დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა. სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა უწყებაში არსებულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლის უმთავრეს პუნქტებს საცხოვრებელი პირობების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობებსება, სამედიცინო სისტემის ერთიან ეროვნულ ჯანდაცვის სისტემასთან ინტეგრაცია, პრობაციის კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაა.
კალმახელიძის თქმით, მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში უკვე შევიდა ქსნის და უახლოეს მომავალში რუსთავში გაიხსნება კიდევ 2 დასავლური სტანდარტების სასჯელაღსრულების დაწესებულება, ხოლო ყველა არსებული დაწესებულებაში, სხვადასხვა მიმდინარე პროგრამებთან ერთად, მცირე საწარმოები ამოქმედდება, სადაც მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ ახალ პროფესიას დაეუფლონ და დასაქმდნენ, რაც მათ რესოციალიზაციას და სამომავლოდ საზოგადოებაში უმტკივნეულო ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, იგი სისტემატურად გეგმავს დიპლომატიურ კორპუსთან ანალოგიური შეხვედრების გამართვას და იმ სიახლეების გაცნობას, რაც სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს - დასავლური სტანდარტების პენიტენციალურ სისტემასთან გათანაბრებას წარმოადგენს.