრომოუტერულ კომპანიას გადაურიცხო საბიუჯეტო სახსრები კონცერტების მოსწყობად – ეს როგორღა ვერ მოიფიქრე, რა მეთოდით დაიზღვიო თავი ამგვარი პროვოკატორებისგან?
როდესაც უკრაინის ვითომ «კულტურის მინისტრი» ურეკავს შენს თანაშემწეს და დაკავშირებას სთხოვს, ხომ უნდა იკითხო, რა ნომერზე გირეკავს და რომელი არხით? როცა გეტყვიან, მობილურზე ან ქალაქის ნომერზე რეკავსო, ელემენტარულად უნდა დაეჭვდე და მოითხოვო, საგანგებო კავშირით ესე იგი ე.წ. «ვჩ»–თი დაგიკავშირდეს.
აბა სად გაგონილა ოფიციალური პირები უცხო ნომრით საუბრობდნენ თუნდაც მობილურით, – როდესაც ეს ნომერი წინასწარ შემოწმებული არ არის?
ასე არ ხდება: ყველა საუბრობს მობილურით (ანგელა მერკელი, ბარაკ ობამა და ა.შ), მაგრამ მხოლოდ წინასწარ ცნობილ და შემოწმებილ, უსაფრთხო ნომრებზე, როდესაც დანამდვილებით იციან, ვინ ურეკავთ, ვინ ესაუბრებათ და რა ნომრიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამაზე შეიძლება გვიპასუხონ: «ის გაიძვერა «ვოვანი» ხომ რუსულ სპეცსამსახურებთანაა კავშირში, ანუ «ვჩ»–თი დარეკვაც არ გაუჭირდებაო».
ცდებით! გაუჭირდებოდა და აი რატომ: რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვოვანი ერთი ანცი ხულიგანია და მასთან ხელისუფლებას არანაირი კავშირი არა აქვს; თითქოსდა, ის მხოლოდ საკუთარი არხებით იგებს ტელეფონის ნომრებს, რეკავს, ხუმრობს, ანგლობს და ა.შ.
სინამდვილეში ასე არ არის – ნამდვილად რუსულ სპეცსამსახურთა დავალებებს ასრულებს, მაგრამ თუ «ვჩ»–თი დარეკავს, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ვეღარ იტყვის: «მთავრობისგან დამოუკიდებლად მოქმედებსო». ამიტომ, ვოვანი და სხვა ამგვარი გაიძევრები ან მობილურზე (და მობილურით) რეკავენ, ან ჩვეულებრივი «ქალაქის ტელეფონით» იმ გათვლით, რომ მათი «მსხვერპლნი» ესოდენ «გულუბრყვილონი», ესე იგი არაკომპეტენტურნი აღმოჩნდებიან – თავსაც გაამასხარავებინებენ და ქვეყანასაც.
საერთოდ, კითხვა გიჩნდება: როდემდე უნდა გაგრძელდეს უმეცრებისა და არაკომპეტენტურობის ამგვარი «დოღი» საქართველოს ხელისუფლებაში? მთავრობები იცვლებიან, თუმცა ეს მთავარი თვისება «ალგებრულ უცვლადად» რჩება.
”ჯი-ეიჩ-ენი”, კახა კირვალიძე