3 აპრილს, თბილისის დროით 22 საათზე, ჟურნალისტურ გამოძიებათა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ), რომლის შტაბ–ბინა ვაშინგტონში მდებარეობს (ეს მნიშვნელოვანი დეტალია) დაიწყო დოკუმენტების გამოქვეყნება პირობითი სახელწოდებით Panama Papers.
დოკუმენტთა საერთო ოდენობა 11,5 მილიონ ფაილს აჭარბებს. ძირითადად, საქმე ეხება პანამაში არსებულ კომპანია Mossack Fonseca–ს მოღვაწეობას, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეხმარებოდა ოფშორულ ზონებში კომპანიათა და აქტივთა რეგისტრაციისას.
როგორ აღმოჩნდა დოსიე ჟურნალისტთა ხელში, ზუსტად არავინ იცის და თავად არ ამხელენ. ნამდვილად არ არის გამორიცხული ამერიკული სპეცსამსახურების მონაწილეობა: მივაქციოთ ყურადღება, რომ პლანეტარული მასშტაბის სკანდალი მაშინ «აგორდა», როდესაც ამერიკის კონგრესმა, პრეზიდენტ ობამას წინადადებით, მიიღო ახალი, ბევრად უფრო მკაცრი კანონმდებლობა ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების თაობაზე. ამერიკულ სპეცსამსახურებს კი (უფრო მეტად ვიდრე სხვებს) ჩვევიათ ინფორმაციის პრესაში «გაჟონვის» ორგანიზება, თუ ვერ ახერხებენ ამა თუ იმ პირის მიმართ გამოძიების დაწყებას ან დოკუმენტაცია საკმარისია პრესისთვის, მაგრამ ჯერ არ არის საკმარისი გამოძიებისთვის და აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.
უკვე გამოქვეყნებული მასალა ეხება ასეულობით ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, მოიცავს არა მხოლოდ დოკუმენტებს ელექტრონული სახით, არამედ ინეტრნეტ–მიმოწერასა და სატელეფონო საუბრების ჩანაწერებსაც კი. აგრეთვე ანგარიშთა ნომრებს სხვადასხვა ბანკში და ასე შემდეგ.
მთლიანობაში, საქმე ეხება 210 ათას კომპანიას 21 ოფშორულ ზონაში.
«პანამური დოსიეს» ფიგურანტთა შორისაა ჰოსნი მუბარაქი, მუამრ კადდაფი, ბაშარ ალ ასადი, პეტრო პოროშენკო, ფეხბურთელი ლიონელ მესი, ისლანდიის პრემიერ–მინისტრი ზიგმუნდურ დავიდ გუნლეგსონი და ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი.
ისლანდიის პრემიერი უკვე გადადგა – მის რეზიდენციასთან შეკრებილი მომიტინგეების პირველივე მოთხოვნით. არ არის გამორიცხული, თბილისის შუშის სასახლესთანაც გაიმართოს მიტინგი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რა თანამდებობიდან უნდა გადადგეს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი «პანამაგეითი» პირველი როდია ისტორიაში. ჯერ კიდევ 1889 წელს, იმდროინდელი მსოფლიო შეძრა «ოკეანეთაშორისი საერთაშორისო კომპანიის» გაკოტრებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა ატლანტიკური და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი არხი პანამაში.
ეს ორგანიზაცია (მაშინ «ოფშორული ზონები» ჯერ არ არსებობდა) აქტიურად გამოიყენებოდა იმავე «ფულის გათეთრებისა» და გადასახადების მიჩქმალვისთვის. სკანდალში იმ დროს «მესის მასშტაბის» მრავალი პიროვნება აღმოჩნდა ჩათრეული. მათ შორის პარიზული კოშკის ამგები გენიალური ფრანგი ინჟინერი გიუსტავ ეიფელი. აგრეთვე უამრავი საერთაშორისო თაღლითი.
