რესპოდენტის შესახებ
”ჯი-ეიჩ-ენი” ლიბერალ-დემოკრატების პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს, რევაზ კემულარიას ესაუბრა
- ბატონო რევაზ, თითქმის 25 წლის შემდეგ თქვენ ისევ პოლიტიკაში გამოჩნდით. თქვენ იყავით საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, ადამიანი, რომელც ხელს აწერთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. რატომ წახვედით პოლიტიკიდან და ამდენი ხნის შემდეგ, რამ გაიძულათ დაბრუნება?
- მე უფრო ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, ვიდრე პოლიტიკოსი, თუმცა პატრიოტიზმიც შეიცავს პოლიტიკის ელემენტებს, აქედან გამომდინარე, გვინდა თუ არა ეს, გვიწევს პოლიტიკოსობა. პოლიტიკაში მოუმზადებელი და ხელცარიელი არ მოვსულვარ. გამოვიარე ყველა ის ეტაპი, რასაც ვქმნიდით და ვაკეთებდით ეროვნული მოძრაობის დროს. გახლდით საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის წევრი, ეროვნული ფორუმის წევრი, მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ექსპერტი, აფხაზეთში მერაბ კოსტავას საზოგადოების თავჯდომარე და შემდგომ უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სადაც მხვდა წილად, სხვებთან ერთად ხელი მომეწერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტზე. ბოლო 24 წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის თუ გაერთიანებების წევრი. მაგრამ არ გავსულვარ ბრძოლის ველიდან. ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა აქციებში, რაც მიმართული იყო შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ. მე კი არ დავბრუნდი პოლიტიკაში, პოლიტიკაში ვიყავი, მაგრამ ამას არ ქონდა ორგანიზებული სახე. წელს კი მუხრან ბურჭულაძის ინიციატივით დავაფუძნეთ პარტია ლიბერალ-დემოკრატები, სადაც გახლავართ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, რაც საშუალებას მაძლევს უფრო მკაფიოდ გამოვხატო როგორც პარტიის, ასევე ჩემი პირადი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი. შეიძლება იფიქროს მავანმა, რა უნდა ვთქვა მე ისეთი ახალი სიტყვა, რომელიც მიიქცევს ხალხის ყურადღებას და გაიზიარებს. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი სათქმელი სიტყვა, ჩემი სათქმელი სიტყვა არის სიმართლე, რომელიც გზაში შემოგვეკარგა და დაგვავიწყდა კიდევაც. პოლიტიკაში დავბრუნდი სიმართლის სათქმელად. რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ იცოდეს, სინამდვილეში თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.
- თქვენ აცხადებთ: ”დაიწყოს ჭეშმარიტი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. უნდა დაიწყოს ერის ერთიანობა და ქვეყნის გამთლიანება. გვეყო გათითოკაცება და ვაი და ვიში”, რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენი მოწოდების საფუძველზე შევძლებთ ამას. მით უფრო, იმ პირობებში რომ საქართველოს მოსახლეობა ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ სულ ორად არის გაყოფილი და ეს მხარეები ერთმანეთს მუდამ ბრალს სდებენ სამშობლოსა და იდეალების ღალატში?
