ეს კითხვა ერთმა ქართველმა პოლიტოლოგმა დასვა მას შემდეგ, რაც დაასკვნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საშემოდგომო არჩევნებისას, ერთმანეთს შესაძლოა, დონალდ ტრამპი და დენი სანდერსი დაუპირისპირდნენ. სანდერსთან დაკავშირებით პროგნოზი გადაჭარბებულია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ამერიკულ არჩევნებს ნამდვილად შეუძლიათ განსაზღვრონ, მათ შორის, საქართველოს ბედისწერა.
მაგრამ როდესაც ტრამპი აცხადებს «პუტინი მაგარი ბიჭია, მასთან საქმის დაჭერა ღირსო», ხოლო სანდერსი ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალიზმის აშენებას აპირებს, ნამდილად შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა: საერთოდ რა გვეშველება ჩვენც და მსოფლიოსაც, თუკი ამერიკაში მართლა დადგა არჩევანი «ცუდსა და უარესს შორის?»
ოღონდ ჯერ სხვა ვიკითხოთ: დღევანდელი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია რას წარმოადგენენ?
კვირას, თეთრ სახლში ე.წ. «საკორესპონდენტო ვახშამი» მოეწყო. ეს ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და ძალიან საინტერესო მოველნაა: მასზე იწვევენ არა მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს, არამედ მთელ ამერიკულ ისტებლიშმენტს. დამკვიდრებული ტრადიციით, პრეზიდენტი საღამოს წარმართავს განსაკუთრებულ სტილში, როდესაც ხუმრობს (ხშირად «ზღვარზე» და ზოგჯერ «უკბილოდ»); დასცინის ოპონენტებს, საკუთარ თავსაც და ამ ხუმრობა - ხუმრობაში შეფარულად აგზავნის მნიშვნელოვან მესიჯებს.
პრეზიდენტმა ობამამ ამჯერადაც ბევრი ახითხითა აუდიტორია, ტრამპს დასცინა, ჰილარი კლინტონს ღიად დაუჭირა მხარი და ერთი შეხედვით უადგილო ადგილას ახსენა . . . აზერბაიჯანის პრეზიდენტოს ცოლი, რომელიც იქ არ იყო და არც ვინმეს მიუწვევია რასაკვირველია.
ვერავინ გაიგო, რას ემართლებოდა მეჰრიბან ალიევას, თუმცა იმ სისხამ დილით ალბათ (ჩვენს ნახევარსფეროში სწორედ ადრეული დილა იყო) ერევანსა და ბაქოში ბევრი იფიქრეს, მაინც რას გულისხმობდა ობამა ან რატომ ახსენა სწორედ ალიევის ცოლი და არა მისი სომეხი კოლეგისა . . . . ჰმ. . .
მოკლედ, ეს ეპიზოდი კიდევ ერთი დადასტურება გახდა ჯერ კიდევ შენარჩუნებული ამერიკული გავლენისა მხოფლიოში, როდესაც პრეზიდენტის ყოველ სიტყვას და თუნდაც უხერხულ ხუმრობებს «გამადიდებელი შუშით» აკვირდებან, ასჯერ მოუსმენენ და დიპლომატიურ დასკვნებს გამოიტანენ ამ ანალიზის საფუძველზე.
ამერიკის სახელმწიფოს მეთაურმა გამოსვლა ეფექტურად დაასრულა: Obama F….. you - თითქოს დააპირა თქმა და . . . . . მიკროფონი საკუთარი სახელის წარმოთქმისთანავე დააგდო ძირს.
