ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, შეიძლება ითქვას, სენსაციური შედეგით დასრულდა: აღმოჩნდა, რომ ევროკავშირი (ამ შემთხვევაში ევროპარალმენტი) სერიოზულ პრეტენზიებს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიმართ უვიზო რეჟიმის შემოღების კონტექსტში, გვიყენებს პირობებს და სულაც არაა გამორიცხული, ევროპარლამეტში ეს საკითხი საერთოდ ჩავარდეს. თანაც, ჩავარდეს არა მხოლოდ და არა იმდენად წინა ხელისუფლების მაღალჩინისანთა დაპატიმრების ან რუსთავი-2-ის საქმის (თუმცა ესეც წინაღობაა), არამედ იმ მიზეზით, რომ ევროპელებს ეჭვი შეეპარათ ხელისუფლების ერთგულებაში დემოკრატიული ღირებულებების მიმართ მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა ჩააწვეთეს: მმართველი კოალიციის ლიდერები (მაგალითად მრეწველი გოგი თოფაძე) სიმპატიებს გამოთქვამენ იოსებ სტალინის მიმართ.
მარტო ნაციონალებს ევროპარამენტარები არ დაუჯერებდნენ და ამ ინფორმაციას, თბილისში, საელჩოების მეშვეობით, ასჯერ გადაამოწმებდნენ, სანამ ისეთ სერიოზულ დონეზე წამოჭრიდნენ თემას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტია. თუმცა, ყველა წყარო ერთხმად დაუდასტურებდა: დიახ, მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის ლიდერი, გოგი თოფაძე ნამდვილად ამბობს, რომ სტალინის სურათი უნდა ეკიდოს ყველა ქართველ ჩინოსანს კაბინეტში და რომ იგი საამაყოა ქართველებისთვის.
ამ თემებით ევროპელი პოლიტიკოსოები არ სპეკულირებენ, არ ჟონგლიორობენ და არ თვალთმაქცობენ: მათთვის ღირებულებები ლიტონი სიტყვა როდია, სიმბოლოები კი ღირებულებათა მანიფესტირებაა.
ამგვარი რამ ქართული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს რომ ეთქვა, ყურადღებას არ მოაქცევდნენ და მარგინალურ აზრად ჩათვლიდნენ, მაგრამ როდესაც სტალინისადმი სიმპათიას გამოხატავს მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეს უკვე სერიოზულია და მათთვის ნიშანდობლივი.
პრემიერ - მინისტრ კვრიკაშვილს ეს კითხვა ევროპის საბჭოშიც დაუსვეს. მან უპასუხა რომ ჩვენს ქვეყანაში სტალინის ძეგლის აღმართვა აკრძალულია და არ ეგულება ადამიანი, ვისაც საბჭოთა წარსული ენატრებოდეს.
მაგრამ კითხვა ამას როდი ეხება: დისკურსის არსი სწორედ იოსებ სტალინისადმი დამოკიდებულებაა. გარდა ამისა, რომელ ძეგლებზეა ლაპარაკი, როდესაც მმართველ კოალიციაში გყავს პოლიტიკური ლიდერი, ვინც ჩინოსნებს ურჩევს კაბინეტებში სტალინის სურათი ჩამოკიდონ? პარტია ქართული ოცნება ამ შეხედულებებს არ იზიარებსო - სრულიად აბსურდული თავის მართლებაა. ამგვარი ალიანსები ევროპელებისთვის გაუგებარია: ეს იგივეა, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა ნეონაცისტურ პარტიასთან რომ გააფორმოს ალიანსი. და თუ სოციალ-დემოკარტიულ პარტიასთან მისი წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო ინტერპარტიული ალიანსი (არ აგვერიოს სამთავრობო კოალიციაში) უბრალოდ აბსურდი იქნებოდა, ჰიტლერის სიმპატანთებთან კოალიცია ღირებულებათა ღალატია მათთვის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, არანაირი კითხვა არ ექნებოდათ და არა აქვთ იკის გამო, რომ კოალიციაში შედიან როგორ მემარცხენე (გია ჟორჟოლიანის სოციალისტები), ასევე მემარჯვენე (გუბაზ სანიკიძის ფორუმი) პარტიები, მაგრამ სტალინი კონტრ-ღირებულებითი სიმბოლოა და არა პოლიტიკური დისკურსის თუ სოციალ-ეკონომიკურ პროგრამათა თემა. ამიტომ, რამდენიც არ უნდა სცადო, ევროპელ პოლიტიკოსს ვერაფრის დიდებით ვერ აუხსნი, როგორ შეიძლება ერთდროულად პროევროპელიც იყო და ამ სიმბოლოს მატარებელიც.
შესაბამისად, გოგი თოაფაძის ხსენებულმა, რბილად თუ ვიტყვით, დაუფიქრებელმა განცხადებამ უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას (არა მხოლოდ მმართველ პარტაის) რადგან ნამდვილად შეიძლება იქცეს წინაღობად ვიზალიბერალიზცისს გზაზე.
. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კი ბატონო, დავუშვათ, ევროპელი ლიდერებისთვის ეს მხოლოდ საბაბია, რომ ძალიან გავლენიან ძალებს ბრიუსელში არც ოდესმე სურდათ და არც ახლა ეპიტნავებათ ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, რადგან არც თუ უსაფუძვლოდ ეშინიათ ქართული კრიმინალურ კლანების (გარწმუნებთ, ყველაფერი იციან კანონიერი ქურდების შესახებ), ასევე არალეგალური ემიგრაციის და ა.შ. მაგრამ საბაბი არ ნიშნავს, რომ ეს საბაბი უსაფუძვლო ან თითიდან გამოწოვილია. მაშინ არ უნდა მისცე საბაბი (სათქმელი) და ხელიც ვერ შეგეშლება.
სხვა საბაბს იპოვიდნენო - სრული დემაგოგიაა: ბრიუსელში (მით უმეტეს ტერაქტების შემდეგ) მიმდინარეობს ორი ჯგუფის ბრძოლა საქართველოს ვიზალიბერალიზციის თემაზე და ამგვარი განცხადებები, ამგვარი სათქმელი თუ საფუძვლიანი საბაბი აძლიერებს იმ ჯგუფს, რომელსაც არ სურდა და არც ახლა სურს უვიზო რეჟიმის მინიჭება საქართველოსთვის.
რა ევროპელების საქმეაო - კიდევ უფრო დიდი გაუგებრობაა: რას ქვია რა ევროპელების საქმეა სტალინისადმი სიმპათია?! კონკრეტული ხელისუფლების პოზიციაში ეჭვის შეტანის საფუძველს რომც არ ქმნიდეს, ბოლოს და ბოლოს, ევროპა ღირებულებებია, ევროპული პროექტი ღირებულებითი პროექტია და არა მხოლოდ ეკონომიკური. ეს მათი იდეოლოგიაა, ესე იგი ფასეულობათა ერთობლიობა. ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობისას ყველაფერს გაპატიებენ, ყველაფერზე დახუჭავენ თვალს: უმუშევრობას, სოციალურ პრობლემებს, კრიმინალს, ბანდიტიზმს, ტრეფიკინგს, ნარკოტრანზიტს, არალეგალურ ემიგრაციას, საზღვარზე კონტროლის სისუსტეს, მაგრამ სტალინისტთა ყოფნას მმართველ კოალიციაში? გამორიცხულია!
თუ საკითხი მართლა ასე სერიოზულად დგას, როგორც დავით უსუფაშვილმა წარმოაჩინა, მაშინ ერთადერთი გამოსავალია პარტია ქართული ოცნება დაუყოვნებლივ ხმაურიანად გაემიჯნოს გოგი თოფაძეს და მის პარტიას, ანუ გარიცხონ ისინი ფრმალურად ჯერ კიდევ არსებული კოლიაციიდან ვიზალიბერალიზცაიის თაობაზე კენჭისყრამდე, რომელიც ზაფხულისთვისაა დანიშნული.
მრეწეველების ნებაყოფლობითი გასვლა კოლიციიდან შეიძლება არც აღმოჩნდეს საკმარისი: გარიცხვით უფრო დაიჯერებენ ევროპელები, რომ ხელისუფლება კატეგორიულად ემიჯნება სტალინიზმს და არ თამაშობს ამ ფეთქებადსაშიში ღირებულებითი თემით.
. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც ყველაზე საშიში და უარესია: სტალინის თემა სწორედ იმ კატეგორიის ევროპელებს ურტყავს პირველ რგში, რომლებიც ჩვენი ბუნებრივი და გამოცდილი მოკავშირეები არიან ევროპულ სტრუქტურებში, ანუ აღმოსავლეთ ევროპელებს: პოლონელებს, ლიტველებს, ესტონელებს, ლატვიელებს, ვინც საკუთარ თავზე იწვნია გრიშა ონიანის მაჩხაანური არგუმენტი: სტალინის დროს კოლმეურნე გლეხის შემოსავალი დღეში 60 დოლარი იყოო.
ისე, კაცმა რომ თქვას, ღირებულებებიც რომ იქით იყოს, ბუნებრივად გიჩნდება კითვა: 60 დოლარი თუ გლეხის დღიური შემოსავალი იყო საბჭოთა კავშირში, ის წყობა, ან ის აყვავებული ქვეყანა რამ დაშალა და რამ დაანგრია?
თუმცა კვლავ ვიმეორებ: სტალინმა რომ კოლხეთის ჭაობი დააშრო, ხოლო ჰიტლერმა შესანიშნავი ავტობანები ააშენა (დღესაც რომ სარგებლობენ ევროპელები) მათთვის არგუმენტი არ არის და ამაზე ძალიან მწარედ რეაგირებენ. არადა, უბრალოდ დანაშაული იქნება, ახლა ასეთი სისულელის გამო საქართველომ უვიზო რეჟიმი ვერ მიღოს ან ეს საკითხი გადაიდოს, ვინაიდან დღეს გვეძლევა შანსი, რომელიც 1 წლის შემდეგ შესაძლოა აღარც მოგვეცეს: კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები ევროპაში, რა ძალები აღმოჩნდებიან საკვანძო სახელმწიფოთა სათავეში და რა გავლენას მოახდენენ საერთოევროპულ სტრუქტურათა გადაწყვეტილებებზე.
1953 წელს საიქიოს მიბარებული მაოხარი მკვდრის გამო შეიძლებოდა უხლაფორთო საქმის სახლაფორთოდ ქცევა?
ბუნებრივია, ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ იოსებ სტალინისადმი სიმპათია საქართველოში, რეალურად, ნაციონალისტური ნარატივია და არა საბჭოთა-კომუნისტური სენტიმენტი, რომ ის ადამიანები, ვინც სტალინს აღმერთებენ, ამით, სინადვილეში საბჭოთა წარსულს კი არ მისტირიან (ყოველ შემთხვეავში ის უმრავლესობა, ვისაც ახსოვს, რომ გლეხის დღიური შემოსავალი 60 დოლარი ნამდვილად არ ყოფილა) არამედ სტალინს განიხილავენ ეროვნული იდენტობის ფაქტორად. ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, ამაყობენ იმით, რომ ქართველი კაცი მსოფლიოს აზანზარებდა და ასე შემდეგ,
მაგრამ ევროპაში ეს არ გაჭრის. პირიქით, ამით კიდევ უფრო დაეჭვდებიან და ბევრად უარეს კითხვასაც დასვამენ: რამდენადაა თვით ქართული საზოგადოება (და არა მხოლოდ კონკრეტული მმართველი კოალიცია) გაჟღენთილი ანტიდემოკრატიული, ტოტალიტარული მენტალობით და რამდენად შეთავსებადია ამგვარი მენტალობის თუ იდენტობის მატარებელი საზოგადოება თანამედროვე ევროპასთან, რომლისკენაც (ასე გამოდის) ისწრაფვიან ქართული ელიტები, მაგრამ არა ქართული საზოგადოება და ქართველი ერი მთილიანობაში.
თუ ევროპელები (ღმერთმა ნუ ქნას) ამ დასკვნამდე მივლენ, ეს სივრცე ჩვენთვის საბოლოოდ ჩაიკეტება და დავრჩებით მხოლოდ იმ სივრცის ამარა, სადაც დაიმარხა ”ჩვენი” სოსო ჯუღაშვილი.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ნიკა იმნაიშვილი