ბოტანიკური ბაღის თემა იმ «ჩახმახად» იქცა, რომლითაც დაიწყო და იქუხა ნამდვილმა საარჩევნო კამპანიამ საქართველოში. ოპოზიცია, ანუ მიხეილ სააკაშვილის «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» ამ (და ამგვარ) თემებს უკვე აღარ მოეშვება შემოდგომამდე. მან მიაგნო სუსტ წერტილს, ეთნოფსიქოლოგიურ და სოციოფსიქოლოგურ «კორელანტს», რომელიც (ასეთ) ქვეყანაში მუშაობს უცთომლად, უმოწყალოდ და ზუსტად:
რამდენიც არ უნდა ეცადონ ახლა «ოცნების» სპიკერები ხალხს აუხსნან (თუმცა, როგორც ვხედავთ, არც ცდილობენ განსაკუთრებით), რომ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა და რომ იმ ბოტანიკური ბაღის (ბაღების, - აგრეთვე ბათუმის ბაღის) შესანახად ბიძინა ივანიშვილმა ათეულობით მილიონი დახარჯა; რომ ბოტანიკური ბაღისთვის (თუმცა არა მისთვის) უსარგებლო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მილიარდერმა უკეთესი მიწა შესთავაზა; რომ ყბადაღებულ «29 ჰექტარ მიწის ნაკვეთს», სინამდვილეში, ბოტანიკურ ბაღთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს და «ნაციონალები» უბრალოდ, ძალიან ეშმაკურად ახერხებენ ამ ორი თემის ურთიერთგადაბმას და ა.შ და ა.შ, ამას ისევე არავინ დაიჯერებს, როგორც არავინ დაიჯერებს იმას, რომ «თანაინვესტირების ფონდმა» საქართველოში რამე ისე იყიდა, რომ ეს ივანიშვილის პირდაპირი შეკვეთა და მოთხოვნა არ ყოფილა.
მართლაცდა, ამას ვინ სულელი დაიჯერებს?
პოლიტიკაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, თუ «ვინ სულელი დაიჯერებს» და არა ის, რა არის სინამდვილეში. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბიძინა ივანიშვილი ვარდება კომიკურ სიტუაციაში, როდესაც ან უნდა გააუქმოს მის მიერვე დაწესებული და მილიარდებით აღჭურვილი «თანაინვესტირების ფონდი» (სადაც კიდევ რამდენიმე ბენიფიციარია) ან შეურიგდეს იმას, რომ ამიერიდან საქართველოში ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი აუქციონი, ნებისმიერი შესყიდვა, პრივატიზება, ინვესტირება თუ პროექტი მხოლოდ და მხოლოდ მის სახელს დაუკავშირდება. შესაბამისად, ისევე ნიჭიერად «გაპიარდება», როგორც ბოტანიკური ბაღის თემა.
მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციას აქვს ისეთი მძლავრი, ნიჭიერი, მაღალპროფესიული რესურსი, როგორიც «გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაა!»
თუმცა, ვერანაირი პროფესიონალიზმი, ვერანაირი «მომართულობა» და «ანგაჟირებულობა» ვერ დაეხმარებოდა ვერც ამ ტელევიზიას, ვერც მის «მამობილ პარტიას», რომ არა თვით ბიძინა ივანიშვილის უმძიმესი შეცდომები: იგივე «ხის გადატანა», იგივე «ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი» და ასე შემდეგ, რაც ნამდვილად იძლევა საბაბს, აშკარად ქმნის «სათქმელს» და თუ სათქმელს მისცემ, რატომ გიკვირს მერე, რომ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ?
რა ოხრად გინდა ან ის ტიტა ან ის 4 ჰექტარი თუ ხელისუფლებას დაკარგავ და ისტორიულად წააგებ?
ეს 4 ჰექტარი (იქაც ხომ «თანაინვესტირების ფონდი» არ იყო?) და ურეკში გადატანილი ხე უფრო მნიშვნელოვანია ამ წინასაარჩევნოდ? კი ბატონო, თუ ასე ჰგონია, შედეგსაც მიიღებს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ოპოზიციის წარმატებული ანტისახელისუფლებო PR-კამპანია. ზოგადად, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივიანობა. საბლოოდ ის მხარე იგებს, ვინც ფლობს ინიციატივას. «ნაციონალები» ინიციატივას არ უთმობენ ხელისუფლებას. ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლების «დასაჩმორებლად». ან, რაკი ეს ტერმინი მეტისმეტად ჟარგონულად და უხეშად ჯღრს, ასე ვთქვათ: «დასამცირებლად» მერყევი ამომრჩევლის თვალში, რომელიც საქართველოში 60%-ია და ჯერ-ჯერობოთ ისე აკვირდება მოვლენათა განვითარებას, როგორც რომაელი მოქალაქე - გლადიატორთა ბრძოლას. ბოლოს აუცილებლად გაიშვერს ცერა თითს დამარცხებულის საწინააღმდეგოდ და გამარჯვებულს მოუწოდებს: «კისერი გამოსჭერიო».
ხელისუფლება კი მხოლოდ თავს იმართლებს, ან დუმს. «ქართული ოცნების» ლიდერები თითქოს ვერ ამჩნევენ, რა მნიშვნელობის და მასშტაბის პროცესი დაიწყო «ბოტანიკური ბაღის» ქეისით. ცდილობენ ოლიმპიური სიმშვიდე შეინარჩუნინ. თან, რაც ყველაზე კომიკურია, აბსოლუტურად გულწრფელნი არიან, რადგან სჯერათ, რომ არაფერი ემუქრებათ.
ამ სიმშვიდის მიზეზი იოლად ასახსნელია: მათ მართლა ჰგონიათ, რომ NDI-IRI კვლევები, რომელთა თანახმად სულ 1-2% უსწრებენ ნაციონალებს, ან გაყალბებულია «ვაშინგტონიდან ბრძანებით», ან კიდევ, ე.წ. «გადაუწყვეტელი და მერყევი» 60% საბოლოოდ მაინც მათ მისცემთ ხმას 8 ოქტომბერს და მაჟორიტარულ არჩევნებსაც მოიგებენ. ამით უზრუნველყოფენ მყარ უმრავლესობას მომავალ პარლამენტში იმდენად მაინც, რომ ხელისუფლების შეცვლა არ დაუშვან.
აქ მწარედ ცდებიან: სინამდვილეში, თუ ხსენებული «მაყურებლის» თვალში ხელისუფლების დამცირების პროცესი ასე გაგრძელდა, არჩევნებში წარმატება და იმ 60% მხარდაჭერა სულაც არ ექნებათ გარანტირებული.
როდესაც «გლადიატორთა ბრძოლის» მაყურებელი ტელევიზორთან მოკალათდება საღამოობით და ყველაზე გავლენიან საერთონაციონალურ ტელე-არხზე ხელისუფლების, აგრეთვე მისი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მრავალსაათიანი თავსლაფდასმის კომენტირებისას ჩუმად ჩაილაპარაკებს: «რას უშვებიან ამ საცოდავს» - ეს უკვე კატასტროფაა მმართველი პარტიისთვის!
იმიტომ, რომ ქართველი ამომრჩევლის განმსაზღვრელი უმრავლესობა ყველაფერს აპატიებს ხელისუფლებას, დამცირებისა და სისუსტის გარდა!
თუ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილს, თავის დროზე, ჰქონდა ლოზუნგი «საქმე ლაპარაკის ნაცვლად». ანუ ოპოზიციამ ილაყბოს, ჩვენ დისკუსიაში არ შევალთო. დღევანდელმა ხელისუფლებამ იგივე ტაქტიკა აირჩია: «ასხავენ» ყოველ დღე და დისკუსიას კი თითქმის არ მართავს. ცდილობს «იგნორით» შეაკავოს.
ოღონდ განსხვავება ისაა, რომ როდესაც ნაციონალები იყენებდნენ ამ ტაქტიკას 2007-2011წწ და მესამეხარისხოვან ტელე-არხებზე დისკუსიებში არ მონაწილეობდნენ («საქმე ლაპარაკის ნაცვლად») მაშინ არ არსებობდა საერთო-ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთავრობას ისე «დაასხამდა», ისე დაასუსტებდა, ისე დაამცირებდა, როგორც ამას დღეს ახერხებს «გამარჯვებული ხალხის ტელევიზია». თანაც იმ სიტუაციაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის უცნაური გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას არ გააჩნია კონრტPR-ისთვის საჭირო არხი (GDS არ ითვლება), ყველა სხვა ტელევიზია კი, უკეთეს შემთხვევაში, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. არადა, ეს ნამდვილად არაა საკმარისი «რუსთავი-2»-ის ნიჭიერი კამპანიის მოსაგერიებლად.
შედეგად, პარტიულ არჩევნებში რეზულტატი არ იქნება ისეთი, როგორსაც ელის «ქართული ოცნება».
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ხელისუფლება აქ კიდევ ერთ სისტემურ შეცდომას უშვებს და კვლავ ილუზიის ტყვეობაშია: მათ აშკარად ჰგონიათ, რომ მაჟორიტარებში (მაინც) გარანტირებული აქვთ მოგება, ანუ დეპუტატთა კორპუსის უდიდესი ნაწილი «ჯიბეში ჰყავთ». არადა ავიწყდებათ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებზე უკვე შემოღებულია 50% ცენზი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის დროითი «ლუფტი» 2 კვირა იქნება.
