უკვე მერამდენე დღეა, გრძელდება კომიკური მსჯელობა იმის თაობაზე, თუ «რას გულისხმობდნენ რესპუბლიკელები» ცნობილი განცხადებით არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე. მათ თქვეს, რომ «გადაწყვეტილება მიიღეს», მაგრამ «ჯერ არ იტყვიან» – იტყვიან რამდენიმე დღის შემდეგ.
ექსპერტთა და პოლიტოლოგთა, აგრეთვე კოლეგა–ჟურნალისტთა მთელი არმია აღდგა «საიდუმლოს» გამოსაცნობად, – რა კომენტარი და პროგნოზი არ გაკეთდა, თუმცა მთელმა ამ კაკაფონიამ კიდევ ერთხელ მიუთითა, რაოდენ სუსტი ექსპერტული თანამეგობრობა გვყავს. ან ვინც ხვდება რაშიცაა საქმე, «რატომღაც» დუმს და არ ამბობს.
არადა, ვერავინ დამარწმუნებს, თითქოს ასე ძნელია მიხვდე, რა ხდება სინამდვილეში და რატომ გააკეთეს რესპუბლიკელებმა ეს სვლა.
გამოსაცნობად, ან, ყოველ შემთხვევაში, პირველი ნასკვის გასახსნელად, დავაკვირდეთ ფრაზას, რომელიც წამოცდა (ხაზს ვუსვამ: წამოცდა) ლევან ბერძენიშვილს ჟურნალისტთა შტურმის მოსაგერიებლად: «ჩვენ კი გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ თქვენ როგორ მიხვდებით ეს სწორედ ის გადაწყვეტილება იყო თუ არა, რაც პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მივიღეთო?».
მართლაცდა როგორ მიხვდებით ამას, ქალბატონებო და ბატონებო, თუ რასაკვირველია, შიგნიდან არ «გასკდა» რამე? არადა, რესპუბლიკური პარტიის ელიტა, ამ შემთხვევაში, მათთვის ადრე არადამახასიათებელ კონსოლიდირებულობას ამჟღავნებს. ინფორმაცია არ ჟონავს.
ესე იგი, გამოცხადდა, «გადაწყვეტილება მიღებულია», მაგრამ ჯერ არ იტყვიან. თან უმალვე ხაზგასმით აღინიშნა: «რესპუბლიკელები არც კოალიციის დატოვებას აპირებენ და არც სამთავრობო პოსტებიდან გადადგომას».
აქვე შევნიშნოთ: კოალიციის დატოვება და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მართლაც არ არის ერთი და იგივე. ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად მარტივია: არავითარი გადაწყვეტილება არც კოალიციიდან გასვლის, არც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე რესპუბლიკელებს არ მიუღიათ. ხოლო განცხადების შინაარსი, რომლის გაჟღერებასაც აპირებენ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს პარტია «ქართული ოცნება»: თუ დააკმაყოფილებენ «რესპუბლიკელთა» მოთხოვნებს, მაშინ ერთი განცხადება გაკეთდება, თუ არ დააკმაყოფილებენ – მეორე და როგორც მართებულად თქვა ლევან ბერძენიშვილმა, ვერც ჟურნალისტები, ვერც ექსპერტები, ვერც პოლიტოლოგთა არმია და ვერც ფართო საზოგადოება ვერასდროს გაიგებს, მართლა ის გადაწყვეტილება გამოცხადდა თუ არა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
მაშასადამე, უნდა გავარკვეთ, რა მოთხოვნებია ეს, რომლებზე რეაგირებასაც ელიან ივანიშვილის გუნდისგან «რესპუბლიკელები» და რომელთა შესრულებაზეც იქნება დამოკიდებული, რა ფორმატით ითანამშრომლებენ ან ითანამშრომლებენ თუ არა საერთოდ «რესპუბლიკელები» - «ქართულ ოცნებასთან».
კოალიციის დატოვება–არდატოვება უმთავრესი არ არის, რეალურად, საკვანძო საკითხი არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობა–არმონაწილეობაა.
მაშასადამე, ულტიმატუმი ასე ჟღერს: «ან ჩვენს პირობებს შეასრულებთ დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში, ან ჩვენ ღიად ვიტყვით, რომ თქვენთან ერთად არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას ანუ დარჩებით მარტონი – ნაციონალთა პირისპირ!»
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გავიხსენოთ, რა მოვლენები უძღოდა წინ «რესპუბლიკელთა» დემარშს: პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განსახილველად შეიტანა მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი (კონცეპტუალურად მიუღებელი) წინადადება ერთსქესიანი ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის თაობაზე. ისე, რომ წინასწარ კოალიციის მეორე სუბიექტთან არ «შეათანხმა» ეს საკითხი.