მას შემდეგ «პანამა» სხვადასხვა გლობალური აფიორის სინონიმად იქცა, ხოლო მისი ხსენება, ნებისმიერი რესპექტაბელური ფინანსისტისთვის – სამარცხვინოდ. ჰოდა, სამარცხვინო რაკია, სწორედ ამიტომ მალავენ იქ დარეგისტრირებულ კომპანიებს. თვით ფაქტსაც კი მალავენ, რომ პანამასთან და სხვა ოფშორებთან აქვთ კავშირი. ამიტომ ინიღბებიან სხვადასხვა იურიდიული პირებით, რომლებსაც რთული და გრძელი სქემები აკავშირებთ ნამდვილ დამფუძნებლებთან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჟურნალისტთა ყურადღება, პირველ რიგში, მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზენსმენთა ანგარიშებმა. ცხადია, თვით პუტინი არც ერთ დოკუმენტში არ ფიგურირებს, მაგრამ არათუ ეჭვს იწვევს, არამედ «ასპროცენტიანია», რომ მეგობარი ბიზნესმენების მეშვეობით, მან ირიბად მისი კუთვნილი 2 მილიარდამდე დოლარი «გაათეთრა» ოფშორებში.
ზემოთ ამერიკული სპეცსამსახურები ვახსენე: ცხადია, ამ საქმის ღიად გამოძიება ვაშინგტონს არ აწყობს, ვინაიდან მაშინ პუტინის წინააღმდეგაც უნდა აღიძრას საქმე, ეს კი პოლიტიკური მიზეზებით შეუძლებელია. ამიტომ პუტინის «მხილების», იგივე დისკრედიტაციის გზას არჩევენენ.
და, აქვე: ამერიკული და მსოფლიო პოლიტიკის ერთ–ერთი პარადოქსია, რომ თუ ამერიკულ სპეცსამსახურებს ან საფინანსო ორგანოებს ხელთ ჩაუვარდათ ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის – ბარაქ ობამას საგადასახადო დანაშაულთა ან ფარული ბიზნესის შესახებ, ერთ წამს არ დაფიქრდებიან ისე აღძრავენ საქმეს და, მთელი ამერიკის თვალწინ, ხელბორკილებით მიაბრძანებენ ციხეში. მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, იძულებულნი არიან ანგარიში გაუწიონ.
თუმცა, როდესაც საქმე ნაკლებად ძლიერი და მათთვის ნაკლებად საჭირო ქვეყნის ლიდერს ეხება, ეს საქმე ბევრად იოლად შეიძლება წარიმართოს – სხვათა ჭკუის სასწავლებლად მაინც.
პუტინის გარემოცვა ახლა გაიძახის: ხსენებული ბიზნესები ვლადიმერ ვალდიმიროვიჩს არ ეკუთვნისო. მაგრამ ისმის კითხვა: რაღა მისი მეგობარი ბიზნესმენები ხდებოდნენ ყველაზე წარმატებულნი, იღბლიანნი იმდენად, რომ იოლად შოულობდნენ მომგებიან კონტრაქტებს და მილიარდებს? შემდეგ, ზოგიერთი მათგანი, როგორც ახლა ირკვევა, მდიდრულ აპარტამენტებს ჩუქნიდა რუსეთის პრეზიდენტის მეგობარ ქალს – ალინა კაბაევას?!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ ცნობილი ფიგურების სახელებს მიღმა ჯერ ჯერობით ჩრდილშია ქართველი მილიარდერი და მმართველი კოალიციის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Panama Papers–ში ფიგურირებს კომპანია Lynden Management, რომელიც ჩვენს მილიარდერს არ უხსენებია საკუთარ დეკლარაციაში. არადა, ვალდებული იყო ეხსენებინა, როდესაც თანამდებობის პირთათვის განკუთვნილ ყოველწლიურ დოკუმენტებს ავსებდა. კიდევ უარესი: როგორც ჩანს, მას არც ის იურიდიული პირები უხსენებია დეკლარაციაში, რომლებმაც დააფუძნეს Lynden Management. ეს კი სერიოზულ კითხვებს აღძრავს!
დედამიწაზე არ არსებობს მილიარდერი, რომელიც ოფშორული ზონებით არ სარგებლობს. ბილ გეითსი და სტივ ჯობსიც კი არ იყვნენ გამონაკლისნი. ამგვარ ზონებს მსოფლიო ფინანსური მენეჯმენტი «ფისკალურ შავ ჭირს» უწოდებს. თუმცა, მათი გაუქმება ჯერ არ შეუძლია, რადგან ეს მეტისმეტად დიდ რყევებს გამოიწვევს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე.
