რესპოდენტის შესახებ
”ჯი-ეიჩ-ენი” ახალი პოლიტიკური კონცეფციის ”ახალი საქართველოსთვის” ავტორს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
- ბატონო ნიკა, ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი თქვენს ნაშრომზე ”ახალი საქართველოსთვის” საუბრობს. რატომ გადაწვიტეთ ამ ნაშრომის შექმნა, მით უფრო, რომ ქართული პოლიტოლოგიური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შესაბამისი სახის დოკუმენტის შექმნა რატომღაც აზრად არ მოსვლიათ?
- ქართულ პოლიტიკას, ჩვენს საზოგადოებას დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს, ნამდვილი სიცოცხლითა და ენერგიით დატვირთული აზროვნება სჭირდება. ვთქვათ პირდაპირ - როგორც წესი, პარტიული პროგრამები იწერება მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ასეთი დოკუმენტი უნდა გააჩნდეთ. პოლიტიკურ ბრძოლებში გამარჯვებას კი ისინი არა პროგრამებით, არამედ სხვა ხერხებით ცდილობენ. შესაბამისად, პროგრამული დოკუმენტები ხშირად გვანან ერთმანეთს, აკლიათ გულწრფელობა, ნამდვილი სტრატეგიული აზრი და ფორმალური ვალის მოხდის პროდუქტის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ დროს ჩვენს ქვეყანას მართლა სასიცოცხლოდ ესაჭიროება არსებული მდგომარეობისა და მომავლის გზების სტრატეგიული გააზრება და ისეთი ცოცხალი შინაარსით დატვირთული იდეების გენერირება, რომლებიც ჰპოვებს თავის გამოძახილს უბრალო მოქალაქეების გულებსა და გონებაში და გაუჩენს მათ შეგნებულ სურვილს ორგანიზებულად და გააზრებულად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საქმეში. ერთი სიტყვით, საქართველოს, მის საზოგადოებას დღეს ჰაერივით სჭირდება ცოცხალი იდეოლოგია, რადგან ჩვენი თანამოქალაქეები სკეფცისმა და აპათიამ მოიცვა, ეს კი ჩვენი, გეოპოლიტიკურად რთულ და დაძაბულ რეგიონში მდებარე ქვეყნისთვის, ძალიან სახიფათოა. სწორედ ამ იდეოლოგიური ამოცანის გადაწყვეტისთვის ბიძგის მიცემას ისახავს მიზნად ჩემს მიერ საზოგადოებისთვის შემოთავაზებული ნაშრომი
- წინა კითხვაში ”ახალი საქართველოსთვის” დოკუმენტად მოვიხსენიე. პირადად თქვენთვის რა არის ”ახალი საქართველოსთვის”?
- პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს რას დავარქმევთ - დოკუმენტს, ნაშრომს, კონცეფციას თუ იდეოლოგიურ პლატფორმას. მთავარია, შესაბამის აზროვნებას, სულისკვეთებას და ქმედებას მისცეს ბიძგი
- ამ დღეებში ცალკეული კრიტიკული მოსაზრებებიც მოვისმინე, ზოგი ენას გიწუნებდათ, ზოგი სტილს, ზოგიც იმაში ”გდებდათ ბრალს” რომ ცალკეული მოსაზრება საქვეყნოდ გავრცელებული და ცნობილია, თუმცა კონცეპტუალური კრიტიკა ვერ მოვისმინე. ხომ არ აპირებთ დოკუმენტის საჯარო განხილვას სპეციალიტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით?
- სიმართლე უნდა ითქვას, გამოძახილების აბსოლუტური უმრავლესობა, დადებითია და მათ შორის, არის ისეთი ადამიანების შეფასებები, რომელთა აზრს ნამდვილად ვცემ პატივს. რამოდენიმე „კრიტიკოსმა“ უარყოფითი აზრი დოკუმენტის გამოქვეყნებიდან რამოდენიმე წუთში დადო, ანუ წაუკითხავად. ამდენად, მათი პოზიციის განხილვას აზრი არ აქვს. საქმიან შენიშვნებს კი მართლა დიდი სიამოვნებითა და მზადყოფნით ვიხილავ და ვპასუხობ. პირველი, მოკლე საჯარო განხილვა მოხდა დავით პაიჭაძის გადაცემა „საღამოს პიკის საათში“ 5 მაისს. ახლო მომავალში იგეგმება განხილვები რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და ტელეარხებზე. შესაბამისი ანონსი გაკეთდება.
- ახლა კონკრეტულად დოკუმენტზე - ”ახალი საქართველოსთვის”. განსაკუთრებით საყურადღებოდ მეჩვენება განვლილი პერიოდის ანალიზი. რუსეთის როლი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პერიოდში, მისი მილიტარისტული პოლიტიკა, საფრთხეების გააზრება. ამ საკითხებს საკმადო დიდი ადგილი აქვს დათმობილი. რატომ?