გარდა ამისა, «რესპუბლიკელები» ელოდნენ, რომ თინიკო ხიდაშელისა და გოგი თოფაძის ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, ივანიშვილის გუნდი თოფაძესა და მრეწველებს კოალიციიდან გარიცხავდა. «ოცნებაში» ნამდვილად იყვნენ ამ გადაწყვეტილების მომხრენი (გავიხსენოთ აპარატულ საქმეებში დიდი ხნის წინ გამობრძმედილი გია ვოლსკის გამონათქვამები) მაგრამ პრემიერ–მინისტრმა არათუ თოფაძე არ გარიცხა კოალიციიდან, არამედ ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც უფრო ხიდაშლის მიმართ მუქარას შეიცავდა!
ეს უკვე «ბოლო წვეთი» იყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს «რესპუბლიკელებმა» ულტიმატუმის წაყენება «ოცნებისთვის»: უახლოეს დღეებში, სანამ ჩვენს გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ, გააგდეთ კოალიციდიან თოფაძე და მისი «მრეწველები», აგრეთვე მოგვეცით გარანტია, რომ მომავალ ერთიან სიაში აღარ იქნებიან მეჭიაურები, ჯაჭვლიანები და ა.შ., ხოლო თვით სია მეტ–ნაკლები პარიტეტის საფუძველზე აეწყობა!
ამავდროულად, პრემიერ–მინისტრის გუნდს, რომლისგანაც ამ ულტიმატუმზე რეაგირებას ითხოვდნენ, არ ექნება არანაირი ფორმალური საფუძველი, რათა «რესპუბლიკელები» არჩევნებამდე თანამდებობებიდან გადააყენოს.
იურიდიულად კი აქვს ამის უფლება, მაგრამ პოლიტიკური საფუძველი არ ექნება: «რესპუბლიკელები» ხომ არ გადიან კოალიციიდან? ფორმალურად (!) რჩებიან კოალიციაში, ხოლო არჩევნებში ცალ–ცალკე მონაწილეობა კოალიციის დატოვებას არ ნიშნავს. მაშასადამე, პრემიერს რჩება ერთადერთი გზა: საკუთარი ბრძანებით გადააყენოს «რესპუბლიკელი» მინისტრები. მაგრამ მაშინ გამოვა (უფრო სწორად ასე «გამოჩნდება»), რომ «რესპუბლიკელები» კი არ წავიდნენ კონფრონტაციაზე პარტია «ქართულ ოცნებასთან», არამედ პირიქით, «ქართული ოცნება» გაემიჯნა «რესპუბლიკელებს».
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და ბოლოს, რაც მთავარია: რატომ იქნება რთული ივანიშვილისა და კვირიკაშვილისთვის ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება და იმის დაშვება, რომ «რესპუბლიკელები», მომავალ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მათ გუნდში არ იყონ? იმიტომ, რომ «რესპუბლიკური პარტიაა» ის «მაშველი რგოლი», რომელიც მათ შველით ერთის მხრივ «ნაციონალებთან» ომში, მეორეს მხრივ კი, დასავლეთთან საქმეების «დალაგებაში».
სხვაგვარად, მათ გარეშე, მიშა და მისი ჭკვიანი გოგო – ბიჭები სულ ადვილად შეძლებენ ჯერ ერთი, დაამკვიდრონ გამანადგურებელი სტერეოტიპი («სათქმელი»!) ხელისუფოლების «პრორუსულობის», მისი «კრემლის მარიონეტობის» შესახებ და მეორე: თავის მხარეს გადმოიყვანონ დასავლეთი, განაწყონ დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად «ქართული ოცნების» წინააღმდეგ.
ეს ყოველივე თუ ჯერ ვერ მოახერხეს, ვერ მოახერხეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ «რესპუბლიკურ პარტიას» ყველაფერი შეიძლება დააბრალო «პრორუსულობის» გარდა და ნამდვილად შეუძლებელია უარყო მისი ავტორიტეტი თუ გავლენა იმავე დასავლელ «დისიჟენმეიკერთა», ანუ «გადაწყვეტილების მიმღებთა» წრეებში.
ამგვარი გავლენა კი ვერ აღიწერება მხოლოდ არჩევნებში მიღებული პროცენტებით. სამწუხაროდ, ბატონ მეჭიაურს და სხვებს, ვინც დღენიადაგ გაიძახის: «ორპროცენტიანი პარტია ვის რაში სჭირდება, ვკრათ პანღური და გავაგდოთო», არ ჰყოფნით შესაბამისი რესურსები მიხვდნენ, რომ სინამდვილეში, «რესპუბლიკელთა» პოლიტიკური წონა არ იზომება მათი მხარდაჭერით ქვეყნის შიგნით, ან არჩევნებში მიღებული ხმების ოდენობით.
