რესპოდენტის შესახებ
„ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებელმა ნიკა რურუამ უპასუხა
- ბატონო ნიკა, საქართველო ბოლო 25 წელია პოლიტიკით ცხოვრობს. ცნობიერებისა და ყოფიერების ჭიდილი თითქოს ”კლასიკას” აცდა. მით უფრო, რომ სანახაობა სულ გვაქვს, ხოლო სოციალური თემატიკა არასოდეს ხდება გარდატეხებისა თუ ქარიშხლების მიზეზი... ჯერ სანახაობაზე გკითხავთ - როგორი პოლიტიკური სანახაობა გვაქვს ახლა?
- პოლიტიკით ცხოვრობს ყველა დამოუკიდებელი ქვეყანა და ეს ნორმალურია. გადამეტებული გაპოლიტიკურება ყველაფრისა, სადაც, მაგალითად იუმორიც პოლიტიკოსებზეა, ტელე-სერიალებიც და ყველა სხვა სახის გართობაც, კი ნიშანდობლივია პოსტ-ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის, რომლებშიც ხალხი მიჩვეულია რომ ყველაფერი “ზემოდან” უნდა მიიღონ და თვითონ ნაკლებად აქტიურობს საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის - უფრო მეტს წუწუნებს, ვიდრე სასურველისკენ მდგომარეობის შეცვლაზე იმუშავებდა მის ადგილას დასავლელი მოქალაქე. სანახაობა დღეს რუსულ-ოლიგარქიული სტილისაა, რადგან შემკვეთი “გაზპრომის” მთავარი მოწილე და ქვეყნის არაფორმალური მმართველია: პორნო-ვიდეოების საჯარო ჩვენებები ქალაქების მოედნებზე, ინტერნეტში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება, პოლიტიკურ ოპონენტებზე ჩაქუჩებით და იარაღით დევნა-ნადირობა, დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვის გაუთავებელი მცდელობები და ამგვარი ველური ქცევები. საბედნიეროდ, ხალხს ეს მობეზრდა, რადგან ამგვარი “სანახაობა” არანაირ პრობლემებს მათ არ უგვარებთ და არა მგონია, რომ ამგვარი შავბნელი პიარით ოლიგარქმა და მისმა ნეპოტისტმა თოჯინებმა ძალაუფლება შეინარჩუნონ - ხალხს მათი ტყუილები და არაკომპეტენტურობა ძალიან მობეზრდა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია საქართველო - მისი ხელისუფლება, მოქალაქეები - არსებული ვითარების შეფასებაში. ამჯერად ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვართ. რამდენად სწორად ვპასუხობთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და, საერთოდ, გააზრებული გვაქვს არსებული გამოწვევები?
- გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი საზოგადოება ხშირად ინფანტილურია და ბრძნულ, შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, და ამიტომაც ხშირად პირშიჩალაგამოვლებული, გამოყენებული და მოტყუებული რჩება. დღეს საქართველო მართლაც ომის მდგომარეობაშია და მან, მისმა ხალხმა ყველანაირი ძალების კონცენტრაცია უნდა მოვახერხოთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ - ეკონომიკურად, სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად, სოციალურად - ყველანაირად.
- დიდი რეზონანსი გამოიწვია კონგრესმენ რასელის გამოსვლამ. ბატონი რასელი ორ საფრთხეს ასახელებს - რუსეთს და რუსულ ძალებს. თავის გამოსვლას რასელი ასე ასრულებს - - ”ქართველებო, წმინდა გიორგის მაგვარ აიღეთ შუბი, და უშიშრად ეკვეთეთ თქვენი სამშობლოს მტერს!”. ეს ნიშნავს შეებრძოლეთ ყველას ვინც გართმევთ თავისუფლებას, თუ ეს სიტყვები სხვა დატვირთვასაც ატარებს?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ერის თავისუფლება პირველ რიგში ამ ერის დასაცავია, და რომ ამ პროცესში მორიდება, გაუბედაობა, შიში, უიმედობა - ჩვენი მტერია და რომ თუ თავისუფლება გვსურს, მისთვის ბრძოლაც არ უნდა დავიზაროთ - უნდა გავბედოთ, უფრო სწორედ. ყველა თავისუფალმა ერმა, რომელიც დღეს კეთილდღეობასა და დაცულობაში ცხოვრობს, ეს საკუთარი ხელებით, ნებით, მხნეობით, შრომითა და, როცა საჭიროა, ბრძოლით მოიპოვა. მახსენდება სხვა ამერიკელი, ისტორიული პერსონის და პატრიოტის, პატრიკ ჰენრის სიტყვები: “თავისუფლების წმიდათაწმინდა მიზეზით შეიარაღებული და გაერთიანებული 3 მილიონი ადამიანი სერიოზული და მოურეველი ძალაა!” ეს მართლაც ასეა ჩვენს შემთხვევაშიც - თუ ერთად დავდგებით, დავირაზმებით, გავერთიანდებით ჩვენი ქვეყნის თავისუფლების იდეის გარშემო - აუცილებლად გავიმარჯვებთ.
- თქვენ, რასელის განცხადების ანალიზში აღნიშნეთ, რომ ”თავისუფალ სამყაროს ერთი მთავარი სიძლიერე აქვს - სოლიდარობა თავისუფლებისმოყვარე ერებს შორის და ეს სოლიდარობა ბევრად ძლიერი და პრინციპული რამაა, ვიდრე ნებისმიერი ფულისა და ავლადიდების მიერ მოპოვებული დროებითი ძალაუფლება. ერის ისტორიულ ბედთან თამაშის ნებას არავინ მისცემს გათავხედებულ, თავბრუდახვეულ ოლიგარქსა და მისი წყალობის მომლოდინე ხროვას - არც ჩვენ, ამ ქვეყნის პატრიოტი შვილები და არც თავისუფალი სამყარო”, - უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ ამ სიტყვების მიღმა?
- მგონი ამ კითხვაზე პასუხი წინა პასუხში გაგეცით, მაგრამ გავიმეორებ: თავისუფლება არ შეიძლება “თავზე დაგეცეს”. და თუ ასე მოხდა, მას იოლად დაკარგავ, როგორც არაერთხელ მოგვივიდა კიდეც. თავისუფლება შეგნებული, ნებელობითი აქტების შედეგია, და ამგვარად მოპოვებულ თავისუფლებას ერი და სახელმწიფო ძალიან უფრთხილდება, იცავს. შესაბამისად - არც კარგავს. ჩვენს ეს თავისუფლება - გააზრებული და დასაფასებელი - ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს, რადგან ის, რაც დღეს ხდება, სწორედ ამაზე მიანიშნებს: ქვეყანას მართავს ოკუპანტ სახელმწიფოში გამდიდრებული ტიპაჟი, თან ისე, რომ არანაირი ანგარიშვალდებულება არ გააჩნია და საკუთარ ხუშტურებზე ატარებს მილიონობით ადამიანს. ეს უნდა დამთავრდეს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისთვის - საშიშია.
- ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენე ”სოციალური თემატიკა” და მათზე რეაგირება საზოგადოების მხრიდან. რატომ არის ჩვენთან უმთავრესი ”პოლიტიკა” და არა პიროვნება”, არა - კულტურული მემკვიდრეობა, არა - სოციალური და ეკონომიკური პასუხიმგებლობა, რომელსაც ხელისუფლებები იტვირთავენ და მერე ავიწყდებათ ხოლმე.