- ამაზე არის დოკუმენტში საუბარი. ნებისმიერი მეტნაკლებად გარკვეული ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი ქვეყანა მართლა სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, საზოგადოება, ძირითადად კონცენტრირებულია იაფფასიან პოლიტიკურ სკანდალებსა და საეჭვო დონის გასართობ შოუებზე. აუცილებელია, ამ საფრთხეების მკაფიოდ დანახვა და გააზრება, რათა საზოგადოებაში გამოფხიზლების ნიშნები და ქმედების სურვილი გაჩნდეს.
- თქვენ ზოგად ნაწილში საკმად მზიმე ვერდიქტი გამოუტანეთ ქვეყანას, სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს - ”ზიანი, რომელიც გარე ფაქტორებისაგან - მტრისაგან მოგვადგა, შესაძლებელი გახდა იმისგამო, რომ ჩვენ თვითონ ვერ ვივარგეთ. ყველაფერთან ერთად კი, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამმეოთხედსაუკუნოვანი პერიოდის განმავლობაში, საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, მტერზეარანაკლები ზიანი უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებმა მიაყენეს”, როგორ ფიქრობთ, ამ მიმართებით დღეს რა ვითარებაში ვართ? და მეორეც - ჩვენ ხომ შცდომების აღიარება გვიჭირს მეტ წილად და ამ მოსაზრებაში დაგეთანხმებათ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც განვლილ პერიოდში ”დღის წესრიგს” ქმნიდნენ?
- ვფიქრობ, ამ უცხადესი ფაქტის უარყოფას ვერავინ გაბედავს. თბილისის შუაგულში საომარი მოქმედებების გაჩაღება და მისი განადგურება, ქვეყნის სამოქალაქო ომში გახვევა, უამრავი სიმახინჯე და ღალატი, რომელიც, მაგალითად, აფხაზეთში სამამულო ომს ახლდა თან, ნახევრად გაოფიციალურებული ბანდიტური ორგანიზაციების მიერ, საქართველოს, პრაქტიკულად, მთელი სამრეწველო პოტენციალის ნაფლეთებად ქცევა და ჯართად გაყიდვა და კიდევ უამრავი რამ... ვინ შეიძლება ეს უარყოს?!
- კიდევ ერთი ფრაზა უნდა გაგახსენოთ - ”სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საქართველოში მოიძებნოსსაზოგადოებრივი კონსენსუსის და კონსოლიდაციის საერთო პლატფორმა”. რა მექანიზმით არის შესაძლებელი ამის მიღწევა?
- დოკუმენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებში ხშირად მესმის ეს სიტყვა - „მექანიზმები“. არასწორი სიტყვაა, ჩემი აზრით, და პრინციპულად არასწორი მიდგომაა. ის იმ სულიერ პასიურობაზე მეტყველებს, რომელშიც არის ჩავარდნილი ჩვენი საზოგადოება. თითქოს, ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღებისა და წარმატებისთვის , რაღაც ტრაქტორი ან ბულდოზერი უნდა მოვიყვანოთ, რომელიც ჩვენს საქმეს, ჩვენს მაგივრად გააკეთებს. იმის მიღწევა, რასაც თქვენ მეკითხებით, პირველ რიგში, სულიერი აქტის შედეგად უნდა მოხდეს. თუ მაინცა და მაინც ამის მიღწევის საშუალებებს „მექანიზმები“ გვინდა ვუწოდოთ, ეს მექანიზმებია სიყვარული და ნება - სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარული და ქმედების ნება და თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ორი ფენომენის ამოქმედება, ამაზე შევეცადე დოკუმენტში მესაუბრა.
- ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხიც - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აბსოლუტურად ახლებული გააზრება. თქვენ აცხადებთ, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისას საქართველოს სახელმწიფოპოლიტიკამ გვერდი აუაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შერიგების საკითხს, დადგეს მასზე მაღლადა დაეყრდნოს ზოგადპოლიტიკურ და ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს. მართალია ეს საკითხი დოკუმენტში საკმად ვრცლად არის წარმოდგენილი, მაგრამ მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გავხადოთ?
- საკითხისადმი ეს მიდგომა პირველად 2013 წლის აგვისტოში ჩამოვაყალიბე სტატიაში „აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ფორმულის“ შესახებ, რომელიც ინტერნეტგაზეთ iveria.biz- ში დაიბეჭდა. დაინტერესულ წრეებში, განსაკუთრებით, დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებში, მაშინ ამან ცოცხალი ინტერესი გამოიწვია. დღეს ამ პოზიციას უკვე მრავალი ადამიანი იზიარებს, მაგრამ მის დამკვიდრებას ჯერ კიდევ სჭირდება ძალისხმევა. საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რაიმე სასწაულებრივ რეცეპტზე. საქმე ეხება იმას, რომ ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების პრობლემატიკას სწორი პრინციპებით უნდა მივუდგეთ და არა იმ ფორმით, როგორც ამას ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში და, განსაკუთრებით, დღეს ვაკეთებთ. ჩემი აზრით, აქცენტის კეთება ეთნოსებს შორის შერიგებაზე, მით უმეტეს, როცა ერთ-ერთი ეთნოსის პოზიციაზე საქართველოს სახელმწიფოს ვაყენებთ, ხოლო მეორე მხარეს კი ვცდილობთ ვესაუბროთ არა მთელ საზოგადოებას, არამედ - გამორჩევით ოსებსა და აფხაზებს, პრინციპულად არასწორია და ამას ჩიხში მივყავართ. იგივე აფხაზეთში, დღეს არააფხაზი ეროვნების მოსახლეობა ისევე იჩაგრება, როგორც იჩაგრებოდენ მანდ ადრე ქართველები. ჩვენ კი ვცდილობთ, აფხაზეთის ბედზე, ექსკლუზიურად აფხაზებს ვესაუბროთ. ეს არა არის სწორი არც პოლიტიკურად, არც იურიდიულად და არც მორალურად.
უფრო კონკრეტულად?
საქმე უნდა გვქონდეს არა ექსკლუზიურად აფხაზ „ძმებთან“და მათთან გარიგებას კი არ უნდა ვისახავდეთ მიზნად, არამედ აფხაზეთის მრავალეთნიკურ მოსახლეობასა და საზოგადოებასთან და მიზანი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების მოქალაქის შელახული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ მათ ესაუბრება არა ქართველების სახელმწიფო, არამედ საქართველოდწოდებული ევროპულ პრინციპებზე მდგარი სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის მიზანია, აღადგინოს თავისი იურისდიქცია მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა და იქ, თავისი მოქალაქეებისთვის დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის უფლებების დაცვა და ნორმალური განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკური და კულტურული განვითარება უზრუნველყოს. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ, საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემთხვევაში, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეორეხარისხოვანი ეთნოსები არ იარსებებენ, არამედ იქნებიან მხოლოდ თანასწორუფლებიანი მოქალაქეები, რომლებიც, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, წყვეტენ საკუთარსა და თავისი ქვეყნის ბედს - ანუ, ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო, ნაცვლად „პრივილეგირებული ეთნოსის“ იდეოლგიაზე დაფუძნებული ძალადობრივი რეჟიმისა. ვფიქრობ, ასეთ გზავნილს ძალიან კარგად გაიგებენ და მიიღებენ იქ მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები და იმასაც უკეთ გაიაზრებენ, თუ რას იცავს და რისგან „იცავს“ მათ რუსეთის საოკუპაციო ჯარი.
დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და რა თქმა უნდა ერთ ინტერვიუში ჩვენ ყველა საკითხს ვერ შევეხებით, თუმცა მის რეალიზებას სჭირდება არა მხოლოდ საზოგადოებრივი ინიციატივა, არამედ პოლიტიკური ნება. რამდენად აქვს მას გამოხმაურება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და რამდენად არიან ისინი დაინტერესბულნი რომ უფრო, ნათლად გაიაზრონ თუ რას სთავაზობთ საქართველოს?
- როგორც ვატყობ, ბევრმა ძალიან ყურადღებით წაიკითხა, თუმცა ამას საჯაროდ არ აცხადებენ. სამაგიეროდ, უკვე დაიწყეს ნაშრომში წარმოდგენილი იდეების ინტენსიური გამოყენება საკუთარ პოლიტიკურ რიტორიკაში. ეს შევნიშნე, მაგალითად, გიორგი ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, დავით თარხან-მოურავმა კი რამოდენიმე მნიშვნელოვანი იდეა სასწრაფოდ გადაიტანა თავის „ტელე-რადიო ქადაგებებში“, ლიბერალ-დემოკრატებმა ეროვნული კონსოლიდაციის თემა აიტაცეს.
ზოგადად ეს მახარებს. მიზანიც ხომ ესაა, რომ ნაშრომში მოცემული იდეები რაც შეიძლება მეტად დამკვიდრდეს ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში. თუმცა, მაინც არ მინდა, რომ „ახალი საქართველოსთვის!“ მარტივად დახურდავდეს დღევანდელი, არც თუ სახარბიელო პოლიტიკური სპექტრის საარჩევნო და პოლიტიკურ კამპანიებში. ვისურვებდი, რომ ის დაედოს იდეოლოგიურ საფუძვლად ახალ, ჯანსაღ, მასობრივსა და პერსპექტიულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას
”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა გოჩა მირცხულავა