ყველა ყველაფერს მიხვდა მიუხედავად იმისა, რომ აზრი თუ სათქმელი არ დაუსრულებია. ეფექტურად გამოუვიდა, ოღონდ მთელი ეს საღამო მაინც ტოვებდა რაღაცნაირ უღიმღამო და ნაძალადევ შთაბეჭდილებას: თუკი ამით ბარაქ ჰუსეინის ძე ობამას საკუთარი პრეზიდენტობის შეჯამება სურდა, მაშინ, დიდად სამწუხაროდ ამერიკის ყველა მოყვარულისა და გულშემატკივრისთვის, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი სუსტი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ ჰყოლია. შესაბამისად, ასეთი სუსტი ამერიკა ჯერ არ ყოფილა არასდროს, - მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ, როდესაც იაპონიის უძლეველი არმიის მთავარსარდალს კაპიტულაციის აქტზე ხელი მოაწერინა. შესაბამისად, ასეთ საშინელ დღეში, ამგვარი საფრთხეების წინაშე, არასდროს ყოფილან არც ამერიკის მოკავშირეები, რომლებსაც მისი იმედი ჰქონდათ და ჯერ კიდევ აქვთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თეთრ სახლში გამართულ ტაკიმასხარაობამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულ სალოკაციო თვითმფრინავს, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების, ესე იგი ბალტიის ქვეყნების მახლობლად დაფრინავდა ბალტიის ზღვაში, თანაც ნეიტრალურ სივრცეში, რუსული სუ-27 მიუახლოვდა. ჯერ გვერდით ჩაუფრინა, შემდეგ მის გარშემოწერილობაზე, 30-იოდე მეტრის რადიუსში, ე.წ. «კასრი» შეასრულა - ძალიან რთული და აგრესიული მანევრი. ამერიკული თვითმფრინავი დაუყოვნებლივ გაიძურწა სკანდინავის ნახევარკუნძულისკენ, პენტაგონმა კი, მომხდართან დაკავშირებით საცოდავად წამოიკნავლა მხოლოდ: «რუსი პილოტი არაპროფესიულად მოქმედებდაო».
კი მაგრამ «საჰაერო კასრი» როდიდან გახდა «არაპროფესიონალიზმის» გამოვლინება? «პროვოკაცია» კი ბატონო, «აგრესია» მით უმეტეს, ნამდვილად, მაგრამ «არაპროფესიონალიზმი» რა შუაშია? პირიქით, ეს მანევრი სწორედაც პილოტის უმაღლესი პროფესიონალიზმის გამოვლინებად ითვლება, მაგრამ რამე ხომ უნდა ეთქვათ? თუ იტყოდნენ «აგრესიაო», მაშინ აგრესიას ზესახელმწიფო იმით არ უნდა პასუხობდეს, მაშინვე გაიძურწოს ნეიტრალური სივრციდან - შორეული ბაზებისკენ.
მცირე ხნით ადრე მეორე ინციდენტდი მოხდა დაახლოებით იმავე ადგილას, ოღონდ ზღვაზე - ბალტიის სახელმწიფოთა აკვატორიასთან, სადაც ამერიკული სამხედრო ხომალდი «დონალდ კუკი» მორიგეობდა. მას რუსულმა ბომბდამშენმა ჩაუშხუილა ათიოდე მეტრში და შემდეგ მსოფლიო მოიარა სამარცხვინო კადრებმა, როგორ გააყოლეს თვალი პირდაღებულმა ამერიკელმა მეზღვაურებმა წივილ-კივილით.
მაშინაც იგივე თქვა პენტაგონმა: «არაპროფესიულად იმოქმედა რუსმა მფრინავმაო». თან, რაც ყველაზე მთავარი და აბუჩად აგდების კულმინაციია, ყოველივე მოხდა ერთი დღით ადრე ნატო-რუსეთის კომისიის სხდომამდე, რომელიც ბრიუსელის ხვეწნა - მუდარით გაიმართა პირველად 2014 წლის ანუ ყირიმის ანექსიის შემდეგ!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აღწერილი შემთხვევები მკაფიო ილუსტრაცია გახდა სტრატეგიული ცდომილებისა, რომელსაც ამერიკული ისებლიშმენტი (ობამას ყაიდის დაკომპლექსებულ და გაუბედავ პოლიტიკოსთა წინამძღოლობით) უშვებს საკუთარი ქვეყნის გლობალური მდგომარების შეფასებისას. ვითარება კი დღითი დღე უარესდება, რაზეც არა მხოლოდ უკრაინის (მანამდე საქართველოს) არამედ სირიის მოვლენებიც მეტყველებს.
რაც მთავარია, ამერიკის მოკავშირეები კარგავენ რწმენას, რომ ამ ქვეყანას შეუძლია დაიცვას მსოფლიო წესრიგი, როგორც იგი ჩამოყალიბდა ცივ ომში დასავლეთის გამარჯვების შემდეგ.
