ENG / RUS       12+

გიორგი ვაშაძის ახალი მოძრაობა «ჩახავსებული» დათო ბაქრაძის წინააღმდეგ

«ნაციონალური მოძრაობისა» და «მიშას გუნდის» ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე წარმატებული რეფორმატორის, გიორგი ვაშაძის გასვლა ყოფილი მმართველი პარტიიდან ბევრად საინტერესო მოვლენაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

პირველი შთაბეჭდილებით, ყველაფერი თითქოს ქართული წესით მოხდა: ანუ «უჩემოდ ვით იმღერეთა», შიშველი ამბიცია, «მე უნდა ვიყო ლიდერი», «მე რატომ არ ჩამსვით ათეულში», «რატომ არ დამითმეთ პირველი ადგილი», «ჩემზე უკეთესი ვინ გყავთ» და ასე შემდეგ. მაგრამ თუ უფრო ყურადღებით  დავაკვირდებით, სინამდვილეში წინააღმდეგობა, რომელმაც თავი იჩინა მთავარ ოპოზიციურ ძალაში, უფრო სიღრმისეული და სისტემური ხასიათისაა. ესაა წინააღმდეგობა პრაგმატიკოსებსა და რომანტოკოს-რევოლუციონერებს შორის. შემთხვევითი როდია, რომ გიორგი ვაშაძემ თავის მთავარ მოწინააღმდეგეებად ის «ძველი გვარდია» დაასახელა, რომელმაც 2003-2010 წლებში («ვარდების რევოლუციიდან» - თბილისის მერის არჩევამდე) ბევრი  გამარჯვება მოუტანა მიშას.

ეს არის გამოცდილი პოლტტექნოლოგების ჯგუფი, რომელსაც ჭიპი აქვს მოჭრილი ამგვარ საქმეებში ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული, ძალიან კარგად იცნობს ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას და მუდამ პრაგმატულ გადაწყვეტილ;ებებს იღებს, რაკი იცის «სასურველისა» და «რეალურის» გარჩევა.

მაგრამ სანამ მთავარ წინააღმდეგობაზე ვიტყოდეთ, რამდენიმე საინტერესო მომენტს დავაკვირდეთ, რათა ვაშაძის მოტივაცია და მომხდარის წინაპირობები კიდევ უფრო მკაფიო გახდეს: რა მრავალმნიშვნელოვნად დუმს გოკა გაბაშვილი! ეს ბუნებრივიცაა მას შემდეგ, რაც მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც იმავე ვაშაძეს აგინებს.

 ბოლოს და ბოლოს, როცა კაცს ზურგს უკან ასე აგინებ და  კაცი გაიგებს, ის მაინც აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ, როგორც მინიმუმ, პრეს-კონფერენციაზე «რეტროგრადს» გიწოდებს. ეს საქართველოა და არა ევროპა. ამიტომ ამგვარი რამ ადამიანს საფლავში ჩაყვება და კუბოს კარამდე არ დაავიწყდება.

ოღონდ აქვე ისიც გავიხსენოთ, იგივე გაბაშვილი იმავე საუბარში როგორ იხსენიებდა მიშა საააკშვილს, ვინც, მისი თქმით, თურმე «სამ კვადრატულ მეტრში გამოკეტილ გიგი უგულავას ებრძვის» და «იფარავს თავის სამარცხვინო ძალოვნებს».

რას ნიშნავს ეს ყოველივე ვაშაძის გასვლაზე სააკაშვილის რეაქცის გათვალისწინებით? რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ მიშა, უბრალოდ, შევარდნაძის სტილში, საბოლოოდ იმ მხარეს გადაიხარა, საითაც მეტი ძალა და რესურსი დაინახა: იგრძნო, რომ ვაშაძე უფრო სუსტია, ვიდრე ნაციონალთა ძველი გვარდია და არჩევანიც გააკეთა უფრო ძლიერის სასარგებლოდ, თუმცა მანამდე ვაშაძესაც უგზავნიდა გარკვეულ მესიჯებს

 დავაკვიდრეთ სააკაშვილის ფრაზას: «ვიცოდი, წასვლას აპირებდა, მაგრამ არ მჯეროდაო»: რასაკვირველია, თუ იტყოდა «არ ვიცოდიო», ეს მისი სისუსტე იქნებოდა, მიშას კი არ უყვარს სუსტად გამოიყურებოდეს მაშინაც კი, როცა ნამდვილად სუსტია; თუ იტყოდა, «ვიცოდი, ვეუბნებოდი არ წახვიდე, მაგრამ არ დამიჯერაო», ამ შემთვევაშიც სისუსტეში ჩაეთვლებოდა. ამიტომ ასეთი ეშმაკური ფორმულა მოიფიქრა: «მეუბნებოდა წასვლას ვაპირებო, მაგრამ არ მჯერდა».

