ENG / RUS       12+

თამაზ მეჭიაური, როგორც «ქართული ოცნება»

დეპუტატ მეჭიაურის ფენომენი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ქართული პოლიტიკისთვის. თვით მეჭიაურს შეუძლია საკუთარ თავს მიულოცოს, რომ მისი PR-პროექტი დიდი წარმატებით დასრულდა. ანუ, «კაი პურის მჭამელი ქართველი კაციდან», რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ პოლიტიკური დატვირთვა საერთოდ არ გააჩნდა, თანდათან იქცა სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ძირითად პარტიათა თუ ძალთა განლაგებაზე პოლიტიკურ სპექტრში. («ტელეფონით ესაუბრა» და «შეიძლება, წავიდეს თავისი ნებით» ეს საბავშვო ზღაპრების ნაწილია.)

ვიღაცას შესაძლოა ეს გადაჭარბებადაც მოეჩვენოს, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ მეჭიაური ხდება განხეთქილების «სათქმელი» (ესე იგი ღია) მიზეზი ფორმალურად ჯერ კიდევ შენარჩუნებულ კოალიცია «ქართულ ოცნებაში»; სწორედ მეჭიაურის გარშემო «ეჯახებიან» ერთმანეთს ერთის მხრივ «რესპუბლიკელები», მეორეს მხრივ პარტია «ქართული ოცნება» და მეჭიაურმავე  შეასრულა არც თუ უმნიშვნელო  როლი იმაში, რომ პარტია «ოცნებამ» დამოუკიდებლად გადაწყვიტა კენჭისყრა ოქტომბრის არჩევნებში, ხოლო «რესპუბლიკელები» არაფორმალურად გავიდნენ კოალიციიდან, თუმცა კი შეინარჩუნეს ფორმალური წევრობა და, მასთან ერთად, თანამდებობები კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გიორგი კვირიკაშვილი ახლა ყველაზე მძიმე დღეშია. დიპლომატიურობა მას თითქოს არ აკლია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ წინამორბედი პრემიერებისგან განსხვავებით, შეუძლია ორსაათიანი შეხვედრა მოაწყოს ჟურნალისტებთან, ილაპარაკოს, ილაპარაკოს, ილაპარაკოს, თითქოს ყველა კითხვას პასუხი გასცეს, მაგრამ . . .  აბსოლუტურად არაფერი თქვას! ანუ არც ერთ საკითხზე, არც ერთ თემაზე არსებითი და საგნობრივი კომენტარი არ გააკეთოს. ამასწინათაც შეხვდა ჟურნალისტებს  და რა? ერთი ფრაზა, ერთი რაიმე პასუხი, ერთი რაიმე  არგუმენტი თუ დაგამახსოვრდათ მისი ორსაათიანი «კომუნიკაციიდან»  ნებისმიერ საკითხზე, რასაც ჟურნალისტები შეეხენ?

ვერ გაიხსენებთ, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა -  ყველა კითხვას, ყველა მწვავე თემას, ყველა საკამათო-სადისკუსიო თემას ძალიან ოსტატურად აარიდა თავი. ვერც ღარიბაშვილი, ვერც თვით ივანიშვილი ამას ვერ ახერხებდნენ, იმიტომ, რომ კვირიკაშვილისგან განსხვავებით, სწორედ ეს დიპლომატიური ეშმაკობა (იგივე ნიჭი) აკლდათ.

 თუმცა დიპლომატიური  ნიჭი არ არის საკმარისი, როდესაც მკაფიო არჩევანის წინაშე გაყენებენ და გაიძულებენ, არჩევანი, გინდა თუ არა, მაინც გააკეთო. სწორედ ამგვარი არჩევანის წინაშეა დღეს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი: გააძევოს თუ არა თამაზ მეჭიაური ქართული ოცნებიდან? დასვას თუ არა გარიცხვის საკითხი? თამაზ მეჭიაური თავისი ნებით არ წავა. მით უმეტეს, როცა ხედავს, რომ მმართველი გუნდი და პრემიერ-მინისტრი აშკარად ჭოჭმანობენ და მიუხედავად  სკანდალური განცხადებებისა, არ ჩქარობენ მის გაძევებას.  პრემიერ მინისტრს კი აშკარად უჭირს გადაწყვეტილების მიღება, რასაც სამი ძირითადი მიზეზი განაპირობებს. თანაც, სამივე სისტემურია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პირველი: გიორგი კვირიკაშვილმა ვერაფერით გაიგო და თავადაც ვერ მიხვდა («შტრილიცზე» ფილმში რომ ამბობდა მიულერი გახსოვთ? -  «ძალიან ძნელია გამოიცნო არაპროფესიონალის ლოგიკა») რა უნდა ბოლოს და ბოლოს ბიძინა ივანიშვილს და რომელ გადაწყვეტილებას დაუჭერდა  მხარს «ქართული ოცნების» მამა -  მარჩენალი? არა ხელმძღვანელი (ხელმძღვანელობს, სინამდვილეში, გიორგი კვირიკაშვილი) არამედ სწორედ «მამა-მარჩენალი», «უმაღლესი გურუ», «ქურუმი» და მფარველი?! ვაითუ მას არ მოეწონოს ის გადაწყვეტილება, რაც კვირიკაშვილმა შეიძლება მიიღოს მეჭიაურთან დაკავშირებით? რა უნდა ბიძინა ივანიშვილს:  თამაზ მეჭიაურის გარიცხვა თუ მისი დატოვება?

საქმეც ესაა, რომ ივანიშვილისგან  პირდაპირი პასუხის მიღება ხშირად ჭირს: მილიარდერმა შექმნა სისტემა, როდესაც მისი ნების აღმასრულებლები თავად უნდა მიხვდნენ, რაში მდგომარეობს და როგორია უზენაესი ნება. ეს მან შეგნებულად გააკეთა, რათა პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეს, მუდამ ჰქონდეს საშუალება, არასწორ გადაწყვეტილებაზე (უფრო ზუსტად, ისეთ გადაწყვეტილებაზე, რასაც საბოლოო შედეგად წაგება მოჰყვება) პასუხისმგებლობა თავად კი არ იკისროს, არამედ «ნების აღმასრულებელ მოურავს» გადააკისროს.

საბრალო ჭკვიანი «მოურავი» კი (კვირიკაშვილს რომ ჭკუა და გონიერება არ აკლია, აბსოლუტურად  უეჭველია) ფიქრობს, ფიქრობს, იტანჯება, - რა ქნას, რა იღონოს, როგორ ამოიცნოს «რა უნდა» ამ შემთხვევაში უცნაურ მილიარდერს და რა სჯობს კონკრეტულ მომენტში.

ათასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას: სწორედ ეს გახდა ირაკლი ღარიბაშვილის «წასვლის» მიზეზი. ის ბიჭი დაიღალა მუდამ ამ თემაზე «ტვინის ჭყლეტით» და პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღებით მაშინ, როდესაც ამას არ იყო მიჩვეული «ქართუ-ჯგუფში», სადაც საქმე ფინანსებს ეხებოდა და არა პოლიტიკას. აი იქ კი ნამდვილად იღებდა პირდაპირ მითითებებს და სანერვიულოც არაფერი ჰქონდა.

ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ღარიბაშვილის «განრიდების»  მიზეზი ის კი არ გახდა, რომ ივანიშვილი მეტისმეტად ხშირად ერეოდა მის საქმეში, არამედ პირიქით, - რომ არ ერეოდა და საკუთარ თავზე უხდებოდა პასუხისმგებლობის აღება, შემდეგ კი აღმოჩნდებოდა, რომ «იმას» ეს გადაწყვეტილება (შედეგიდან გამომდინარე) არ მოსწონდა.

 ანალოგიურ დღეშია გიორგი კვირიკაშვილი თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ-ჯერობით უძლებს და «არც მწვადი დაწვა არც შამფურის» ტაქტიკას ამჯობინებს. ოღონდ საეჭვოა ამგვარი ტაქტიკით დიდხანს გაქაჩოს, როდესაც რესპუბლიკელები ყველაფერს აკეთებენ, რათა აიძულონ «ქართული ოცნების» ხელმძღვანელი მიიღოს გადაწყვეტილება.

ამგვარი სიტუაციებიდან «გამოძრომის» უბადლო ოსტატი იყო ედუარდ შევარდნაძე. მაგრამ კვირიკაშვილი, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს,  ჯერ ერთი ძალაუფლების ტექნოლოგიაში აწ განსვენებულ ბატონ ედუარდს ვერ შეედრება (და საერთოდ ვერავინ შეედრებოდა ამაში)  და, გარდა ამისა, შევარდნაძეს, კაცმა რომ თქვას, სხვა უფროსი არ ჰყოლია - პოლიტიკური აუცილებლობისა და საკუთარი ინეტრესების გარდა.

მეორე მიზეზი, რატომაც ვერ იღებს კვირიკაშვილი მეჭიაურთან (აგრეთვე მის პოლიტიკურად მონათესავე თოფაძესთან) დაკავშირებით თითქოსდა მომწიფებულ გადაწყვეტილებას  ისაა, რომ მეჭიაურის ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან ამ მეთოდით უკვე ვეღარც მოხერხდება: ადგება და მაჟორიტარად იყრის კენჭს თუ არა «ოცნებიდან», დამოუკიდებლად მაინც! გამარჯვების შანსიც ექნება, რის შემდეგაც მომავალ პარლამენტში მაჟორიტართა არალოიალობის  პრეცედენტს შექმნის, რაც «ოცნებისთვის» ძალიან საშიშია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მესამე მიზეზი კი ყველაზე საინტერესოა: საქმე ის გახლავთ, რომ თამაზ მეჭიაური უკვე აღარ არის ერთი ცალკე აღებული «მარგინალი»: იგი ნამდვილად გამოხატავს გარკვეულ ტრენდს ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში,  რომელსაც, ძალიან ზოგადად, დასავლეთითა და ამერიკით იმედგაცრუება, ანუ «რუსეთის მონატრება» შეიძლება ეწოდოს.

ეს ტრენდი ჯერ მკაფიოდ გამოხატული არაა, ანუ ხმამაღლა თითქოს ვერ ბედავენ რუსეთთან ისტორიულ კაპიტულაციაზე ლაპარაკს, მაგრამ მეჭიაური, სულ უფრო და უფრო ღიად ახმოვანებს და ამით ლეგიტიმურობასაც მატებს ამგვარ  განწყობებს: «ამერიკული ტანკები წავლენ, ხოლო რუსული ტანკები დარჩებიან»; «ნატო»-ში არ გვიღებენ და ჩვენს ხარჯზე რუსეთს ევაჭრებიან», «შეიძლება შარს გადავეყაროთ და უარეს დღეში ჩავვარდეთ», «კიდევ გვაქვს ბევრი რამ დასაკარგი» «დავიღალეთ ამ გაუთავებელი დაპირისპირებით», «ორ მარტორქას შორის ვიჭყლიტებით და უსაფრთხოების ნაცვლად უარეს დღეში ვვარებით ამ ნატო-ზე უშედეგი ტლიკინით» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამ აზრით თამაზ მეჭიაური ცდილობს «სახახლო ტრიბუნად» იქცეს და გამოხატოს იმ სოციალური კატეგორიის (ესე იგი მასსავით «კაი პურის მჭამელი, ტრადიციული ქართველი  ბიჭების») განწყობა. 

მოგწვონს თუ არა, ეს ტრენდი ძლიერდება იმ ფონზე, როდესაც იმედგაცრუება ნამდვლად არსებობს თუნდაც MAP-თან დაკავშირებით. კვირიკაშვილმა და «ქართულმა ოცნებამ» არ შეიძლება ეს  არ გაითვალისწინონ, რადგან ეშინიათ, რომ თუ არ გაითვალისწინებენ, მაშინ ამგვარად განწყობილ ამომრჩეველს 8 ოქტომბრის არჩევნებზე ბურჯანაძე და ინაშვილი წაიყვანენ, რაც «ვაი-ს გავეყარე ვუის» შევეყარეს მდგომარეობაში ჩააყენებს მმართველ ძალას.

იმავდროულად, «რესპუბლიკელებთან» ურთიერთობის სრული გაწყვეტა, მათთან ღია დაპირისპირება და მათ მიერ «კარის გაჯახუნებაც» საშიშია: ამ პარტიის მოკავშირეობა  ერთადერთი არგუმენტი იყო, რაც შეეძლოთ დაეპირისპირებინათ პროდასავლური ძალებისთვის (იმავე «ნაციონალებისთვის») მაშინ, თუ ისინი ქუჩაში გამოსვლას გადაწყვეტენ: ძნელია «პრორუსულობა» დააბრალო ძალას, თუ მასთან არიან «რესპუბლიკელები» და პირიქით:  ამოცანა იოლდება, თუ «რესპუბლიკელები» კარს საბოლოდ გაიჯახუნებენ!

აქვე ისიც გავითვალსიწნოთ, რომ ზემოთხსენებული «კაი პურს მჭამელი ბიჭები» ამგვარი მოთხოვნით (რუსეთთან კაპიტულაციის და პროდასავლურ კურსზე უარის თქმით) ქუჩაში გამომსვლელები არ არიან, ხოლო პროდასავლური ძალები, «ენ-ჯე-ოები» და ვესტერნიზებული ისტებლიშმენტი - იცოცხლე!  ხვალვე მოუწყობენ სახელმწიფო კანცელარიის შენობის ბლოკირებას და პოლიცია ამ საქმეში ვერაფრით დაეხმარება

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი ასეთ ტრაგი-კომიკურ ფიქრსა და ჭმუნვაშია ახლა გიორგი კვირიკაშვილი თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით. ყველანაირად შეეცდება, დრო გაჭიმოს და არჩევნებამდე ისე «მაითრიოს» პროცესი,  გადაწყვეტილების მიღება თავიდან აირიდოს.  

თუ მოახერხებს, უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, უშუალოდ არჩევნებში მეჭიაური ვისი სიით ან როგორ მიიღებს მონაწილეობას ან «რესპუბლიკელები», საბოლოოდ, რას გადაწყვეტენ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ (ივნისში)

 თუ გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს პროცესის კიდევ ერთი თვით (მაინც) გადაწევას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბეჯითი შემსრულებლიდან და კარგი დიპლომატიდან თანდათან იქცა ნიჭიერ პოლიტიკოსად.

მაგრამ რესპუბლიკელებიც არ არიან «ნორჩი პიონერები» და ყველანაირად ეცდებიან, პრემიერს ამის საშუალება არ მისცენ, ანუ აიძულონ, მკაფიო გადაწყვეტილება ახლავე მიიღოს.

"ჯი-ეიჩ-ენი”, გიორგი ლეჟავა

ავტორი: . .