ENG / RUS       12+

მზია შარაშიძე: მოვუწოდებ საზოგადოებას აუცილებლად მოვიდნენ ზოოპარკში

რესპოდენტის შესახებ

2015  წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, გადაწყდა რომ  ზოოპარკს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე  გადაიტანენ. თუმცა, მანამდე ფუნქციონორებას, კვლავ ძველ ადგილას აგრძელებს. რა მდგომარეობაა ამჟამად ზოოპარკში, რა სამუშაოები მიმდინარეობს, შეემატა თუ არა ახალი ბინადრები და უსაფრთხოების რა ზომებია მი ღებული სტიქიის კვლავ განმეორების შემთხვევაში? ამ და სხვა საკითხებზე  ”ჯი-ეიჩ-ენი” ზოოპარკის  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს  მზია შარაშიძეს ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ესაუბრა.

 - ქალბატონო მზია,13 ივნისის სტიქიის შემდეგ როგორი მდგომარეობაა ზოოპარკში ?

 - სტიქიის შემდეგ 3-თვიანი სერიოზული სამუშაოების შემდეგ, 13 სექტემბერს გავხსენით ზოოპარკი. ზოოპარკმა განაახლა ფუნქციონირება.  გავხსენით ეგზოტარიუმიც. იქ გაკეთდა ახალი 6-ტონიანი დიდი აკვარიუმი.  სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, თუმცა დამთვარიელებელს უკვე აქვს ეგზოტარიუმის ნახვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მთლიანად ზოოპარკს, აქ გრძელდება ვოლიერების რეაბილიტაცია. დასრულდა იმ ვოლიერების რეაბილიტაცია,  რომელიც წყალდიდობამ დააზარაალა. ეს არ ეხება ქვედა ვოლიერებს. ქვედა,  დატბორილი ვოლიერების  ნაწილი, საერთოდ მოიშალა და მოსწორდა  ის ტერიტორია. ნაწილი ჯერჯერობით ისევ ხელუხლებელად არის დატოვებული .უბრალოდ, იქედან გამომდინარე,  რომ გვყავს  3 დათვი და  2  მგელი, რომელიც გადაურჩა წყალდიდობას, მათთვის ჯერ არ გვაქვს ახალი ვოლიერები. დროებით ძველ  ვოლიერებში იმყოფებიან. 

ამჟამად მიმდინარეობს ახალი ვოლიერების მშენებლობა იმ ცხოველებისთვის, რომლებიც უნდა  ჩამოვიყვანოთ ევროპის  ზოოპარკებიდან. მიმდინარეობს  მაიმუნების ვოლიერების მშენებლობა.  გაზაფხულზე უნდა მივიღოთ მაიმუნების  ორი სახეობა პავიანები და მაკაკები. ასევე, ველოდებით კენგურუებს  და ტაპირებს. მოკლედ,  ძალიან  ბევრ ცხოველს. ზოოპარკის ბოლოში მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა კენგურუებისა და ტაპირებისთვის. იქ გადაინაცვლებენ  ალპაკები. დასრულდა  ლემურების ახალი ვოლიერის მშენებლობა.

პირველი  გრანტი ვოლიერების ასაშენებლად  გამოყო  გერმანულმა  ფონდმა  ”GIZ-მა, რომელიც დააფინანსებს დათვების და მგლების ვოლიერების მშენებლობას. ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომელშიც გაიმარჯვა ერთ-ერთმა კომპანიამ. წინასწარი პროცედურების დასრულების შემდეგ, დაიწყება ვოლიერების მშენებლობა.

-როგორია უსაფრთხოების ზომები დღეს?

- ისეთი დონის სტიქია თუ განმეორდა რაც მოხდა, ამ შემთხვევაში ვერანაირი  ჯებირი  იმ ნაკადს ვერ გააჩერებს. არსებობს სტანდარტული კრიტიკული სიტუაციები, რომლის დროსაც არსებობს უსაფრთხოების ზომები და შესაძლებელია  რაღაცის  გაკეთება, თუმცა არსებობს ისეთი სტიქია, რომელიც იყო 13 ივნისს  ან  შეიძლება იყოს  8-ბალიანი მიწისძვრა, რის დროსაც ძალიან რთულია რაღაცის  გაკეთება. ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ არის ის, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაიტბორა არ განვათავსოთ  ცხოველების ვოლიერები, რადგან სტიქიის განმეორების შემთხვევაში მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ.

-რა ცხოველები მიიღეთ ამ ეტაპზე?

-პირველი საჩუქარი უკვე მივიღეთ რიგის ზოოპარკმა გამოგვიგზავნა 1 აქლემი.3 ალპაკა,1 აზავერი და 2 თუთიყუში არარაუნა.

- რომელ ცხოველებს ელოდებით კიდევ?