არადა, რა იყო აქ დაუჯერებელი?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თავისი როლი ნამვილად შეასრულა შიდაპარტიულ პრაიმერიზში განცდილმა მწარე მარცხმა, საარჩევნო შტაბის უფროსობაზე უარის თქმამ . . . . . . .  მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» აქცენტი დავით ბაქრაძეზე გააკეთა, რომელიც ბოლო გამოკვლევებით, ყველაზე მეტი ავტორიტეტით და მხრადაჭერით სარგებლობს ხალხში.

 გიორგი ვაშაძეს ეს რეიტინგი სულაც არ მიაჩნია საკმარის არგუმენტად, რათა სწორედ ბაქრაძე გახდეს  სიის პირველი ნომერი და ნაციონალთა სახე.  ვაშაძე საკითხს შემდეგნაირად აყენებდა და, კაცმა რომ თქვას, თავისებურად მართალიც იყო:

დათო ბაქრაძეა ყველაზე პოპულარული ხალხში? მერედა რა ამით? რომელი რეფორმატორია დათო ბაქარაძე? რა რეფორმა გაატარა ჩემგან განსხვავებით? მე გავხსენი «იუსტიციის სახლები», მე შევცვალე მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პარადიგმა, რაც ერთმნიშვნელოვნად პროგრესულ რეფორმადაა მიჩნეული საპატრულო პოლიციასთან ერთად, ამით მე დავანახე მთელს მსოფლიოს საქართველოს რეფორმაცია და ის მსოფლიო, პატრულთან ერთად, ლაპარაკობს «იუსტიციის სახლებზე». დათო  ბაქრაძემ კი რა რეფორმა გატარა? არავითარი და არანაირი! ხოლო თუ ის უფრო პოპულარულია ვიდრე მე, ეს მხოლოდ  იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხის დიდი ნაწილია, სინამდვილეში, ანტირეფორმატორულად განწყობილი, ესე იგი ჩახავსებულობას ამჯობონებს ცვლილებებსა და მუდმივ მოძრაობას. ამიტომ, თუ ნაციონალური მოძრაობა რეფორმატორული ძალაა, მან იმაზე კი არ უნდა გააკეთოს აქცენტი, ვინც ხალხს უფრო მოსწონს, ვინაიდან ხალხი მუდამ ანტირეფორმატორია, არამედ იმაზე, ვინც რეალურად ცვლის, რეფორმირებს, აუმჯობესებს, იბრძვის, აფორიაქებს,  არ ასვენებს არც ქვეყანას, არც ხალხს და ა.შ. წინააღმდეგ შემთვევაში, «ნაციონალური მოძრაობა» თვითონ იქცევა ანტირეფორმატურულ ძალად, რომელსაც მხოლოდ საპარლამენტო ადგილები, მხოლოდ არჩევნებში წარმატება და ხმების რაოდენობა აღელვებს და არა ამ ხმებით მიღებული მანდატის ხარისხი: დათო ბაქრაძის «პირველნომრობით» მიღებული მანდატი არ არის რეფორატორული მანდატი! პირიქით, ანტირეფორმატორული მანდატია იმ ხალხისა, ვისაც ძალიან მოსწონს იუსტიციის სახლები, მაგრამ არ სურს გადაიხადოს ფასი, რაც ამგვარი რეფორმა ჯდება და არ სურს გაიაროს ის რთული გზა, რომელიც ამგვარი შედეგით სრულდება.

ამ არგუმენტაციაზე, რომელსაც ხშირად იმეორებდა ვაშაძე შიდაპარტიული დისკუსიებისას, ხსენებული «პრაგმატიკოსები» პასუხობდნენ:  

გეთანხმებით, რომ ხალხი ანტირეფორმატორულად განწყობილი ბრბოა, მაგრამ ისეთი ბრბოა, რომელსაც (საარჩევნოდ მაინც) ანგარიში უნდა გაუწიო და თუ ხალხში დათო ბაქრაძის ტიპის პოლიტიკოსზეა მოთხოვნა და არა გიორგი ვაშაძის მსგავს რადიკალ-რეფორმატორებზე, მაშინ წარმოუდგენელია პარტიამ ეს საარჩევნოდ არ გაითვალისწინოს, თუმცა არჩევნების შემდეგ შესაძლოა სულ სხვა გადაწყვეტილებები მიღოს და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვაშაძეს (მისთვის ჩვეული ავანტიურისტული რომანტიზმით) ამგვარი მიდგომა უსინდისობად მიაჩნდა, რაკი მტკიცედ სწამდა, რომ საარჩევნო მანდატი პარტიულ პროგრამას უნდა ემთხვეოდეს, ხოლო წინასაარჩევნო დაპირება - პოსტსაარჩევნო ქმედებებს, რაც ნაციონალთა პრაგმატიკოს-ცინიკოსთა ელიტამ არ გაითვალისწინა.

