რესპოდენტის შესახებ
ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები იზრდება, თუმცა ამ თემაზე ხელისუფლება და განსაკუთრებით ჯანდაცვის უწყება სდუმს და ჯანდაცვის რეფორმას ბოლო წლების ყველაზე წარმატებულ რეფორმად ასახელებს.
სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და პრობლემებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.
ბატონო სერგო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არახარჯთეფექტურობაზე ბევრი ითქვა ბოლო თვეების განმავლობაში. თქვენც არაერთხელ აღნიშნეთ ამ პრობლემის შესახებ. გადაიდგა თუ არა სახელმწიფოს და კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გარკვეული ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი სპეციალისტი საუბრობს პროგრამის ნაკლოვანებებზე, მიუხედავად იმისა, რომ კვლევებიც ადასტურებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაკლოვანებებს, ჯანდაცვის სამინისტრო უჩვეულო სიჯიუტით აგრძელებს პრობლემების იგნორირებას და ავლენს სრულ უუნარობას ამ მიმართულებით. ჯანდაცვის სფეროში, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება აბსოლუტურად გაუაზრებელი და ყველანაირ ანალიზს მოკლებული პოლიტიკის განხორციელება. თუ თვალს გადავავლებთ ამ პროგრამაზე ხარჯების გაწევის დინამიკას დავინახავთ, რომ ფინანსური კუთხით პროგრამა კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. ასე, მაგალითად, პროგრამის ბიუჯეტიდან წინა კვირის ხუთ დღეში გასულია თითქმის 6 მილიონი ლარი, და უკვე ამ კვირის პირველსავე დღეს გაიხარჯა თითქმის 5 მილიონი ლარი. თანაც გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არ არის კონკრეტულად ამ დღეების ხარჯები, რადგანაც სამინისტრო სამედიცინო სერვისებზე გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საკმაოდ დაგვიანებით - ზოგჯერ 2-3 თვის შემდეგ, შესაბამისად, ამ მომენტისათვის პროგრამაზე გაწეული ხარჯი რამდენიმე ათეული მილიონი ლარით უფრო მეტია რეალურად, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს. აბსოლუტურად გაუგებარია პროგრამის ხარჯების დაგეგმარებაც კვარტალების მიხედვით. პირველ კვარტალში 160 მილიონი, მეორე-მესამეში- დაახლოებით 140, მესამეში - 120. ამავე დროს, ეს გადანაწილება არაფრით კავშირშია არაა არც ავადობის სეზონურ მაჩვენებელთან, არც ურგენტული შემთხვევების რაოდენობასთან, არც კლინიკაში პაციენტის მიმართვიანობასთან. უკვე პირველი კვარტლის ხარჯი გვანახებს, რომ შემდეგ კვარტლებში და განსაკუთრებით, მეოთხე კვარტალში ფინანსურად კატასტროფული შედეგები დადგება. ყოველივე ამის ფონზე, გაოცებას იწვევს ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრის სიჯიუტე და გულგრილობა სისტემაში შექმნილი ნაკლოვანებების მიმართ. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა.
როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ფინანსური დაგეგმვის პრობლემაა ამ პროგრამის განხორციელებაში?
არა, თქმა უნდა არა. ფინანსური პრობლემა არის ერთერთი შედეგი იმ ნაკლოვანებებისა და არასწორი პოლიტიკისა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო უკვე სამი წელია ახორციელებს. ამაზე ბევრი გვისაუბრია ჯანდაცვის სფეროში ჩახედულ სპეციალისტებს. ფინანსური პრობლემის გარდა საქმე გვაქვს ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა პროგრამის მიზნობრიობის დარღვევა, სხვადასხვა შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის დანახარჯების ანაზღაურების არასამართლიანი და დაუსაბუთებელი სქემები, კერძო და სახელმწიფო დაზღვევის მოსარგებლეთა დუბლირება, კერძო სადაზღვევო სისტემის პოტენციალის გამოუყენებლობა და გამოთიშვა სისტემიდან, წამლების ანაზღაურების არაეფექტური სქემა, პროგრამის ადმინისტრირების უნარების ნაკლებობა, საერთოდ ჯანდაცვის პოლიტიკის არარსებობა. ცალკე გამოვყოფ ისეთ თემას, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობა და ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა ამ სამი წლის განმავლობაში. არადა, ზუსტად მოწესრიგებული პირველადი ჯანდაცვა და დაავადებების ადრეული გამოვლენა და მკურნალობა არის ის მექანიზმი, რომელიც შეამცირებს ერთი მხრივ ჰოსპიტალურ ხარჯებს და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არადა, საყოველთაო ჯანდაცვის ერთერთი უპირველესი მიზანი იყო: “პირველად ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით“. როგორც ვთქვი ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და პირიქით, იზრდება ძვირადღირებული მომსახურების გამოყენება და შესაბამისად, ჯანდაცვაზე ხარჯებიც, მათ შორის მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯებიც მატულობს. აღარაფერს ვამბობ პრევენციულ მედიცინაზე, რომლის განვითარებაზეც სახელმწიფო არც კი ფიქრობს.