- მე ბედმა მარგუნა ვმდგარვ ვიყავი ისეთი ბუმბერაზი ადამიანების გვერდით, როგორებიც ზვიადი და მერაბი იყვნენ. მიუხედავად მაშინ ჩემი ახალგაზრდული ასაკისა, ბევრი რამე ვისწავლე მათთან სიახლოვით. პირველ რიგში სამშობლოსა და ერის სიყვარული, რომელიც ისე ჩაკირდა ჩემს ცნობიერებაში, ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე ცხოვრება. კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, საქართველო დაემსგავსა ბანაკებად დაყოფილ კოლონიას. ხაზი გადაესვა კანონს, მორალს, ზნეობას და დაისადგურა ქაოსმა. ხელისუფლებაში მოვიდნენ ყოფილი, როგორც გავლენის აგენტები, ასევე რუსეთის უშიშროების ფარული თუ ღია თანამშრომლები. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლებამ დაგვისვა მარიონეტი უკანონო მთავრობა, რომელიც ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. რუსეთის ხელდასმული ხელისუფლება, როგორ შეეწინააღმდეგებოდა რუსეთს. შევარდნაძის უპასუხისმგებლო, გამყიდვლურმა, ავანტურისტულმა პოლიტიკამ დაგვაკარგვინა აფხაზეთი და სამაჩაბლოც. რაც შეეხება ჩემს მოწოდებას ერის ერთიანობისკენ, იმას ნიშნავს, რომ დღესაც არც ისე სახარბიელოდ გვაქვს საქმე, როგორც ამას წარმოგვიჩენენ ხოლმე. სოკოებივით მრავლდებიან პრორუსული ძალები და ეს პრობლემა, აშშ-ს მთავრობის ყუადღების ცენტრშიც მოექცა. რადგან მომავალ არჩევნებში, კაციშვილმა არ იცის, თუ რა შედეგებს მივიღებთ. ერის ერთიანობა ამავე დროს ნიშნავს, როგორც ქვეყნის, ასევე მის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენას. დააკვირდით რა ხდება. ყველაფერი გადანაწილებული და დაყოფილია საქართველოში. მასმედია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საზოგადოება და ყველაფერი მიმართულია კერძო ინტერესების დაცვისკენ და სახელმწიფო არავის ახსოვს. და თუ ვინმეს ახსოვს, ისევ და ისევ თავისი ინტერესების დაცვის ქოლგად. ხალხში დაისადგურა ნიჰილიზმა. უნდობლობამ. დაეკარგა ხვალინდელი დღის იმედი. გაღარიბდა და გაღატაკდა... არ იცის რა ქნას, რადგან საითკენაც არ უნდა გაიხედოს, ყოველი მხრიდან სიყალბე და სიცრუე ესმის. არაფერი არ ვითარდება, არ ჩანს სიახლე. უძრაობის ხანა დაგვიდგა. ხალხის ხმა არავის ესმის. ამიტომაც მოუწოდებ ერთიანობისკენ, რომ ვიბრძოლოთ განახლებისთვის. გავძლიერდეთ. გვერდზე გადავდოთ პირადი და სამშობლოს მივხედოთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო გვაქვს დასაბრუნებელი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერავინ გაგვიკეთებს. და ეს მხოლოდ გაერთიანებულ ერს შეუძლია. თქვენ ახსენეთ კერპი. კერპთაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ. და არც არასოდეს მყოლია კერპი. საქართველოს ყავდა ერის მიერ არჩეული ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, რომელიც ყოველთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებდა ერს. ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა "დაშალე- და იბატონეს" დიდი სპეციალისტი რუსეთის ხელისუფლება. სწორედ ამიტომაც დაამხეს, რომ არ გაძლიერებულიყო ქვეყანა. ძლიერი საქართველო კი არა, დამონებული საქართველო უნდა რუსეთს და სამწუხაროდ დღეს ეს უკვე შეინიშნება. არსებობს ორი გზა, ტყუილის და სიმართლის გზა... მე მგონია, რომ მთელი ცხოვრება სიმართლის გზით მოვდივარ. ახლა ვხედავ, ხალხი ნელ-ნელა ტყუილის გზაზე გადაყავთ... ეს არ შეიძლება, ეს დაღუპვისკენ მიმავალი გზაა, რომლის ბოლოს კრემლის ხუთქიმიანი ვარსკვლავი ანთია. ჩვენი ნამდვილი გზა ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ მიდის და არ უნდა დაუშვათ ამ გზიდან გადახვევა. ამიტომაც მოუწოდებ ერს გაერთიანებისკენ. გვეყო ბანაკებად დაყოფა.
- როგორ ფიქროთ, რის გარშემო უნდა ერთიანდებოდნენ მოქალქეები, რა უნდა იყოს მთავარი - ლიდერი თუ იდეები?
- რა თქმა უნდა იდეა, რომლის განმახორციებელი თანამოაზრეებთან ერთად არის ლიდერი. არ არსებობს ნამდვილი ლიდერი იდეის გარეშე. ხოლო მარტო იდეა არაფერია, თუ ის არ განხორციელდა. სამწუხაროდ დღეს არც იდეაა და არც ლიდერი... არის მხოლოდ ხმაური რაღაცის გარშემო... მაგრამ ვიმედოვნებ, რომ სულ მალე გაჟღერდება იდეაც და გამოჩნდება ლიდერიც, ამის საფუძველს მაძლევს ახალგაზრდა, უაღრესად განათლებული, მოტივირებული, თავისი ქვეყნის ერთგული და პატრიოტი ადამიანის, მუხრან ბურჭულაძის პარტიასთან ერთად სამომავლო გეგმები, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. მოქალაქეებს აერთიანებს, მართალი იდეა, მართალ ლიდერთან ერთად.
- ამ ზოგადი საუბრი შემდეგ უფრო დავკონკრეტდეთ. რა არ მოგწონთ დღევანდელი ხელისუფლების, რას უთვლით მათ წარმატებად და წარუმატებლობად და რატომ მიიჩნევთ, რომ დღევანდელი უმრავლესობა უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან?
- საქმე მოწონება არ მოწონებაში არ არის. საქმე გვაქვს უბედურებასთან. ნაკლებად შეხვდებით ქუჩებში მხიარულ სახიან ადამიანებს... დამწუხრებულია საქართველო. და აქაც ყველაფრის მიზეზი რუსეთის ხელის ფათურია ქართულ პოლიტიკაში. სახელმწიფოს იდეალისტები აშენებენ.. ჩვენ კი მთავრობაში ვაჭრუკანები გვყავს.. ერთი რუსი ოლიგარქის მიერ ხელდასმული ვაჭრუკანები... დიდმა ვაჭარმა პატარა ვაჭრუკანები დასვა სამთავრობო სკამებზე. იყიდა ყველა და ყველაფერი საკუთარი ჰეგემონიისთვის და ბრწყინვალედ ასრულებს იმ დაკვეთას, რაც პუტინის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ერის დაჩიავება, მისავათება და საქართველოს გაჩანაგება. შედეგიც სახეზეა, უკვე მოურიდებლად აფრიალებენ რუსულ დროშებს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ყველაზე მტკივნეული ამ ხელისუფლების ნამოღვაწარიდან ის არის, რომ აბუჩად აიგდეს ხალხი. არ შეასრულეს დაპირებები... სოციალური დახმარების ბარათად აქციეს საზოგადოება. ხელისუფლება და პარლამენტი იქცა კლანურ კონგლომერატად. როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის წარმოებაში ხელისუფლებამ განიცადა სრული კრახი. ერთი ნაბიჯით არ წაწეულან წინ აფხაზეთ- სამაჩაბლოს მიმართულებით. ხელისუფლება გადართულია ოპოზიციურ ძალებთან ჭიდილში, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, სავალალო შედეგი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლებისადმი მაფიქრებინებს იმას, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობს ხელს პრორუსული ძალების მომძლავრებას საქართველოში. შეიძლება ვივარაუდოთ საიდუმლო გარიგებებიც. აი, ყველაფერი ის, რატომ უნდა წავიდეს ეს უმრავლესობა.
-ქართული პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოებრივად აქტიური მოაქალაქეები ბოლო დღეებია კონგრესმენ რასელის განცხადებებს აფასებენ? თქვენთვის რას ნიშნავს ეს განცხადება და რამდენად ყურადსაღებია ის არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის?
- მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა კონგრესმენმა რასელმა. სამწუხაროდ, ჩვენმა მედიასივრცემ, ამ განცხადებიდან ყურადღება მხოლოდ ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღებას დაუთმო. არა და განცხადებაში სრულადაა ასახული საქართველოს უახლოესი ისტორიის განვლილი და სამომავლო გზა. იქ საუბარია იმაზეც, რომ შევარდნაძე იყო რუსული ძალა, სადაც რასელი ღიად მიანიშნებს, რომ სწორედ რუსული ძალების მიერ იქნა დამხობილი ზვიად გამსახურდია და რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. რასელი იმასაც ამბობს, რომ არსებობს საშიშროება ხელისუფლებაში რუსული ძალების მოსვლის. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრის ეს განცხადება გაფრთხილებაა, როგორც ქვეყნის მოსახლეობის ასევე ხელისუფლების. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი წელი მართავდა რუსული ძალა შევარდნაძისა და მისი გუნდის სახით საქართველოს... განა რუსული ძალა სრულყოფილად აბრძოლებდა ჩვენს პატიოტ მეომრებს აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ? ბევრი კითხვა იბადება... რასელმა დელიკატურობა გამოიჩინა და არ თქვა ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთისკენ იხედება, თუმცა მიანიშნა. ყველამ ყველაფერი ვიცით. რასელმა კი თავისი განცხადებით ჩვენი აზრი განამტკიცა, რასაც 1992 წლიდან გავიძახით. უდაოდ კარგია, რომ აშშ-ს კონგრესის წევრმა მაღალი ტრიბუნიდან გააკეთა ეს განცხადება. რაც ამყარებს ჩვენს ადრინდელ პოზიციას შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ.
- მოდით ამ კონტესტში ერთ ფაქტს ფრაზას, გაგახსენებთ ჩვენი წარსულიდან - ”მე მგონი ეს კაცი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს”. სხვათა შორის ამ ფრაზას წინ უსწრებდა საქართველოში ნათქვამი : «Джордж Буш, - наследник Вашингтона, Джеферсона, Линкольна и других великих деятелей, призывает порабощённые народы добровольно надеть на себя ярмо империи и смирится с рабством….» . პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ ამ სიტყვების წარმოთქმას ჰქონდა თავისი ლოგიკა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, ჩემი აზრით, ამოვარდნილი იყო იმ პერიოდს პოლიტიკურ-დიპლომატიური კონტექსტიდან, რისი მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო არასაკმარისი კავშირები თეთრ სახლთან, ინფორმაციის დეფიციტი. არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ ცდილობდა სსრკ-სთვის ხელი მოეწერინებინა ბირთვული იარღის შემცირებაზე. ანუ, ეს ყველაფერი გავიხსენე არა ბუში გამასახურდის პაექრობის და გაუგებრობის, არამედ პოლიტიკური ანალოგიის პრინციპის საფუძველზე. კერძოდ, როგორ ფიქრობთ არის შესაძლებელი რასელის განცხადებას მომავალში შედეგები მოჰყვეს? ვაშინგტონში ხომ ”ისე რა” განცხადებებს არ აკეთებენ, მის მიუხედავად მოსწონს ეს განცხადებები ბატონ მეჭიაურს ან კვაჭანტირაძეს, თუ არა?
- დღევანდელი გადასახედიდან თუ დავაკვირდებით, ზვიად გამსახურდიამ სწორად განჭვრიტა რუსეთან დამოკიდებულება და საქართველოს გეოპოლიტიკური როლი. აქ მას შეცდომა არ დაუშვია. პირიქით დაასწრო მოვლენებს და გააზრებულად ჩამოაყალიბა საქართველოს როლი მსოფლიო პოლიტიკაში. სამწუხაროდ, დასავლეთის ლიდერები იმ პერიოდისთვის არ აღმოჩნდნენ მზად ყურადღება მიექციათ ზვიად გამსახურდიას განცხადებებისთვის. მამა ბუშმა ისიც კი თქვა უკრაინაში ყოფნისას: ეროვნული მოძრაობა ქათმის კატლეტი არისო. მონა ამერიკაშიც მონაა, საქართველოშიც და რუსეთშიც. და როცა შენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვი, მაშინ თითო მათრახი ყველა ქვეყანას გადაწვდება ხოლმე, როცა მათი ყურადღების მიღმა რჩები და იმპერიასთან ლაქუცში ავიწყდებათ შენი ბრძოლის მიზანი. ვინ მოუსმინა ჯოხარ დუდაევს, როცა განაცხადა: შემდეგი ყირიმი იქნებაო. ეს სიტყვები სააკაშვილმაც გაიმეორა 2008 წლის ომის შემდეგ, მაგრამ ვინ მოუსმინა? არ მიყვარს სიტყვა პატარა ერი, პატარა საქართველო... ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს დედამიწის ზურგზე, მაგრამ მათ ცნობიერებაში მაინც პატარა ერი ვართ. ზვიად გამსახურდიამ მოვლენებს დაასწრო. "საქართველოს სულიერ მისიაში" ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა და როლი მსოფლიო გეოპოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. მისი შემდგომი განცხადებები რაც დრო გადის, მით უფრო მეტად აქტუალური ხდება. და ამ განცხადებების მსგავსი შინაარსის განცხადებებს, დღეს უკვე თავად დასავლეთის ლიდერები აჟღერებენ. ერთ-ერთი ამის გამოძახილია თავად კონგრესმენ რასელის განცხადებაც. ეს განცხადება ბევრჯერ გადავიკითხე და ასეთი აზრი გამოვიტანე. თუ დროზე ვერ მივხვდებით იმას, რომ რუსები სხვადასხვა მეთოდებით და ხერხებით გვიპყრობენ, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს დავკარგავთ და თავისუფლება სანატრელი გაგვიხდება. სხვათა შორის, რასელის განცხადებამ, ზვიად გამსახურდიას შევარდნაძისადმი მიწერილი წერილი გამახსენა... არის რაღაც მსგავსება.
- დღევანდელი ხელისუფლება, გარდა მის მიერ შექმნილი სატელიტი პარტიებისა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ნაციონალური მოძრაობის მოკავშირედ და სატელიტად განიხილავს. თქვენი პარტიისთვის ვისი იდეებია უფრო მოისაღები და არის თუ არა შესაძლებელი, რომ სამომავლოდ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გიხილოთ ალიანსში?
-ჩვენ ლიბერალ-დემოკრატები არ ვართ არავისი სატელიტი. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ქვეყნის განვითარების გეგმა. იდეა და ამ იდეის განხორციელებისთვის ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდები. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, სადაც დაინტერესებულ პირებს მოუწოდებთ თანამშრომლობისკენ, რამეთუ მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ხალხის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ პასუხისმგებელნი. კარჩაკეტილობას წარმატება არავისთვის მოუტანია. ჩვენ ყველასთვის ვართ ღია და ვმოქმედებთ ღიად, თუმცა გვაბრკოლებს მასმედიის შერჩევითი მიდგომები. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თითოეული სატელევიზიო არხის უკან ვიღაცა დგას და ის მართავს სარედაქციო პოლიტიკას. იმის თქმა მინდა, რომ მედია თავისუფალი არ არის, იგივე საზოგადეობრივი არხიც, რომელსაც ხალხის გადასახადების ხარჯზე არსებობს, ხელისუფლება აკონტროლებს. ასეა კერძო კომპანიებიც. რატომღაც ძალიან ვაშინებთ ვიღაცეებს ჩვენი პარტიის პოლიტიკური მოღვაწეობით. იმიტომ ხომ არა, სუფთა წარსულით რომ მოვდივართ? იმიტომ ხომ არა ე.წ. მედემოკრატეებს სიტყვა ეროვნული რომ აჟროლებთ? იმიტომ ხომ არა, სიცრუეს და სიყალბეს ვამხელთ და ეს ვიღაცეებს განწყობას უფუჭებს? იმიტომ ხომ არა რუსეთუმეებს რომ ვაკრიტიკებთ? იმიტომ ხომ არ გვბლოკავენ მედია სივრცეში, რომ სიმართლის გზით მოვდივართ და არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას? თანამშრომლობაზე არასოდეს გვითქვამს უარი. რაც შეეხება პოლიტიკურ ალიანსს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. 8 მაისს, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველზე, ვატარებთ აქციას ლოზუნგით: არა ფაშიზმს, არა ოკუპაციას. ყველას ვიწვევთ, ვინც იზიარებს ამ ლოზუნგს. რუსეთი 9 მაისს იზეიმებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ჩვენ კი 8-ში ვამხელთ ფაშისტურ რუსეთს და ოკუპანტს. აფხაზეთში და სამაჩაბლოში მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გვაძლებს იმის საფუძველს, რომ რუსეთი დავადანაშაულოთ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში. - ფაშიზმში!!! და აქვე მინდა დავსძინო: ლიბერალ-დემოკრატების გზა არის სიმართლის, სიყვარულის, ურთიერთ პატივისცემის და განახლების გზა.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გოჩა მირცხულავა