ჩვენ  გვყავს აზავერები მხოლოდ მდედრები და ურქო მამრები, ამიტომ როდესაც შევადგინეთ   ჩამოსაყვანი ცხოველების სია, ვთხოვეთ  აზავერის რქიანი მამრის გამოგზავნა, რომელიც გენეტიკურ მრავალფეროვნებას შემოიტანდა ჩვენს ცხოველებში. რაც შეეხება  ჩამოსაყვანი ცხოველების სიას. თბილისიის ზოოპარკი არის ევროპის ზოოპარკის და აკვარიუმების ასოციაციის წევრების კანდიდატი, ჩვენ გვყავს მენტორი, რომელიც  წელიწადში ორჯერ  ჩამოდის და ამოწმებს აქ  არსებულ სიტუაციას. მენტორთან შეთანხმებით შევაგდინეთ სია და  შევარჩიეთ ისეთი ცხოველები, რომლებისთვისაც  არსებულ  ტერიტორიაზე არის შესაძლებელი ძალიან მცირე თანხით ვოლიერების აშენება და არ  სჭირდებათ დიდი ტერიტორია. მსხვილ მტაცებლებს რაც შეეხება, უახლოეს  გეგმებში შედის ვეფხვების ჩამოყვანა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ შეირჩეს შესაბამისი კანდიდატურა. დანარჩენი მსხვილ  მტაცებლებს, რაც შეეხება,  ჯერჯერობით  სხვა  მტაცებლების  ჩამოყვანას არ ვაპირებთ, რადგან არ გვაქვს აქ არსებულ ტერიტორიაზე ადგილი . ახალი ვოლიერების აშენება კი  ძვირი სიამოვნებაა.

 

-როგორია ზოოპარკის ვიზიტორების მაჩვენებელი?

-სტიქიის შემდეგ, ზოოპარკის ვიზიტორების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. ძალიან მოგვაკლდა დამთვალიერებელი, რაც ჩვენთვის ძალიან გადამწყვეტი იყო. ჩვენ ვართ ნაწილობრივ საკუთარ და ნაწილობრიივ მერიის დაფინანსებაზე. სტუმრების  რაოდანობაზეა დამოკიდებული. სტიქიის  შემდეგ  ვიზიტორთა რაოდენობა არათუ განახევრდა, არამედ მესამედიც  კი არ დადიოდა. ძალიან დეპრესიული ზამთარი გადავიტანეთ. ახლა ნელ-ნელა გამოცოცხლდა  სიტუაცია, განსაკუთრებით მას შემდეგ,  რაც ახალი ცხოველები ჩამოვიდნენ. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ახალი ცხოველების ჩამოყვანა  იქნება ერთ-ერთი ბიძგი რომელიც ხალხს დააბრუნებს ზოოპარკში.

-რა მეთოდს მიმართეთ ზოოპარკში ხალხის მოსაზიდად ?

-როდესაც პრობლემა იყო დამთვალიერებლების  შემცირება, დავიწყეთ  ასეთი პროგრამა ”სტუმრად ცხოველებთან” , რომლის ფარგლებშიც  ჩვენს  ვიზიტორებს  შეუძლიათ მოვიდნენ  და  საკუთარი ხელით გამოკვებონ გარკვეული სახის ცხოველები. მათ შორის ლემურები, ტაპირი, ჯუჯა პონები და ასევე ხელში დაიჭირონ გველები, გადაიღონ მათთან  ფოტოები.  დგება  რამდენიმეკაციანი ჯგუფი, მზადდება სპეციალური საკვები მათთვის, შეაქვთ ცხოველებთან და შეუძლიათ გამოკვებონ. ეს პროგრამა ყოველ კვირას გვაქვს.

- თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე  დამტკიცებულია, როდის შეძლებს ზოოპარკი ახალ მისამართზე ფუნქციონირებას?

-კონკრეტულად  ჯერ რაიმე პროექტი არ არსებობს. ამჟამად, ზოოპარკის ტერიტორიას შემორტყმული აქვს ღობე, რომელიც მერიამ გააკეთა. ვიცით  - რა ტერიტორრიაზე რომელი ცხოველების ვოლიერები უნდა განთავსდეს.  როგორც უკვე  გითხარით ” GIZ-მა” გამოყო პირველი გრანტი, და აშენდება დათვების  და მგლების ვოლიერები, ისევ ”GIZ-ის ” დახმარებით აშენდება ირმების და ნიამორების ვოლიერები. შემდეგ  რა იქნება ჯერჯერობით ვერ გეტყვით. რეალურად, ამ ეტაპზე თანხები არ არსებობს ვოლიერების ასაშენებლად.  განვაგრძობთ  მუშაობას საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან თანხების მოპოვებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად  წავიდა და ჩვენ  შევძლებთ  საკმარისი თანხების მოძიებას, ამ შემთხვევაში დაახლოებით  3  წელი დასჭირდება   ვოლიერების  გადატანას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე.

ახალ ტერიტორიაზე  გადასვლის  გამო ბევრს  ჰგონია, რომ  სტიქიამ ყველა ცხოველი გაანადგურა და სანახავი არაფერია, რაც  სიმართლეს არ შეესაბამება. დაახლოებით 800-მდე ცხოველი გვყავს  ზოოპარკში, მათ შორის ძალიან საინტერესო სახეობები, თეთრი მარტორქა, სპილოები, ზებრები, თეთრი ლომები, ლეოპარდები . სანამ ახალ ტერიტორიაზე გადავალთ, მოვუწოდებ საზოგადოებას აუცილებლად მოვიდნენ ზოოპარკში.

”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ეკა ფანცულაია

ავტორი: . .