რესპოდენტის შესახებ
მას შემდეგ, რაც „ეროვნულმა ფორუმმა“ დატოვა კოალიცია „ქართული ოცნება“ და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ გართულდება პარლამენტში საკანონმდებლო მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, რომელსაც 76 ხმა სჭირდება. “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ რჩება, „ეროვნული ფორუმი“ კი, კოალიციასთან ერთად ტოვებს უმრავლეოსბას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე სულ 7 ფრაქციისა და, ჯამში, 88 წევრისგან შედგებოდა. მათ შორის არის, როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია. „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება. იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობიდან „რესპუბლიკური პარტიაც“ გავა, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელ საპარლამენტო სტრუქტურაში.
აღნიშნულ საკითხზე „ჯი-ეიჩ-ენი” საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერს გიორგი ვოლსკის ესაუბრა:
-მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, ამას მოჰყვა როგორც „რესპუბლიკელების“ ისე „ეროვნული ფორუმის“ განცხადებები კოალიციიდან გასვლის თაობაზე. ამით დასრულდა კოალიციის დაშლის პროცესი და „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს დანარჩენ სუბიექტებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ყველა ერთნაირად დაემორჩილება?
-მოცემულ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ის არის, რომ პოლიტიკურ სასწორზე საზოგადოების წინაშე ყველა პოლიტიკური გუნდი დამოუკიდებლად უნდა შედგეს. ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს შემდგომი პარლამენტის კონფიგურაცია.
-ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ კოალიციიდან გასული სუბიექტები შეეცდებიან საარჩევნო ბლოკის შექმნას სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ან თავად თუ აპირებთ კონსულტაციების გამართვას სხვა პოლიტიკურ ძალებთან ანალოგიური მიზნით?
-არ ვიცი, ვის რა აქვს გეგმაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ კოალიციაში მყოფ და იქიდან გასულ თითოეულ სუბიექტს, რომელთან ერთადაც ვქმნიდით და ვქმნით უმრავლესობას პარლამენტში, საკმაო რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ჰქონდეთ. რამდენად გადაწყვეტენ ისინი კოალიციაში გაერთიანებას, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჩვენს კონსულტაციებს რაც ეხება, ამ ეტაპზე მსგავსი მოსაზრება არ გამაჩნია. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდეს.
-არჩევნებამდე დარჩენილ დროში მოახდენს თუ არა გავლენას საპარალმენტო საქმიანობაზე ის პროცესი, რომელიც ახლა კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს?
-მე ისევ პოლიტიკურ გუნდად მოვიხსენიებ იმ ადამიანებს და პოლიტიკურ სუბიექტებს, ვინც ერთად მოვედით პარლამენტში. მათ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ საზოგადოების წინაშე, რათა იმ კანონპროექტებზე, რომელზე მუშაობაც ერთად გვაქვს დაწყებული და საერთო ინტერესებს ასახავს, დე მარშის საშიშროების ქვეშ არ დადგეს. არ მგონია, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერსების გამო, ვინმემ რამე გადაიფიქროს და გზიდან გადაუხვიოს. ვფიქრობ, მუშაობა ისეთივე მჭიდრო, კოლეგიალური ურთიერთობის რეჟიმში გაგრძელდება, როგორიც დღემდე გაგვაჩნდა.
-თქვენი ინფორმაციით, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში და ვინ იქნება ამ სიის პირველი ნომერი იმის გათვალსიწინებით, რომ პარლამენტში უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრს, საარჩევნო სიაში ყოფნის შემთხვეევაში, თანამდებობის დატოვებას აღარ ავალდებულებს?
-სურვილების დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად როგორც არაერთხელ გაცხადდა, ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩვენს ფრქაციაშია გაერთიანებული, უნდა დარჩეს გუნდად, რომელსაც საერთო ინტერესები, ფასეულობები ჰქონდა და რომელ პოზიაციაზე იქნება პარლამენტში თუ სხვაგან, ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით, ვისურვებდი, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყოს, რომელიც „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ ვფიქრობ, უკვე პარტიას ჩაუდგება სათავეში უკვე თავმჯდომარის რანგში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
-პირველი ათეული თქვენი აზრით როგორ გადანაწილდება, მოხვდებიან თუ არა მასში ამჟამად მოქმედი მინისტრები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, თავად თქვენ...
-ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს, გარწმუნებთ და თქვენი მეშვეობით მთელ საზოგადოებას ვეუბენები, რომ არც ერთი სახის, ან რაიმე დონის, ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხბვედრაზე ჩემი, ისევე როგორც ჩემის სხვა კოლეგების საკითხი არ განხილულა.
-პრემიერ-მინისტრის პირადი პოზიცია თუ არის ცნობილი სიის პირველ ნომრად ყოფნის თაობაზე, თუ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არ შეეწინააღმდეგება?