- ჩემი აზრით, ახლა სწორედაც რომ ყალიბდება და ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება. წინა ხელისუფლების წლებში კი სახელმწიფო ინსტიტუტები დაფუნძნდა და განვითარდა. ამას ყოველდღიური აზროვნება და შრომა ჭირდება - თავისით ეს არ ხდება. დროის გასვლით, ავტომატიზმისმაგვარად საზოგადოების დახვეწა არ ხდება. აქ მრავალი აქტიური კომპონენტის მუშაობაა საჭირო, როგორიცაა განათლების თანამედროვე სისტემის არსებობა ყველა საფეხურზე, მედიის კარგი მუშაობა, კულტურის განვითარება, მსოფლიოსთან მეტი კავშირების დამყარება და ა.შ.
- ბატონო ნიკა, წინ ძალიან ცხელი შემოდგომა გველის. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, მმართველმა პარტიამ დაკარგა მხარდამჭერი, მაგრამ ამ ფონზე ჩანს, რომ ეს მხარდამჭერები ოპოზიციის რიგებში არ გადასულან. რა არის ამის მიზეზი?
- ძნელი სათქმელია, გადასულან თუ არა. ჩემი აზრით ე.წ. “გადაუწყვეტელთა” დიდი ნაწილი ხმას ოპოზიციას მისცემს, რადგან ხელისუფლების შესახებ ისინი, ანუ ხალხი, ილუზიებისგან განთავისუფლდა. მათ იციან, რომ “ოცნება” ესაა და მეტის არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ, ცუდის გარდა, ცხადია.
- ვიდრე პოლიტიკის თემას ამოვწურავთ, საინტერესოა ასეთი საკითხიც. როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნების მთავარი მახასიათებელი ისევ შიში და შანტაჟი იქნება როგორც აქამდე, თუ გადავალთ, როგორღაც ცივილურ საარჩევნო ციკლში და პოლიტიკურრი ოპონენტები იდებიითა და პროგრამებით იპაექრებენ ?
- ალბათ, მომავალში აუცილებლად გადავალთ, თუმცა ახლა, “მეოცნებეები”, რა თქმა უნდა, ისევ რუსულ-ოლიგარქიული თამაშის წესებით შეეცდებიან რომ თავს მოგვახვიონ საკუთარი მანიპულაციები და ტყუილები, იმისთვის, რომ ქვეყნის ყვლეფის ხარჯზე საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობა გაიხანგრძლივონ - მიიღონ გაათმაგებული პრემიები, აიღონ ქრთამები, ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები და ა.შ. სინამდვილეში ე.წ. კომპრომატების ომი რას ნიშნავს? იმას, რომ ერთი მხარე ამომრჩეველს ატყუებს იმის თქმით, რომ “მე ხომ ცუდი ვარ, მაგრამ ის ჩემზე ცუდია, და ამიტომ მოდი, ისევ მე გერჩივნო, ისევ მე გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებო”. ეს “ცუდობანა” უნდა დავამთავროთ და ხალხს საქმე ვანახოთ - ეს ერთადერთი მიზეზია, რატომაც ხელისუფლება არსებობს. ცხადია, როცა საქმის კეთება ხელისუფალს არ შეუძლია, ის ცილისწამებით, ყურადღების გადატანით, ტალახის სროლითა და ტყუილებით ცდილობს ამომრჩევლის დაბნევას. მაგრამ ამომრჩეველიც იზრდება და მას საქმის მკეთებელი ხალხი მოსწონს. ასეთსაც აირჩევს.
- ბოლო დროს თქვენ და თქვენი მეგობრები, ახალგაზრდებს ხვდებით, მათთან საუბრობთ ხელოვნებაზე, სოციალურ პასუხიმგებლობაზე, პოლიტიკაზე და თავისუფლებაზე. რა აინტერესებთ ახალგაზრდებს, რა არის მათთვის თავისუფლება და უფრო კონკრეტულად, სად ხედავან ისინი ხვალ საქართველოს და საქართველოში თავიანთ ადგილს?
- ახალგაზრდებს აინტერესებთ განვითარება, წინსვლა, ცოდნის შეძენა და ეს ბუნებრივია, ძალიან მახარებს. გლობალიზაციამ მოიტანა ის, რომ ქართველ ახალგაზრდას აქვს საშუალება საკუთარი უნარები, ცოდნა შეადაროს ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის მოქალაქის ცოდნასა და უნარებს, და აქედან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და ასევე იმოქმედოს. ახალგაზრდობა იმედისმომცემია, მაგრამ მათ გამხნევება, გვერდში დგომა, კარგი მაგალითი და დაკვალიანება სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას ვალია, გარკვეულწილად. და ამას სიამოვნებით ვაკეთებ მეც, ჩემს მეგობროებთან და თანამოაზრეებთან ერთად.
და ბოლოს, თქვენი ერთი სტატიიდან ჯორჯ ვაშინგტონის სიტყვების გაგახსენებთ, "ბრძოლაში, როდესაც ორივე მხარეს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე იმარჯვებს, სინამდვილეში იმარჯვებს ის, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლას აგრძელებს" , ეს ფორმულა თითქოს გასაგებია, მაგრამ ვინ არინ დღეს ”მოწინააღმდეგეები” აქ, საქართველოში და ზოგადად, ვინ და რა არის საქართველოს მთავარი ვიზავი, რომელსაც არასოდეს უნდა დავნებდეთ.
- როგორც ადამიანს, ისევე ქვეყანასა და სახელმწიფოს, ორი მთავარი მოწინააღმდეგე ჰყავს. უფრო სწორედ - ერთი შინაგანი მოწინააღმდეგე და ერთი გარე მტერი. მოწინააღმდეგე - ეს საკუთარი სისუსტეებია, რომელსაც თუ არ მოვერიეთ, თუ არ ვაჯობეთ - ისინი მტერზე ადრე დაგვამარცხებენ. ასეთი მოწინააღმდეგეები საქართველოს საკუთარ თავში ჰყავს და ესენია: სიზარმაცე, გაუტანლობა, გაუნათლებლობა, სიბნელე, ფანატიზმი, არაპუნქტუალურობა, ნიჰილიზმი, უიმედობა, უდარდელობა, გონებრივი გაქსუებულობა - იგივე კრიტიკული აზროვნების დეფიციტი და ა.შ. მათ ჩვენ გულდასმით, ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ - ჯერ საკუთარ თავებში და შემდეგ ჩვენს გარშემო. რაც გარე მტერს შეეხება - ეს ჩვენი არადემოკრატიული, მტაცებელი, ერთდროულად ბრიყვი და ცბიერი მეზობელია - რუსეთი, რომელსაც ისევ იმპერიული ავადმყოფობა სჭირს და ჩვენი სრულიად ლეგიტიმური სურვილი, ვიყოთ დემოკრატიული, თავისუფალი, ერთიანი სახელმწიფო - პირად შეურაცხყოფად და “საფრთხედ” მიაჩნია. ან, არც მიაჩნია, მაგრამ თავს ამგვარად იკატუნებს, და ამით გვაშინებს, რომ ის “არ შეეგუება” ჩვენს თავისუფლებას. ცხადია და უალტერნატივო, რომ ამ მტერს - პუტინის რუსეთს - დღეს, ხვალ და იქამდე, სანამ ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია არ მოხდება, ჩვენ გააფთრებული, ჭკვიანური, გამბედავი, მხნეობითა და კომპეტენტურობით მართული წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ეს ჩვენი ვალდებულებაცაა და აუცილებლობაც. სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს. მე ამას ხშირად ვამბობ და აქაც გავიმეორებ, რადგან ეს ნამდვილად ასეა: თუ საქართველო, ანუ ჩვენ, უარს ვიტყვით დამარცხებაზე - უბრალოდ, გამოვრიცხავთ ამ შესაძლებლობის არსებობასაც კი - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აუცილებლად. მთავარია უარი დამარცხებაზე და ჩვენი მხნეობა.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გოჩა მირცხულავა