ჯერ ერთი, ამ ორ კვირას ოპოზიცია შესაბამისად გამოიყენებს ვითარების კიდევ უფრო დასაძაბად (ჯერ არარჩეული პარლამენტის ესე იგი სახელისუფლებო წყვეტის პირობებში) და მეორეც, თუკი «ოცნება» ერთმნიშვნელოვნად ვერ გაიმარჯვებს პარტიულ არჩევნებში, მაჟორიტარული მეორე ტურის შედეგიც «ცოტა» სხვაგვარი შეიძლება გამოდგეს იმავე მიზეზით: «გადაუწყვეტელი ამომრჩეველი» ხმას არ მისცემს დამცირებულ - დასუსტებულ-თავსლაფდასხმულ ხელისუფლებას.
გარდა ამისა, მაჟორიტარები, თავიანთი ბუნებით, კონფორმისტები და მედროვეები არიან. ისინი საბოლოოდ იმისკენ იქნებიან, ვინც იმარჯვებს პარტიულ ბრძოლაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს ყოველივე ბრწყინვლედ იცის მიშამ და იციან მისმა მრავალნაცადმა თანამებრძოლებმა. სწორედ ამიტომ ცდილობენ ყველანაირად, სიტუაციის ქუჩაში გადატანას, ვითარების ესკალაციას, დაძაბვას, შეხლა-შემოხლას, მიწევ-მოწევას, რათა «მერყევ ამომრჩეველს» აჩვენონ, რომ ხელისუფლება დასუსტებული, დაბნეული და დამცირებულია. ამით იქმნება წინაპირობა პროგრამა-მაქსიმუმის განხორციელებისათვის
პროგრამა - მინიმუმია მომავალ არჩევნებში პარტია «ქართული ოცნების» ერთმნიშნელოვანი გამარჯვების არდაშვება. პროგრამა - მაქსიმუმი, კი, შედარებით მცირე სხვაობის შეთხვევაში, არჩევნების «გაყალბებულად» გამოცხადება, შესაბამისი შედეგით, რაც საქართველოში ყოველთვის მოჰყვება ამგვარ ბრალდებას.
ისმის ლოგიკური კითხვა: 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მიშამ სულ რამდენიმე პროცენტით მოიგო, «წკიპზე» გადააბიჯა 50% ბარიერს და რევოლუცია მაშინ რატომ ვერ მოხდაო. ჯერ ერთი, ვერ მოხდა იმიტომ, რომ ლიდერებმა «ჩაისვარეს», ხოლო იმდროინდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი, სინამდვილეში, მიშას ღირებულებითი სისხლ-ხორცი იყო და «ანტინაციონალურ მოძრაობას» სათავეში მხოლოდ იმ მიზნით მოექცა, რათა გადამწვეტ მომენტში იპოდრომზე წაეყვანა.
თუმცა ეს არ ყოფილა მთავარი მიზეზი: მთავარი მაინც ის იყო, რომ მაშინ ოპოზიციას უკვე აღარ ჰქონდა TV-იმედი, მომავალ შემოდგომაზე კი ოპოზიციას ექნება ისეთი უმძლავრესი რესურსი, როგორიცაა რუსთავი-2!
ამ ფონზე გული როგორ არ აგიჩუყდება ადამიანს, როცა პრემიერ კვირიკაშვილის ეგზერსისებს ისმენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის სხდომაზე: «მე ვისურვებდი, ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში უცვლელი დარჩეს და როგორც გვლანძღავდნენ, მუდამ ისევე გვლანძღონო».
ამაზე გაწყენინებენ?
თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც ისევ და ისევ იმ ილუზიიდან მომდინარეობს, რომ არჩევნებში 60% მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული აქვთ, რაც არ უნდა მოხდეს და რა PR-კამპანიაც არ უნდა მოეწყოს.
ამგვარი რწმენა გამართლებული იქნებოდა, თუ პროცესები სტუდიის ფარგლებს არ გაცდება. არადა, როგორც ვხედავთ, მიშასა და მის რაზმს სულ სხვა გეგმები აქვთ: ქუჩაში! ბობოქარ მიტინგებში!! მიწოლ-მოწოლაში!!! ხელისუფლების გაუბედავობისა და სისტუსტის ყოველდღიურ დემონსტრირებაში, მთავრობის უმწეო დუმილში ყოველდღიური თავსლაფსხმის პასუხად: გაბედულ, აგრესიულ ნაბიჯებში და «ხის გადატანის» თუ «ბოტანიკური ბაღის» მსგავს კატასტროფულ შეცდომათა ნიჭიერ გამოყენებაში.
ყველაფერს გაპატიებს ქართველი ამომრჩეველი. მათ შორის დაპირებების შეუსრულებლობას, მაგრამ არ გაპატიებს სისუსტეს, არ გაპატიებს დამცირებას და გასაცოდავებას. ამიტომ ხელისუფლება, რომელზეც მასობრივად დაიწყებენ ლაპარაკს თავის ქნევით: «რას უშვებიან ამ საცოდავს» - დამთავრებული ხელისუფლებაა!!!
თუ ასე გაგრძელდა, სულაც არაა გამორიცხული, ვარდებმა კვლავ იყვავილონ ამ ქვეყანაში.
”ჯი-ეიჩ-ენი”, დავით ავალიშვილი