რამდენიმე დღის წინ, ამერიკული კონგრესის ქვედა პალატის წევრმა ოკლჰომას შტატიდან, სტივ რასელმა გვარიანი სფიჩი მიუძღვნა საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს, ფაქტიურად, «ირანული ყაიდის» სანქციებით დაემუქრა, ესე იგი მილიარდიანი აქტივების გაყინვით.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოცულობის, მით უმეტეს ასეთი შინაარსის გამოსვლა ჩვენს ქვეყანას ჯერ არ მოუსმენია, არ უხილავს და არ წაუკითხავს (არასდროს, არც ერთი პრეზიდენტისა და პარლამენტის მმართველობისას!) ნამდვილად უპრიანია უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს საკითხს, რათა გავარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში და რაშია საქმე.
შემთხვევითი რომ არ არის და არც შეიძლება იყოს – ყველამ იგრძნო. მაგრამ რას ნიშნავს, რამდენად სერიოზულია და მოჰყვება თუ არა შორსმიმავალი შედეგები, ამის თაობაზე ცხარე კამათი არ წყდება. თან არა მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის, არამედ ექსპერტულ საზოგადოებაშიც
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ის, რაც მოხდა, რასაკვირველია, ძალიან სერიოზული მოვლენაა და გამორიცხულია შემთხვევითი იყოს: ამერიკის კონგრესი არაა იტალიის პარლამენტი, სადაც ადგილობრივი ანტიფაშისტური კანონმდებლობით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩიჩოლიანს მსგავსი პანელის მეძავებიც ხვდებიან დეპუტატთა კორპუსში, და არც «ევროპარლამენტად» წოდებული სტრასბურგისა თუ ბრიუსელის სალაყბოა, უამრავი ექსტრავაგანტული პერსონაჟით: ამერიკის კონგრესში მოსახვედრად, დეპუტატობის კანდიდატმა უნდა გიაროს უმკაცრესი პარტიული ფილტრი. მით უმეტეს, რომ სტივ რასელი «რესპუბლიკურ პარტიას» წარმოადგენს, სადაც ეს ფილტრი ბევრად უფრო ფაქიზია, ვიდრე «დემოკრატთა» ისტებლიშმენტში.
«რესპუბლიკელი კონგრესმენი» – გარკვეული ბრენდია და ამ ძვირადღირებულ ბრენდს ფუჭი გამოსვლებით ან პრიმიტიული ლობიზმით «რესპუბლიკელები» არავის გააფუჭებინებენ. სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, თითქოს სტივ რასელმა მიშას თხოვნა შეასრულა. ჯერ ერთი, თუ ასეა, მეტსიმეტად გავლენიანი ყოფილა ეს «მიშა», - თუკი შეუძლია, ამერიკელი კონგრესმენი «დაქოქოს» ასეთი მასშტაბის და შინაარსის გამოსვლისათვის.
20 წლის განმავლობაში, ვინ არ ეხვეწებოდა კონგრესის წევრებს, მეტი ყურადღება მიექციათ საქართველოსთვის: «ბერლინის კედლის დამანგრებელი» ედუარდ შევარდნაძით დაწყებული, და ელჩ თედო ჯაფარიძით დამთავრებული, თუმცა ასეთი ყურადღებით შორეული კავკასიური ქვეყნის მიმართ, – რომელიც ამერიკელებს მასობრივად ერევათ ჯორჯიის შტატში, – საქართველოს ვერც ერთი ადმინისტრაცია და ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ დაიკვეხნიდა.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ვერანაირი «მიშას ლობიზმი» ვერ განაპირობებდა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრს ასეთი რადიკალური და კონკრეტული წინადადებები დაეყენებინა.