კიდევ ერთი პრობლემა რაზეც ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა ამას წინ კომენტარი, ეს არის სამედიცინო სერვისების „გაურგენტულება“, როდესაც კლინიკები ცდილობენ სხვა კოდოთ გააფორმონ ესა თუ ის სამედიცინო მდგომარეობა და მიიღონ მეტი ფინანსური სარგებელი სახელმწიფოსაგან. ხომ არ არის ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთერთი ძირითადი გამოწვევა?
მსგავს შემთხვევებს ადგილი შეიძლება მართლაც ჰქონდეს და აქვს, თუმცა ეს არ არის ამ პროგრამის ფინანასური წარუმატებლობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი. სამინისტრო და მინისტრი უკვე იძულებული გახდნენ ალაპარაკებულიყვნენ გარკვეულ ფინანსურ საფრთხეებზე და მონიტორინგის გამკაცრებაზე. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა. ჯერ ერთი, მონიტორინგზე და ბიუროკრატიულ პროცედურებზე თუ დაიხარჯა პროგრამის უდიდესი ნაწილი, ეს უკვე გაუმართლებელია. მეორე მხრივ, მსგავსი ფინანსური მაქინაციების მცდელობა ყოველთვის იქნება სანამ სისტემა იქნება ასეთი გაუმართავი და სახელმწიფო იქნება დამფინანსებელიც, მაკონტროლებელიც, ფასიც დამდგენიც და ა.შ. ზემოთაც აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ კერძო სადაზღვევო უკეთ გააკონტროლებს მსგავს დანახარჯებს და სახელმწიფოსაც მოეხსნება მსგავსი გაუმართლებელი ტვირთი.
ბატონო სერგო, თქვენი აზრით, სახელმწიფო სრულ უმოქმედობაშია, მაშინ რას აკეთებს თუნდაც ის საკონსულტაციო ფირმები და ორგანიზაციები, „გლობალ ალიანსი“ მყავს მხედველობაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა დაიქირავა რეფორმის ჩასატარებლად და ზოგადად, ჯანდაცვის სიტემების გასაუმჯობესებლად?
ლოგიკური კითხვაა. ამ ორგანიზაციის შემოყვანის აუცილებლობაზე და მიზანშეწონილობაზე ბევრი კითხვა არსებობდა და არსებობს, არცერთ კითხვაზე არც პირადად მინისტრ სერგეენკოს, არც ჯანდაცვის სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელს პასუხი არასდროს გაუცია. უკვე ერთი წელი გავიდა გლობალ ალიანსის საქმიანობის დაწყებიდან საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით მათ არ წარმოუდგენიათ ჯანდაცვის სიტემის განვითარების არცერთი სტრატეგია, არცერთი დოკუმენტი, თუნდაც სამუშაო ვერსია, რეფორმების სამომავლო ხედვის არცერთი მიმართულება, არაფერს ვამბობ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების იმპლემენტაციაზე. არ დაგვავიწყდეს, რომ უკვე ძალიან დიდი დრო, წელიწადზე მეტი გავიდა. სამინისტრო კი კვლავ სდუმს. შედეგი კი არის ნული. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უკვე თავისი შემოყვანილი და პროტეჟე ორგანიზაციის საქმიანობის შედეგებითაც კი აღარ არის დაინტერესებული.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ლაშა ნოდია