რესპოდენტის შესახებ
”ჯი-ეიჩ-ენი” ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა
- ბატონო ზაალ, ქვეყანაში პარალელურ რჟიმში რამდენიმე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები პროცესი მიმდინარეობს. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცესებს, მზადებას ვარშავის სამიტისთვით და პარალელურ რეჟიმში ვხედავთ და ვისმენთ, რომ სულ უფრო და უფრო პოლარიზებული ხდება ქართული პოლიტიკა, ხოლო ვაშინგტონში საქართველოს მისამართით საკმად დამაფიქრებელი განცხადებები გაკეთდა. რამდენად სასარგებლოა ეს პროცესები მოახლოებული საპარალამენტო არჩევნების ჭრილში?
- ის რომ საქართველო ჩართულია მრავალმხრივ საერთაშორისო პროცესებში, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, და ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ არ გავქრით საერთაშორისო რადარებიდან, როგორც ამას ცალკეული ჯგუფები ამტკიცებენ. ვფიქრობ ეს პოზიტიური ტენდენციაა, რომ ჩვენ პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სივრცეს, ისე რომ არ ვიწვევთ ჩვენს თავზე რამე სერიოზულ გართულებებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. საერთაშორისო პროცესებში ქვეყნის ჩართულობის ხარისხსა და ინტენსივობაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მე ამასაც პოზიტიურად შევხედავდი, როგორც დემოკრატიისათვის დამახასაიათებელი აზრთა პლურალიზმის გამოვლინებას. ძალიან კარგია რომ ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სექტორი, ასევე მედია, ამ თავისუფლებით, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ მოკლებული იყო, დღეს მაქსიმალურად სარგებლობს.
პოლიტიკური გარემო ნამდვილად პოლარიზებულია და თუ პოლარიზაციის გამომწვევი პროცესები რამენაირად არ დარეგულირდა, არსებობს ალბათობა რომ პოლარიზაციამ გადალახოს ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც უკვე იწყება სამოქალაქო დაპირისპირება. ამის ალბათობას კი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო ციებცხელება ზრდის. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხი მატულობს ხოლმე. სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ყველა პარტიას სურს არჩევნების მოგება და ბუნებრივია ცდილობს ოპონენტს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ჩვენთან არ არის ჯერ მიღწეული პოლიტიკური კულტურის ის დონე და სუსტია ის მექანიზმები, რომლებიც პოლიტიკურ პოლარიზაციას წითელი ხაზების გადაკვეთის საშუალებას არ მისცემდნენ. როდესაც ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს, მაქვს ცუდი წინათგრძნობა რომ შეიძლება პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდეს, სწორედ იმ მძაფრი პოლარიზაციის გამო, რომელიც ჯერჯერობით ვერ მოიხსნა. თქვენ აშშ-ში გაკეთებული განცხადებები ახსენეთ, ალბათ საქმე ეხება კონგრესმენ სტივ რასელის ცნობილ განცხადებას. ვფიქრობ უნდა დავაკვირდეთ ჰპოვებს თუ არა ეს განცხადება შენდგომ განვითარებას, გამოუჩნდებიან თუ არა მას კონგრესში მხარდამჭერები და რა ქმედებებში გადაიზრდება, თუკი გადაიზრდება, ამ კონგრესმენის მოწოდებები.
- თქვენ არაერთი განცხადება გააკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე პროცესები 2003 წელს გაგონებთ. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” (მის ავკარგიანობაზე ნუ ვისაუბრებთ ამ შემთხვევაში) უმთავრესი განმაპირობებელი თავად ხელისუფლება იყო, რომელიც იხრჩობოდა კორუფციაში და პროგრესი, რეფორმები, ფაქტობრივად არ არსებობდა. შესაბამისად, როდესაც ანალოგიოებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა დღეს ხელისუფლების რა ”მდგომარეობა” განაპირობებს ამ მოლოდინს? თუ ეს მხოლოდ ”რევოლუციონერთა” ახირებას უნდა მივაწეროთ?
- დიახ, გარკვეული მსგავსება არის, მაგრამ მხოლოდ იმ კუთხით, რომ ოპოზიიცის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით საკმაოდ აქტიურად და პროფესიონალურად ხდება საზოგადოების ასე ვთქვათ „დამუშავება“, მასში ანტი-სახელისუფლებო განწყობების დანერგვა და არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან აპოკალიპტური სურათის დახატვა. სწორედ ამას აკეთებდა რუსთავი-2 და ზოგიერთი სხვა მედია „ვარდების რევოლუციის“ წინაპერიოდში როდესაც ხდებოდა არსებული პრობლემების ისეთ ჭრილში წარმოჩენა, რომელიც საზოგადოებაში საპროტესტო განწყობებს გაამძაფრებდა. ფართოდ ტირაჟირებული სოციოლოგიური გამოკითხვებიც ქმნიან გარკვეულ საინფორმაციო და განწყობით ფონს. როგორადაც არ უნდა ეკიდებოდეს მათ ხალხი, ისინი მეტნაკლებად მაინც ასახავენ საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს. რაღა დასამალია და ხელისუფლებით უკმაყოფილოების მომრავლებას გარკვეულმა ცალკეულმა არაპოპულარულმა გადაწყვეტილებებმაც შეუწყვეს ხელი. ავიღოთ თუნდაც ყბადაღებული პრემიების და ნეპოტიზმის თემა.
ალბათ გახსოვთ, 2003 წელს სამოქალაქო სექტორის ყველაზე აქტიური და გავლენიანი ნაწილი დაუპირისპირდა მაშინდელ ხელისუფლებას სწორედ სხვადასხვა სფეროში რეფორმების არგატარების გამო. არ ხედავთ ანალოგიურ სურათს დღესაც?! ალბათ ისიც გეხსომებათ, რომ მაშინდელი ხელისუფლება საკმაოდ პასიურად ან არადექვატურად რეაგირებდა პროცესებზე. პრაქტიკულად არ ჰქონდა მოქალაქეებთან კომუნიკაცია. დღევანდელ ხელისუფლებას მოქალაქეებთან გარკვეული კომუნიკაცია კი აქვს, მაგრამ ოპონირების ასეთი ინტენსიურობის რეჟიმში ეს კომუნიკაცია უფრო ხშირი და უფრო პროფესიულად დახვეწილი უნდა იყოს. ხელისუფლებამ უფრო მკაფიოდ და გასაგებად უნდა დაანახოს მოსახლეობას თუ რა გააკეთაა. მან ნამდვილად გააკეთა არაერთი სასარგებლო საქმე, რის არდანახვაც ვფიქრობ არ იქნებოდა ობიექტური. როდესაც 2003 წელთან ანალოგიებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დასავლეთში არიან გავლენიანი წრეები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან „ქართული ოცნებით“ და არც მალავენ ამას. განსხვავება ის არის, რომ დღეს ოპოზიციის მხარეს არ ჩანს ძლიერი, ქარიზმატული და საზოგადოების მაღალი ნდობით მოსარგებლე ლიდერი.
თუმცა „ფერადოვანი რევოლუციის“ ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები იმდენად მრავლფეროვანია, რომ შესაძლოა მის გარეშეც მოხდეს საზოგადოების სოციალური ქცევის ლოგიკის შეცვლა. ვფიქრობ სწორედ ამაზე მუშაობენ დღეს ოპოზიციური მედია და ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები. ბოტანიკური ბაღის თემის აგორება და თანმხლები აქციებიც ამის კარგი მაგალითია. ჩვენი საზოგადოების კულტურულ-მენტალური თავისებურებებიც უნდა გავითვალისწინოთ. მის ქცევას ხშირად ემოციური ფაქტორი განაპირობებს, რომელიც მყისიერი შოკის მომგვრელი ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად გამოიწვევა. „ფერადოვანი რევოლუციების“ ერთ ერთი მეთოდი კი სწორედ ექსპრესიული ზემოქმედება და მასზე ელვისებური რეაქციის გამოწვევაა. თანაც, უმეტეს შემთხვევაში „ფერადოვანი რევოლუციები“ დროში ემთხვევა არჩევნებს, რადგანაც არჩევნების გაყალბება არის ის „წყალგაუმტარი“ არგუმენტი, რითაც ხდება რევოლუციის ლეგიტიმაცია. დააკვირდით, მინიმუმ 2 ოპოზიციური პარტია უკვე წინასწარ აცხადებს რომ არჩევნებს აუცილებლად მოიგებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს.
- გახსოვთ რევოლუციის ”კლასიკური” განმარტების შინაარსი - როდესაც ზევით არ შეუძლიათ სხვაგვარად მართვა, და ქვევით არ სურთ ისე მართვა, როგორადაც ზევიდან მართავენ. რატომ უნდა აუშარდეს ხალხი ხელისუფლებას? მხოლოდ ვიღაცის ახირებით ეს ვერ მოხერხდება. თუმცა, ისიც ფაქტია, იმის მიუხედავად, რომ ”ოცნება” ამას არ აღიარებს, ის კატასტროფული სისწრაფიდ კარგავს მომხრეებს, ანუ ჰყავს საკმაოდ ბევრი უკმაყოფილო.
-მგონი ამ კითხვაზე ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე ზემოთ. მიზეზები ბევრია, სუბიექტურიც და ობიექტურიც. რც შეეხება ლენინის თეორიას, ყველა „ზევით“ მყოფი ძალა მართავს ისე, როგორც შეუძლია, სჯერა და სხვაგვარად ის ვერ მართავს მისი პოლიტიკურ-იდეოლოგიური და მართვის ფილოსოფიიდან გამომდინარე. ხოლო რაც შეეხება „ქვევით“ მყოფთ, ანუ ჩვენს ხალხს, იციან კი რა ტიპის მმართველობა იქნებოდა მათთვის იდეალური და ყველაზე მისაღები?! შევარდნაძეს ჯერ აღტაცებით შეეგებნენ, შემდეგ მისი მმართველობის სტილი არ მოეწონათ და მოიშორეს. სააკაშვილს 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე 96%-იანი ნდობის კრედიტი მისცეს და სულ რაღაც სამ წელიწადში მისი მმართველობის სტილიც მიუღებელი გახდა. „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე ხდება, რაც უფრო დიდია მოლოდინები და იმედები მით უფრო დიდია იმედგაცრუებაც. იმიტომაც არის სოციოლოგიურ გამოკითხვებში 60% ზე მეტი თავის არჩევანში ჩამოუყალიბებელი, რომ თავადაც არ იციან რა უნდათ და მავანთ ჰგონიათ, რომ ახალი ძალის მოლოდინში არიან. დღეს ხალხის უმეტესობის თვალში ხელისუფლება გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან და სწორედ ამიტომ ხდება ოპოზიციის მიერ ხალხის უკმაყოფილების პროეცირება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე.
- მოდით კიდევ ერთხელ შევაფასოთ კონგრესმენ რასელის განცხადება, რომელშიც ივანიშვილის ანგარიშების გაყინვის გარდა სხვა მეტად საყურადღებო საკითხებია განხილული - განსაკუთრებით რუსული საფრთხე და ისიც, რომ თავისუფლება გულარხეინობას კი არ მოაქვს, არამედ ბრძოლას. აქვე მაინტერესებს, რამდენად ადეკავატური რეაქცია ჰქონდა მის განცხადებაზე უმრავლესობას, რომელაც ბოდიში ამ ფრაზისთვის, მაგრამ ფაქტობრივად, ასე უპასუხა რასელს - ”ყველამ თავის მამიდას მიხედოს”.
- მე ცოტა სხვა კუთხით მინდა შევხედო კონგრესმენ რასელის გამოსვლას. ყველა კონგრესმენს ჰყავს თავის აპარატი, თანაშემწეები, მრჩევლები, რომლებიც უმზადებენ გამოსვლის ტექსტებს და აძლევენ გარკვეულ რეკომენდაციებს. კონგრესმენის ნებისმიერ საჯარო გამოსვლას, თუნდაც ზოგად თემაზე, თავის ფასი ადევს, რომ იტყვიან და მაინტერსებს თუ აცნობიერებდა სტივ რასელი რა რეაგირება მოჰყვებოდა მის ასეთ ზედმეტად ხისტ გამოსვლას საქართველოს ხელისუფლებაში და საზოაგდოებაში, თანაც აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე სამი დღით ადრე? ან ვინმემ თუ უთხრა ამის შესახებ?! თუ მისთვის სულერთი იყო ეს?!. ვფიქრობ, ჩვენ და უპირველესად ხელისუფლება აქტიურად უნდა დაააკვირდეს თუ რა განვითარება ექნება რასელის ამ განცხადებას, გამოუჩნდებიან თუ არა მას მხარდამჭერები, გაიზიარებს თუ არა იქ გამოთქმულ მოსაზრებებს აშშ-ს მთავრობა და არის თუ არა ეს აშშ-ს პოლიტისტებლიშმენტის საერთო პოზიცია? ეს ყველაფერი გამოჩნდება მომდევნო თვეებში. თუ რასელის განცხადებას გაგრძელება არ მოჰყვა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგი უფროა.
რაც შეეხება უმრავლესობის რეაქციას, დეტალურად არ წამიკითხავს მათი კომენტარები. შეიძლება თითო-ოროლა დეპუტატმა ასეთი სახის პირადი მოსაზრება გამოთქვა, მაგრამ არ მგონია ეს მთლიანად უმრავლესობის მიდგომას გამოხატავდეს. თუმცა, რასელის გამოსვლა უმრავლესობისათვის რომ ემოციურად ძალიან საწყენი იქნებოდა, ესეც ცხადია.
- დავუბრუნდეთ წინასაარჩევნო პრობლემებს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ თავიდან ავიცილოთ რევოლუციები და ქუჩაში დაპირისპირება. ანუ რას ვგულისხმობ - შს მინისტრის განცხადება, ფაქტობრივად მიმართვა პოლიციისადმი, ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ბოლომდე ვერ აკონტროლებს ამ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას. შეიძლება ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ სწორედ ამის საპირწონედ მოეწყო შეკრება ”ვერის ბაღში”. ამ სახეებიდან საკმაოდ ბევრი პერსონა ახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიას იარაღით ხელში და ისიც ცხადია, რომ ისინი არამაც და არამაც არ არიან ოპოზიციური ძალების მხარდამჭერები - უფრო პირიქით - ცნობილია მათი ლოიალობა ხელისუფლების მიმართ.
-როგორც უკვე ვთქვი, საჭიროა, მეტი, მიზნობრივი და რაც მთავარია პროფესიულად სწორად წარმართული კომუნიკაცია ხალხთან, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ჯგუფებთან, რომლებიც თუ შეიძლება ასე ითქვას შეადგენენ დღეს საპროტესტო ელექტორატს. მათში არ შედიან მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფები, მასში შედის საშუალო ფენის გარკვეული ნაწილიც, რომელსაც სოციალურ-ეკონომიკურის გარდა ღირებულებითი ხასიათის მოთხოვნილებებიც აქვთ. რევოლუციის თავიდან აცილება შეიძლება ან „მკაცრი ხელით,“ რომელიც დაწყებულ დუღილს გადაავადებს, შესაძლოა დიდი ხნითაც, ან „რევოლუციონერთა“ კოზირების განეიტრალებით, რისთვისაც შენც უნდა გეჭიროს კოზირები, ან ორივე მეთოდის კომბინაციით. სხვათა შორის, რუსეთში „ბოლოტნაიაზე“ 2011-2013 წლებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომლებსაც ბევრი რუსული რევოლუციის დასაწყისად მიიჩნევდა, რუსეთის ხელისუფლება სწორედ ამ ორი მეთოდის კომბინაციით გაუმკლავდა. შს მინისტრის მიმართვას ვფიქრობ ჰქონდა საფუძველი. რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო ჩემს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე ძალოვან სტრუქტურებში არის გარკვეული პრობლემები, შესაძლოა ყველა კადრი არ იყოს განწყობილი ლოიალურად ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ და ამან კრიტიკულ მომენტში იჩინოს თავი. „ვერის ბაღში“ გამართულ შეხვედრას მე არ მივანიჭებდი იმ მნიშვნელობას რასაც თქვენ ანიჭებთ. არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ საერთო მსოფლმხედველობით, საერთო წუხილებით და ინტერესებით გაერთიანებული ხალხი შეიკრიბა და საკუთარი აზრები თავისუფლად საჯაროდ გამოთქვეს. ცოტა ხნის წინ სრულიად განსხვავებული ღირებულებების და მსოფლმხედველობის ხალხი შეიკრიბა მიტინგზე და ასევე თავისუფლად გამოხატეს საკუთარი მოთხოვნები და პოზიციები. ესაა დემოკრატიული პლურალიზმი! მოსწონს ვინმეს ისინი თუ არა, ეს გემოვნების საკითხია.
- და ბოლოს, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური პროგნოზი, მით უფრო, საქართველოში უმადური საქმეა, როგორ ფიქრობთ არჩევნების მშვიდობიანად დასრულების შემდეგ რა კონფიგურაციას მივიღებთ პარლამენტში? ვინ მოიპოვებს უპირატესობას პრორუსული თუ პროდასავლური ძალები? და კონკრეტულად, რომელ ფლანგზე აღმოჩნდება ”ქართული ოცნება”?
- ჩემთვის მთავარია არჩევნები დასრულდეს მშვიდობიანად და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ძლივს დამკვიდრებული ტრადიცია არ მოიშალოს და ისევ უკან არ დავბრუნდეთ. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად ახალი პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს. ყველაფერს ხალხის არჩევანი წყვეტს, ისე როგორც ეს მოხდა 2012 წელს. რაც შეეხება კონფიგურაციას, დარჩენილ 5 თვეში პოლიტიკური კონიუნქტურა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს და შესაბამისად ამომრჩევლის განწყობებიც, დარწმუნებული ვარ რომ დაიდება ალტერნატიული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. მე არ დავყოფდი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს „პრო“-ებად და საერთოდ ეს დაყოფა ცოტა არ იყოს ხელოვნურად და თავსმოხვეულად მიმაჩნია. დღეს არსებული მონაცემების საფუძველზე, ყველაზე სავარაუდო ვარიანტად 4-5 პარტიული პარლამენტი მეჩვენება.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა გოჩა მირცხულავა