ამ დისკურსში დავაკვირდეთ საოცრად ნიშანდობლივ ფაქტს, რომელიც «ბოტანიკურ ბაღთან» დაკავშირებით მოხდა: ეს მოძრაობა ხომ მთლიანობაში,  «ნაციონალთა» აგორებულია? რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი PR-კამპანია, მაგრამ ჰოი საოცრებავ, «ნაციონალები» უშუალოდ იმ მიტინგზე აღარ გამოჩენილან, რომელიც ივანიშვილის სახლთან გაიმართა შაბათს. მიზეზი იოლი გასაშიფრია. არ მივიდნენ იმიტომ, რომ იციან: ხალხს, სინამდვილეში, არ მოსწონს არეულობა, ექსცესები, უნდა მშვიდი ცხოვრება და არ მოეწონება იმ «პარტიზანებთან» ერთად «ნაციონალთა» ყოფნა, ვისაც იგივე ხალხი ექსტრემალებად და მარგინალებად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, მრავალდღიანი გნიასის და «ბოტანიკური ბაღის» დასაცავად ვაი-უშველებელი ტალღის აგორების მიუხედავად, ოპოზიციონერები იქ («ჯინსებიანი პარტიზანი» ნატა ფერაძის გვერდით) არ გამოჩნდნენ.

ვაშაძე კი  აუცილებლად მივიდოდა, პარტიის ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები რომ ყოფილიყო, რადგან  სჯერა, რომ დეკლარირებული პოზიცია კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უნდა ემთხვეოდეს, ხოლო პრაგმატიზმი ღირებულებით ცდომილებას არ უნდა იწვევდეს.

ეს იმდენად სისტემური უთანხმოებაა, რომ მართლა არ შეიძლება მისი დაყვანა მხოლოდ მოთხოვნაზე «პირველი ადგილის» ან «პირველ ათეულში» მოხვედრის შესახებ:

რას განასახიერებს დათო ბაქრაძე? - სიმშვიდეს, სოლიდურობას, ინტელიგენტურობას, აკადემიურობას და ასე შემდეგ. ამ თვისებებით კი არანაირი რეფორმები 2004 წლიდან საქართველოში არ გატარდებოდა და თუ ხალხისთვის სწორედ ესაა მისაღები, გამოდის იმ ხალხს «გაუმჯობესებეული ბიძინა» სდომებია და არა «მოდერნიზებული მიშა!» ესე იგი მიშა-ბიძინას  სინთეზი: ყველაფერი საუკეთესო მიშასგან და ყველაფერი საუკეთესო ბიძინასგან: მიშას ღირსებები - ბიძინას ნაკლოვანებათა გარეშე და პირიქით!

ვაშაძე კი ამბობდა: ასეთი რამ წარმოუდგენელია, ხოლო პარტია, რომელიც მასის (ხალხის) ამ ილუზიებს ეთამაშება, აღარ არის რეფორმატორული ძალა! იმ შემთხვევაშიც კი, თუ დათო ბაქრაძის რეიტინგი ნაციონალთა მომხრეებს შორის მართლა ასეთი მაღალია, ვაშაძისა კი - ნულის ტოლი. ვაშაძის აზრით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თვით  ხალხის რეფორმატორული ცნობიერებაა ნულის ტოლი, რაც სრულებით არ აკნინებს რეფორმატორებს და არ ამცირებს რეფორმათა აუცილებლობას

სისტემური დაპირისპირება ნაციონალთა პირველ ათეულში უკვე დადასტურდა. პრაგმატულმა ელიტამ სცადა, ორივე მისწრაფების «დამყნობა» მაგრამ.... «ახალი სახეებიო» და . . . . . .  რომელი «ახალი სახეებია» ვიზეც უკვე ცნობილია, რომ სიაში გარანტირებული ადგილი აქვთ? სამაგიეროდ, არავის აღიზიანებთ (ისევე, როგორც დავით ბაქრაძე) და, იმავდროულად, მჭერმეტყველი ლიბერალები, ესე იგი, დეკლარირებულად  სწორი იდეოლოგის მატარებელნი არიან.

საეჭვოა ამგვარმა მიდგომამ «ნაციონალებს» სერიოზული წარმატება მოუტანოს მომავალ არჩევნებში. მათი შანსი სწორედ ვაშაძის რომანტიზმში იყო და არა ბაქრაძის მშვიდ პრაგმატიზმში, რადგან პრაგმატიზმსა და მშვიდი ცხოვრების მოყვარული ელექტორატის მიმხრობაში ისინი ბიძინას «ქართულ ოცნებას» მაინც ვერ აჯობებენ და, მაქსიმუმ, მომავალ პარლამენტში 20-25 კაციანი ოპოზიციური ფრაქციის შექმნით დაკმაყოფილდნენ.

არადა,  პოლიტიკური პარტიისათვის სახისა და სტილის დაკარგვა ბევრად საშიშია, ვიდრე საპარალმენტო მანდატებისა. გიორგი ვაშაძე უფრო განასახიერებდა ნაციონალთა  «ინტენციურ იდეას»  ქვეყნის მოდერნიზაციის აუცილებლობის შესახებ, ესე იგი  თავდაპირველ  სახესა და სტილს, ვიდრე დათო ბაქრაძე, რომელიც «ნაციონალებთან» არა ვარდების რევოლუციიდან, არა მიშას ნამდვილი გუნდიდან, არამედ ბურჯანაძე-დემოკრატებიდან სრულიად შემთხვევით  მოხვდა.

”ჯი-ეიჩ-ენი”, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .