ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციები შეწყვიტა. ამის შესახებ ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შალვა ხაჭაპურიძემ დღევანდელ მიტინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, აქციები 3 ივნისიდან განახლდება.
"2010 წლის 12 მაისს საქართველოს პარალმენტის წინ დაიწყო თავისი შინაარსით უპრეცენდენტო ადვოკატთა აქცია, რომელსაც წინ უძღოდა 500-მდე ადვოკატის ხელმოწერა და განცხადება პარლამენტისადმი, რომლითაც საქართველოს ადვოკატები ასაბუთებდნენ დღევანდელი საარჩევნო კოდექსის უვარგისობას და ითხოვდნენ კოდექსში 10 პუნქტიან ცვლილებას. თუმცა ადვოკატთა მცდელობა საქართველოს საარჩევნო კოდესში დაბრუნებოდა საკონსტიტუციო სივრცეს საქართველოს ხელისუფლებამ არად ჩააგდო, რაც მიუთითებს დღევანდელი ხელისუფლების დემოკარტიის დაბალ დონეზე. მოვლენების სავარაუდო განვითრაებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებასა და იმ ძალებს, ვინც ყურად არ იღო ჩვენი გაფრთხილება. საქართველოს ე. წ. პარლამენტი ფატქობრივად დაითხოვეს, რომ მოთხოვნების იგნორირება მოეხდინათ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი მოთხოვნების სამართლიანობაში", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი განმარტებით, "ადვოკატები არ აპირებენ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს ხელი შეუშალონ", რითაც აქციების დროებით შეჩერება ახსნა.
ადვოკატებმა დღევანდელ აქციაზე პროტესტის ნიშნად საქართველოს მოქმედი საარჩვენო კოდექსიც დაწვეს.