მაშასადამე, აქ «რაღაცაშია საქმე»: სტივ რასელი არა მხოლოდ საკუთარ (მით უმეტეს მიშა სააკაშვილის) განწყობას, არამედ ბევრად უფრო ფართო წრის ინტერესებს გამოხატავდა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ და სხვადასხვა ინსტრუმენტებსაც იყენებენ პროცესთა კორექტირებისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სხვა საკითხია, სად შეიძლება იყონ ეს «ინტერეს – ჯგუფები»: სახელმწიფო დეპარტამენტში, «ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში», ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თუ სად.
ამას არც აქვს პრინციპული მნიშვნელობა. არსებითია, რომ მათ გადაწყვიტეს, ამ გზით, ამ ფორმით, ამ არხით, – კონგრესმენ რასელის გამოსვლით - გაეგზავნათ მკაცრი «მესიჯი» ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის.
არ მოგვატყუოს თბილისში ამერიკის საელჩოს განცხადებამ: «ცალკეული კონგრესმენი ხელისუფლების პოზიციას არ გამოხატავს და საკუთარი აზრი თქვაო». ასე «შეფუთვა» ყოველთვის შეიძლება, როცა დიპოლომატიას სჭირდება, მაგრამ ფაქტი – ფაქტად რჩება. გარდა ამისა, ობამას ადმინისტრაციის პოზიცია რომც არ იყოს, ძალიან გავლენიან ჯგუფთა დამოკიდებულება მაინცაა.
რა თქვა, ან უფრო ზუსტი იქნებოდა ამგვარად ჩამოვაყალიბოთ: რა მოითხოვა კონგრესმენ რასელის პირით იმ ჯგუფმა ამერიკულ ისტებლიშმენტში, რომელმაც კაპიტოლიუმიდან გააჟღერა გაფრთხილება ბიძინა ივანშვილის მიმართ?
პირველ რიგში, საარჩევნო კომისიის დაბალანსება, ტელეკომპანია რუსთავი2–ის ხელშეუხებლობა და, მთლიანობაში, იმის უზრუნველყოფა, რომ ოპოზიცია (მიხეილ სააკაშვილის «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა») არ განადგურდება მომავალი არჩევნების შედეგად. პირიქით, შეინარჩუნებს სერიოზულ პოზიციებს და «დაბრუნების» შანსს.
იგულისხმება: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმეების წარმოება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიმართ, რადგან «არჩევნების გაყალბებაში» ის არგუმენტიც მოიაზრება, როდესაც ოპოზიციის ბევრი ლიდერი ციხეშია. ყველაფერს ერთად, კომპლექსში კი, ქვია სწორედ «არჩევნების გაყალბება». ყოველ შემთხვევაში, ამერიკელებს, ტრადიციულად, ასე ესმით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, სადაც მუშაობენ აპრობირებული ტექნოლოგიით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჯგუფი ივანიშვილს ემუქრება ორი მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, დავაკვირდეთ ფრაზას: «მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დავეხმაროთ საქართველოს შემოდგომის არჩევნებისას პროცესებზე მეთვალყურეობის გაწევაში, როგორც ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ 2003 წლის არჩევნებზე».
როდესაც ედუარდ შევარდნაძეს, 2003 წელს, «ძველი მეგობარი», ჯეიმს ბეიკერი ეწვია და არჩევნებზე ესაუბრა, საქართველოს მხცოვან პრეზიდენტს ამისთვის (მაშინ უკვე) განსაკუთრებული ყურადღება აღარ მიუქცევია, რაკი «ვა–ბანკზე» იყო წასული. მაგრამ სულ მალე მწარედ დაისაჯა: იწვნია რას ნიშნავს ამერიკული «ხავერდოვანი ტექნოლოგიები» არჩევნების გაყალბების მოტივით.
რეალურად ეს ნიშნავს რევოლუციას და ხელისუფლების დელეგიტიმაციას. თუ დაიჯერებთ – კარგია თუ არა და, არც ისე შორსაა დროსა თუ სივრცეში «ვარდების რევოლუცია», ყველა მისი აღმძრავი მექანიზმით: არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო ინფრასტრუქტურით, თავისუფალი მედიით და ასე შემდეგ.
მეორე: «მოვუწოდებთ დასაველთის თავისუფალი პრესის ჟურნალისტებს, არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიემ თვეში . . . . . მისცენ ქართველ ხალხს შანსი, ხმა მიაწვდინოს მსოფლიოს».
ვისაც «ვარდების რევიოლუციაში» დასავლური (უპირველესად ამერიკული) მედიის როლი ახსოვს, იოლად მიხვდება, რას ნიშნავს ეს და რამდენად სერიოზული რესურსია.
ბოლოს, სტივ რასელი ამერიკის მთავრობას ურჩევს, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის ავუარები ყველაგან, სადაც ხელი მიუწვდება! და სადაა ისეთი კუთხე–კუნჭული დედამიწაზე, ამერიკის ფინანსურ ადმინისტრაციას ხელი არ მიუწვდებოდეს? არ არსებობს ამგვარი წერტილი პლანეტაზე: რუსეთისა და ჩინეთის ჩათვლით. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება ჩრდილო კორეა იყოს, მაგრამ საეჭვოა ივანიშვილს «კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შემნახველ სალაროში» (ასე ქვია) ჰქონდეს კაპიტალი განთავსებული.
«იარაღს ყიდისო» – ცოტა სასაცილო არგმენტია. რომც ყიდდეს, სტივ რასელის ნამდვილი მოტივი არ იქნებოდა. ეს უფრო «სათქმელია» ჭეშმარიტი მოტივი კი – სხვაა.
ესე იგი, კვლავ ვუბრუნდებით უმთავრესს: რაშია საქმე და რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი ნაბიჯი ამერიკელთა მხრიდან? კონგრესმენ რასელის გამოსვლა რომ «მესიჯია» – ეჭვს არ იწვევს, მაგრამ რატომ?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ჩანს, მიზეზი, ისევ და ისევ, «ვარდების რევოლუციასა» და მიშას ფენომენში უნდა ვეძებოთ. თავის დროზე, ეს ორი ფენომენი მჭიდროდ გადაეჭდო ერთმანეთს და განიხილებოდა, როგორც ვაშინგტონის გავლენიანი ძალების სტრატეგიული პროექტი პოსტსაბჭოურ სივრცეზე. თანაც, არა მხოლოდ და არა იმდენად საქართველოში.
უკრაინისგან განსხვავებით და 2008 წელს განცდილი სასტიკი მარცხის მიუხედავად, ხსენებული პროექტი მისმა ავტორებმა და მხარდამჭერებმა, მთლიანობაში, მაინც წარმატებულად ჩათვალეს, რადგან რეფორმები და მოდერნიზაცია ნამდვილად «დაიდო».
ამდენად, «პოსტსაბჭოური მოდერნიზაციული პროექტის» მთლიანად და სრულად განადგურება, საბოლოოდ წაგება, ამ გავლენიან წრეებს არ აწყობთ. არ აწყობთ არა მიშას ან მისი თანაპარტიელების სიყვარულით, არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ამ დაინტერესებით კი ბრწყინვალედ სარგებლობს მიშა.
ცოტა არ იყოს კომიკურია, რომ იგი დღესაც ახერხებს საკუთარ მისწრაფებათა ლობირებას (ინტერესთა თანხვედრის ტექნოლოგიით) ვაშინგტონში მაშინ, როდესაც ბიძინა, მისი მილიარდების მიუხედავად, ისევ აუტსაიდერია.
«ნიჭი, ბიძიკო, ნიჭი – გალაკტიონმა ბრძანა».
«ყველა საქმეს ცოდნა უნდა». ბიზნესი მაინც სხვაა, პოლიტიკა – სხვა!
”ჯი-ეიჩ-ენი”, გელა კალანდაძე