რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დღევანდელ ცინიზმით აღსავსე ეპოქაში, რომელშიც ეროვნული ნიჰილიზმი და აგრესიული ათეიზმი ლამის ცხოვრების ნორმადაა მიჩნეული, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ყოველგვარი პათეტიკური პატრიოტიზმის გარეშე, ფიქრობენ ჩვენს წარსულზე, ერისა და ქვეყნის ისტორიაზე, რათა ვიცოდეთ, რანი ვიყავით, რანი ვართ და საითკენ მივექანებით. სწორედ ასეთ კონტექსტში იკითხება ერთი დიდი ტექსტი, კინოტექსტი - მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "თამარი" (რეჟისორი ლევან ლომაშვილი; სცენარის ავტორები ნინო სადღობელაშვილი და გურამ მეგრელიშვილი; ოპერატორები: გიორგი და ზურა ობოლაძეები; მხატვარი ხათუნა გიგუაშვილი; მონაწილეობენ: ანა მატუაშვილი, გიორგი მერებაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, გიორგი ზანგური, გოგიტა ტრაპაიძე, შოთა ნოზაძე, სოსო ელიზბარაშვილი, ლეონტი შიოშვილი, ზაზა თაგოშვილი), რომელიც კინოსტუდია "ხომლის" ორწლიანი მუშაობის შედეგია. თავად ეს კინოსტუდია 2011 წელს დაარსდა. ჯგუფის წევრებს ერთმანეთის მსგავსი მიზანი და იდეები ჰქონდათ - მხატვრულ-დოკუმენტური, შემეცნებითი ხასიათის ფილმების შექმნა.
„თამარი“, ფაქტობრივად, თამარ მეფის გარდაცვალების 800 წელს მიეძღვნა და მასზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო. გადაღების მიზანი რეჟისორმა ასე განსაზღვრა: „დიდი სურვილი მაქვს, რომ სკოლებისთვის ეს იყოს დამხმარე სახელმძღვანელოს მსგავსი, რათა ბავშვებმა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ ვიზუალური თვალსაჩინოებით გაიცნონ თამარ მეფე და მისი ეპოქა. ვფიქრობ, ფილმი საინტერესო იქნება ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვისაც“. ამდენად, ჩანაფიქრი იმთავითვე საგანმანათლებლო მიზანს ისახავს და, შესაბამისად, ჟანრიც ამგვარი მიზანდასახულობით განისაზღვრა.
დრო განაპირობებს თემის არჩევანსაც და მისი ინტერპრეტირების სახეობასაც. 21-ე საუკუნეში, როცა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ერთი დიდი ჭეშმარიტება: „დრო ფულია“, უფრო აბსურდული ჩანს არაკომერციული ფილმის გადაღება, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფის მიზნები და ამოცანები სწორედ დროის საწინააღმდეგო დინებაშია, ანუ პროტესტია ყოველგვარი ანტი//არაეროვნულისა. რა რჯიდათ, რატომ აიტკივეს უტკივარი თავი?! სწორედ მათი მიდგომა - წარსულის ხსოვნის შემონახვა და კინოენაზე გადატანაა შემობრუნება იმ მაღალი იდეალებისა და ფასეულობებისაკენ, ასე რომ დაგვანგრია თავზე პოსტმოდერნისტულმა (არამხოლოდ) ეპოქამ. „ოქროს ხანა“ შორეული და დაკარგული ისტორიაა ჩვენი ერისა, საოცნებოც და მიუღწეველიც, მაგრამ ზუსტი მინიშნება იმისა, თუ როგორ განგვსაზღვრავს წარსული ჩვენ დღეს და ახლა.
ლევან ლომაშვილის ფილმი არ არის წარსულის თანამედროვე რეცეფცია და, შესაბამისად, ინტერპრეტაცია. აქ არ გაგაღიზიანებთ დღეს ასე მოდად ქცეული თითქოსდა სტერეოტიპებისა და კლიშეების რღვევა - ყველაფერი ნათლად და ცხადადაა თქმული, გვახსენებენ თითქმის მივიწყებულს და ტექსტის ქვეტექსტიც (იქნებ, მეტატექსტი) პოლიტიკურ-სოციალური გარემოს ანალიზი, ჩვენი თანამედროვე მსოფლმხედველობრივი პრობლემატიკის გააზრების, ეთიკური შეხედულებებისა და დაკარგული ესთეტიკის ძიებაა. ფილმის შემოქმედებითი და გამომსახველობითი ამოცანები მიმართულია თამარის ეპოქის - „ოქროს ხანის“ გაცოცხლებისკენ. ცოცხლდება შუა საუკუნეების ესთეტიკა, როგორც ფართო, ერთიანი კულტურული პროცესი, და მასში მეფე - მონარქის როლი და ადგილი.
ქართველი ადამიანისთვის ყოველგვარი ზეაღმატებულის სიმბოლოა თამარ მეფე და, ბუნებრივია, რომ მასზე გადაღებული პირველი ფილმი ცხოველი ინტერესის საგანია. არც განსხვავებული შეფასებები და პოზიცია გაუკვირდება ვინმეს (ყველას ხომ თავისი თამარ მეფე ჰყავს!), მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გაართვა თავი რეჟისორმა ამ რთულ ამოცანას.
დღეს მხატვრულ-დოკუმენტური კინო, ფაქტობრივად, „მკვდრეთით აღდგომის“ ფაზაშია. ლევან ლომაშვილმა დროზე მიუსწრო და ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ამ ჟანრის გამოცოცხლება დაიწყო. რადგან ფილმი სასწავლო-შემეცნებითია, თავისთავად, მასში ვრცელი ტექსტებია ჩართული როგორც მსახიობ გიორგი ზანგურისა (მთხრობელი მხატვარი), ისე ისტორიკოსების ნაამბობი. როცა უყურებ ერთსაათიან აუდიოვიზუალურ მასალას, გიჩნდება მწვავე განცდა და სურვილი, უფრო მეტი იყოს მხატვრული ელემენტი. იმ მინიმალური ბიუჯეტით, რომლითაც ის გადაიღეს, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა მეტის მიღწევა. ამიტომ, ზოგჯერ ჩნდება ყურადღების გაფანტვისა და გადაღლის საშიშროება. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ გ. ზანგურს ბოლომდე გათავისებული არა აქვს ტექსტი, სათქმელი და ზოგჯერ წასძლევს თამაშის თეატრალური მანერაც. განსაკუთრებით სუსტია ეპიზოდი, როდესაც ხელმწიფის კარის გარიგების შესახებ გვესაუბრება და გვიხსნის (მეტი სიცხადისთვის შესაძლებელი იყო ამ ეპიზოდის გრაფიკულად გამოსახვა და არა იმ ნახატით ჩვენება, რომელიც კადრში კარგად არც კი იკითხება).
რასაკვირველია, ყველაზე დიდი სირთულის წინაშე შემოქმედებითი ჯგუფი სცენარზე მუშაობისას აღმოჩნდა. ქართველი ისტორიკოსების მიერ ნაკვლევი და რუდუნებით შემონახული სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების, გაცნობისა და დამუშავების შემდეგ დგება საკითხი: რას ვირჩევ, რას ვაცოცხლებ, როგორია ის ძირითადი მონახაზი, ქარგა, რომელზეც უნდა აიგოს სიუჟეტი. იწყება ტექსტის ტრანსფორმაციის პროცესი - ერთი სივრციდან მეორეზე გადატანისა, რომელიც აპრიორულად გულისხმობს ინტერპრეტაციასაც. სწორედ აქ იკვეთება რეჟისორის კონცეფცია, აქცენტების გადანაწილება, ვექტორების დაწყობა, პრიორიტეტულისა და დომინანტურის შერჩევა. ფილმის კომპოზიციური სქემა, ძლიერი დრამატული ეფექტით გახსნილი რეჟისორული ჩანაფიქრი თუ კონცეფცია მთლიანობაში სრულყოფილად გვაწვდის თამარის ცხოვრების ძირითად, საკვანძო, არსებით მხარეებს, თუმცა სცენარის დასაწყისი მეტ გამართვას საჭიროებდა. ენობრივ-სტილისტური დახვეწის სურვილს აჩენს ზოგიერთი დიალოგი (მაგალითად, მოძღვართან თხოვნით მისული თამარისა, „შობის მარხვაში მაზიარეო“). რადგანაც მასალა აკინძულია ისტორიულ ქარგაზე, ბუნებრივია, მასში ვეღარ შევიდოდა კლასიკურ მწერლობაში გაცოცხლებული და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გადასული თამარის მხატვრული სტერეოტიპები. ისე კი, ეს ნაკადი უფრო გააცოცხლებდა ფილმს და მის მხატვრულ ხარისხსაც აამაღლებდა. ასევე, შესაძლოა, ზოგს გული დასწყდეს, როცა ვერ ნახავს თამარისა და რუსთაველის ე.წ. სიყვარულის ამბავს, თუმცა ეს ყველაფერი გააზრებული აქვს რეჟისორს და იცის, რომელი ეპიზოდი დატოვოს და რატომ! შთაბეჭდილებას აძლიერებს ოპერატორების ნამუშევარი - ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები, ფაქიზად შერჩეული მთრთოლვარე რაკურსები. თუმცა, ზოგჯერ იგრძნობა მონტაჟის ხარვეზი, ამბიდან-ამბავზე გადასვლა (ტიხრები) ზოგან შესაძლებელი იყო უფრო უმტკივნეულოდ, უფრო ორგანულად და ბუნებრივად.
კინოენისთვის მნიშვნელოვანია ჟესტების, მიმიკის, ზოგადად, პლასტიკის პარტიტურა თავისი სისავსითა და დინამიკით. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, საინტერესოა თავად თამარ მეფე, რომელსაც ასრულებს ანა მატუაშვილი. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მისი სცენური ნამუშევარი, ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან საინტერესო მსახიობთან გვაქვს საქმე არა მხოლოდ თავის ბუნებრივი აქტიორული მონაცემებით, არამედ როლზე მუშაობის სპეციფიკითაც. იგი გმირის სახეებს ქმნის ქმედების მამოძრავებელი შინაგანი მოტივაციის ანალიზით. ვერავის დატოვებს გულგრილს მსახიობის ეს როლი. თამარ მეფეს ეკრანზე არ აკლია სილამაზე, მომხიბვლელობა, დაუძლეველი ადამიანური სევდა, შორსმჭვრეტელობა და სიდიადე. რეჟისორი ცდილობს, მრავალსახოვანი იყოს მეფის გამოჩენა, მაყურებელს დაამახსოვრედეს მისი ქალური, ადამიანური ტკივილი, სახელმწიფოებრივი თუ პირადი პრობლემების გადაჭრის უნივერსალურობა და ასეთ პასაჟებში არ დაიკარგოს საკუთრივ პიროვნული თვისებებიც. ფილმში ბევრს საუბრობენ თამარის სიკეთეზე, მოწყალებაზე, მეფურ ღირსებებზეც... თუმცა გამოსახულება თამარისა ყოველთვის მკაცრი, შეუვალი და მეფურად ღირსეულია. ბუნებრივად გიჩნდება ფილმთან ბილატერული (მსახიობი-მაყურებელი) კომუნიკაციის სურვილი, რომ თამარი იყოს უფრო რბილი, ზოგჯერ მაინც გაიღიმოს, ჩანდეს მისი უბრალოებაც (ასე იშვიათი მონარქებისათვის, მაგრამ ასე ნიშანდობლივი მისთვის). ფაქტობრივად, ფილმი არღვევს ქართველის ცნობიერებაში ჩაკირულ სახეს მეფისას, რომლის შესახებაც მისი თანამედროვე პოეტი ასე წერდა: „თამარ წყნარი, შესაწყნარი, / ხმა - ნარნარი, პირ - მცინარი, / მზე მცინარი, საჩინარი“ (ჩახრუხაძე)... ეს იცის რეჟისორმა, მაგრამ მას ისეთი თამარის სახება დასდევს, როგორსაც ეკრანზე გვიცოცხლებს. სწორედ, მასზეა დამოკიდებული მხატვრული გადაწყვეტის, თამაშის წესისა და გამოსახვის ფორმების არჩევანიც.
ყველაზე მეტად თამარის ხმის მოლოდინი მქონდა. ვიზუალური გამოსახულება, შესაძლოა, ახლოს იყოს შენს წარმოსახვასა და ფანტაზიასთან, მაგრამ ის უნდა შეავსოს „ხმა იდუმალმა“. მსახიობი მაქსიმალურად ცდილობს, მისი საუბარი იყოს დარბაისლური, ინტონაცია - სადა და დინჯი, მაგრამ ზოგჯერ (უფრო კი თამარის ჰიმნოგრაფიული ნიმუშის კითხვისას და ფინალურ ეპიზოდშიც) ფსიქოლოგიზმის გამოხატვას ცდილობს პაუზებით - ეს კი ზრდის ტექსტთან გაუცხოების რისკს. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ასეთ დროს ემოცია ხელს უშლის აზროვნებას.
სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ფილმში განსაკუთრებული სამსახიობო ნამუშევარი შექმნა გიორგი მერებაშვილმა (გიორგი რუსი). მას რეჟისორმა ერთი რეპლიკაც კი არ აღირსა. მსახიობმა მხოლოდ მეტყველი თვალებით, პლასტიკით, სიარულით, ორაზროვანი ღიმილით აღძრა მაყურებელში ამბივალენტური განცდა: აღარ იცი, შეიძულო თუ შეიყვარო, შეგებრალოს თუ გაგიხარდეს მისი გაძევება სამეფო კარიდან. როლზე მუშაობისას გ. მერებაშვილის შინაგანი რესურსი იმ პრინციპს დაეფუძნა, რომელიც მოითხოვს, ეძიო ბოროტში კეთილი და პირიქით. მისი პირველივე გამოჩენა ეკრანზე იმ სიტყვების გამართლებაა, თამარი რომ ამბობს: „არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა, ... და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად“ - სწორედ ასე, აჩრდილივით დადის გიორგი რუსი, მიდის და თითქოს კვალს არ ტოვებს. რეჟისორმა საგანგებოდ არ გვაჩვენა იგი თამარის გვერდით, არ გახადა ამის ღირსი. გ. მერებაშვილის პერსონაჟს არც გიჟმაჟური სიყვარულის თავი აქვს და არც რაღაც განსაკუთრებული ბოროტების ჩადენა შეუძლია, ხის მრუდე აჩრდილივით დააბოტებს, რათა გაამართლოს დედოფლის სიტყვები: „და, უბრალოდ, განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერი". მსახიობმა შექმნა მტვერი და აჩრდილი, მინიმალურ ქრონომეტრაჟში შეძლო მაქსიმალურის ჩვენება და თვალს მიეფარა. გიორგი მერებაშვილის აზრობრივ - ფიზიკური პარტიტურა, გრძნობათა ბუნება ზუსტად შეერწყა როლს და მივიღეთ საუკეთესო ნამუშევარი - ეკრანზე დაიბადა ხასიათი, რომელიც არ ითხოვს სიტყვას!
ფილმში საინტერესო სახეები შექმნეს დარეჯან ხარშილაძემ და გივი ჩუგუაშვილმა. „ცხოვრება სევდაა“, ბევრი მიზეზი აქვს მეფესაც, იყოს დარდიანი, მაგრამ მაინც მეხის გავარდნის ტოლფასია დ. ხარშილაძის პერსონაჟის სიტყვები, თამარს რომ ეუბნება: „ჩვენ არჩევანი არასდროს გვქონია, ის დაბადებიდანვე წაგვართვეს“. ამ დიალოგში ყალიბდება გასაოცარი ესთეტიკა, ფაქიზი და დამაჯერებელი. მაყურებლისთვის ნათელი ხდება, რაოდენ მძიმე იყო პოლიტიკური ქორწინება ქართველ მეფეთათვის! მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ძალიან ცოტაა მხატვრული ნაწილი, ის მაინც ახდენს ზეგავლენას მაყურებელზე, უტოვებს მას არჩევნის თავისუფლებას, რათა თავად განსაჯოს ბევრი რამ, თუნდაც დღევანდელობისთვისაც ნიშანდობლივი და მტკივნეული.
მთლიანობაში ლევან ლომაშვილის ფილმში ამომწურავი სიცხადითაა არეკლილი დიდებული წარსულის განჭვრეტისა და უკეთესი მომავლის შექმნისაკენ მიმართული მზერა. რეჟისორი წარსულს არ გაჰყურებს სევდიანად. მისი მისიაა, დავიწყებას გამოსტაცოს ყველაფერი, რასაც „ოქროს ხანა“ ჰქვია. ანტიკური სიბრძნის მიხედვით, „იცოდე ნიშნავს გახსოვდეს“ (პლატონი). სწორედ, ხსოვნისა და ცოდნის სინთეზია კინოენაზე ამეტყველებული თამარის ეპოქა. შემოქმედებითი ჯგუფის გზავნილი ისიცაა, რომ დროისა და თაობის შინაგანი დესტრუქცია დაიძლევა სულიერ ფასეულობათა ერთგულებით, შესაბამისად, მომავალზე პასუხისმგებლობის შეხსენებით. ამასთანავე, ფილმის ქვეტექსტი გამცნობს ერთ მივიწყებულ ჭეშმარიტებასაც: ქართველი ერის სწრაფვა ევროპისაკენ ისტორიულად შინ დაბრუნებაა, რადგან ჯერ კიდევ თამარის ეპოქაში ჩაისახა პარლამენტარიზმის იდეა (80 წლით ადრე, ვიდრე ინგლისში შეიქმნებოდა ლორდთა პალატა); სიკვდილით დასჯაც მაშინ გავაუქმეთ, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში თავს კვეთდნენ დამნაშავეებს; არც ქალის როლი და ადგილი ყოფილა გაურკვეველი ღვთისმშობლის წილხვედრად მიჩნეულ ქვეყანაში.
თავის დროზე დავით გურამიშვილმა ქრისტიანული სოკრატიზმი (შეიცან თავი შენი!) ასე გადმოგვცა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადო, / ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო“. ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „თამარი“ სწორედ თვითშემეცნების რთულ გზაზე ჩამომდგარი ნათელია. მთავარია, მივეახლოთ მას და „ოქროს ხანა“ აუცილებლად გვექცევა სულში ჩაღვრილ სათნოებად!
საბა მეტრეველი