- არ შეეწინააღმდეგება, ვფიქრობ, შეუსაბამო გამოთქმაა არსებული ვითარებისთვის, რადგან გიორგი კვირიკაშვილი პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ლიდერი, გახდება პარტიის ლიდერიც და ვფიქრობ, რომ სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობები, რასაც პოლიტიკური გუნდის მეთაურად ყოფნა ჰქვია. ასე, რომ აქ შეწინააღმდეგებასა და სურვილებზე არაფერია დამოკიდებული, არამედ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ლიდერს უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია.
-არსებობს მოსაზრება და შესაძელბლობა წინა საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების, რომლის შესახებ მინიშნებები არაერთხელ გაკეთდა თავად „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მხრიდან. ამჟამად თუ არის საუბარი ამის თობაზე?
-ბიძინა ივანიშვილს ამ თემაზე უსაუბრია, მასთან ხშირი შეხვედრები კარგად იცით, რომ არ გვაქვს. რამდენი შეხვედრაც შედგა, ყველა გამჭვირვალე იყო, თუმცა პირადად მე მისაუბრია მასთან და შემიძლია გიპასუხოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი მისი გეგმებისგან ძალიან შორს არის.
-„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მისმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, შესაძლოა, კოალიციურ რეჟიმში მიიღონ. ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი სამომავლო პარტნიორები „ქართული ოცნების“ ყოფილი პარტნიორებიც შეიძლება აღმოჩნდნენ?
-თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ფასეულობები, რის გამოც ჩვენ დავუპირისპირდით პოლიტიკურ გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურად განსხვავდება იმ ფასეულობებისგან, რომელიც ქვეყანაში არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები იმ პრინციპების ერთგულები დარჩებიან იმის მიუხედავად, იქნება თუ არა კოალიციური რეჟიმი, ან წინასაარჩევნო ბლოკი.
-ახალი რეალობა, რომელიც პარლამენტში „ფორუმის“ გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა, უმრაველოსობის არსებობა დამოკიდებული გახდა „რესპუბლიკელების“ 10 მანდატზე. როგორც თავად, „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, ხმების ამ რაოდენობით „ჟონგლიორობას“ არ აპირებენ, მაგრამ მოსალოდნელია თუ არა, რომ საჭირო მომენტში, ამ ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღმოაჩნდეს?
-კოალიციის დაშლაზე ამ წუთში საუბარი არ არის, უმრავლესობას საკმაო რაოდენობა გააჩნია და თანაც კოალიციაში „რესპუბლიკლების“ ყოფნა - არ ყოფნის საკითხი არ დგას. საერთოდ კი, მგონია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მეტი უნდა ვილაპარაკოთ პარტიების პროგრამებზე, შეხედულებებზე, იმ საერთო ინტერესებზე, რომლის გარშემო ჩვენ გაერთიანებული ვართ და იმ საკითხებზე, რომელიც განსახილველ ნუსხაშია.
-მთიან ყარაბაღში განახლებული შეიარაღებული კონფლქიტის მოგვარების საქმეში საქართველოს როლის აუცილებლობაზე უკვე გამოითქვა მოსაზრებები. ფიქრობს თუ არა ხელისუფლება, ან პარლამენტი კონკრეტულ ინიციატივაზე, რომელიც მეზობელი ქვეყნების დაპირისპირებას შორის სამშვიდობო მისიის განხორციელებას გულისხმობს?
-ამის თაობაზე უკვე ითქვა, რომ ეს არის უფრო კეთილი სურვილი და მზადყოფნა, რომ საქართველომ შესთავაზოს საკუთარი თავი, როგორც ქვეყანა და ტერიტორია, სადაც სომხებიც, აზერბაიჯანელებიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრულად ცხოვრობენ ქართველებთან ერთად და აშენებენ სახელმწიფოს. ასეთი სურვილი უფრო ჰიპოტეკურია, ვიდრე რეალობასთან დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასეა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამ კეთილ სურვილში ჩადებულია ის დამოკიდებულება და ხედვა, რომელიც ამ კონფლიქტის მიმართ ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას რეალურად გააჩნია. ყარაბაღის კოფლიქტი ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, პოლიტიკურად ურთულესი სიტუაციაა და ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურებს მართებთ ინტენსიუური მუშაობა იმისათვის, რათა საქართველომ მიღწეული სტაბილურობის დონე, რომელიც მისაღებია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ქვეყანის მოსახლეობისათვის, ბიზნესგარემოს განვითარებისთვის, შეინარჩუნოს და გააძლიეროს. მე არ მინდა საქართველოს თემას რაიმე ჩრდილი მივაყენო, ან შევამცირო, ან დავაკნინო, მაგრამ მინსკის ჯგუფი, სხვა სტრუქტურები, სახელმწიფოები, ვისაც ხელეწიფება გავლენა მოახდინოს მიმიდნარე პროცესებზე, ვფიქრობ, ამ საკითხებში ინტენსიურ ჩართულობას გააგრძელებენ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი