საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებით მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა.
საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთები 24 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მიიღება.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან ეძლევა, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 19 ივნისს ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) 26 ივნისს.
გამოცდა სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის და საერთო სპეციალიზაციით ჩატარდება. გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი; უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, ნიშნების ფურცელი) დედანი და ასლი; ავტობიოგრაფია და ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).