ოღონდ, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან იშვიათია მილიარდერი, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობაც უკავია და (ანუ) ვალდებულია არა მხოლოდ ჩვეულებრივი საგადასახადო დეკლარაცია, არამედ სწორედ თანამდებობის პირის დეკლარაცია შეავსოს ყოველწლიურად.
ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დარღვევა ის კი არაა, თუკი ივანიშვილი ფლობს რაღაც კომპანიას, რომელიც ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული და ეს საქმე Mossack Fonseca «გახეთქა», არამედ ის, თუ მან ეს კომპანია «რატომღაც» არ შეიტანა თანამდებობის პირთა დეკლარაციაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ სკანდალმა ნათელჰყო, რატომ არ სურდა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტობა, თუმცა კი, 2013 წლის ზაფხულში, დათო უსუფაშვილი და რესპუბლიკელები (კოალიციის სხვა სუბიექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ამგვარ გამოსავალს აქტიურად სთავაზობდნენ: საქმეც ისაა, რომ მაშინ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა დაეთმო, რომელიც სწორედ იმიტომ არ ეთმობოდა, რაკი ჯერ ერთი, ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობა სულ სხვა შესაძლებლობებს ქმნის ფინანსური ოპერირებისათვის ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე, ბანკებთან ურთიერთობაში და სხვა.
გარდა ამისა, სწორედ საფრანგეთის კანონმდებლობაა, ტრადიციულად, შედარებით ლმობიერი «ოფშორებთან» დაკავშირებით. ანუ, ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც რჩება ბიზნესმენად, რომელიც საკუთარ «დღის წესრიგს» და პრიორიტეტებს აგებს ბიზნეს–ინტერესებიდან გამომდინარე.
ამ დისკურსში მნიშვნელოვანია, რომ მას ბოლო დროს სერიოზული ბიზნეს–პრობლემები შეექმნა და მნიშვნელოვანი დანაკარგიც ჰქონდა: როგორც ირკვევა, კომპანიას Lynden Management Ltd აქტიური ურთიერთობა ჰქონდა Raptor Pharmaceutical-თან, რომლის აქციათა მფლობელი ქართველი მილიარდერია. ამ კომპანიის აქტივები ივანიშვილმა განათავსა ბანკ Credit Suisse-ში, თუმცა პირადი ბანკირის ავანტიურისტული გადაწყვეტილებების გამო ასი მილიონი დოლარით (!) იზარალა და ახლა შვეიცარიულ ბანკს სასამართლოში უჩივის.
ის პირადი ბანკირი (ასეთი ბანკირები ქართულ ბანკებსაც ჰყავთ ე.წ. «სტატუს–კლიენტებისათვის») უკვე ციხეში ზის, ხოლო ივანიშვილი აგრძელებს ბრძოლას 100 მილიონი დოლარის დასაბრუნებლად.
ბუნებრივად ისმის კითხვა: «ნამდვილ ბიზნესმენ» ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც თვით კახა ბენდუქიძე «ამ საქმეში ძალიან ნიჭიერს» უწოდებდა (ბენდუქიძისგან კი ამგვარი შეფასება «ძვირი ღირს») ხსენებული 100 მილიონი დოლარის ბედი და მსოფლიო საფინანსო წრეებში მისი რეპუტაცია (შესაბამისად კრედუნარიანობა) უფრო აღელვებს ახლა, თუ მომავალი საპარლამენტო არჩევნები?
მე მგონი ეს კითხვა არა მხოლოდ ოპოზიციისა და ფართო საზოგადოებისთვის, არამედ თვით მმართველი პარტიის ლიდერებისთვისაც საინტერესოა. თან იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვით Lynden Management Ltd საქმიანობაში ამერიკელმა საფინანსო აგენტებმა ვერანაირი ფორმალური (!) დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
„ჯი-ეიჩ-ენი“, მამუკა ინწკირველი