ENG / RUS       12+

ბუმბულებით შექმნილი ნახატების ისტორია

რესპოდენტის შესახებ

თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში,სანკტ-პეტერბურგის #10 ცხოვრობს ქალი, რომლის შემოქმედებასაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. 80 წლის ქალბატონი ლია ბარათაშვილი პროფესიით ფერმწერია, ნიკოლაძის სახელობის აკადემია დაამთავრა და მთელი თავისი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა. რამდენიმე წლის წინ ბუმბულთწერის ხელოვნებას დაეუფლა და  თავის ფერწერულ ტილოებს ფრინველის ბუმბულისგან ქმნის.”ჯი-ეიჩ-ენი” ლია ბარნაბიშვილს ესტუმრა და ბუმბულებით შექმნილი ნახატების შესახებ ესაუბრა.

 -ქალბატონო ლია, როგორ გაჩნდა ბუმბული თქვენს ცხოვრებაში და როგორ დაიწყო ბუმბულით ნახატების შექმნის ისტორია?

-ერთხელ, ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად ჯანდარის ტბაზე წავიდა. იქიდან იხვები ჩამოიყვანეს ბიჭებმა. მე გავაცალე ბუმბული და ლარნაკში შევინახე, საკმაოდ ლამაზი იყო. საერთოდ არ წარმომედგინა თუ მე ბუმბულით მუშაობას დავიწყებდი. ერთ ღამეს თითქოს გაბრწყინდა, ავიღე, ფეხზე დავაყენე და გავაკეთე ხეები, დაბლა ყავისფერი ტონით სივრცე გავუკეთე,ზევით ცისფერი ღრუბლებიც მივუხატე, ჩარჩოში ჩავსვი. მეორე დღეს ყველა გაგიჟდა. ამის მერე აღარც გავჩერებულვარ. დავინახე  უფრო მეტი ფერი, შევქმენი კომპოზიციები და მივხვდი, უნდა გამეგრძელებინა მუშაობა. ასე შემოვიდა ბუმბული ჩემს ცხოვრებაში. ძალიან კარგად ვმუშაობდი აკვარელში,ზეთში. ფერის კარგი შეგრძნება მქონდა  და  ალბათ ამიტომაც  მიმიზიდა ბუმბულმა.

 -რამდენი წელია რაც ბუმბულზე მუშაობთ ?

-1992 წელს  დავიწყე ბუმბულზე მუშაობა და ამ  წლების მანძილზე 1000-მდე ნამუშევარი მაქვს გაკეთებული.ზოგჯერ მინდა აკვარელზეც ვიმუშაო, მაგრამ ბუბმულს თავს ვეღარ ვანებებ,თითქოს მეძახის. ძალიან საინტერესო  და მკვეთრი ფერები აქვს.

 -ბუმბულს ღებავთ?

-არ ვღებავ. ბუმბულის ფერს ჩემი დახმარება არ სჭირდება, იქ იმხელა შესაძლებლობებია არ მინდა რამე შევცვალო.

 -ვინ გამარაგებთ ბუმბულით?

-კარგი ბუმბულები  ზოოპარკიდან და ფრინველების ბაზრობიდან მომაქვს, მონადირეებიც მჩუქნიან სხვადასხვა ფრინველის ბუმბულს.

 -რა დროს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?

-ბუმბულზე მუშაობა ძალიან შრომატევადია, დაახლოებით 1 კვირიდან 1 თვემდე, გააჩნია ნამუშევრის სირთულეს და ზომას. ზოგჯერ პატარა ზომის ნახატზე უფრო დიდი დრო მჭირდება ვიდრე დიდ ნახატზე.

 -როგორ ირჩევთ თემას, რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

-თემა ბუმბულის რჩევის დროს მოდის, სწორედ ამ დროს იქმნება კომპოზიცია. რასაც ჩავიფიქრებ ყველაფერი გამომდის.

 -ხშირად გაქვთ გამოფენა ?

- ძალიან ხშირად მაქვს. ჭაბუკიანის მუზეუმში 4 ჯერ მქონდა გამოფენა, საჯარო ბიბლიოთეკაში, ახელმწუფო მუზეუმში, თუ სადმე მუზეუმია თითქმის ყველგან მქონდა. ასევე მქონდა მინი გამოფენა გერმანიაში და ჰოლანდიაში. ახლა  საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდში და ლაშა ჟვანიასთან მაქვს გამოფენილი.

 -რა თანხით შეუძლია საზოგადოებას შეიძინოს თქვენი ნამუშევარი ?

-მე მირჩევნია ჩემი ნამუშევრები გავავაჩუქო, ვიდრე გავყიდო. მაგრამ ჩემს ნამუშევრებსაც ხომ სჭირდება თანხა, უნდა იყიდო ბუმბული, წებო, მუყაო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ შემიძლია 100 ლარზე ნაკლებად გავყიდო.

 -თქვენი ყველაზე დიდი სურვილი ?

-ეს ნამუშევრები ჩემი შვილების ტოლფასია. მინდა მქონდეს ჩემი პატარა სახელოსნო, სადაც უკვე რაღაც განსაკუთრებულს შევქმნი და  შევძლებ ერთად შევკრიბო ყველა ნამუშევარი.

 ”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ეკა ფანცულაია

 

ავტორი: . .