აქ ძალზე ცუდი როლი შეასრულა ილუზიამ, რომელიც ზოგადად დამახასიათებელია ლიბერალური ისტებლიშმენტისთვის დასავლეთში და საქართველოსთვისაც არაა უცხო. ამ ილუზიის შესაბამისად, ზესახელმწიფოებრიობას და გლობალურ დომინირებას განაპირობებს ტექნოლოგიური ინოვაციურობა, ეკონომიკური ძლევამოსილება, ინტეგრაციულ სფეროში პლანეტარული პროექტების განხორციელების უნარი, მოკავშირეთა ოდენობა (ვინც ამ პროექტებს იზარებს) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
არადა, კაცობრიობის ისტორია ამას არ ადასტურებს, ხოლო «პოსტმოდერნული ეპოქა» ვერ შეცვლიდა ისტორიის მრისხანე კანონს, რომელიც ერთი იყო და კვლავაც იგივეა ტექნოლოგიურ რევოლუციათა მიუხედავად ეგვიპტელ ფარაონთა ხანიდან - დღემდე: სინამდვილეში, «ზესახელმწიფოებრიობას» განსაზღრავს მხოლოდ ერთი უმთავრესი ნიშან - თვისება: დამკვიდრებული გლობალური წესრიგის დაცვა-შენარჩუნების უნარი!
არა აქვს მნიშვნელობა, ეს უნარი მთელ პლანეტაზე ვრცელდება თუ მხოლოდ ნილოსის დელტასა და ხმელთაშუაზღისპირეთზე, როგორც ფარაონ ხეოფსისა და იმპერატორ ტრაიანეს ეპოქებში: ზესახელმწიფო მხოლოდ ის ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია უნარი, დაიცვას, შენარჩუნოს მის მიერვე დაწესებული გლობალური წესრიგი!
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ წესრიგის უმთავრეს მახასიათებლად ითვლებოდა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის ხელყოფის დაუშვებლობა. ეს იმდენად ფუნდამენტური საკითხია, რომ ქვეყანა, რომელიც ამის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, უკვე ნამდვილად აღარ არის ზესახელმწიფო რა ტექნოლოგიური და ეკონომიკურ მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეს.
და რაც ყველაზე უარესია (ჩვენთვის), იმავე კანონზომიერებით, ქვეყანა, რომელიც, ფაქტიურად, დაუსჯელად არღვევს ამ წესრიგს, თავხედურად ჰგლეჯს ტერიტორიებს მეზობელ პატარა სახელმწიფოს (საქართველოს), შემდეგ პირდაპირ იერთებს მეორეს ტერიტორიას (ყირიმს), თანაც ამას ახერხებს, შეიძლება ითქვას, მარტოს-მარტო, მოკავშირეების გარეშე მაშინ, როდესაც «გლობალური წესრიგის გარანტს» თითქოსდა მთელი მსოფლიო ჰყავს მოკავშირედ - აი, სწორედ ეს სახელმწიფოა ნამდვილი ზესახელწმიფო, რაკი შესწევს უნარი, დაამკვიდროს საკუთარი გლობალური წესრიგი, იმოქმედოს ისე, როგორც მას მოესურვება და «ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრან».
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზუსტად ასე იქცევა პუტინის რუსეთი და «გასდის». ჯერ ჯერობით მიაღწია ყველაფერს, რასაც გეგმავდა საქართველოშიც, უკრაინაშიც და სირიაშიც. მეტს არც გეგმავდა, მაგრამ წინა წესრიგის რევიზირება რაკი შეძლო, უეჭველად დაგეგმავს ბევრად მეტსაც.
ამერიკელებს ჯიუტად არ სურთ აღიარონ, რომ 2008 და 2014 წლის მოვლენათა შემდეგ ჩვენ უკვე სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ სულ სხვა გლობალური წესრიგით. ცდილობენ საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს არაფერი მომხდარა და საერთოდაც, ბევრად მნიშვნელოვანია ეკონომიკა, ბევრად მნიშვნელოვანია «ტრანსატლანტიკური» თუ «ტრანს - წყნაროკეანური» პარტნიორობის ხელშეკრულება, რასაც ობამამ მიაღწია და ა.შ და ა.შ. ეს ყოველივე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გლობალური წესრიგი დაირღვა, ოხრად დაგრჩებათ ყოველივე!
ისტორიაში უამრავჯერ მომხარა, ტექნოლოგიურად და კულტურულად მოწინავე ცივილიზაციები ველურებს დუმარცხებიათ და გაუნადგურებიათ: იგივე რომი გავიხსენოთ თუნდაც. განა შეიძლება მას თუნდაც შევადაროთ გერმანელ ბარბაროსთა გაერთიანებები?
დღესაც, როცა ამერიკელები რუსებს ეუბნებიან: «ჩვენ «აიფონი», «მაიკროსოფტი», «ფეისბუკი», «ფიქალის გაზის» მოპოვების ტექნოლოგიები შევქმენით და თქვენ რისი მაქნისნი ხართო», ისინიც პასუხობენ: «რა შევქმენით და «კალაშნიკოვი!!!»
და ის «კალაშნიკოვი» (პირობითად, რასაკვირელია, აგერთვე «ისკანდერის» რაკეტა, «საზენიტო С-400» და სხვა), როგორც აღმოჩნდა, ბევრად მეტად ეხმარებათ არსებული გლობალური წესრიგის დანგრევაში, ვიდრე ამერიკელებს გამოადგათ ამ წესრიგის დაცვა - შენარჩუნებში მათი ტექნოლოგიები და ბრწყინვალე ეკონომიკური წარმატებები.
«კალაშნიკოვი» სიმბოლოა, რა თქმა უნდა - აქ პოლიტიკურ ნებელობაზეა სინამდვილეში საუბარი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არადა, ამ ისტორიული მარცხის (მარცხი რომაა, უკვე ნათელია ყველასთვის, ვისაც ელემენტარულად აზროვნების უნარი არ დაუკარგავს) მიზეზიც სისტემურია: ამერიკელებს ძალიან მოსწონთ და უნდათ «ზესახელმწიფო» ერქვათ, მაგრამ, იმავდროულად სურთ მშვიდად იცხოვრონ თავიანთ შორეულ, ოკეანეებით გარშემორტყმულ, აყვავებულ ქვეყანაში, ცივი ლუდის კათხით ხელში უყურონ შაბათს საღამოს კალათბურთის მატჩს «გოლდენ-სტეიტსა» და «სან ანტონიოს» შორის, სხვა საზრუნავი კი არ ჰქონდეთ, თავი არაფერზე აიტკივონ, არ შეწუხდნენ და რისკზე არსად წავიდნენ.
როცა ასე არ გამოდის, იმათზე კი არ ბრაზდებიან, ვინც ძველი წესრიგის დანგრევას ცდილობს, არამედ მათზე, ვინც ზესახელმწიფოს ვალდებულებებს ახსენებთ: ამიტომაც, რუსეთზე მეტად, 2008 წელს, საქართველოზე გაღიზიანდნენ, დღეს კი უკრაინაზე. თუ გადახედავთ მათ პრესა-ტელევიზიას სწორედ ასეა: «უნდათ რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაგვითრიონო» - ასეთია ლეიტმოტივი. არადა, კრემლის ქმედებები რომ მათ მიერვე დამკვიდრებულ გლობალურ წესრიგს ანგრევს, ამის იგნორირებას ცდილობენ რაკი აქვთ ილუზია, უშედეგოდ ჩაივლის.
ნურას უკაცრავად: ისევ და ისევ ისტორიის გაკვეთილია, რომ «უშედეგოდ» ამგვარი რამ არ ჩაივლის და ადრე თუ გვიან (დღევანდელ მსოფლიოში უფრო ადრე ვიდრე გვიან) ყველა სხვა მიმართულებით მოახდენს ზეგაველნას ისე, რომ საბოლოოდ იმავე ამერიკული კალათბურთის საერთო დონეც დაეცემა, რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა ეგონოთ ამჟამად, - როგორც რომაული კულტურა დაკნინდა, დაკარგა ელვარება და მიმზიდველობა, სახელმწიფოებრიობის დაკნინებასთან ერთად.
ამ შავბნელი პერსპექტივის გათვალისწინებით, სათაურში გამოტანილი კითხვა კიდევ უფრო საბედისწერო ხდება, რაკი გასაქცევი, სინამდვილეში, არც არსად გვაქვს.
“ჯი-ეიჩ-ენი”, გიორგი ლეჟავა