5 პროცენტიან ბარიერს ისინი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადალახავენ დამოუკიდებლად და არც გადაულახავთ არასდროს, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ამ «ორ პროცენტს» დღენიადაგ იმეორებს, მარტივ კითხვაზე გაგვცეს პასუხი: რატომ სჭირდებოდა ეს პარტია უკლებლივ ყველა ხელისუფლებას 1990 წლიდან დაწყებული? ზვიად გამსახურდიაც კი აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებას 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, ედუარდ შევარდნაძე სულ თვალებში შესციცნებდათ, ისევე როგორც მიშა, შემდეგ კი ბიძინა. რატომ?
იგივე კითხვა სხვაგვარადაც დავსვათ; რატომ და როგორ დასჭირდა «რესპუბლიკელები» ყველა «რევოლუციონერს» (საკუთარი ქმედებების «გასაპრავებლად» დასავლეთში) - თენგიზ კიტოვანით დაწყებული და მიშა სააკაშვილით დამთავრებული?!
ანუ, დროა ყველა მიხვდეს (ღირსპატივცემული მეჭიაურის ჩათვლით), რომ «რესპუბლიკური პარტიის» რესურსი და გავლენა მათი ელექტორალური რესურსით არ შემოიფარგლება: სულ 0,01%–ც რომ უჭერდეთ მხარს, ისინი მაინც «წონადნი» იქნებიან, რადგან აქვთ გავლენა დასავლეთში, წარმოადგენენ მეინსტრიმული, პროდასავლური კურსის «გამპრავებელ» ძალას, ანუ «ლეგიტიმატორს» რეალური ხელისუფლებისთვის (ამიტომაც სჭიდრებოდა ისინი ყველა ხელისუფლებას) და არც ისაა ანგარიშიდან ამოსაგდები, რომ ის ადამიანებიც კი, ვისაც «რესპუბლიკელები» ეზიზღებათ, ამავდროულად აღიარებენ: «ჭკვიანები არიან», ანუ «მაგრები კი არიანო».
ამ მომენტებს ბატონი მეჭიაური და მისი მომხრენი «ქართულ ოცნებაში» ყურადღებას არ აქცვევენ, მაგრამ იგივე გია ვოლსკი (რომელსაც ყველა, ყველა და ჭუა არ აკლია), აგრეთვე «ოცნების» ზოგიერთი სხვა ლიდერიც ხვდება: «რესპუბლიკელებისგან» გამიჯვნა «ოცნებისთვის» ნამდვილად საშიშია! ხომ არ ვამბობ «დამღუპველია» და «აუცილებლად კატასტროფით დასრულდება» მეთქი. მაგრამ მართლაც რისკია! საშიშია, რაკი ის გამოწვევები, რასაც ხელისუფლება ეჩეხება ან მომავალში შეეჩეხება, წლევანდელი არჩევნებით არ მთავრდება.
სინამდვილეში, «ოცნებას» - «რესპუბლიკელები» სჭირდება. თანაც ძალიან სჭირდება. «რესპუბლიკელთა» ლიდერებმა ეს იციან და სწორედ ამიტომ წაუყენეს ულტიმატუმი.
რა პასუხი მიიღეს, მაშინ გაირკვევა, როდესაც გადაწყვეტილებას გააჟღერებენ: თუ იტყვიან, რომ არჩევნებში «ოცნებასთან» ერთად მიიღებენ მონაწილეობას, მაშასადამე, ამჟამად მიმდინარე ფარულ მოლაპარაკებათა შედეგად, მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა! თუ განაცხადებენ, რომ დამოუკიდებლად იყრიან კენჭს, მაშასადამე, კოალიციის თავკაცებმა ისინი «დაიკიდეს», ყველა რისკის მიუხედავად.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წუთისთვის ჯერ გარკვეული არაფერია: მიმდინარეობს მსჯელობა «ოცნებაში» და კიდევ რამდენ ხანს დაელოდებიან «რესპუბლიკელები» - «ოცნებას», მათ მოთმინებასა და პოლიტიკურ ალღოზეა დამოკიდებული.
ყოველ შემთხვევაში, ზემოთაღწერილი ულტიმატუმი იმდენად ეშმაკური (მაშასადამე ძლიერი!!!) პოლიტიკური სვლა ამოჩნდა, რომ გვაიძულებს დავასკვნათ: «რესპუბლიკელთა» ლიდერები, სხვა რესურსებთან ერთად, პოლიტიკური ინტრიგის უნარითაც აღჭურვილან უკვე, რაც მეორეხარისხოვანი ღირსება როდია პოლიტიკაში.
მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში, სადაც «დედა შვილს არ აიყვანს ხელში».
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი